Je m'appelle Eka..

July 21st, 2011 by Katiée

ადიბასი, დუმა და გაყალბებული ბათუმი

მენცირებემა დადაგნიეს, რომ კითვხასის ადმაინაის თვალი ისეა მოწყობილი, რომ მთავარია სიტყვებში პირველი და ბოლო ასო იყოს თავის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ასოები თუნდაც არეული, სიტყვას მაინც სწორად წაიკითხავ! არ გჯერათ, გადახედეთ ამ წინადადების პირველ სიტყვებს!

მეცნიერების ეს აღმოჩენა, ერთი შეხედვით მხოლოდ სახალისო და საინტერესოა. ყოფით ცხოვრებაში კი, ჩვენი თვალის ამ უცნაურ თვისებას არაჩვეულებრივი წარმატებით იყენებს სხვადასხვა პროდუქციის უამრავი გამყალბებელი და კარგ ფულსაც შოულობს.

გაინტერესებთ როგორ? ძალიან მარტივად. გაისეირნეთ ნებისმიერ ბაზრობაზე (შეგიძლიათ ძვირიან სავაჭრო ცენტრებსაც მოავლოთ თვალი), ან სულაც მეგობრებს და საკუთარ თავს დააკვირდით და დაფიქრდით, თქვენც ხომ არ ხართ საკუთარი თვალის “მსხვერპლი”?

ხომ არ გაცვიათ ყალბი კონვერსი, პუმა და ადიბასი, მერე რა? ერთი შეხედვით ხომ გავს ნამდვილს?

"Puma", "Adidas", "Converse"

იქნებ თქვენც შანელის ან ლუი ვიტონის ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი პრიალა ჩანთა გიჭირავთ და გგონიათ ვერავინ მიხვდება, ნამდვილია თუ ყალბი? არადა, ძალიან ცდებით ;) ჯერ ერთი, არც შანელი და არც ლუი ვიტონი მსგავს გოიმურ პრინტს არ აკეთებს და მეორეც: თუ თქვენი ხელფასი 600 ლარია, თვალზე “რუბი როუზის” 5 ლარიანი ტენი გისვიათ, ეს რამდენიმე ასეულ დოლარიანი ჩანთა საიდან? აა, მეგობარმა გამოგიგზავნათ პარიზიდან? მაშინ ჰო, მაშინ ჰო… :D

ვითომ 'შანელი' და ვითომ 'ლუი ვიტონი'

ტრაგედია მაშინ იწყება, როცა მავანი თვლის, რომ მის იმიჯს იაფფასიანი, მაგალითად Swatch-ის ან Fossil-ის საათი არ შეჰფერის, Seiko-ც ტეხავს, შვეიცარული არაა. ჰოდა ყალბი ბიზნეს-იმიჯის შესაძენად რა უნდა იყიდო, თუ არა ყალბი Omega, Tissot, Longines ან Audemars Piguet ?

აქ ისევ იგივე კითხვა მიჩნდება, რაც ზემოთ, ვის ატყუებთ? ვინც ამ ბრენდების ისტორია და მნიშვნელობა არ იცის, იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ლონჟინი გექნებათ მაჯაზე თუ უწარწერო 30 ლარიანი საათი, ხოლო ვინც იცის და იდეაში ვის თვალშიც იმიჯს იმაღლებთ, დავიჯერო იმან არ იცის, რომ საათში რამდენიმე ათასის გადახდის ერთი ადგილი არ გაქვთ? :D

ყალბი Audemars Piguet 50$-ად

ეს ყველაფერი ნაკლებად სანერვიულოა, როცა არც ჯანმრთელობას აზიანებს და არც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა მობილური ტელეფონების ჩინურ ასლებს გამოსხივებისგან ისეთივე დაცვა ჰქონდეთ, რაც ნამდვილ ნოკიას და iPhone-ს და სულაც არ მინდა ერთ დღეს ტვინის კიბო აღმომაჩნდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ბრჭყვიალა ტელეფონით მარიაჟობა ვამჯობინე იმავე ფასიანი შავ-თეთრი ტელეფონით სიარულს.

არც ის მომწონს, დიდის ვაივაგლახით ჩამოყვანილი ტურისტი რომ ქართულ სუპერმარკეტში თვალსაჩინო ადგილზე გამოჭიმულ, სნიკერსის და ბაუნტის ყალბ ვარიანტს დაინახავს და აღარასოდეს მოუნდება იყიდოს რაიმე პროდუქტი, წარწერით “made in Georgia”,

ქართული "სნიკერსი" და "ბაუნტი"

მითუმეტეს არ მინდა, ოდესმე ჩემი სახლი ავაშენო ან ახალ აშენებულ კორპუსში შევიდე და არ ვიცოდე, გაუძლებს თუ არა რამდენიმე ბალიან მიწისძვრას მისი კედლები. ვიყო მშენებლის კეთილსინდისიერების თუ მუშის მახვილი თვალის, ან ვთქვათ, მის მიერ გერმანული ქალაქების სახელწოდებების ცოდნის იმედად, რომ, მაგალითად აი ამ ცემენტებს არ აურევს ერთმანეთში? სახლი რომ თავზე დამენგრევა, მერე რა ვქნა?

ნამდვილი და ყალბი ჰაიდელბერგცემენტი

მოკლედ, ამ ყველაფერს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ეშველება:

  • არსებობდეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ხარისხის კონტროლის უკეთესი სამართლებრივი ბაზა და მექანიზმები
  • მომხმარებელი იყოს უფრო დაკვირვებული და ფრთხილი

ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქონელი ბაზარზე წარმატებით იყიდება და მას უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ნამდვილ ბრენდირებულ, ან ასევე ნამდვილ, მაგრამ იაფფასიან და არაბრენდირებულ, ნაკლებსამარიაჟო საქონელს.

ნუ იქნებით გნობი*, მიაქციეთ ყურადღება, რას ყიდულობთ!
თქვენმა დაუკვირვებლობამ უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება თქვენი იმიჯი, უარეს შემთხვევაში კი – ჯანმრთელობა შეიწიროს!

*გნობი = გოიმი+სნობი (ფეისბუქის მარგალიტებიდან)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273