Je m'appelle Eka..

October 16th, 2010 by Katiée

მისი უდიდებულესობა ვერძი vol.1

(ლინდა გუდმანის მიხედვით)

როგორ შევიცნოთ ვერძი
შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.

თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგზე არ ფიქრობს. მოგვიანებით შეიძლება ინანოს კიდეც თავისი გულფიცხობა, მაგრამ ბრძოლის ქარცეცხლში ეს აზრადაც არ მოუვა. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.

ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს, და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.

საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას

ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.

ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.

თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.

მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.

ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”.  ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.

ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.

ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.

მარსის მფარველობაში მყოფთ ხშირად ბრალს სდებენ აუტანელ ხასიათში. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. სამაგიეროდ ღვარძლიანები არ არიან, ბოღმას დიდხანს არ ატარებენ და ყოველთვის უკვირთ მათი, ვინც წყენის გულში ჩადება იცის. ვერძს უნარი აქვს პატიება სთხოვოს თვით მოსისხლე მტერსაც კი, ხანდახან, სანუკვარი მიზნის მისაღწევად წაეშმაკებაც შეუძლია, მაგრამ ტყუილს, თუნდაც უწყინარს, იშვიათად თუ იტყვის, რადგან მათი ტყუილი ყოველთვის აშკარავდება.

ვერძებს ჭორები არ უყვართ, რადგამ მთელი გულისყური საკუთარ საქმეებზე აქვთ მიპყრობილი და სხვათა განსასჯელად დროს არ კარგავენ. ადამიანებს იგი 2 ჯგუფად ყოფს: კარგებად და ცუდებად. პალიტრაშიც მხოლოდ ორი ფერის საღებავი აქვთ: შავი და თეთრი.

თუ ზედმეტ, გამაღიზიანებელ პირდაპირობას უგულვებელყოფთ, ვერძის ზრდილობა და თავაზიანობა სამაგალითოდ გამოდგება. მას შეუძლია საათობით გატაცებით ისაუბროს იმ საგნებზე, რომლებზეც ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნია. ამ დროს იგი დეტალებზე არ შეჩერდება. წვრილმანებზე სხვა იტეხოს თავი.

ვერძში საოცრად არის შერწყმული რეალისტი და იდეალისტი. იშვიათად თუ ვისმე ძალუძს მისებრ გაუტეხელი და ძლიერი სულის დემონსტრირება. ამასთან, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სენტიმენტალური, პოეტური და სასწაულების მორწმუნე, როგორიც ვერძია. მარსის მფარველობაში მყოფი თავს დამარცხებულად არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როდესაც ეს აშკარაა. მათ სჯერათ ბედნიერი დასასრულის, სიყვარული იქნება ეს თუ ფეხბურთის მატჩი. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სხვისი, წარმატების მოსვლას არ ელოდებიან, თვითონვე იბრძვიან მის მოსაპოვებლად. აი რატომ ვერ ნახავთ ვერძს ვერც მთხოვნელის როლში და ვერც უმუშევართა დახმარების სიებში. ბევრს მათი ასეთი ზეაქტიურობა არ ეპიტნავება, მაგრამ ვერძებმა თუ მოისურვეს, წყნარი , მშვიდი და სერიოზულიც შეუძლიათ იყვნენ. სამწუხაროდ ასეთ ვერძებს მხოლოდ სიმწიფის ასაკში თუ შეხვდებით.

ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. მისი ორიგინალურობის, ენერგიის და ნებისყოფის გარეშე ბევრი პროექტი მთლიანად რეალიზებული ვერ იქნებოდა, ან სრულიად განსხვავებულ, ნაკლებ საინტერესო სახეს მიიღებდა.

ინდივიდუალურობის გამომჟღავნებაში ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ჩვეულებრივ, მას საკუთარ თავზე და საქმეებზე ლაპარაკი უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებზე. გამონაკლისს მისი საყვარელი ადამიანები წარმოადგენენ. თუ ვერძის სიმპათია დაიმსახურეთ, ყველაზე ყურადღებით მოგისმენთ, განსაკუთრებით, თუ საუბრის თემა მისთვის რაიმე საინტერესოს და ახალს შეეხება. იგი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, დიდსულოვნად შემოგთავაზებთ თავის დროს და მატერიალურ დახმარებას. თუ საავადმყოფოში მოხვდით, შესაძლოა დროც კი ვერ გამონახოს სანახავად, მაგრამ საუკეთესო კლინიკას გირჩევთ, თვითონ წაგიყვანთ და თავის პირად ექიმს გაგაცნობთ. თუ ვერძი ერთხელ დაგეხმარათ რთულ სიტუაციაში, მეორედ და მესამედაც უყოყმანოდ მხარში ამოგიდგებათ, მაგრამ ამისთვის მხურვალე მადლობის თქმა არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ ვერძი თავისი ყურადღებისა და მზრუნველობის უგულვებელყოფას არ გაპატიებთ (რომელიც, შესაძლოა არც გჭორდებოდათ). იგი აღმერთებს ქველმოქმედებას და რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს, თავს მით უფრო უკეთ გრძნობს. თუ თქვენი მადლიერება მისი ძალისხმევის ადექვატური იქნება, შემდგომშიც სიხარულით დაგეხმარებათ.

გულუბრყვილობასთან შერწყმული მისი საოცარი თავდაჯერებულობა ხშირად იმედგაცრუებით ბოლოვდება, მაგრამ გულგატეხილობა დიდხანს არ გასტანს, გონს მალე მოვა და ახალ-ახალ თავგადასავლებს ახალი ენერგიით შეეგებება.

თუ ვერძს რაიმე სჯერა, მთელი სიცოცხლე ვერ გადაარწმუნებთ. თვალებს დაიბრმავებს და ყურებს ბამბით დაიხშობს, მაგრამ თვითონ უმალ შეუძლია აზრის შეცვლა ან სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება. აბა სცადეთ და დაუმტკიცეთ, რომ წუთის წინ იგი სულ სხვა აზრისა იყო – ვერც კი გაიხსენებს. ვერძის ნიჭი, წამში შეიცვალოს აზრი, ჭეშმარიტად ფანტასტიკურია. სწორედ ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ ვერ ეგუება ვერძი იოლად ახალ გარემოსა და ადამიანებს. ვინც ეცდება ვერძს ნაჩქარევი დასკვნები გადაათქმევინოს, ამას იგი მხოლოდ დაბრკოლებად აღიქვამს და სინდიდის ქენჯნის გარეშე იცილებს ხელის შემმშლელს. განსაკუთრებით ვერ იტანს კონსერვატიულ ადამიანებს, რომლებიც თითოეულ სიტყვასა თუ საქციელს ზომავენ და წონიან. ვერძის მოსისხლე მტრები ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან.

ვერძი გარკვეულწილად დონ-კიხოტია, გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, მაგრამ როგორც კი ბრძოლის ცეცხლი განელდება, კვლავ საყვარელ, მომღიმარე არსებად იქცევა. ვერძის ლითონი რკინაა, რომელიც თავის ნიშანს ქედუხრელობას და უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს, ათჯერ მეტს, ვიდრე სხვა ადამიანებს აქვთ.

ვერძი იშვიათად ხდება დიდი ქონების პატრონი, მაგრამ თუ მაინც გამდიდრდა, თავის სიმდიდრეზს ზედ არასოდეს დაჰკანკალებს. მთელ თავის საგანძურს სიახარულით გაუნაწილებს გაჭირვებულებს. სჯერა და მტიცედ არის დარწმუნებული, რომ “რასაცა გასცემ შენია”. ადამიანებისათვის სიხარულის მოტანა მისი ერთერთი მთავარი მისიაა. ვერძს ღრმად სწამს, რომ ცხოვრება სავსეა სასწაულებით და მას სიხარულით გაგინაწილებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც იქნება.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები:
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
იოჰან სებასტიან ბახი
ბისმარკი
მარლონ ბრანდო
ვინსენტ ვან გოგი
ფრანც იოსეფ ჰაიდნი
ჰარი გუდინი
არტურო ტოსკანინი
თომას ჯეფერსონი
ბეტ დევისი
სერგეი პროკოფიევი
ჯოზეფ პულიტცერი
სიმონა სინიორე
ნიკიტა ხრუშჩოვი
ჩარლი ჩაპლინი

შემდეგ პოსტებში იხილავთ უფრო დეტალურ და საინტერესო მიმოხილვებს:
ვერძი მამაკაცი
ვერძი ქალი


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273