10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა

დღეს, კვირას, 10 მაისს, მართლმადიდებელთა ნაწილის ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში შეკრება და შემდეგ საპროტესტო მსვლელობა იგეგმებოდა, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანიც საქართველოს პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება და კანონის გაუქმების მოთხოვნა იყო. შეგახსენებთ, რომ კანონმა რელიგიურ გაერთიანებებს უფლებამოსილება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით საჯარო რეესტრში (თანაბრად ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესიისა).

კანონის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა და საეჭვოა კომპეტენტურ კრიტიკას გაუძლოს. აკრიტიკებენ გადაწყვეტილების მიღების ნაჩქარევობასაც, რამაც შეიძლება გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია და ეთნიკურ-რელიგიური შუღლის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს (და მგონი ამ ნაწილში უკვე არის სამწუხარო ძვრები). ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამ ნაბიჯს იმ დიდი ‘პროექტის’ შესავალს უწოდებს, რასაც 600-მდე ქართული ეკლესიის სომხებისათვის გადაცემა ჰქვია.

ნუ, მე არ ვიცი საერთოდ 600 ეკლესია დგას თუ არა საქართველოში და მითუმეტეს სომხებმა როდის და როგორ მოასწრეს ამდენის აშენება, მაგრამ, ვაღიარებ, არც 60-ის უპირობო გადაცემის (თავისი მიწაწყლით) პერსპექტივას მოვყავარ დიდ აღფრთოვანებაში. თუმცა, როგორც იურისტისთვის, ისიც გაუგებარია, ნებისმიერი, თუნდაც საჯარო სამართლის (ჩემი აზრით სრულიად შეუსაბამო) იურიდიული პირის სტატუსი, როგორ შეიძლება იყოს ამ გადაცემის გარანტია, ან თუნდაც წინაპირობა.

სხვაგვარად ფიქრობს, ქართველი მართლმადიდებლების ნაწილი და არა მხოლოდ ისინი. ხალხის ნაწილისთვის ეს წინაპირობა პატრიარქის განცხადებასთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა განგაშის ზარების შემოსაკრავად და აი ასე, სპონტანურად, გუშინ, თურმე საკმაოდ დიდი მსვლელობაც გაიმართა: http://pik.tv/ru/news/story/sviashenniki-protiv-zakona

აქციის გაგრძელება, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, დღეს 12:00-ზე იგეგმებოდა. ჰოდა, მეც, ჩემი ფოტოაპარატითა და ფლიპკამით შეიარაღებული, 1 საათისთვის სამების ტაძარში მივედი.

ჩემდა გასაკვირად, ხალხი ბევრი, მაგრამ არა ძალიან ბევრი აღმოჩნდა. გუშინ ვიდეო ჩანაწერში ნანახზე ნაკლები. თუმცა საკვირაო წირვა მიმდინარეობდა, სავარაუდოდ სხვა ეკლესიებშიც, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ხალხი მოგვიანებით შემოუერთდებოდა (ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებითაც) და მზის გულზე, პაპანაქება სიცხეში ლოდინი და პატრიარქის ქადაგების მოსმენა განვაგრძეთ.

10 ივლისი, სამების საკათედრო ტაძარი

10 ივლისი, სამების საკათედრო ტაძარი, მრევლი სხვა ეკლესიებიდან

ქადაგების ბოლო ნაწილმა (რასაც მე მივუსწარი) ძალიან მშვიდად, ყოველგვარი მკვეთრი მოწოდებების გარეშე ჩაიარა. დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რომელიღაც (მგონი ხუციშვილების) გვარიც დალოცა და სამების საკათედრო დაძარი დატოვა.

ხალხის ნაწილმა ტაძრის ტერიტორიის დატოვება დაიწყო, მერე თქვეს – მეტეხის ხიდთან უნდა შეიკრიბონო. ჩვენც ნელნელა ჩავუყევით ელიას მთის, შემდეგ ღვინის დაღმართს და სადღაც რიყის პარკსა და მეტეხის ხიდს შორის ხის ქვეშ ჩრდილს შევაფარეთ თავი.

ხალხი ისევ ცოტა იყო, მოსალოდნელზე ცოტა, თუმცა მეტეხის ტაძრის ქვეშ მიკროფონებისა და დინამიკების მზადებამ გვაფიქრებინა, რომ შეცდომით არ მოვედით და სავარაუდოდ ხალხი მოგვიანებით, სხვა ეკლესიებიდან შემოუერთდებოდა.

მართლაც, 1 საათის ან საათნახევრის შემდეგ, გაღმა სანაპიროზე ხალხის მასა გამოჩნდა (ჩემი ვარაუდით ალბათ 2000მდე ადამიანი), ხატებითა და საეკლესიო დროშებით ხელში (ზუსტად არ ვიცი, რომელი ეკლესიიდან, შესაძლოა ანჩისხატიდან მოდიოდნენ).

მეტეხის ხიდთან, მეტეხის ციხის ქვეშ

ხალხის მასა მეტეხის ციხის ქვეშ გაერთიანდა და სიტყვით გამოსვლაც დაიწყო (ისევ ვერ დავადგინე მომხსენებლის ვინაობა, სასულიერო პირი არ გახლდათ). აი აქ ითქვა ის, რამაც ჩემთვის პირადად, დააკნინა აქციის მთავარი იდეა.

ძირითადი, სხვა კონფესიებისათვის სტატუსის მინიჭება-გაუქმებასთან დაკავშირებული მოკლე განცხადების შემდეგ, მომხსენებელმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ელექტრონული პირადობის მოწმობების სავალდებულო გაცემასთან დაკავშირებულ გაურკვეველ საფრთხეებზე და მოუწოდა ხალხს, არ აიღონ ეს მოწმობა, ხოლო მთავრობას – მისცეს ალტერნატივა ხალხს, ვისაც არ უნდა, რომ დაიტოვოს/აიღოს ძველი.

გარდა იმისა, რომ მე პირადად სრულ აბსურდად მიმაჩნია პლასტმასის პირადობის მოწმობის გამო პანიკის ატეხვა (მითუმეტეს რომ, მსგავსი მაიდენტიფიცირებელი და ინფორმაციის მატარებელ-გადამცემი ‘ჩიპები’ ჩვენთან ერთად უკვე დიდი ხანია უამრავი დაგვაქვს, მობილური ტელეფონის, საბანკო ბარათებისა თუ კომპიუტერის სახით), აბსოლუტურად გაუგებარი იყო ერთი მიზნის გარშემო შეკრებილი ხალხისათვის მეორე მოთხოვნის, უკაცრავად ამ სიტყვისთვის და ‘შეტენვა’. შეიძლება იქ მყოფთა უმრავლესობისათვის ეს პროტესტი მისაღებია და ელექტრონული პირადობის მოწმობა მიუღებელი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ორგანიზატორთა მხრიდან (თუ ასეთები საერთოდ იყვნენ), შეცდომა იყო ძირითადი მიმართულებიდან გადახვევა და ამის შედეგი იქნება ის, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ნაკლები ხალხი გააპროტესტებს მათთან ერთად.

ასევე გამიკვირდა ხალხის სიმცირე, მეგონა, რომ ტელევიზიების სიჩუმის მიუხედავად, საკვირაო ლოცვის შემდეგ ეკლესიებიდან მოიყრიდა მრევლი თავს და გუშინდელზე მეტი თუ არა, ნაკლები ხალხი მაინც არ იქნებოდა. თუმცა იმედი გამიცრუვდა.

დასასრულს, ჩემს წამოსვლამდე, როგორც ვიცი, გაიმართა პარაკლისი თუ ლოცვა (ვერ მოვკარი ყური კარგად), ხოლო შემდეგ ხალხის ნაწილი გაემართა ძველ თბილისში ადგილების მოსალოცად, რისი მიზეზი და მიზანიც ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩემთვისაც და იმ მომლოცველთა ნაწილისთვისაც, ვისაც ეს კითხვა დავუსვი.

პარაკლისი / ლოცვა

დასკვნა: დავხარჯე 4 საათი, დავიწვი კისერი, სახე და მხრები და დავრწმუნდი, რომ ვიღაცეებს არც ისე ძალიან შეტკივათ გული რიგ საკითხებზე, როგორც ამას ერთი-ერთზე ამტკიცებენ, ამაზე ხალხის რაოდენობა მეტყველებდა. მოკლედ, სრულიად იმედგაცრუებული ვარ:| თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს აქცია საპატრიარქოს მხრიდან არ იყო ორგანიზებული და ხალხის სიმცირე ამითაც შეიძლება აიხსნას.

მაინც რას ველოდი და რატომ წავედი ყველაფრის საკუთარი თვალით სანახავად?
აი ამას:

“კარგია, რომ როგორც იქნა მოხდა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ხალხის გაერთიანება კანონის შეცვლის და არა ‘გადადექი-გადადექი’-ს მოთხოვნით. ცუდია, რომ ეს მხოლოდ ისეთი ძლიერი მოტივატორის არსებობისას ხდება, როგორიც რელიგია და რწმენაა.” - ჩემი დილანდელი FB-სტატუსი.

ველოდი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას და გააზრებულ რეაქციას გარკვეულ ქმედებაზე. ამის ნაცვლად კი ვნახე ძალიან ბევრი “ასეა, იმიტომ რომ მან თქვა” ტიპის არგუმენტი. და სულერთია ვინ იქნება ეს “მან”, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი თუ ბაბუაჩემი გრიშა. მე მინდა ვნახო ხალხი, მტკიცედ გაერთიანებული, ჩამოყალიბებული და გააზრებული იდეის, მოთხოვნის გარშემო და არა მხოლოდ ლიდერის გარშემო.

ვნახოთ, რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ. დღეს კი სულ ეს იყო.

პ.ს. ა, ჰო, კიდევ იყო რამდენიმე დაბურულ-შუშებიანი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთის ბინადარს მგონი ძალიან მოვეწონე და დაბურული შუშებიდან ფოტოებსაც მიღებდა :D ნუ მიღებდა არა, გვიღებდა ყველას, ვინც იქვე ვიდექით. ბუნებრივია მეც გადავუღე საპასუხო ფოტო :D შემდეგ ორივეს გაგვეცინა და სხვაგან გადაინაცვლეს :))

This entry was posted in To think about and tagged , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to 10 ივლისის აქციის ქრონიკის კრიტიკული მიმოხილვა

  1. სოფლელი says:

    ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამ ნაბიჯს იმ დიდი ‘პროექტის’ შესავალს უწოდებს, რასაც 600-მდე ქართული ეკლესიის სომხებისათვის გადაცემა ჰქვია.
    გირჩევთ საკითხი უკეთესად შეისწავლოთ სანამ დაწერთ.
    Что касается количества армянских церквей в Грузии, то, по словам архиепископа Петросяна, в советское время на территории Грузии действовали 4 армянские церкви, на сегодняшних день – 30 церквей. А вот до 1917 года в Грузинской епархии Армянской апостольской церкви насчитывалось 457 армянских церквей.

    http://news.am/rus/news/64092.html

    • სოფლელი says:

      457 ცოტაა?
      დიდი მადა აქვთ მეზობლებს.

      • 457 კი არა 6 სომხურ ეკლესიაზეა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ, აქედან 4 თბილისშია

      • მცირე შესწორება: სამი თბილისშია, ორი ახალქალაქში – გუმურდო და არაგვი, ერთი ახალციხეში და ერთიც აფხაზეთში – სოხუმში.

      • Katiée says:

        მადლობა ამ ინფორმაციისთვის,
        კი, ნამდვილად დიდი მადა აქვთ.

        მე მეწერა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არარეალურად მეჩვენება 600მდე ეკლესია როდის უნდა აეშენებინათ საქართველოში სომხებსთქო, საერთოდ თუ დგას ამდენი ეკლესია, თუ ყველა ქართული სომხურია ნეტა?

  2. მადლობა ეკა. ჩემნაირი შორს მყოფებისათვის ასეთი დეტალური გაშუქება ძალიან გამოსადეგია.

    შენი ჩანაწერი მომეხმარება იდეები დავალაგო და ჩემი ჩანაწერი გავამზადო ბლოგისათვის :) მოკლედ აქ კი დავტოვებ ჩემ მოსაზრებას, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა კარგი არ არის. ყველას აქვს უფლება სწამდეს, რაც სურს და სახელმწიფო ვალდებულია მათი უფლებების განხორციელების გარანტირების.

    ს.შ. დაბურული მინები უკვე ბევრ ქვეყნებში უშიშროება-უსაფრთხოების გამო აკრძალულია და დროა საქართველოს კანონმდებლებსაც მოუვიდეთ ამის იდეა.

  3. მადლობა საინტერესო პოსტისთვის.
    მთელი დღე ნიუსებს ვკითხულობ და ახლა ძლივს გავიგე რა ხდებოდა აქციაზე.

  4. როდე says:

    საინტერესო მიმოხილვა იყო.
    მე ახალგაზრდების სიბევრე მაშფოთებს, ბევრნი იყვნენ?

    • Katiée says:

      ძირითადად შუა ხნის ხალხი და დანარჩენი – ახალგაზრდები, ეს უკანასკნელი პროცენტულად ოდნავ ნაკლები.

  5. შოთა says:

    “როგორც იურისტისთვის, ისიც გაუგებარია, ნებისმიერი, თუნდაც საჯარო სამართლის (ჩემი აზრით სრულიად შეუსაბამო) იურიდიული პირის სტატუსი, როგორ შეიძლება იყოს ამ გადაცემის გარანტია, ან თუნდაც წინაპირობა.”
    ამას იურისტობა კი არა, უბრალოდ ტვინის განძრევა უნდა, რომელიც ბევრს უბრალოდ ეზარება.

    • Katiée says:

      მგონი რეალისტური არგუმენტების კვალს დავადეგი ამ საკითხზე: რა კავშირშია ეს ორი.

      თუ წყაროს მივაგენი, მოგახსენებთ.

  6. კონსტანტინე says:

    ვაიი ჩვენ პატრონს. ყველაფერი მიშიკოს ბრალია, მიშიკო უნდა წავიდეს, ეგ სომეხი სააკოვია გვარად და ბოდისჰი და უკანალში უძვრება სომხებს, მარა რად გინდა ისინი არაფრად არ გვაგდებენ.

  7. ბაჩო says:

    ერთი ეკლესია ზუგდიდშიც ქონიათ (ბროშურა უნდა მქონდეს შემორჩენილი მაგ თემაზე სახლში), როგორც მერე სამოქალაქო რეესტრში გაირკვა, ზუგდიდში მხოლოდ 1 სომეხი პირი (და არა ოჯახი) ცხოვრობს. რად უნდა ერთ სულს ეკლესია? :)

    ეს გამოხმაურება დამატებაა პირველი გამოხმაურებისა :)

  8. Zurriuss.Ge says:

    მომეწონა და ბლოგის გვერდზე ვაშეარებ :)

  9. fiqro says:

    რეალურად, ის მასა რომელსაც ვეძახით მანდ დადის პონტის მართლმადიდებელია . ეკლესიურობა მზა ცხოვრების წესად იქცა, რომელსაც დიდი ტვინის გაბნძრევა არ ჭირდება და ეკლესია კიდევ ერთგვარ ფეიბუქად სადაც სოციალური კმაყოფილებას ჰპოვებენ. ამ მრევლის დანახვაზე კომუნისტების მიტინგი გამახსენდა, ხალხმრავალი მაგრამ ყალბი იდეალებით. როგორც კომუნიზმს არავინ შეწირვია ისე ესენი ვერ გამოიდებენ დიდათ თავს, ორი სამი დღე სიცხეში და შეციოტავდებოდნენ.

  10. fiqro says:

    რეალურად, ის მასა რომელიც მანდ დადის პონტის მართლმადიდებელია . ეკლესიურობა მზა ცხოვრების წესად იქცა, რომელსაც დიდი ტვინის გაბნძრევა არ ჭირდება და ეკლესია კიდევ ერთგვარ ფეიბუქად სადაც სოციალური კმაყოფილებას ჰპოვებენ. ამ მრევლის დანახვაზე კომუნისტების მიტინგი გამახსენდა, ხალხმრავალი მაგრამ ყალბი იდეალებით. როგორც კომუნიზმს არავინ შეწირვია ისე ესენი ვერ გამოიდებენ დიდათ თავს, ორი სამი დღე სიცხეში და შეციოტავდებოდნენ.

Leave a Reply