Je m'appelle Eka..

February 10th, 2008 by Katiée

ნელი ტანგო

გურამ რჩეულიშვილი
სოხუმის საცურაოზე ცალთვალა კაცი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ მოაგარაკენი. გიტარა კი უკრავდა.
თორმეტი წლის იგორი წყალში შევარდა და სუფთა, დამუშავებული მკლავურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარით მუშაობდნენ. მარცხენა მკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, მარჯვენას უსვამდა. ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ.
_ აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე, _ თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.
_ ჰო, გამოვა, _ დაუმოწმა მეუღლემ, _ ივანე, აიღე ხელი, ხომ იცი, ბეჭები მეწვის.
_ აკი გითხარი, წაისვი-მეთქი ოდეკოლონი, _ ივანემ ხელი ჩამოიღო.
_ კარგი, დღეს წავისვამ, _ ღიმილით უპასუხა მეუღლემ. ორივემ ზღვისკენ გაიხედა.
ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა. ორმოცამდე მეტრი კიდევ იცურა მკლავურით, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. იგი ფეხებს ბოლომდე ღუნავდა და ლამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.
ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამომჯდარიყო.
_ კარგად ცურავს, _ თქვა ქმარმა.
_ ძალიან! ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს! _ სახე გაუბრწყინდა ცოლს.
_ მომავალში პირველი მოცურავე იქნება, _ დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ, _ ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა?
_ აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! _ ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი.
_ გახსოვს? მთელი ექვსი საათი თავისუფლად ძლებდა წყალში, _ ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქალმა დაარღვია.
_ სწორედ მაგ ცურაობამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს დამხრჩვალი, ვინ იცის, რა მოუვიდა.
_ ივანე, ხედავ იგორს? _ ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.
ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევ გულდაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს. მერე გაიფიქრა: `დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა… სულ დედას დაემსგავსა იგორი, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეც ეგეთი გული მაქვს. კარგია შორს, ტალღებში ცურაობა~. სუსტმა ნიავმა ქვიშა წამოხვეტა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუცვივდა. წამოჯდა და წვალება დაუწყო ქუთუთოებს. ზღვაზე პატარა ხუჭუჭა ტალღები აიშალა.
გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ. დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.
ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მიაყარა ქვიშა. შორს ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა. მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. კარგად დაუკვირდა: `ნეტავ რატომ არ ბრუნდება უკან, მთელი საათია, რაც შესულია. კაცი ორი დღით ჩამოსულხარ და ეგ მაიმუნი არ გაცლის დასვენებას~, _ გაიფიქრა ივანემ და ზღვაში შევიდა, მერე თავისი ზორბა მკლავებით გასცურა. რამდენიმე მოსმით დროშებს გასცდა, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფართო მკერდით აპობდა ორმოცი წლის ვაჟკაცი ტალღებს და არაფერზე აღარ ფიქრობდა, მხოლოდ ცდილობდა, სწორი გეზი არ და
ეკარგა. კარგა ხანს იცურა ასე, მერე ზურგზე გადმობრუნდა და ნაპირს გამოხედა _ ხუთასიოდე მეტრი ჰქონდა გავლილი. ცოლი და შვილი კი არ ჩანდნენ. იგი ახლა ისევ გულზე გადმოტრიალდა, მერე გაიხსენა წყალბურთის ილეთები და მოქნილი მოძრაობით წყლიდან წელამდე ამოვიდა. წამ-ნახევარი შეიმაგრა თავი. სამასიოდე ნაბიჯზე შეამჩნია ისინი. სწრაფად გასცურა მათკენ. როცა მიუახლოვდა, მეუღლის გაფითრებული სახის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მას ქუდი დაჰკარგოდა და თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი. ქალმა უხმოდ მიაბრუნა თავი შვილისაკენ. ივანემ ვაჟიშვილს შეხედა. მას სახე დამანჭოდა ტკივილისაგან. მამამ დაყვინთა, ხელით მოუსინჯა ფეხები და განასკვულ ადგილას უკბინა. იგორმა შვება იგრძნო. ნელა გასცურა ნაპირისაკენ. ახლა ლიდა გახდა ცუდად. მთელი სამასი მეტრის მანძილზე ზურგით ეთრია ვაჟი და ახლა, ძალაწართმეული, ძლივსღა იდგა ტალღებზე.
ღელვა კი სულ მატულობდა.
ივანემ მეუღლის ხელი მხარზე გადაიდო და შვილის მიმართულებით გასცურა. ძლივს მიიწევდა წინ. იქ იგორი იწვა წყალზე, მას უფრო მეტად ჰქონდა სახე გატანჯული.
_ მა… _ ძლივს ამოიოხრა და მთელი ყლუპი მარილიანი წყალი ჩაუშვა პირში, _ მა… ახლა წვი-ვი, ბარ-ძა-ყიც გა-მე-ნასკვა…
იგორი ფსკერისაკენ წავიდა. ივანემ ძლივს მოასწრო თმაში ეტაცა ხელი, დედამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ბავშვს მხრებში ამოუჯდა. მამა მხნეობდა. მან ცოლს მარჯვენა ხელი ჩააკიდებინა ბავშვის მარცხენასათვის და თვითონ შუაში ამოყო თავი. დედა-შვილი აქეთ-იქიდან ჩამოეკიდნენ ბეჭებზე. იგორს გული უწუხდა.
`ასე არ ივარგებს, ბევრ წყალს ყლაპავს~, _ გაიფიქრა ივანემ და ერთი ხელით თავი აუწია ბავშვს. ახლა იგი ფეხებითა და ცალი ხელით მიცურავდა. ლიდას თვალები ჩაუსისხლიანდა. იგი გაშტერებული უყურებდა პატარას. მისი მარჯვენა საბედისწეროდ ჩასჭიდებოდა შვილის მაჯას.
ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა გულს მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის გამოელია ძალა. მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს ბეჭებზე დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. ორივენი ბევრ წყალს ყლაპავდნენ, რაც უფრო და უფრო უმძიმებდა ტვირთს. სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ აი, სულ ახლოს მოჰკრა თვალი წითელ დროშას და გამხნევდა _ ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა.
შუადღის სიცხესა და მხურვალე ქარს მოცურავეები ჩარდახის ქვეშ შეერეკა. ვიღაცა ფეხზე წამოდგა და ხელი ზღვისაკენ გაიშვირა:
_ შეხედეთ, კაცო, მთელი დღე რომ წყალში იყვნენ, არ მოსწყინდებათ.
_ აბა, მერე მთელი ოჯახი როგორა ცურავს, _ დაემოწმა მეორე, თავი წამოსწია, შემდეგ წყალს მზერა მოაშორა და მის წინ დაგდებულ აგურის ცხრიანს აგურისავე ვაჟი დაარტყა.
_ ვინ არიან? _ თავაუღებლივ იკითხა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მელოტმა და თვალი მეზობლის ქაღალდისაკენ გააპარა.
_ განა არ იცი? ხარკოველები, ჩვენს ქვევით ცხოვრობენ, _ უპასუხა იქვე მჯდარმა ქალმა, რომელიც საუბარს და ქაღალდის თამაშს გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს.
_ ჰო, ჰო, რა მოხვედი? ყვავის ცხრიანი? კარგია, აჰა, მაგას კოზირის ქალი! _ მელოტმა კმაყოფილებით გადაიხარხარა. _ გაჭრილია. წავიდა? ახლა, კოლია, შენ გამაგრდი!
გიტარა ახლა მოთამაშეთა დაკვეთით უკრავდა.
დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა. დედა-შვილმაც გრძნობა დაკარგა. მხოლოდ ჩაჭიდებული ხელი დარჩა ლიდას ისევე… ივანე ვეღარაფერს ხედავდა. მან შვილის თავს შეუშვა ხელი და ორივე ხელით მოუსვა. იგი ვეღარც დროს, ვეღარც შიშს ვერა გრძნობდა.
მხს


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273