Je m'appelle Eka..

August 8th, 2010 by Katiée

13 ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოდან

ეპიზოდი 1. ბოლო გამოცდა.
5 აგვისტო. ბოლო გამოცდა ჩავაბარეთ. ცხელა. ახლა 6 კვირა საბოლოო ნიშნებს უნდა ველოდოთ. დღეს მაგნუსთან დიდი party-ა. ხვალ კი უმრავლესობა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება, მე საქართველოში არ/ვერ მივდივარ. ამსტერდამში უნდა გადავბარგდე 2 თვით, დროებით სამუშაოზე, იურიდიულ ფირმაში.
party გვიანობამდე გრძელდება. ღამის 4 საათია. ზოგიერთს მოშივდა.
ჟ.მ.: – ქალაქში ერთადერთი Bäckerei ყოფილა ღია, მივდივართ.
მე: – მივდივართ? მეც მოვდივარ? სხვა ვინ მიდის?
ჟ.მ.: – აი ესენი.
მე: – მაგათთან ერთად მე არ წამოვალ, ხომ იცი რომ არ წამოვალ. მე არ მოვდივარ. (იმედი მაქვს, რომ თვითონაც არ წავა, ის კი დემონსტრაციულად ტრიალდება და მიდის)
ცოფებს ვყრი, ისეთი სახე მაქვს, შუა გზიდან აზრს იცვლის და ყველანი სახლებისკენ მივდივართ. სკანდალს ვაწყობ.
მე: – ხვალ, თქვენ, თითქმის ყველანი საკუთარ ქვეყნებში მიდიხართ, როცა დაბრუნდებით, მე ალბათ ჰოლანდიაში ვიქნები, შეიძლება ვერც გნახოთ და რა დროს შიმშილი, ბექერაი და დაუმშვიდობებლად წასვლაა?
ჟ.მ.: – ეკა, მე ხვალ გვიან მივდივარ, თან 3 კვირაში ვბრუნდები და ჩვენ ბრიუსელში მივდივართ კონცერტზე ერთად!
მე: – 3 კვირაში? 3 კვირა იცი რამხელა დროა? არავინ იცის რა მოხდება 3 კვირაში, მე ისიც არ ვიცი რა მოხდება ხვალ!!!

ეპიზოდი 2: ჰოლანდია
7 აგვისტო. დილის 9:00. პაპანაქება სიცხე მაღვიძებს. ზაარლანდში ესოდენ იშვიათი ფუფუნება, მზე, ახლა ფაქტიურად ოთახში მიზის, მხუთავს და მადნობს. მარტინი აშკარად არ მრგებს. ფეხზე ძლივს ვდგები, თან სულ 3 სთ მეძინა. მახსოვს რომ გუშინ უაზროდ ვიჩხუბე. სინდისი მაწუხებს. ალბათ ნორმალურად აღარ ჩამთვლის. ტეხავს.
ვდგები, კომპიუტერს ვრთავ, მეილს ვამოწმებ. ჰოლანდიიდან წერილია:
“ძალიან ვწუხვართ, მაგრამ უნდა შეგატყობინოთ, რომ ჰოლანდიის იმიგრაციის სამსახურმა უარი თქვა თქვენთვის მუშაობის ნებართვის გაცემაზე”
პატივისცემით,
ანე-მარი”

ეპიზოდი 3. ჩვენი მეგობარი ევგენი
ისევ 7 აგვისტო. საღამო. ევგენის ვაცილებთ.
ევგენი ჩვენი მეგობარია. ევგენი რუსია. ევგენი კარგი ბიჭია, ჩემს წარმოდგენაში არსებულ რუსს არ გავს. იმპერიალისტის თვისებებს კი ავლენს ხანდახან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა. მთელი წლის მანძილზე ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ქართველების მშობლიური ენა რუსული არაა და აფხაზეთი და ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
ევგენი graduation party-ზე ჩამოსვლას არ აპირებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებულად ვემშვიდობებით. ევგენის და მურადის დამშვიდობების სცენა ნოდარ დუმბაძის “იანგულის” მახსენებს.
მომავალ ზაფხულს ევგენი და მურადი თბილისში ჩამოვლენ, სადაც მე და კიდევ 4 ქართველი მეგობარი დავხვდებით.

ევგენის გაცილება

ეპიზოდი 4. თბილისი, ჩემი სახლი
ღამის 4 სთ. ტელეფონის ზარი ისმის. მაია (დეიდაჩემი) გაოცებული პასუხობს.
ხმა: ბექას (ჩემი ძმა) სთხოვეთ.
მაია: ბექა სვანეთში წავიდა გუშინ. 1 კვირაში დაბრუნდება. რა გნებავთ?
ხმა: სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ და შეატყობინოთ, რომ ხვალ დილის 9-ზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადდეს. საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.
მაია: ბატონო???
ხმა: ქალბატონო, გასაგებად გიხსნით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. თუ 24 საათში არ გამოცხადდება კომისარიატში, დეზერტირობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის.
მაია: კარგი. გასაგებია.
სიჩუმე.
ბებია: რა ხდება, ვინ იყო ამ შუაღამეზე?
მაია: ვიღაც გოგო ურეკავდა ბექას, რა უზრდელები არიან ახლანდელი გოგოები…

ეპიზოდი 5. საყოველთაო მობილიზაცია და კონცერტი ცხინვალში
8 აგვისტო. დილა. ვიღაც მირეკავს და “მახარებს”, რომ საქართველოში ომი იწყება. მობილიზაციაა გამოცხადებული. ტელეფონზე ვერავის ვუკავშირდები. მაია სკაიპით მამშვიდებს, რომ ბექასთვის ჯერ არ დაურეკავთ, მაგრამ ალბათ დაურეკავენ. კოჯრელი რეზერვისტები ყველა წაიყვანეს უბნიდან. უნგი შავნაბადაზეა, ბესო გორში.
ლაშას* (*ლაშა ონიანი, რეჟისორი, იმავე ქალაქში ცხოვრობს, სადაც მე) ვურეკავ თუ მირეკავს, არ მახსოვს. ვაგზალზე ვხვდები. ჩემს ველოსიპედს მანქანის საბარგულში ტენის და სახლში მივდივართ. ისე პანიკაში ვარ, ახლა მარტო ყოფნა არ შემიძლია, ლაშასთან ბევრნი იქნებიან. თვითონ ოპტიმისტურ განწყობაზეა.
– ეკა, თბილისს ველაპარაკე, წინააღმდეგობა არ არისო, თავისუფლად შედიან ბიჭები სოფლებში. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შემდეგ კონცერტს ცხინვალში დავდგამთ!
მეშინია.

ეპიზოდი 6. სპილო
სიტუაცია რთულდება. საქართველოსთან სატელეფონო კავშირი თითქმის სულ გაწყდა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ჩემი ლეპტოპი და ინტერნეტი მინდა. ისევ სახლში ვბრუნდები. ველოსიპედს ვარაუდით ვმართავ, ცრემლები ჩამომდის. რა შარში ვართ.
Deutsche Bank-თან ვჩერდები. ამბობენ, რომ ქართული ბანკები ანგარიშებს გაყინავენ. დარჩენილ ფულს ვიღებ ქართული ბარათიდან, ხვალ აირზენას რეისია, შემდეგი სამშაბათამდე არ იქნება, ბილეთი უნდა ავიღო.
თურქებთან შევდივარ, ვიცი რომ არსად ირეკება, მაგრამ უნდა ვცადო.
ველოსიპედს დაუბმელად ვტოვებ კართან, კაბინიდან ცალი თვალით ვაკონტროლებ. უშედეგოდ ვკრებ ნომრებს, არსად არ ირეკება.
გამოვდივარ. ველოსიპედთან მივდივარ. ბორბალთან რაღაც უზარმაზარი მოძრაობს.
ს პ ი ლ ო . ეს რაღაც მოძრავი კი ხორთუმია.
ნეტა ამათ.
ჩემს ქვეყანაში ომია, აქ კი ცირკის სპილო თავისუფლად დასეირნობს ქუჩაში.

ეპიზოდი 7. საინფორმაციო ომი
მე და ქეთო თამთას ბინაში ვუზივართ კომპიუტერებს და ეკრანს თვალს არ ვაშორებთ.
ღმერთმა ნუ ქნას ეს კავშირიც გაწყდეს. ღამდება. რიგრიგობით ვიძინებთ.
მეილებს ისტერიულად ვაგზავნი. სახელდახელოდ ბლოგს ვაკეთებ და ყველანაირ ინფორმაციას იქ ვდებ. მეტი არაფერი შემიძლია და ინფორმაციას მაინც შევაგროვებ და გავავრცელებ. ახლა საინფორმაციო ომი უფრო მნიშვნელოვანია, იარაღით ჩვენ რუსებს ვერ მოვერევით.
ბრძოლის ველზე გადაღებული ფოტოებიდან, ზოგიერთი ისეთია, ბლოგზე ვერ ვდებ. სამხედრო ფარაჯის ნარჩენზე მიკრული საქართველოს დროშის დანახვაზე თვალთ მიბნელდება.
ამ დროს სკაიპში ონლაინ დათო ჩნდება. ვაშა! ესე იგი გორში მშვიდობაა, რაკი კომპიუტერამდე მოსვლას ახერხებენ. დათო საყვარელიძე პროკურორია შიდა ქართლში.
მე: – როგორ ხართ, მშვიდობით ხართ? ყველა კარგადაა? შენ მაინც მითხარი, რეზერვისტები სად ეყოლებათ, მაგათ ბრძოლის რა იციან, წინა ხაზზე ხომ არ გაიყვანენ? (მივაყარე)
დათო: – კი ეკა, ცოცხლებით ვართ ყველა. ნუ გეშინია, რეზერვისტებს წინა ხაზზე არავინ გაუშვებს. ეგენი უკვე გასუფთავებულ სოფლებს გააკონტროლებენ.

ეპიზოდი 8. 9 აგვისტო
ისევ ლაშასთან მივდივარ, ღამენათევი. იმათ რუსთავი2 აქვთ სატელიტით და პირდაპირ ეთერში მინდა ვუყურო.
ტვ-ს ვრთავთ, 1 საათის წინ მშვიდობა იყო. ახლა კი: გორი დაუბომბავთ!
საშინელი კადრები, გადამწვარი კორპუსები, მიცვალებულები, მოთქმა.
ვ ა ი მ ე !

ნაბომბარი გორი

ეპიზოდი 9. ჩემები
მაიას სკაიპით ველაპარაკები. ბექა და დედაჩემი გზაში არიან. გორზე გავლა შეუძლებელიაო და ალბათ ქუთაისში დარჩებიან. ბექაც იქაურ კომისარიატში გამოცხადდებაო.
უცებ ვებკამერაში ჩანს, რომ კარი იღება და ბექა და დედაჩემი შემოდიან. მომატყუეს. დაბომბილ გორზეც გამოუვლიათ და თბილისის კომისარიატშიც გამოცხადებულა, მაგრამ რეზერვისტების გაწვევა შეაჩერესო.
მე: – რატომ მომატყუეთ! აწი რომ მეტყვით ბექა გარეთააო, მე გორში მეგონება, რატომ მომატყუეთ!
დედაჩემი: – შენი ჭირიმე რა, შენი ისტერიკაღა გვაკლია ახლა. დაწყნარდი. ჩვენი გვყოფნის.

ეპიზოდი 10. ღამე რომელიღაცა, როცა თბილისში რუსები უნდა შემოვიდნენ
თბილისში პანიკაა. ჯერ ვერ გავარკვიე, დიღომს ჩვენი ტანკები უახლოვდებიან, თუ რუსული.
ჩემებს ვეხვეწები ვებკამერა ჩართული დატოვონ.
დედაჩემი: – ჩვენ ვიძინებთ, რაც იქნება, იქნება. რაც მთავარია, ბექამ პური მოიმარაგა ძაღლისთვის: ) სკაიპს ჩართულს დავტოვებთ, კამერას ვერა. თუ გაითიშება, არ შეგეშინდეს. რუსები თუ შემოვიდნენ, ალბათ პირველ რიგში ფოსტის შენობას აიღებენ და ინტერნეტსაც გაგვითიშავენ, რომ სრულ იზოლაციაში ვიყოთ.
სკაიპი საბედნიეროდ მთელი ღამე ციმციმებს.

ეპიზოდი 11. რუსული პასპორტი
მე და ქეთო თამთას 25 კვადრატულში ვზივართ, უკვე მე-3 დღეა, საჭმლის საყიდლადაც აღარ გავდივართ, კომპიუტერს ვერ ვწყდებით.
ღამე რიგრიგობით ვიძინებთ ტანსაცმლიანად, რომ არაფერი გამოგვეპაროს. გუშინ ბომბი სადღაც თბილისშიც ჩამოვარდა.
ქეთოს სახლში, ანუ თბილისში არ უშვებენ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება. თბილისის აეროპორტი თითქმის პარალიზებულიაო. შაბათის რეისი ფრანკფურტიდან იმ იმედით შესრულდა, რომ სომხეთის გავლით თბილისში დაჯდებოდა. თამთა და მამამისი მაინც გაფრინდნენ.
მე და ქეთო ერთმანეთს ვუყურებთ და ვფიქრობთ, თუ რუსეთმა საქართველო დაიპყრო, რა უნდა ვქნათ. მთელ ცხოვრების აზრი და გეგმა შეიცვლება და დარჩენილი წლები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა შევალიოთ. მაგრამ, რუსულ პასპორტს არასდროს ავიღებთ, ესე იგი საქართველოშიც აღარ ჩაგვიშვებენ, ესე იგი ჩვენი შვილები ქართველი ემიგრანტები გახდებიან.

Georgian Passport

ეპიზოდი 12. საპროტესტო აქცია
5 დღიანი ომი დასასრულს უახლოვდება. შედეგი უკვე ნათელია. ყველგან რუსები არიან. უკვე ახალგორი და დალის (კოდორის) ხეობაც დაიკავეს. საზღვარგარეთ მყოფებს აქციების მოწყობის და ევროპელებისთვის ნებისმიერი ფორმით ხმის მიწვდენის გარდა არაფერი შეგვიძლია.
თბილისის მოედანზე ლაშა და ადგილობრივი ქართველები აქციას უკეთებენ ორგანიზებას. პარალელურად მსგავსი აქციები უამრავ სხვა ქალაქში ეწყობა. ჩვენს პლაკატებს და სტიკერებს წითელი წარწერა აქვს: “რუსული გაზი ქართული სისხლის სუნით ყარს”.

საპროტექტო აქცია, Tbilisserplatz, Saarbrücken

აქციაზე 2 რუსია. ერთი იური, ჩვენი უნივერსიტეტის უცხოელებთან ურთიერთობის განყოფილებიდან. მეორე კი ადგილობრივი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი.
აქციის ბოლოს რუსი მღვდელი ეკლესიაში წავლის და ლოცვისკენ მოგვიწოდებს.
თინას პროტესტი გვაფხიზლებს:
– მე რუსულ ეკლესიაში სალოცავად არ წავალ. თქვენ თუ გინდათ, წადით.
ვიშლებით.

ეპიზოდი 13. დეპრესია
ომი დამთავრდა. რა იქნება შემდეგ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ დამთავრდა.
ქეთი, როგორც იქნა, გაფრინდა. მე არა. ჯერ ვიზა უნდა გავაგრძელო ამ დღეებში, შემდეგ მოვიფიქრებ.
სალომე ნორვეგიიდან ბრუნდება. ომის ამბავი 8 აგვისტოს თვითმფრინავში დავაწიე, მესიჯით. ახლა მას არ უშვებენ თბილისში.
ქუჩებში დავდივართ და ხალხს გაბოროტებული ვუყურებთ. როგორ შეუძლიათ მშვიდად ისხდნენ კაფეში, სვან ყავა, ჩაი, ლუდი, მოჰიტო, სადღაც საქართველოში კი …
რამდენიმე დღეში საგანგებო მდგომარეობა უქმდება და პრესაში ისტერია იწყება. ყველა ერთმანეთს აბრალებს ამ უბედურებას. სალომეს 1 კვირიანი ტირილის შემდეგ ოჯახი თანხმდება მის საქართველოში დაბრუნებას და მიდის.
პირველად ვდუნდები და ვიწყებ გააზრებას, რა მოხდა.
პირველად ვგრძნობ, რა არის დეპრესია.
MSN-ში ჟ.მ. სახელის გვერდზე იკონკა მწვანდება: – ეკა, მე ახლა ჩამოვედი, ბარგს ამოვალაგებ და ვეცდები დღესვე გნახო. ან ხვალ დილას მაინც. უნდა მომიყვე რა მოხდა.

ეპილოგის ნაცვლად.
ჩვენს მეგობარ ევგენის, კარგ ბიჭს, ჩემს წარმოდგენაში არსებული რუსის ანტიპოდს, 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს შემდეგ ერთხელაც არ მოუწერია და არ უკითხავს ჩვენი ამბავი.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273