Je m'appelle Eka..

December 3rd, 2014 by Katiée

4S

ისე მოხდა, რომ ბოლო პერიოდში რეკრუიტმენტში, ანუ ახალი და კარგი კადრების შერჩევაში უფრო ინტენსიურად მომიხდა ჩართვა, ვიდრე ადრე.

recruitment

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან  უკვე გადარჩეული დოკუმენტაცია მოვიდა, არც აპლიკანტები იყვნენ ისეთი, ყველა მეილზე რომ CV-ს გზავნიან უთავბოლოდ და არც მე – პასუხისმგებლობის ამღები ერთადერთი პირი, მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა თანაბარი კონკურენციის პირობებში ერთი ადამიანისთვის სხვასთან შედარებით უპირატესობის მინიჭება, ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და სუბიექტურობის გარეშე. კი, შევძელი, მაგრამ ახლა უფრო კარგად გავიაზრე და დავაფასე კარგი HR-ების როლი, მნიშვნელობა, ღვაწლი და თავდადება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი არ არის და ყველა სამსახურში, რაღაც დოზით მიწევდა რეკრუიტმენტში მონაწილეობა, მაინც ბევრ რამეზე ხელახლა დავფიქრდი, მათ შორის იმაზეც, როგორ შეიძლება მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური შეფასება და შესაბამისად, შეცდომის დაშვების ალბათობაც.

ცნობილია, რომ უამრავ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, უამრავი კომპანია იყენებს ინტელექტის კოეფიციენტის – IQ განმსაზღვრელ ტესტებს კადრების შერჩევის გარკვეულ ეტაპზე, თუმცა ბევრი კამათობს, რამდენად რელევანტურია ეს ტესტი სწორი დასკვნის გასაკეთებლად. მინახავს ასევე ადამიანები არცთუ ცოტა წლის პროფესიული გამოცდილებით (მაგ. წარმატებული იურისტები), რომელთაც, გასაუბრებაზე მისულს ადგილზე მარტივი პროფესიული ტესტი დაახვედრეს და უთხრეს, აბა გვაჩვენე, როგორ იცი კანონებიო. ალბათ ხვდებით, არ დამთავრდა ეს შეხვედრები შედეგიანად, ზოგისთვის ასეთი შეთავაზება უბრალოდ შეურაცხმყოფელიც კი აღმოჩნდა. აქვე აკაკი გოგიჩაიშვილის და ტურიზმის დეპარტამენტის ახალდანიშნული შეფის – გიორგი ჩოგოვაძის სკანდალური დაკითხვა-დიალოგიც გამახსენდა, სადაც გოგიჩაიშვილი დედოფლისწყაროს ტურისტული პოტენციალის ცოდნას უმოწმებდა ადამიანს, რომელსაც მთელი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე სტრატეგიულად ფიქრი და ზრუნვა ჩააბარეს. მოკლედ, ბევრი კითხვის ნიშანია ყველგან, სადაც პროცესი გაუმჭვირვალე, სტანდარტი – დაუდგენელი, შეფასების კრიტერიუმი კი – ბუნდოვანია.

არც ისე დიდი ხნის წინ, ფეისბუქ-ფრენდების კედელზე თვალი მოვკარი, რომ IQ ტესტის მსგავსი, ოღონდ უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული და ქართულ რეალობას მორგებული, ქართულენოვანი – 4S ტესტი მოუფიქრებიათ, დაუმუშავებიათ და თითქმის დაუნერგავთ კიდეც.

ეს ტესტი ზომავს ადამიანის შესაძლებლობების ოთხ ძირითად მიმართულებას, რაც დამსაქმებლისთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. უფრო კონკრეტულად, ადამიანის შესაძლებლობასა და უნარს: (1) გაანალიზოს, შეაფასოს ინფორმაცია და ამოხსნას სხვადასხვა რაოდენობრივი მოცემულობები; (2) გაანალიზოს და შეაფასოს ინფორმაცია, გამოიტანოს სწორი დასკვნა; (3) აღიქვას და გაანალიზოს ვიზუალური ინფორმაცია და ამის საფუძველზე გადაჭრას პრობლემა და (4) სხვადასხვა ბიზნეს გარემოში მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი.

4s-resultsთავიდან გამიჭირდა დამენახა სხვაობა ჩვეულებრივ, IQ ტესტსა და 4S ტესტს შორის, თუმცა როცა ვებგვერდზე დემო-ვერსიას ჩავუჯექი და აზარტში შევედი, ვერც კი გავიგე როგორ გავიდა 40 წუთზე მეტი. ტესტი მომეწონა. მართალია, პირველ ნაწილში საკმარისად კონცენტრირებული და ყურადღებიანი ვერ ვიყავი, ბოლო 2 კითხვა ვეღარ მოვასწარი და დამსახურებულადაც მივიღე სამარცხვინოდ დაბალი ქულა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბოლო ეტაპზე ჩემმა გადაწყვეტილებისმიღებაუნარიანობამ ფრიად გამახარა :D საერთო ჯამში, 1000 ქულიდან 810 განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საკუთარ თავზე თუ ტესტირების ტიპზე წარმოდგენის შესაქმნელად დემო ვერსია კარგი რამეა.

რეალურ და სრულ ტესტს დაინტერესებული ადამიანები უკვე IDAC-ში აბარებენ (საიტზე წინასწარი რეგისტრაციით), ვებგვერდზე საკუთარ პროფილს საჯაროდ ან დახურულად ქმნიან და საკუთარ ძლიერ მხარეებს სხვებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდიან ე.წ. brain map-ის საშუალებით, რომელიც საიტზე ავტომატურად იგება ქულების მიხედვით. გარდა ამისა, საუკეთესო ქულების მქონე ადამიანთა ასეული საიტზე მუდმივად იცვლება.
პრინციპში, თუ CV-ში უთითებ, რომ TOEFL ibt 110 ქულა გაქვს, GMAT-ში 700 და 4S-ში 900, მგონი დამსაქმებელს შეხვედრამდეც კი უნდა შეექმნას სწორი წარმოდგენა პოტენციური თანამშრომლის აზროვნების შესაძლებლობებზე.
* * *
სამწუხაროდ, დემო ვერსიას მეორედ ვერ გავაკეთებ, კითხვები მეორდება და ხელოვნურად საკუთარი ქულის აწევა არ იქნება სამართლიანი. ამიტომ, სანამ რეალურ ტესტს, თუნდაც ინტერესის გულისთვის გავაკეთებ, მინდა ჩემი რამდენიმე მეგობარი დავთაგო და დავაჩელენჯო, რომ გააკეთონ დემო ტესტი და შედეგები აქ, კომენტარებში, ან ფეისბუქზე დადონ.
ვაჩელენჯებ მივიწყებული ბლოგების ავტორებს, ფიქროს და ლინგვისტუსს. ამ უკანასკნელისგან განსაკუთრებულად ველოდები 1000/1000 ქულას ;)

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273