Je m'appelle Eka..

July 18th, 2016 by Katiée

მატარებელი რომ გაივლის, ქალი არ გაბოზდება? – არა პროგრესს!

გუშინ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის ეს პოსტი დავინახე ფეისბუქზე და 1 წლის წინანდელი ტკივილები გამიახლდა.

ეს რა მოსატანია იმასთან, რაც თბილისი-სხვაქალაქების რეისებზე ხდება.

შარშან ზაფხულში, დიდი ხნის შემდეგ პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ გავწირეთ თავი მე და Fiqriaმ თბილისი-ბათუმის მიმართულებით და ე. წ. მინივენით წავედით. მძღოლი კონდიციონერსაც შეგვპირდა და 2,5 კაციან სკამზე მესამეს არდასმასაც, 60 ლარად (მატარებლის და მეტროს ავტობუსის ფასზე ძვირია), 8 საათზე გასვლასაც.

სინამდვილეში:

გავედით 9ზე, გასვლამდე გვაჩხუბა მესამეს ჩასმაზე (მას მერე, რაც სხვა ადგილები როგორც იქნა 20 და 15 ლარად შეავსო მგზავრების ქუჩა-ქუჩა დაჭერით), ჩამოწეული ფანჯრებით დაიძრა და ახლა კიდევ კონდიციონერი მომთხოვეთო, გვიღრიალა, რაკი მესამე კალთაში არ ჩავისვით და 15 ლ “დავაკარგინეთ”.

კარტოფილის ტომრებს არ აკადრებდა თავმოყვარე ადამიანი იმას, როგორც იმ კაცმა ჩვენ გვატარა. მთელი გზა რეკავდა და მესიჯობდა ორ ფანრიან ნოკიაზე, უკანა გზისთვის ხალხის შესაგროვებლად. ვისაც დაურეკა ყველას სვადასხვა დრო უთხრა ბათუმიდან გამოსვლის (ანუ მოატყუა და მისულს და ჩვენსავით წინასწარ ფულგადახდილს რაღა გზა დარჩებოდა). მესიჯობაზე და გიჟივით სიარულზე რომ ავყვირდი, შენ რა გაგათხოვებსო და მე ასე დავდივარ 35 წელიაო, ცინიკურად მომიგდო.

ჯერ კიდევ ავტობანიდან გვისიგნალებდნენ სხვა მძღოლები, ბორბალი თამაშობს და მოგძვრებათო. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მიაქცია, არაფერი მოუვაო. მე ისევ ვიყვირე, ისევ უშედეგოდ. გააგრძელა “აბგონები”. შექმნა რამდენიმე ისეთი საავარიო სიტუაცია, არ ვიცი როგორ გადავრჩით, ალბათ მართლა 35 წ გამოცდილებამ და მამაზეციერმა გვიხსნა.

მინივენში იჯდა კიდევ 10 ადამიანი, ხმა არავის ამოუღია. მათ შორის იყო პატრულის თუ შსს თანამშრომელი, რომელიც სიცილით მოკვდა ჩემს პროტესტზე და იმანაც “რა გაგათხოვებსო”. არათუ ეს დარღვევები არ შეიმჩნია, თვითონ გაჩერებაზე ჩემს თვალწინ მოისროლა გამოწრუპული კოკაკოლას ქილა მდინარის ისედაც ნაგვით სავსე ნაპირზე, მაშინ, როცა სანაგვე ყუთი გვერდზე იდგა და კინაღამ რომ გადავაყოლე ხიდიდან იმ ქილას, რას აკეთებთქო, ისევ – რა გაგათხოვებსო.

ბათუმს რომ მივუახლოვდით, ეს მოცანცარე ბორბალი როგორც იქნა მოტყდა და მოსახვევში მოვსრიალდით. ბედად, ამჯერად ნელი სიჩქარით და ხალვათად მოძრავ მანქანებში. მანქანა ხრეშიან გზაზე გადავიდა და ფორთხვით მიაღწია საბედნიეროდ ახლოს მდებარე პროფილაქტიკამდე. აი იცოცხლე, აქ კი აჭიჭყინდა მდუმარე ბრბო, მე დავმშვიდდი. ამაზე უარესი ვეღარ მოხდებოდა, გადავრჩით. ამ ხალხს მოვუბრუნდი და ნიშნის მოგებით ვუთხარი, ახლა თქვენი ყვირილი აღარაა საჭირო, მე ხომ ვიყავი გიჟი მთელი გზა, თქვენ – ჩუმად. როცა გადავრჩით, რაღა გაყვირებთთქო.

ბათუმში ჩავაღწიეთ თითქმის 7 სთ მგზავრობის თავზე, სიცხით და ნერვიულობით გათანგულებმა. სახლში რომ მივედით, ისეთი ძილქუში დაგვეცა ორივეს დაღლილობისგან, 9 საათზე ძლივს მივაღწიეთ იქ, რისთვისაც ამხელა გზა გავიარეთ. ზღვა არც გვინახავს.

ეს იყო ჩემი ბოლო მგზავრობა უპატრონო “მარშრუტკით”.

მეორე დღეს ვიღაც მადლიანმა მეტროს ავტობუსები გვირჩია (მატარებელი ხომ სულ გადაჭედილია, ბილეთს წინა დღეს ვერ იყიდი).

მეტრო თურქული კომპანიაა, ქართველი პერსონალით. ბილეთი 25 ლარად ონლაინ ვიყიდეთ და თბილისამდე ევროპული ტემპით და მომსახურებით (კონდიციონერი, ყავა, ჩაი, წყალი, ყურსასმენები და ტელევიზორი სკამის საზურგეში, თეთრპერანგიანი მძღოლი და გამცილებელი, არა ბავშვების ჭიჭყინი და არც კომპიუტერ-აიპედ-მოილურების ხმამაღლა მოსმენა მატარებლისგან განსხვავებით, არც ფეხზე დგომა შეიძლება და არც ბოდიალი) ჩამოვედით.

ეს ის მეტროა, (თუ არ ვცდები) ფოთშიც რომ დააპირა ავტობუსების დანიშვნა და ადგილობრივმა ბომჟ-მძღოლებმა (სხვა არ ვიცი რა ვუწოდო) მიტინგი რომ მოაწყვეს, თურქები გაათრიეთ, გვძირავენო.

სხვათა შორის, ყაზბეგში გერგეთის გზაც არ დააგებინეს ადგილობრივებმა ხელისუფლებას, გზა თუ გაკეთდა, ხალხმა თუ საკუთარი მანქანებით იარა, ჩვენ დელიკები დაგვრჩება ოხრადო.

კახისის ტბაზე რომ ვიყავით 2015ის შემოდგომაზე, ადილობრივი მიტოვებული და მიძონძებული სოფლის – დაბაძველის მაცხოვრებლებმა (უფრო ზუსტად: უბადრუკ ვაგონში თავშეფარებულებმა) გვითხრეს, ელეტრონერგია არ გვაქვსო და არ გვინდაო. ელექტროენერგია თუ გვექნება, სხვაც ხომ მოინდომებს აქ ცხოვრებას, ქურდობა დაიწყბაო, მამაძაღლობაო.

“მატარებელი რო გაივლის, ქალი არ გაბოზდებაო?”…

აი რა გინდა რომ ქნა?


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273