Je m'appelle Eka..

July 3rd, 2010 by Katiée

3 დღე ჟურნალისტის ტყავში, შემთხვევითობები და IWPR-ის საჩუქარი

ეს გრძელი პოსტი ნაწილობრივ ისევ ძველ ამბავს ეხება. აი იმას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 დღის განმავლობაში დამკვირვებელ–ბლოგერ–ჟურნალისტად რომ ვიმუშავე “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” (a.k.a. IWPR)

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთერთმა facebook-freind–მა, რომელსაც რეალურად ჯერაც არ ვიცნობ, ფეისბუქზე ჩემი არყოფნის დროს სკაიპში დამიკოპირა დოდკას სტატუსი, საიდანაც გავიგე ამ პროექტის შესახებ. დრო მქონდა, ცოტა ვიფიქრე და შემდეგ მივწერე დოდკას  და შევუერთდი პროექტის ჯგუფს. ასე გავიცანი დოდკა, ლანდიშა, თინი, პიკო და მარია და ახლა მგონია, რომ ყველას უკვე დიდი ხანია ვიცნობ :) and all this just thanks to that friend :)

ლირიული გადახვევა ვიდრე თემას განვაგრძობდე

საერთოდ, ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში შემთხვევით, რაც მოგვიანებით გვავიწყდება ხოლმე და ამ შემთხვევითობის ავტორებსაც შეიძლება მადლობას ვერასოდეს ვუხდით. მაგალითისთვის რამდენიმე ამბავს გავიხსენებ.

როგორ ვიშოვე პირველი სამსახური

რა თქმა უნდა ჩემით, ყველანაირი ჩაწყობის და პროტექციის გარეშე.

უფრო ზუსტად კი ეს ამბავი ასე მოხდა: იმ დროს მე–5 კურსზე ვიყავი და უზენაეს სასამართლოში პრაქტიკას, იუსტიციის სამინისტროში კი სტაჟირებას გავდიოდი. საღამოობით არასამთავრობო ორგანიზაციებში ძალაგამოცლილი დავრბოდი ტრენინგებზე თუ სამუშაო შეხვედრებზე. ეს ყველაფერი, რასაკვირველია უფასოდ. ჩემი საკუთარი შემოსავალი მაშინ 25 ლარიანი სახელობითი (ოღონდ ვისი, არ მახსოვს) სტიპენდია და ინგლისურის გაკვეთილებში ყოველთვიურად აღებული 50 ლარი იყო. სამინისტროებში რევოლუციამდელი 35 ლარიანი ხელფასის ფონზე, პრინციპში, 75 ლარი არ იყო ურიგო შემოსავალი მაგრამ…

მოკლედ, ერთ დღეს უზენაეს სასამართლოში მისულს ამბავი დამახვედრეს, ნინო გვენეტაძე გეძებდაო (ჩემი ფავორიტი ლექტორი და მოსამართლე ♥, რომლის საკასაციო პალატაშიც გავდიოდი მაშინ პრაქტიკას). საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთ, იმ დროისთვის დაქცეულ (მოგვიანებით კი, ჩვენს მიერ აღორძინებულ ;)) სამსახურში ახალი უფროსი დანიშნეს, რომელიც ენთუზიაზმსა და პერსპექტივაში კარგ ხელფასზე მომუშავე სტუდენტს ეძებდა. მივედი, ვისაუბრეთ, მე დასაკარგი არაფერი მქონდა, საქმე საინტერესოდ გამოიყურებოდა და შევთანხმდით. იმ სამსახურში თითქმის 6 წელი ვიმუშავე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე :))

როგორ გავაკეთე ბლოგი

ჰმ, რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემით : )

სინამდვილეში კი ასე იყო: ერთ დღეს, ჩემი კოლეგის, Dv0rsky-ს ბლოგი აღმოვაჩინე, ვერც წარმომედგინა, ინტერნეტში რაიმე გვერდის გახსნა უფასოდ თუ შეიძლებოდა. მერე 2 სიტყვით გიგამ ამიხსნა, როგორ უნდა დავრეგისტრირებულიყავი blogger.com-ზე. მას შემდეგ კიდევ ბევრი ასეთი 2 სიტყვა ავკრიფე უამრავი ადამიანისგან, საბოლოოდ კი არაპროფესიონალის პირობაზე რაღაცეებშიც გავერკვიე, რაც დღეს ბევრ რამეში მადგება. თან, მე ხომ ტექნიკა და ტექნოლოგიები საშინლად მიყვარს :)

როგორ მოვხვდი გერმანიაში

ესეც, რა თქმა უნდა ჩემით. საბუთების, რეკომენდაციების და მოტივაციისა თუ მათხოვრობის წერილების (a.k.a. Scholarship Applications) წერის შედეგად.

სინამდვილეში კი ასე იყო: ერთერთი სამსახურებრივი ვიზიტის დროს, გერმანიაში, გადავწყვიტე ერთერთ ნაცნობ ფოტოგრაფთანაც (a.k.a. UncaS) შემევლო გზად, ჩემი ვიზიტის ბოლო წერტილიდან 30 წთ გზაზე ცხოვრობდა და სწავლობდა. “ნაცნობი” პირობითად, სინამდვილეში 2ჯერ მყავდა ფოტოგრაფთა თავშეყრისას ნანახი და ვირტუალურადაც არ მქონია მაინცდამაინც აქტიური კონტაქტი. უბრალოდ, 5 დღიანი დამღლელი study-tour-ის შემდეგ 1 დღე დასვენება გადავწყვიტე. ჩასულს ფაქტიურად პატარა საქართველო დამხვდა, ხაჭაპურებით და ხინკლებით :D ღვინო, ტყემალი და სულგუნიც მივაშველე და… მოკლედ იქ გავიცანი ხატია :) უბრალოდ გავიცანი. მერე ხატია თბილისში ჩამოვიდა, ისევ შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი, ტელეფონები გავცვალეთ. თვითონ ცოტა ხანში სადოქტოროსთვის ბრუნდებოდა გერმანიაში. რატომღაც გადაწყვიტა, რომ უნდა დამხმარებოდა სტიპენდიის მოპოვებაში. მე კიდევ, სამსახურში გერმანული ენის სპეციალისტი, თარჯიმანი მჭირდებოდა. ხატიას ყველაზე დიდი დახმარება pushing-ი იყო, მე ხომ საშინელი ზარმაცი ვარ და თუ ვინმე არ მაიძულებს, ან დედლაინი არ მოდის, ბოლო წუთამდე არაფერს ვაკეთებ. ჰოდა, ოღონდ ხატიას კიდევ არ დაერეკა და არ ეკითხა, რას შვებიო, ყველა საბუთი გავამზადე, უამრავი მეილი ვწერე და აპლიკაცია ვავსე, ორი უჭკვიანესი ადამიანის რეკომენდაციაც მივიღე და 2 კვირაში, სვანეთში დასასვენებლად წასულმა მობილურით მეილი შევამოწმე და ჰოი საოცრებავ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტიპენდია მომცა : ) თურმე, რა ადვილი ყოფილა ყველაფერი : )

მორალი:

ასეთი გასახსენებელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ პოსტი ისედაც დიდი გამოვიდა და საკმარისია.

ამ ყველაფრის გახსენებით, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ კარგი საქმის გასაკეთებლად დიდი გმირობის ჩადენა არ არის აუცილებელი, უმეტესად უბრალო ყურადღების გამოჩენაც საკმარისია : ) ასეთი “უმნიშვნელო” წვლილის და შემთხვევითობების დავიწყება კი ალბათ უმადურობაა. და ვინ იცის, რამდენჯერ ვყოფილვარ უმადური :/

ისევ არჩევნების და IWPR-ის შესახებ

პროექტი სულ 3 დღე გრძელდებოდა. 3 დღე საოცარ რეჟიმში ვიმუშავეთ, ჩვენთვის უჩვეულო სიტუაციაში. მაგალითად, მე ბრიფინგებს ვესწრებოდი GIPA-ს მედია ცენტრში და ისტერიული სისწრაფით ვუშვებდი ნიუსებს Geoelection.Ge-ზე, ან საია–ს, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნებს ვეცნობოდი–ვავრცელებდი. ლანდიშა ცესკო–ში ათენებდა და აღამებდა და პრესსამსახურის გრძელწამწამებიანი უფროსის ყურებით ახარებდა თვალსა და გულს. პიკო, თინი და მარია უბნიდან უბანზე და ოფისიდან ოფისში გადადიოდნენ დარღვევების დასაფიქსირებლად და პოლიტიკოსთა ინტერვიუებზე სანადიროდ. დოდკა და IWPR-ის შემადგენლობა კი ოფისიდან აკეთებდა პროცესების კოორდინაციას ფურცლებში და ენერგიის აღმდგენ ტკბილეულში ჩაფლული.

საბოლოოდ შედეგი მივიღეთ “უზარ–მაზააარი”, Geoelection.Ge-ს ნიუსები მთელი საქართველოდან ხშირად უფრო ადრე გადიოდა ინტერნეტსივრცეში, ვიდრე სხვა, ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების ; ) ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ პროფესიონალი ჟურნალისტებისგან, იმათ კი, იმედია ჩვენგან : )

1 თვის თავზე, გუშინ, შედეგების შესაჯამებლად შევიკრიბეთ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბევრი და გადაბეჭდვადი ნიუსების ავტორისთვის IWPR-ში სპეციალური საჩუქარი ჰქონდათ გათვალისწინებული. ეს უსაყვარლესი საჩუქარი კი მე მხვდა წილად :blush:

Flip Video Camcorder UltraHD 2 hrs

მეორე პრიზი – დამატებითი ჰონორარი ლანდიშამ მიიღო, მაგრამ ჯერ არ იცის რამდენი : )

სახლში რომ მოვედი, “სუფთა” კამკორდერში რაღაც ჩანაწერები აღმოვაჩინე. თურმე, სანამ მე ქვემო–ქართლის ჟურნალისტთან ერთად ჩემი აწ უკვე ყოფილი მუნიციპალიტეტების ამბებზე ვჭორაობდი, ბავშვებს გვერდით ოთახში ჩემთვის ვიდეოები ჩაუწერიათ ♥

დოდკა:

თინი:

პიკო:

მარია

და ლანდიშა:

დიდი მადლობა ყველას ! ♥ Love you all, very very much ! ♥

p.s. როგორ მაინტერესებს, რამდენ ადამიანს ეყოფა ინტერესი და ნებისყოფა, ეს პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხოს  :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273