Je m'appelle Eka..

March 11th, 2010 by Katiée

მერწყული – შევარდნაძის და ივანიშვილის ჰოროსკოპი

(ლინდა გუდმანის წიგნიდან “ამერიკული ჰოროსკოპი”)

როგორ შევიცნოთ მერწყული?

მერწყულთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისათვის მზად უნდა იყოთ, როგორც ალისა ლუის კეროლის ზღაპრიდან. ბუნებით მშვიდ და კეთილ მერწყულებს რაიმე არაჩვეულებრივი მოქმედებით საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვართ. თავაზიან და დამყოლი ხასიათის მერწყულებს შეუძლიათ ლოგიკას მოკლებული საქციელით და სიტყვებით გაგაოგნოთ. ურანის მფარველობაში მყოფ ადამიანებს შეუძიათ წვეულებაზე შიშველ ფეხზე ამოცმული სანდლებით გამოცხადდნენ, თუკი ასე თავს უფრო მოხერხებულად გრძნობენ.

მერწყულების დახასიათება ერთი სიტყვით რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა “ცნობისმოყვარეობა” იქნებოდა. მას თავის გარშემო ყველაფერი აინტერესებს, დაწყებული თქვენით და დამთავრებული მეზობლის ლეკვით. მერწყულის აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება, ამიტომ მას ყოველმხრივ ინტერესით სწავლობს. პოლიტიკა და სპორტი, შეყვარებულები და ბავშვები, ცხენები და ავტომობილები, მოხუცები და ასტრონავტები, სამეცნიერო გამოკვლევა მედიცინის სფეროში და ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრი და რელიგია, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, მწერლები და სხვა მრავალი – მერწყულის ინტერესების სფერო ჭეშმარიტად ამოუწურავია. ამიტომ, თუ ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელსაც მარტო თქვენ უნდა აინტერესებდეთ, მერწყული არამც და არამც არ გამოგადგებათ.

თავისუფლებისმოყვარე მერწყულები უჩვეულოდ ცოცხალი, საინტერესო, თავნება, ორიგინალური, თვითკმაყოფილი, დამოუკიდებელი და ამასთანავე, დიპლომატიური, რბილი, თავმდაბალი, გულჩვილი ხალხია. მათ გარშემო ყოველთვის უამრავი ნაცნობი ტრიალებს, ყოველგვარ მასობრივ ღონისძიებებში სიამოვნებით მონაწილეობენ, მაგრამ ამავდროულად განმარტოებაც უყვართ. სადაც არ უნდა იყვნენ, ხალხში თუ განმარტოებით, გარშემო ყველაფერს მკვეთრად აღიქვამენ და ისრუტავენ, ხოლო ურანის მფარველობის წყალობით, რევოლუციურ თვისებებს ამჟღავნებენ. ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნიათ, ყველაფერ ახალს და გამოუცნობს კი პირველები აღიარებენ (თუმცა, მერწყულ პოლიტიკოსებს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ჭკუა ყოფნით და თავიანთ რევოლუციურ შეხედულებებს საქვეყნოდ არ გამოთქვამენ)

მერწყულებს მიდრეკილება აქვთ, სიტუაციის ანალიზში მეგობრები და უცნობები ჩართონ. რიგით ერთერთი ამოცანის ამოხსნით გართული მერწყული, შესაძლოა, საოცრად აბეზარი და უტაქტო (!) იყოს. როგორც კი ცნობიმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას, შესაძლოა, შეურაცხმყოფელად მოეჩვენოს.

მიუხედავად იმისა, რომ მერწყულებს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევიათ, მეგობარი თითქმის არ ჰყავთ. მერწყული ხარისხს რაოდენობას ამჯობინებს :((, ამიტომ, ვინმესთან ხანგრძლივი და ღრმა ურთიერთობა იშვიათად აქვს. მისი მაძიებელი გონებისათვის რაიმე ახალი და ამოუცნობი ყოველთვის გამოიძებნება, ჰოდა, ღირს კი დროის დაკარგვა იმაზე, რაც უკვე შესწავლილი აქვს? :O ურანის მორჩილი ადამიანების თითქმის ყოველთვის მარტოსულები და სხვებისათვის ძნელად გასაგებნი არიან. კაცობრიობას უჭირს მათი გაგება, ვინც მხოლოდ მომავლით ცხოვრობს და აწმყო იშვიათად ახსენდება. ასტროლოგიურ წიგნებში ნათქვამია: “რასაც მერწყული ფიქრობს, ხალხი მხოლოდ ნახევარი საუკუნის მერე გაიგებსო!”

მერწყულებს იმდენად ფართო თვალსაწიერი გააჩნიათ, რომ მათში ცრუმორწმუნეს ვერასოდეს იპოვით. მერწყულთათვის ყველა ადამიანი ძმაა, მაგრამ ხანდახან მარტოობას ამჯობინებს და ასეთ წუთებში, უმჯობესია, არ შეაწუხოთ.

მერწყულთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ, მაგრამ თუ მისი თანხმობა მიიღეთ, ყველაფერს ზუსტად და დროულად შეგისრულებთ.

მერწული თავის აზრს პირდაპირ და გულწრფელად გამოთქვამს, მაგრამ სხვას თავზე არასოდეს ახვევს. იგი პატივს სცემს პიროვნებას, და მიაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება, სურვილისამებრ მოიქცეს.

მერწყული არასოდეს არაფრისთვის არ იბრძვის. იგი აგრესიული არ არის, მაგრამ სიმხდალესაც ვერავინ დასწამებს. უბრალოდ, მის ფილოსოფიაში ბრძოლა არ შედის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორი დაწოლაც არ უნდა განიცადოს, აზრს არ შეიცვლის (:@@@@@)

მერწყულებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მათი საქციელის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მათ კი, სურვილისამებრ უყვართ მოქცევა და საჭიროდ არ თვლიან, ამის თაობაზე ვინმე გააფრთხილონ. თუ მათთან ურთიერთობა გინდათ, ამას უნდა მიეჩვიოთ.

მერწყული პირველსავე შემხვედრს არასოდეს ენდობა. კარგად უნდა შეისწავლოს ადამიანი და გაიგოს მისი საქციელის ესა თუ ის მოტივი. მაგრამ, თუ კარგად გიცნობთ და თავის მეგობრად გთვლით, ავის მოსურნეთა ვერავითარი ბინძური ჭორები თქვენზე აზრს ვერ შეაცვლებინებს. მან, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჭორებსაც მოუსმინოს, მაგრამ ამას მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო და მათ მცირე მნიშვნელობასაც არ მიანიჭებს. რაიმე ცხოვრებისეული დასკვნა მერწყულს მხოლოდ საკუთარი დაკვირვებების შედეგად გამოაქვს (აქ, ისევ, ედუარდ შევარდნაძე მახსენდება:))

მერწყული უჩვეულოდ ყურადღებადაფანტულია. კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც არაფერში სჭირდება. იგი ინფორმაციას თითქოს ჰაერიდან ღებულობს. სინამდვილეში მას უნიკალური თვისება აქვს, რადარივით დაიჭიროს ყველაფერი თავის გარშემო. მერწყული შესაძლოა გაცხოველებულ ბაასში იყოს ჩართული, მაგრამ ეს ხელს სულაც არ შეუძლის, მშვენივრად ესმოდეს და ხედავდეს, თუ რა ხდება მის ზურგს უკან, ოთახის საპირისპირო კუთხეში. მისი ეს თავისებურება დაფასების ღირსია.

მერწყულები არასოდეს ტყუიან და არც სხვებს ატყუებენ, არ უყვართ არც სესხის აღება და არც გაცემა, მერწყული სიტყვის კაცია, ამიტომ, თუ გინდათ თქვენს მეგობრობას ჩრდილი არ მიადგეს, არასოდეს გატეხოთ მიცემული სიტყვა და ნასესხები ფული ზუსტად დათქმულ დროს ჩააბარეთ. მერწყული პატიოსანია და პირფერობას ვერ იტანს, თუმცა თვითონ მას ზოგჯერ სიცრუეში ადანაშაულებენ. ასეთი შთაბეჭდილება ადამიანებს მხოლოდ იმიტომ რჩებათ, რომ მერწყულს საკუთარი საქციელის მოტივების აფიშირება არ უყვართ, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პრეროგატივად მიაჩნიათ.

მერწყულის ფიქრები და სხეული ყოველგვარი ბორკილებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. მისი ფიქრები იმდენად შორს დაქრიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს გაგება უჭირთ. არადა მისი გაგება საჭიროა, რადგან მომავალში ესოდენ ნათლად ვერავინ ჩაგახედებთ. ამით კი გაცილებით უფრო ჭკვიანი გახდებით.

მერწყული თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. იგი მისი საიდუმლო აზრების და მაღალი იდეალების სიმბოლოა. მერწყულის მეტალი ურანია, ქვა – მუქი ლურჯი გამჭვირვალე საფირონი, რომელშიც წარსულის სიბრძნე და მომავლის უხილავი საიდუმლო ერთმანეთს ერწყმის.

მერწყული – მამაკაცი

თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მერწყული-მამაკაცი სიყვარულს სხვებისგან განსხვავებულად ამჟღავნებს.

თუ უცებ მოგეჩვენათ, მერწყულს საერთოდ არ ვუყვარვარო, ეს იმის ნიშანია, რომ იგი თქვენს გარდა ყველას ეთხოვება და ამიტომ უბრალოდ მოწყენილია. მას ხომ ყველა უყვარს, ამიერიდან კი მხოლოდ თქვენს სიყვარულს უნდა დასჯერდეს. ესე იგი, ამით მთელი კაცობრიობა დაზარალდება, პირველ რიგში კი, ცხადია, თვითონ მერწყული, მას ხომ ყველაფერი აინტერესებს, უკლებლივ ყველაფერი, თქვენი მიზეზით კი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილი სრულიად შეუსავლელი უნდა დარჩეს. ამიტომაც არის მოწყენილი.

თუ მერწყულის ცოლობა გსურთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააინტერესოთ. შეეცადეთ მისთვის გამოცანად დარჩეთ. მერწყულს მხოლოდ ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულში ძევს და რაც უფრო მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც უფრო მეტი იდუმალება იქნება, მით უკეთესია. თუ თავს ისე მოაჩვენებთ, თითქოს სრულებით არ გაინტერესებთ (განსაკუთრებით, პირველ ხანებში), მისი მოარული მზერა თქვენზე შეჩერდება და თვალებს ფართოდ დააჭყეტს. საოცარია, რატომ არ უყურებთ მას? რა იმალება ამ უყურადღებობის მიღმა? ნამდვილად გულგრილია, თუ მხოლოდ თამაშობს? ესენი და კიდევ ასობით სხვა კითქვა წამოეჭრება მერწყულს და მანამ არ მოისვენებს, სანამ თქვენს ყველა საიდუმლოს არ ეზიარება. თუმცა, ასეთი “გამოკვლევების” დროს შესაძლოა თავი საცდელ ბაჭიად იგრძნოთ და უფრო ტემპერამენტიან, ან უბრალოდ, უფრო მიწიერ თაყვანისმცემელთან გაიქცეთ. რა გაეწყობა, იქნებ ეს გადაწყვეტილება არცთუ ურიგო იყოს. მაგრამ, თუ მერწყულთან დარჩენა გადაწყვიტეთ, მაინც გეტყვით, თუ რა გელით.

მერწყული ქორწინებას ისევე გაურბის, როგორც ეშმაკი, მისი ქორწინება მხოლოდ ხანგრძლივ მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული. მერწყული ისეთ ქალიშვილს აირჩევს, რომელთანაც სიყვარულის გარდა სხვა უამრავ თემაზე საუბარი იქნება შესაძლებელი. მას ლაპარაკი უფრო აინტერესებს, ვიდრე თვით სიყვარული. მერწყულის იდეალი მეგობარი ქალია, რომელიც მას შმაგ სიყვარულს არ მოსთხოვს და ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავს.

თუმცა, მერწყულთან მტკიცე მეგობრობაც რომ გაკავშირებდეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე უცილობლად სიყვარულში გამოგიტყდებათ, მერე კი გულს და ხელს შემოგთავაზებთ. მერწყულის შემთხვევაში ამ ყოფამ შეიძლება თვეები კი არა წლები გასტანოს. სიყვარულში რომც გამოგიტყდეთ, მერე ათას მიზეზს იპოვის, თუ რატომ არ შეუძლია თქვენი შერთვა ახლა (ან ერთი წლის შემდეგ). მიზეზი შესაძლოა სრულიად სხვადასხვა იყოს: მას თქვენი შენახვა ისე არ ძალუძს, როგორც იმსახურებთ; მსოფლიოს მომავალი ისეთი არასტაბილურია, შეიძლება ნებისმიერ მომენტში ატომური ომი დაიწყოს, მას კი, ამასთანავე, ალიასკაზე უპირებენ ათიოდე წლით გაგზავნას, ადგილობრივ მკვიდრთა ზნე-ჩვეულებების შესასწავლად. იქ რომ ფილტვების ანთება დაგემართოთ და მოკვდეთ, მას ხომ მთელი ცხოვრება ვერაფერი ანუგეშებს? (ვაი დედა :D)

იქნებ იფიქროთ, მერწყულთან მეგობრობას აზრი არ აქვსო, მაგრამ ამას თავისი დადებითი მხარეებიც გააჩნია. თუმცა დაგვიანებით, მაგრამ ცოლს მაინც მოიყვანს, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა მისი უკანასკნელი მეგობარი დაოჯახდება. მაშინ მერწყულს ქორწინებისადმი ბუნებრივი ინტერესი გაუჩნდება, რამდენადაც არასოდეს გამოუცდია, როგორ თუ ყველამ გასინჯა, მან კი არც კი იცის, რა არის ეს.

ასეთ დროს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, რომ უკვე მისი ცოლი გერქმევათ. მერწყულის საქციელის წინასწარ განჭვრეტა რომ შეუძლებელია?

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი მერწყული ძალიან ცივია და მისი ეჭვიანობით შეხურება მოინდომოთ. მერწყულის შემთხვევაში ეს აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯია. იგი ეჭვიანი სულაც არ არის. თუ ეტყვით, რომ სხვასთან მიდიხართ, იგი წყნარად გამოგემშვიდობებათ და შემდგომში მეგობრობის გაგრძელებასაც კი შემოგთავაზებთ. თქვენ კი სულ სხვა ეფექტს ელოდით.

თვითონ მერწყული არასოდეს გიღალატებთ, თუნდაც იმიტომ, რომ სექსის პრობლემები მას არ აღელვებს, მხოლოდ თეორიულად აინტერესებს.

ნუ გეწყინებათ, თუ ხანდახან მარტოობა სურს. ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და თუ გაგებით მოეკიდებით, სამაგიეროს უჩვეულო სითბოთი და გულწრფელობით გადაგიხდით.

მერწყული იმ ჯურის ხალხს განეკუთვნება, რომლების ცხოვრებაში სხვებზე მეტ წარმატებას აღწევენ (დასტურ! ბევრი მაგალითი ვიცი :)). მას ყველა შანსი გააჩნია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს, ან დროის მანქანა გამოიგონოს.

ბავშვები (შვილები) დროდადრო აღფრთოვანებული იქნებიან თავიანთი მერწყული მამით, რომელსაც მათთვის საინტერესო კითხვებზე ყოველთვის ამომწურავი პასუხი აქვთ გამზადებული. თავად მერწყულიც ხომ დიდი ბავშვია.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს მერწყულს დროულად უნდა აჭამოთ, შეამოწმოთ ადგილზე აქვს თუ არა ყველა ღილი და საერთოდ, მთელი თქვენი თავისუფალი დრო მას უნდა დაუთმოთ. აბა ცოლად რისთვის შეგირთოთ? იმიტომ, რომ ყოველთვის გვერდში ჰყოლოდით, როცა მას თქვენთან ურთიერთობა მოესურვებოდა. სამაგიეროდ, მერწყული-ქმრისგან უფრო მეტ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ვიდრე ათობით ჭორიკანა ნაცნობისგან, ყველაზე საინტერესო ჟურნალიდან ან საინტერესო სპექტაკლიდან. მასში ყველა იმ კითხვის პასუხს აღმოაჩენთ, რომელიც ოდესმე მოგსვლიათ თავში, ან 20-25 წლის შემდეგ მოგივათ :D

მერწყული – ქალი

მერწყული-ქალი სიყვარულშიც ისეთივე პარადოქსულია, როგორიც ცხოვრებაში.

იგი თქვენი ერთგული, მაგრამ ერთგვარად ცივი და შორეული იქნება. მათ უამრავი მეგობარი ჰყავთ და ათასი გატაცება აქვთ. არ იფიქროთ, რომ მის საბავშვო ეტლთან ან სამზარეულოს ქურასთან მიჯაჭვას მოახერხებთ. იგი ყველას და ამავდროულად, არავის ეკუთვნის, ამიტომ, თუ მას ესოდენ საჭირო თავისუფლებას მიანიჭებთ, თქვენდამი განუსაზღვრელად ერთგული იქნება.

ფული მერწყულს იმდენად აინტერესებს, რამდენადაც სჭირდება. მისთვის თქვენი პროფესიული (ინტელექტუალური) წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქონება.

სანამ ამ მშვენიერი პეპელას დაჭერას გადაწყვეტდეთ, დაფიქრდით, შეძლებთ მის თავისუფლებისმოყვარე ხასიათთან შეგუებას? თუ ვნებიანი, მხოლოდ თქვენით გატაცებული ქალი გჭირდებათ, მაშინ მერწყული არამც და არამც არ გამოგადგებათ.

მერწყული ბრწყინვალე მეგობრობას გაუწევს იმას, ვინც სამეცნიერო ან პოლიტიკურ კარიერას იკეთებს. იგი გონებამახვილი და ურთიერთობაში სასიამოვნოა.

ჩვეულებრივ, მერწყულები ეჭვიანობით არ იტანჯებიან. იგი სხვისი პომადის საძებნელად ცხვირსახოცის თვალიერებას არასოდეს დაგიწყებთ. შესაძლოა, მისი ეს თვისება თქვენ ხასიათის განსაკუთრებულ სიძლიერედ ჩაუთვალოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, მან ძალიან კარგად შეგისწავლათ და მის მთხოვნებს რომ არ აკმაყოფილებდეთ, ცოლად არავითარ შემთხვევაში არ გამოგყვებოდათ. მეორეც, თქვენს გარდა, ცხოვრებაში უამრავი რამ აინტერესებს. თუ თქვენ მაინც მისცემთ მიზეზს, რომ არ დაგიჯეროთ, მაშინ, მერწყული, უბრალოდ მიგატოვებთ. მართალია, შესაძლოა მეგობრებად დარჩეთ, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებად.

მერწყულთან საუბარი მის გარეგნობაზე არანაკლებ საინტერესოა. სერიოზული, საქმიანი საუბრის დროს, უცებ შეიძლება ჩაურთოს, რომ თქვენ ბაბუამისის არათუ სეხნია ხართ, არამედ გვარში ორივეს ერთნაირი გაორმაგებული ასოები გაქვთ. ასეთმა მოულოდნელმა გადახვევამ თქვენ შესაძლოა გაგაოგნოთ, მისთვის კი სრულიად ბუნებრივი ამბავია.

ნუ მოელით, რომ მერწყული-ცოლი ყველა თქვენს მითითებას და მოთხოვნას ზუსტად შეასრულებს, განსაკუთრებით მითითებას. მერწყულებს სამყაროზე საკუთარი შეხედულება გააჩნიათ. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას ან გადარწმუნებას. მას არაფრად უღირს სვიტრის უკუღმა ჩაცმა, ყვავილების თევზის ქილაში ჩაწყობა, კონიაკზე რძის მიყოლება. რატომ აკეთებს ამას? ხშირად თვითონაც არ იცის. უბრალოდ, ასე უნდა!

მერწყულს იშვიათი ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია. მისი წინასწარმეტყველება იმ წუთში თუ არა, ოდესმე მაინც ახდება. მერწყული ხომ მომავლის ქალია და ზუსტად იცის, რა იქნება ხვალ. თუ გსურთ, ეს თქვენც იცოდეთ, მის ზეშთაგონებებს ყური უფრო ხშირად დაუგდეთ :)

პ.ს. ნელნელა, არეულად, მაგრამ იქნება ყველა ზოდიაქოს მოკლე მიმოხილვა :) ეს ისე, სანამ მკითხავდეთ :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273