აურზაური ტორტის გამო – ფეისბუქიდან სასამართლომდე(?)

ფ ე ი ს ბ უ ქ ი – მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი, ხოლო საქართველოში – ნახევარ მილიონამდე ადამიანის ალტერნატიული რეალობაა. შედეგად, იქ მიმდინარე პროცესები ხანდახან არანაკლებ მწვავეა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

ლოგიკურია, ალტერ-რეალობაში დაწყებული კონფლიქტი ხშირად რეალობაში გადმოდის და რეალურ, სამართლებრივ შედეგებსაც იწვევს.

პირველად ფეისბუქის იურიდიულ დატვირთვაზე რამდენიმე წლის წინ დავფიქრდი, როცა წავიკითხე, რომ ავსტრალიელმა მოსამართლემ რეალურ მისამართზე მუდმივად მიუწვდომელ მოპასუხეს შეტყობინება ფეისბუქში გაუგზავნა და დროის ათვლაც აქედან დაიწყო (ანუ ფბ-შეტყობინებას ფოსტით ოფიციალური შეტყობინების ძალა მიანიჭა).

საქართველოში, ჯერჯერობით არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია ფეისბუქის მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის, ან ფბ-ზე რაიმე უფლების დარღვევის შესაბამის ინსტანციაში გაპროტესტების შესახებ. სულ რამდენიმე, გახმაურებული პრეცედენტი იყო: 1). როცა ფბ საჯარო გვერდზე დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო 2 ჟურნალისტი დაითხოვეს პირველი არხიდან და 2). როდესაც ამერიკელი მასწავლებელი, თომას ფლეტჩერი ფაქტიურად გააძევეს სკოლიდან და ქვეყნიდან, ფეისბუქზე საჯაროდ დადებული ინტიმურ-ეროტიული ფოტოების გამო (მეგობრებში საკუთარი მოსწავლეებიც ჰყავდა). სავარაუდოდ, არის, ალბათ, ცალკეული გაუხმაურებელი შემთხვევები ფეისბუქ-სტატუსის გამო სამსახურიდან გაშვების, საყვედურების, ცოლ-ქმრული კონფლიქტების და სხვა. თუმცა, სასამართლომდე საქმე არ მისულა.

რამდენიმე დღის წინ კი ორ – დიდ და პატარა კომპანიას შორის ფეისბუქზე სერიოზული კონფლიქტი გაჩაღდა, არც მეტი, არც ნაკლები – ტ ო რ ტ ი ს გამო. ამბავი დაახლოებით ასე გამოიყურება: საკონდიტრო დ ი ფ ე ნ ბ ა ხ მ ა სამშენებლო კომპანია რ ე დ ი ქ ს ი ს დაჟინებული თხოვნის შედეგად 500 ლარიანი (150 კაცზე) ტორტის დამზადება წარმოუდგენლად მოკლე დროში გარისკა – 2 დღეში, თუმცა რედიქსი გააფრთხილა, რომ ამ დროში ისეთი უნიკალური, გამაოგნებელი და ‘სამარიაჟო’ ტორტის გაკეთება შეუძლებელი იყო, რითაც დიფენბახია ცნობილი. დიფენბახის პირობაზე ტორტი მართლაც მინიმალისტურად გამოიყურება – საკონფერენციო მაგიდის გარშემო რედიქსის დამფუძნებელთა ფიგურებით. რედიქსი უკმაყოფილო დარჩა – არც დიზაინი მოეწონათ და არც გემო (თუმცა დიფენბახი ამბობს, წინასწარ სხვა ტორტის გასინჯვაზე მოუცლელობის გამო უარი თქვესო). ამის შემდეგ დიფენბახმა საკუთარ ფბ-გვერდზე საჯარო განცხადება გააკეთა კორპორატიული კლიენტების საყურადღებოდ: რედიქსის ინციდენტი რომ არ განმეორდეს, 2 დღეში შეკვეთას აღარ ავიღებთ, ამიერიდან სულ ცოტა 7 დღით ადრე უნდა შეგვიკვეთოთო.

საკითხის გასაჯაროება, ბუნებრივია, რედიქსს არ მოეწონა და დიფენბახს სტატუსის წაშლა მოსთხოვეს (არცთუ თავაზიანი ფორმითო, ამტკიცებს დიფენბახი). კონფლიქტი გამწვავდა და პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც რედიქსის თანამშრომლებმა საკონდიტროს გ ე რ მ ა ნ უ ლ წარმომავლობას ირონიით გაუსვეს ხაზი და ჰიტლერი, ნაცისტები, საკონცენტრაციო ბანაკები და ფაშისტთა ცნობილი სლოგანები შეახსენეს საკონდიტროს გერმანელ დამფუძნებელს – შტეფანი დიფენბახს.
ვინც გერმანელებს იცნობს, კარგად იცის, რა მტკივნეულია მათთვის ნახევარი საუკუნის წინანდელ წარსულზე უბრალო მინიშნებაც კი, მსგავსი კომპლექსი არ ვიცი კიდევ თუ აქვთ სხვა რომელიმე ერის წარმომადგენლებს და ასე თუ განიცდიან. შტეფანი დიფენბახმა კი ამ განცხადებების გამო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო: დიფენბახი სავარაუდოდ დ ა ი ხ უ რ ე ბ ა.

უკვე გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ამბავი ძალიან მოკლედ მოგიყევით. ვრცლად ყველაფერი შეგიძლიათ თავად იხილოთ.

მაგრამ, თუ ამ ყველაფრის შემდეგ იფიქრეთ, რომ სავარაუდოდ საქმის სასამართლოში განხილვა დიფენბახსა და რედიქსს შორის – ერთ არშემდგარ ტორტზე გაიმართება, ცდებით.

კონფლიქტში მოულოდნელად კიდევ ერთმა კომპანიამ ‘გამოყო ფეხი’ და შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა:

PR სკოლის ანტი-პიარი

სტატუსი ერთდროულად ტვიტერსა და ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და ჯამში, სულ ცოტა, პიარსკოლის 12 000-მდე მიმდევარისთვის იყო ხელმისაწვდომი.

შეამჩნევდით, რომ ფეისბუქზე გამართული მწვავე კონფლიქტის მიუხედავად რედიქსის თანამშრომლებს ტორტის მავნებლობაზე არაფერი უთქვამთ, არც ოდესმე ვინმეს სხვას, ვისაც მათი ტორტი/ნამცხვარი შეუძენია. ულამაზო და თუნდაც უგემური არ ნიშნავს, რომ პროდუქტი მავნეა და წ ა მ ლ ა ვ ს . ასეთი ბრალდება კი უკვე შ ე ფ ა ს ე ბ ი ს ფარგლებს სცდება და კომპანიის ს ა ქ მ ი ა ნ ი   რ ე პ უ ტ ა ც ი ი ს მიზანმიმართული შელახვაა.

შეგახსენებთ, რომ პიარსკოლა თეორიულად პიარზე და მარკეტინგზე მუშაობს, თუმცა ის ცნობილი წარმატებულ მარკეტინგულ მიღწევებზე მეტად, გასართობი ბლოგითა და რამდენიმე მსგავსი სკანდალური ‘შეცდომის’ წყალობით უფროა. მათ შორისაა საავტომობილო ბლოგის დისკრიმინაციული სათაური: “ფრთხილად, საჭესთან ქალია!” და პოპულში აღმოჩენილი ვირთხის სკანდალის გაგრძელება-პოსტი შინაარსით “სხვაგან უარესები ხდება” (ამჟამატ პოსტის სათაურიც და შინაარსიც კორექტირებულია), ეს ვირთხებზე უარესები კი თურმე, სულ რაღაც უცნაურად ჩაცმული ადამიანები არიან.

მოგვიანებით, კრიტიკის შემდეგ პიარსკოლის საჯარო გვერდიდან ცილისმწამებლური სტატუსი გაქრა და ხელმძღვანელმა ‘მოწამვლის’ გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებაზე წარმოადგინა თეორიები, თუმცა დიფენბახი ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. რამდენად დაიჯერებს სასამართლო, რომ “ტორტი არ ჭამოთ, მოგწამლავენ” ალეგორიულად დამფუძნებლის ცუდ ხასიათზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე პროდუქტის მავნებლობაზე, ამას დრო გვიჩვენებს.

მე კი, როგორც იურისტი და სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანი, დიდი ინტერესით დაველოდები პირველი ქართული ქეისის განხილვას – ფ ე ი ს ბ უ ქი დ ა ნ უკვე ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო შ ი .

This entry was posted in To think about and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to აურზაური ტორტის გამო – ფეისბუქიდან სასამართლომდე(?)

  1. რით ვერ გავიზარდეთ ადამიანები.

    ეს პიარ სკოლა კიდევ არასდროს მომწონდა!

  2. keti says:

    უნდა უჩივლოს. ფაქტია, რომ გადავაჭარბეთ. ამას გადაჭარბებაც აღარ ჰქვია.
    მართლა გასაზრდელები ვართ.

  3. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ორივე შეცდა: დიფენბახი – რომ “გამოაჭენა” რედიქსი. შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ სხვა დროს აღარ აიღებს 2 დღით ადრე შეკვეთას, უკმაყოფილო კლიენტის დასახელების გარეშე (აქ იგრძნობოდა “ჩვენ საუკეთესოები ვართ და როგორ გვაკადრეთ უგემურობა და უგემოვნობა”). “რედიქსი” – რომელიც არასაპატიო აგრესიულ პოზაში ჩადგა და… კუს ფეხის გამოყოფა ხომ საერთოდ უადგილო იყო და სასცილოა.

    იმჰო

    • Katiée says:

      100% გეთანხმები :) თუმცა ეს მგონი პოსტიდანაც ჩანს, რომ იგივე აზრზე ვარ :)

  4. shu84 says:

    მოკლედ ამ ხალხს თითქოს ტორტის პრობლემების გარდა არაფერი სხვა არ აწუხებდეს, რა დგეში არიან?! არიქა ფული გვაქვსო და აგარ იციან ქნან. სირცხვილი…

  5. ნწნწნწ…
    ჩვენ გვიშველის ფამუქი????

  6. says:

    მომწონს რომ სტატია ფეისბუკის თემაზეა და მიგვანიშნებს ზოგადად კონკრეტულ საქციელს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს; მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ თუნდაც იმაში რომ ფეისბუკიდან სასამართლოში შეიძლება მოხვდე (ასეთი წარმატებით ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება სასამართლოში მოხვედრა :)); ცოტა ხნის წინ იყო თუ არ ვცდები ტელევიზიით გადაცემა, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ “ფეისბუკის გამო” დედამ შვილი მოკლა და ასეთი უაზრობები… თუნდაც უკანა ფონად იმის დადება (და როდესაც ასეთ ნიუსს ისმენ არ შეიძლება ეს გრძნობა არ გაგიჩნდეს), რომ “რამეში” ფეისბუკია “დამნაშავე” ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია… უმაგრესი ინტერაქტიული საშუალებაა :)) და ადამიანები თავად რა სისულელეებს ჩაიდენენ ამაში ფეისბუკს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, სე ლა ვი …

    • Katiee says:

      ფეისბუქი არაა დამნაშავე, ეს ადამიანები ცდებიან ხოლმე, როცა ფეისბუქს არასერიოზულად აღიქვამენ და იქ იმის უფლებას აძლევენ თავს, რაზეც, რეალურ ცხოვრებაში, იციან, რომ პასუხი მოეთხოვებოდათ. სატელევიზიო ეთერში რომ მისცე განცხადების გაკეთების საშუალება, ყველა კორექტული იქნება, ფბ-ზე კი ცილისწამებას არა უშავს.

      მე კი არ გამიკვირდა, გამიხარდა (თუ შეიძლება კონფლიქტი ადამიანს გაგიხარდეს), რომ შეიძლება ფბ-ს და ონლაინ კომუნიკაციას ამის მერე უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ.

  7. შოკში ვარ , აი ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორი არასწორი დამოკიდებულება აქვთ სოციალურ მედიასთან, კომპანიები გამოვიდნენ კომპანიის ჩარჩოებიდან, ჩაიცუცქნენ ბირჟაზე და დაიწყეს საქმის გარჩევა . . . და ეს პიარ სკოლა ხომ საერთოდ დასახურია, დაწესებულება სადაც ასწავლიან პიარს ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და ეს ყველაფერი ასეთ ფამილიარულ დონეზე არ უნდა დადიოდეს

    • გიორგი says:

      რატომ არის დასახური? :)
      ხალხო, გაიღიმეთ, დატკბით ცხოვრებით და მოიცილეთ ბოლშევიკური კლიშეები. არავინ გთხოვთ თანამედროვე “შარიკოვობას”, ხალხის დახვრეტას და მათ სისხლით სავსე ჭიქებით სტალინისა და ლენინის სადღეგრძელოს დალევას. როგორც ეს ქართველმა ბოლშევიკებმა შორაპანთან გააკეთეს.
      სხვა დროა ახლა :)

    • Katiée says:

      თამუნა,

      ბაჩოსაც ვუპასუხე ქვემოთ:

      მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს “დასახურია” სიტყვა ამოვიღოთ ხმარებიდან.

      დასახური არის მაშინ, თუ ეწევა რაიმე უკანონო საქმიანობას, ამას კანონი არეგულირებს. კომპანიის შემთხვევაში დასახურია იგივეა, რაც ადამიანის შემთხვევაში – “მოსაკლავია”. ბაზარს არეგულირებს მომხმარებელი. არ მოგვწონს – ნუ ვიტყვით კარგს, ნუ ვიყიდით და ა .შ. ან ვთქვათ “გამოვუცხადოთ ბოიკოტი”, გავაკრიტიკოთ, გავლანძღოთ, ოღონდ დასახურია არა, ისე ჟღერს, თითქოს საგადასახადოს, ფინანსურს და პოლიციას ერთად უქსევ, დედა უტირეთო.

      დაიხურება თავისით, რაც არ ვარგა.

  8. Dreamar says:

    ეკა რა ოპერატიული ხარ :) როგორც ვხედავ დამაგვიდანდა ამ ამბავთან დაკავშირებით პოსტის დაწერა. ვერც რედიქსისა და დიფენბახის გვერდებს ვეღარ ვპოულობ ფეისბუქზე. ეტყობა წაშალეს. პიარსკოლას რაც შეეხება: როგორც ფეისბუქის კომენტარებში აცხადებენ, თავადაც აპირებენ “დიფენბახის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ქურდული ტრადიციების პოპულარიზაციისთვის: “ელოდეთ შემხვედრ სარჩელს ქურდული ტრადიციების პოპულარიზაციისთვის”.
    პოსტი ტორტის მომწამვლელობის შესახებ მის ავტორს (როგორც თვითონ ამბობს) უნდოდა საკუთარ ვოლზე დაეპოსტა, მაგრამ შემთხვევით დაპოსტა პიარსკოლის სახელით და შემდეგ ამიტომაც წაშალა.
    მოკლედ ძალიან არეულ-დარეული ამბავია :D

    • Katiee says:

      პიარსკოლის ეგ განცხადება, საპასუხო ჩივილზე “ქურდული ტრადიციების პოპულარიზაციისთვის” ხუმრობად ჩამეთვალა, თუ მორიგ არაადეკვატურობად, ზუსტად ვერ მივხვდი. მაგრამ იმდენჯერ გაიმეორეს, მგონი უფრო მეორეა.

      • გიორგი says:

        ხო, ეგ მართალია :)
        რა შუაში იყო, მეც ვერ ვხვდები :))
        რა მოხდა მერე, რომ კანონიერი ქურდი ყოფილიყო დიფენბახის ადმინი?
        და “რაზბორკები” მოეწყო დისკუსიის ნაცვლად.

      • Katiée says:

        კანონია ასეთი, თუ იტყვი, რომ ქურდი ხარ, მეტი მტკიცებულება არაა საჭირო, ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის ისჯები.

        და დიფენბახის ხუმრობით გაცემული პასუხი კითხვაზე: “ვინ პასუხობს ამ ‘რაზბორკებსო’”, თითქოს ასეთი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო – კონტრ-მუქარა წამოვიდა :)

  9. გიორგი says:

    სამწუხაროდ, იჩქარეთ და ბოლომდე არ დაელოდეთ შედეგს.
    ეს არ არის ბიზნეს დავა. ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება ერთი ადამიანის მეორეზე. კარგად წაიკითხეთ დიფენბახის პოსტები და მიხვდებით რომ ასეა. ერთმა ქალმა, რომელიც შეპყრობილია არასრულფასოვნების კომპლექსით და ფიქრობს, რომ მეორემ რეალიზაციის მეტ ხარისხს მიაღწია “დაუმსახურებლად” გადაწყვიტა სოციალურ სივრცეში შურია ეძია ამ უკანასკნელზე. მაგრად გამოუვიდა კიდეც :(.
    კომპანიის ზომა-წონაზე კი ლაპარაკი და მცირეს მხარის დაჭერა, რაღაც ტუჩამობრუნებული პოზა მგონია. როცა ამჩნევ ერთის ბოროტებას, მეორის ბოროტებაზე თვალი არ უნდა დახუჭო, მიუხედავად კომპანიის ზომისა.
    რაღაც მგონია, რომ ძირითადად ის ხალხი უტევს რედიქსსაც და პიარ სკოლასაც, რომლებსაც ცხოვრებაშI არაფერი და ვერაფერი გაუკეთებიათ და ამიტომაც მზად არიან დათხარონ წარმატებულ ხალხს თვალები, საკუთარი ინტელექტუალური ცვედანობისა და მიზნების მიუღწევადობის დასაფარავად.
    გაერთეთ ხალხო, იკითხეთ ბევრი და თქვენც გახსენით სამშენებლო კომპანიები და ტრენინგ-ცენტრები.
    ონანიზმი მოხუცებულობაშიც გეყოფათ :)))

    • Katiee says:

      მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს კომენტარი ჩემს პოსტს ყველაზე ნაკლებად ეკუთვნის :)

      დიდი და პატარა კომპანია ერთია (თუმცა ხაზი შემთხვევით არ გამისვამს), ერთი თავისი სიდიდით და გავლენის სფეროებით ‘ბლატაობს’, მეორე – ევროპელობით და ზე-ხარისხით, რომლის დაწუნება ქართველების უგემოვნობაზე მიუთითებს (ეს ერთი შეხედვით, ამ კონფლიქტიდან, თორე ჩემი კრიტიკა ძალიანაც კარგად მიიღეს და მადლობაც მითხრეს :)).

      მე არ დამიჭერია ცალსახად დიფენბახის მხარე, ამ პოსტშიც მივანიშნე და ფბ-ზე უფრო ვრცლად გავაკრიტიკე, რომ საკითხის გასაჯაროება მათი მხრიდან დ ი დ ი შეცდომა იყო, იგივე შეიძლება დაეწერათ, მაგრამ არ დაესახელებინათ რედიქსი. მაგრამ, დიფენბახმა შეცდომა აღიარა, რედიქსისგან განსხვავებით. ეს ერთი + მას.

      ამიტომაც მიწერია, რომ რედიქსს ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი ა არ მოეწონა საჯარო სტატუსი, არც მე მომეწონებოდა მათ ადგილას.

      თუმცა ის, რაც შემდგომ განვითარდა კომენტარებში, უკვე ყველანაირ ზღვარს გაცდა და ვფიქრობ, ეს მეტწილად, რედიქსის რამდენიმე თანამშრომლის დამსახურებაა. რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი, რომ როგორც კერძო პირები, ისე წერენ, ისინი რედიქსის თანამშრომლები არიან და კორპორაციის პოზიციად აღიქმება მათი ყველა სიტყვა. რედიქსს საკუთარი და მისი თანამშრომლების შეცდომა არ უღიარებია.

      რაც შეეხება პიარ სკოლას. მაპატიეთ, მაგრამ არ მჯერა რომ საკუთარი და პიარ სკოლის ანგარიში აერია ვინმეს ტვიტერზე. მით უმეტეს, რომ სტატუსი ფეისბუქითაა გაკეთებული და შემდეგაა ტვიტერზე იმპორტირებული და ამის შემდეგ კიდევ – პიარსკოლის ოფიციალურ გვერდზე. ავტორმა, რომელმაც იცის, რომ მისი სტატუსები ჯერ ტვიტერზე ექსპორტირდება და შემდეგ კიდევ პიარსკოლის გვერდზე, ამდენი ვერ გათვალა საჯარო მოწოდებისას და მაინცდამაინც ახლა დაავიწყდა? არცოდნა არცოდვა ყოველთვის არაა და შეცდომებს სასამართლოშ ასე ადვილად არ პატიობენ, მითუმეტეს, თუ ამ შეცდომამ ზიანი გამოიწვია.

      მე არ ვიცი, თავს ვერ დავდებ და არც მაინტერესებს, პირადი შურით და ბოღმით დაიწყო ეს კონფლიქტი, თუ არა. მე რასაც ვუყურებ, ის არის, რომ ჩემი დილეტანტური ცოდნითაც კი შესამჩნევია, რამხელა შეცდომებს უშვებენნ ბიზნეს ურთიერთობებში თქვენი თქმით წარმატებული კომპანიებიც კი.

      ტრენინგ ცენტრის შექმნას რაც შეეხება, ამ სფეროში პიარ სკოლაზე მეტი გამოცდილება თუ მაქვს წლების ჭრილში, თორე ნაკლები – ნამდვილად არა ;) სამშენებლო კომპანიაზე – ვიფიქრებ :D

      • გიორგი says:

        ვერ დაგეთანხმებით, რომ მიკერძოებულობის ხარისხი თქვენს პოსტში მინიმალურია. :)
        შეიძლება ასე გსურდათ, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
        დიფენბახის შეცდომის აღიარებად ჩაითვლებოდა “რედიქსისადმი” მიწერილი ოფიციალური ბოდიში და არა ცალყბად ნათქვამი 311 კომენტარიან პოსტში ერთი კომენტარი.

        ვერ დაგეთანხმებით, რომ დავა რედიქსსა და დიფენბახს შორის მიმდინარეობს. კარგად გაეცანით კომენტარებს. დავა კერძო ხასიათს ატარებს. “დიფენბახს” დისკუსია აქვს ორ ადამიანთან, რომლებიც “რედიქსის” პოზიციას არ აფიქსირებენ, არამედ თავს იმართლებენ (შემდეგ აგრესიულად შეტევაზე გადადიან) გარკვეულ შენიშვნებზე, რომელიც მათ პირადად ეხებათ.
        მაგ. ტორტის წაღება, შენიშვნა მეილით და.შ

        პიარ სკოლასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გასაოცარ დასკვნებს აკეთებთ. იმ დროს, როცა გჯერათ დიფენბახის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების, რომელიც არსად დაწერილა და მათ მხოლოდ სიტყვაზე ენდობით (ტელეფონით საუბარი დიფენბახისა და რედიქსის თანამშრომლებს შორის), არ უჯერებთ პიარ სკოლის ადმინს.

        მის პოსტში წერია:
        მოკლედ ვიტყვი: სურათზე მოყვანილი ციტატა მეკუთვნის პირადად მე და არა პიარ სკოლას. ჩემი მოსაზრება შეცდომით დაიპოსტა პიარ სკოლის ფეისბუქზე, რომელიც წავშალე და გადავიტანე ჩემს პირად კედელზე. თუმცა ფეისბუქთან დაკავშირებული ტვიტერის და მისი RSS-ის გამო, პოსტი ისევ დაბრუნდა პიარ სკოლის ფეისბუქზე. შემდეგში პირადად ჩემს მიერ წაშლილი იქნა ეს ორივე პოსტი ( RSS-ის და ტვიტერისაც).
        ჩემთვის მოულოდნელად, ეს ორივე პოსტი აღმოვაჩინე დიფენბახის ნოუთშჲ.
        ანუ წაშლილი პოსტები დაუსქრინიათ და გამოამჟღავნეს მოგვიანებით, მაშინ როდესაც ეს პოსტები ბუნებაში აღარ არსებობდა. ეს ფაქტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ კამპანიას, რომლის მიზანიც ჩემთვის უცნობია.
        ჩემი მოსაზრებები გავაცანი ასევე დიფენბახის ფეისბუქის ადმინსაც და ეს დისკუსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
        https://www.facebook.com/Diefenbach.Bakery/posts/10150217948967105
        თქვენ რას ფიქრობთ, რისთვის ჭირდება წაშლილი პოსტებით მანიპულირება დიფენბახს?
        ციტატის დასასრული.

        ეს განმარტება მოყვა ფიდენბახის პოსტს პიარ სკოლის ფეისბუქზე.
        დიფებნბახი გამარჯვებული სახით ამცნობს საზოგადოებას, რომ პოსტები, რომელიც წაშლილია დასქრინული აქვს.

        აი, მისი პოსტის სათაურიც:
        Diefenbach Confectionery posted toPR School
        სულ ტყულად წაშალეთ :) მოვასწარით სქრინების გადაღება :)))))))

        აი, ეს იყო კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვა დიფენბახმა. რაში ჭირდებოდა ეს ნაბიჯი, ვერ გეტყვით.

        კიდევ ერთი რამ, დიფენბახის ადმინმა 500–ზე მეტი სურათი წაშალა საკუთარი ფეისბუქიდან 5000–ზე მეტი კომენტარით და რატომ არ შეიძლება, რომ პიარ სკოლის ადმინს წაეშალა ერთი პოსტი? ;)))))

        რაც შეეხება, სასამართლოს. გაგიცრუვებთ იმედებს და გეტყვით, რომ არ შედგება. დიფენბახს იმედენი შეცდომა აქვს დაშვებული, რომ ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გააღრმავებს საკუთარი რეპუტაციის შელახვას.
        ვის უნდა უჩივლოს? რედიქსის თანამშრომელს? პიარ სკოლის ადმინს?
        დაივიწყეთ!

        მიტყდება, რომ “დიფენბახი” დაიხურა.
        საკუთარი დაღუპვით, დიფენბახის ქართულმა მენეჯმენტმა საინტერესო ქეისი დატოვა საქართველოს ისტორიაში და არამარტო სოციალური მედიის კუთხით.

      • Katiée says:

        მოდი, ახლავე ძალიან მარტივად და სწრაფად დაგიმტკიცებთ, რომ ეგ “შეცდომა” არც ისე უნებლიეა, როგორც ავტორმა წარმოაჩინა. დააკვირდით ამ სკრინშოტს:

        სკრინშოტი

        აქ ნათლად ჩანს, რომ ჩემი კომენტარის გაკეთებამდე 8 საათით ადრეა სტატუსი იმპორტირებული ტვიტერიდან (ხოლო ტვიტერზე ფეისბუქის რომელიღაც სხვა, შესაძლოა მართლაც პირადი ექაუნთიდან). ახლა განვაგრძოთ მსჯელობა:

        1. უნდა გახსენებოდა თუ არა ავტორს, რომ მისი პირადი ანგარიში ტვიტერზე იყო მიბმული, ტვიტერი კი ფეისბუქის ფეიჯზე? თუ ტექნიკურ დეტალებში ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ეს მიბმები შემთხვევით და ერთი კლიკით არ ხდება, საკმაოდ გრძელი და გააზრებული პროცედურაა.

        2. რეალურია თუ არა ის, რომ 8 საათის განმავლობაში “ვერ შენიშნეს” “შემთხვევით” იმპორტირებული სტატუსი? მაშინ, როცა მასზე კომენტარებიც იყო (ჩემამდე უკვე 2 თუ 3 კომენტარი) და გვერდის ადმინმა სკრინშოტის გაკეთბამდე 1 საათით ადრე მზია შარაშიძესთან (რედიქსის წარმომადგენელი და თუ არ ვცდები, პიარსკოლის ლექტორიც) დიალოგი გამართა და აღნიშნა რომ დიფენბახის ტორტებისკენ გახედვაც აღარ უნდა? მე არ მეჩვენება ეს “შემთხვევითობა” რეალურად. წაშალეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე ვკითხე, მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულება ექნებოდათ თუ არა, სასამართლოში რომ უჩივლონ ამის გამო და მას მერე, რაც დიფენბახმა მიანიშნა იგივეზე.

        3. სკრინშოტებზე თქვენი ირონიული შენიშვნა ვერ გავიგე. რა თქმა უნდა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც მადისკრედიტირებელ სტატუსს წერენ შენი კომპანიის წინააღმდეგ და 12 000მდე ფბ-მომხმარებელი ხედავს ამას, არა მგონია მსუბუქად შეხვდე ამ ამბავს, მითუმეტეს, როცა ეს შეფასება (ულამაზო, უგემური, დაბალი ხარისხის) კი არა, აშკარა ბრალდებაა – ‘მოიწამლებით’. მეც იგივეს ვიზამდი, მტკიცებულებებს შევინახავდი (იმ შემთხვევისთვის, თუ წაშლიდნენ) და შემდეგ აუცილებლად შევიტანდი სარჩელს სასამართლოში.

        კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვიჭერ ცალსახად დიფენბახის მხარეს და ვამტყუნებ მათ ბიზნეს ეთიკის დარღვევაში, კორპორატიული ურთიერთობების გამომზეურება არ მიმაჩნია კორექტულად და მხარის პროვოცირება, რასაც ამხელა ამბავი მოჰყვა (მე მაშინაც კი გავამტყუნე, როცა კარაქის ინციდენტზე ვინაობის დაუსახელებლად დაწერეს ერთ-ერთ კლიენტზე). მაგრამ ის, რაც პიარსკოლას “შეეშალა” არა მხოლოდ ბიზნეს ეთიკის, არამედ კანონის დარღვევაა.

        პ.ს. ამ სამი ორგანიზაციიდან, ცნობისთვის, პიარსკოლის ერთ-ერთ ლექტორს და რედიქსის ყოფილ თანამშრომელს ვიცნობ ძალიან ახლოს :)) აი დიფენბახთან – არაფერი მაკავშირებს, ბოლოს და ბოლოს, ჩემი მეგობრის უგემრიელესი საკონდიტროს კონკურენტები არიან ;)

      • გიორგი says:

        ოკი.
        ძალიან კარგია რომ სოციალურ მედიაში ერკვევით.
        უფრო ადვილია დისკუსია.
        თქვენ წერთ:
        1. უნდა გახსენებოდა თუ არა ავტორს, რომ მისი პირადი ანგარიში ტვიტერზე იყო მიბმული, ტვიტერი კი ფეისბუქის ფეიჯზე? თუ ტექნიკურ დეტალებში ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ეს მიბმები შემთხვევით და ერთი კლიკით არ ხდება, საკმაოდ გრძელი და გააზრებული პროცედურაა.

        სწორედ ასეთი მიბმებია გაკეთებული ადრე. ფეისბუქი დაკავშირებულია ტვიტერთან და ეს ერთი კლიკით კეთდება, ხოლო შემდეგ ტვიტერი სოციალური ერ-ეს-ესით მიბმულია ისევ ფეისბუქზე.
        თუ დააკვირდებით, პოსტის ქვედა ნაწილს, დაინახავთ ერ-ეს-ესის ნიშანს და წარწერას: 8 hours ego via SocialRSS.
        როგორც მე ვიცი, პიარ სკოლის ფეისბუქს სხვადასხვა ადმინი (რამდენიმე) მართავს, რომელიც საკუთარ პოსტებზეა პასუხისმგებელი.
        ამიტომ არ არის გამორიცხული ზედა პოსტების (დაახლოებით 5-6 ) დამპოსტავს ვერ ენახა ეს პოსტი, ან ყურადღება არ მიექცია მისთვის.
        წაშლა პოსტის, ფაქტია, განახორციელა უკვე იმ ადმინმა, რომელმაც წინა დღეს დაპოსტა :)

        მე-2 პუნქტზეც გაცემულია მე ვფიქრობ აქ პასუხი.

        მე-3 პუნქტი – სასამართლოსთვის შენახვა გასაგებია, მაგრამ პიარ სკოლის გაპიარება რაში ჭირდებოდა ვერ ვხვდები.

        მეორეც, ვიცი, რომ სასამართლოში მუშაობთ და გეცოდინებათ, რომ განმარტებების მიცემის შემდეგ, პიარ სკოლა აღარ არის სათანადო მოპასუხე.
        შეეძლო წაეშლა ეს სურათიც, როგორც წაშალა 500-ზე მეტი სხვა სურათი.

        კიდევ ერთი საკითხი. თუ შეიძლება მიპასუხეთ, რომელი კანონი დაარღვია პიარ სკოლის ადმინმა?
        როგორც წავიკითხე, მას უწერია ასე “ყველა ჩემს მეგობარს მოგიწოდებთ: არ ჭამოთ დიფენბახის ტორტი. მოგწამლავენ!”
        დიფენბახმა, რადგან ის უჩივლებს და მტკიცების ტვირთიც შესაბამისად მასზეა, უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ პიარ სკოლის ადმინს სიტყვა “მოგწამლავენ” მათ პროდუქციაზე აქვს ნათქვამი და არა მათი მომსახურების შესახებ.

        მადლობა ყურადღებისთვის.

  10. Lord Vader says:

    მემგონი, სკოლას ვერ უჩივლებ.
    ჯერ ერთი ვერ ქაჩავს რეპუტაციის შელახვამდე.
    მეორეც – სასამართლოზე იურისტი ლამაზად შეატრიალებს მაგ “მოწამლვას” და მოიტანს არგუმენტებს რომ ამ სიტყვის გაგება ბევრნაირად შეიძლება.
    და ა.შ.

    აი, დიფენბახმა რომ შეცდომა დაუშვა როგორც კომპანიამ ეგ სრულიად ნათელია.

    რედიქსს რაც შეეხება, ვინმეს ჰიტლერთან შედარება სულ სხვა რამეა და საგრძნობლად გადის ეთუკურობის გარეთ. აქ ჩივილიც შეიძლება.

    ისე, წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ რომ ვინმემ შეგვადაროს სტალინს? გვეწყინება თუ ქათინაურად მივიღებთ? :)
    ეს ბოლო ხანებია იმდენჯერ მომიწია გორში ჩასვლა, ულვაშებს ვეღარ ვიპარსავ :)

    • გიორგი says:

      სრულიად ვეთანხმები ლორდ ვადერს :)
      და კიდევ ერთი საკითხი – გაეცანით ორივე მხარის პოსტების შინაარს, გაეცანით სხვა კომენტარებს და მიხვდებით, რომ ამ ქვეყანაში სრული კაცთმოძულეობა სუფევს.
      ვინ ვის რაში ადანაშაულებს, ღმერთმა იცის.
      ადამიანები აძაგებენ ვიღაცეების ჰომოფობიის გამო და თავად “საძაგელს” ჰიტლერსა და ნაცისტებს ადარებენ.
      დურდომ ;)

  11. გაუზრდელი ხალხი ვართ რა. პატარა ბავშვს რო პირველად გამოუშვებ ეზოში, ეგრეა ქართველების საქმე დედამიწაზე.

  12. ბას says:

    სგ სგ ეკ :) კარგი პოსტია ძალიან.

    დიფენბახის დახურვა გამიტყდება ძალიან. ჯობია სასამართლოში უჩივლონ ამ იდიოტებს.

  13. ბაჩო says:

    დიფენბახია დასახური და საქართველოდან გასაზევებელი.
    ადრე ფორუმზეც ერთი ამბები დაატრიალა, მაშინ გახსნილიც არ იყო, ხოლო როდესაც შეატყო, რომ მაგრად მიიჩექმებოდა თავისი უაზრო პოსტების გამო, ისინიც შეასწორა. სამწუხაროა რომ ფორუმ.ჯის პოსტების შესწორება შესაძლებელია :(

    რედიქსსაც დიდი ვინმე გონია თავისი თავი, მაგრამ თუ უგემური ტორტი შეაჩეჩეს (მსგავსი მე ფოლსკვაგენის კლუბის დაბადების დღეზე ვჭამე) რატომ უნდა ჩაყლაპოს? ამ ამბიდან კი ორივე შავ პიარს გამოკრავენ ხელს კაკ მინიმუმ, მაქსიმუმ ალბათ უფრო მეტსაც. ასე რომ იდავონ, აწი დიფენბახის ხსენებაზე ეს საიტიც ამოვარდება გუგლში

    • Katiée says:

      მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს “დასახურია” სიტყვა ამოვიღოთ ხმარებიდან.

      დასახური არის მაშინ, თუ ეწევა რაიმე უკანონო საქმიანობას, ამას კანონი არეგულირებს. კომპანიის შემთხვევაში დასახურია იგივეა, რაც ადამიანის შემთხვევაში – “მოსაკლავია”. ბაზარს არეგულირებს მომხმარებელი. არ მოგვწონს – ნუ ვიტყვით კარგს, ნუ ვიყიდით და ა .შ. ან ვთქვათ “გამოვუცხადოთ ბოიკოტი”.

      • ბაჩო says:

        კარგი ეკ, არ დავხუროთ, ღია მივაბრძანოთ საზღვრებს გარეთ :)
        ნუ ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან მარიზიანებს უაზრო ამბიციები. ამიტომაც არ მომწონს დიფენბახი და ეს ჩემს უგემოვნობაზე არ ილაპარაკებს. ზოგადად მე თუ შარდენზე და ერეკლეს ქუჩებზე არ ვჩნდები – არ ნიშნავს რომ საზოგადოების ნაწილი არ ვარ. რაღაც კრიტიკასავით თქვა ჩვენმა საერთო ნაცნობმა და მაგის გამო დიფენბახი გაიფხორა, მერე კი სასწაული პოსტები დაუცხო ფორუმზე(!!!), რამოდენიმე საათში კიი წაშალა თავისი ნამოღვაწარი. ჩვენ აღმოსავლური კულტურიდან ტკბილეულიც შემოვიტანეთ და ნამცხვრის ცხობაც კარგი ვიცით. სიგუას დროს (არაფერი რომ არ იშოვებოდა) მაინც ვაცხობდით ნამცხვარს, დამეთანხმე რომ იგივე სიტუაციაში გერმანელი მაგას არ იზავდა :)

      • Katiee says:

        ნუ, კორპორატიული ეთიკის და მარკეტინგის ხარვეზები (მიუხედავად ფეისბუქით გაკეთებული არაჩვეულებრივი, სწრაფი პიარის და წარმატებისა), რომ ჰქონდათ, ამ ინციდენტშიც გამოჩნდა.

  14. fiqro says:

    ტორტი არ ჭამოთ, მოგწამლავთ, რანაირადაა ალეგორია :დ

    • Katiee says:

      არ ვიცი, მესამე დღეა ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე. სახლში რომ მივალ, ერთი სულხან საბას სიტყვის კონა უნდა გადავშალო :D

      • Lord Vader says:

        წამლად შეგერებათო :)

        ეგ ნაკლებმნიშვნელოვანია ამ დავაში.
        ჩემთვის ყველაზე სიმპტომატური აქ არის დიფენბახის შეცდომა – კლიენტის ხუშტურების გამო არ უნდა გადაუხვიო სტანდარტებს და არ უნდა დაწიო თამასა დაბლა – რედიქსს ხმაც რომ არ ამოეღო – იქ უამრავი ხალხი იქნებოდა. იკითხავდნენ – ეს ტორტი საიდანაა, არაფრად ვარგაო – ეტყოდნედ დიფენბახიდანო. ჰოდა ერთი რედიქსის გამო რამდენიმე ათეულ პოტენციურ კლიენტს დაკარგავდნენ.
        ეს ქეისი შეიძლება მომავალ მარკეტოლოგებს ასწავლო – როგორ არ უნდა წარმართო შენი გაყიდვები.

      • Katiée says:

        კი, მარკეტინგული თვალსაზრისით ყველაზე დიდი შეცდომა მანდაა, რასაკვირველია, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით – “მოწამვლაში”.

  15. piccolina says:

    მეც ველოდები ამბებს
    მე ვისაც ვიცნობ, ყველა ძალიან აქებს დიფენბახს და ეს სკანდალები ვერ შემაცვლევინებს აზრს, რომ მართლა კარგი ნამცხვრები აქვთ
    თუმცა საკმაოდ ცუდი მარკეტინგი აქვთ მაგათაც. ცოტა უფრო ჭკვიანურად რომ მოიქცნენ, ბევრად უფრო დიდი წარმატება ექნებათ

  16. ნინო says:

    მაინც არ მესმის რატომ გააცოფა რედიქსის ხალხი იმის ხმამაღლა თქმამ, რომ ტორტი არ მოეწონათ. არ მოეწონათ და მორჩა, გემოვნების საკითხია, ხომ აქვთ უფლება? თუ ეს ჩვენც გავიგეთ ამით მათი რეპუტაცია ილახება? რა საჭირო იყო ეს გაწიწმატება და ჰიტლერის გახსენება ერთი ტორტის გამო?
    ხალხი ძალიან დაძაბულია… ეს ყველაფერი სრულ იდიოტობად მეჩვენება… მართლა ხომ არ მოწამლულან, უბრალოდ უგემური იყო(ან არც იყო, რავიცი)

  17. Zurriuss.Ge says:

    რედიქსის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დიფენბახი ფბ-ზე სკანდალით გაჩნდა, რომლის შედეგიც – ტორტი – მეც დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა. არ ვიცი, რამდენად მოვიწამლე მას შემდეგ, მაგრამ ჩემს გენიალურ კომენტარს ასეთ ფორმულირებას მივცემდი:
    სამივე მხარეს ზედმეტი მოუვიდა :)

    • გიორგი says:

      ზურიუს, დაგღუპავთ თქვენ პოლიტკორეტულობა :)
      “სამივე მხარის” ერთ ქვაბში მოხარშვა და მისთანები.
      არ არსებობს ამ ისტორიაში სამი მხარე.
      ამ ისტორიაში ბევრი მხარეა უფრო, ვიდრე თქვენ გგონიათ.
      1. არსებობს დიფენბახი (ან უკვე აღარ არსებობს)
      2. არსებობს რედიქსის 2 თანამშრომელი, რომელიც რარაც უცნაურ ისტორიებს ყვება და სტეფანი დეიფენბახს ჰიტლერის ბიძაშვილს უწოდებს
      3. არსებობს პიარ სკოლის ადმინი, რომელსაც შეცდომა მოუვიდა და თავისი კედლის ნაცვლად პიარ სკოლის კედელზე დაპოსტა და შემდეგ წაშალა ეს პოსტები
      4. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მოსწონს დიფენბახის საქციელი და ფაშისტებს უწოდებს მათ, ვისაც არ მოსწონს ამ კომპანიის ეს ნაბიჯი
      5. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონს დიფენბახის საქციელი და ფაშისტებს უწოდებს მათ, ვისაც მოსწონს ამ კომპანიის ეს ნაბიჯი
      6. არსებობს დიფენბახის ადმინი, რომელსაც ყველა ფაშისტი ჰგონია და მზად არის ჩახოცოს ყველა კლიენტი, რომელსაც დიფენბახის ტორტი არ მოეწონება

      არ არსებობს ბიზნეს ეთიკის დამარეგულირებელი საბჭო, სადაც ეს ქეისი ცივილიზებულად განიხილებოდა :)

      • ბაჩო says:

        მე-6 პუნქტის ასე ხმამაღლა გახმოვანების არ გეშინია ყმაწვილო? :)

      • სანდრო says:

        მეოთხე და მეექვსე პუნქტში, რა გაძლევთ საფუძველს, რომ ასე იფიქროთ?

  18. პრ სკოლა რომ სირების დოღია იეეხ რა ხანია ვამბობ მარა ვის ჯერა ? :| ჰოდა მე მწამს რომ დიფენბახი არ დაიხურება და წარმატებულადაც გააგრძელებ სმოღვაწეობას!

    ფუ ბლია გავბრაზდი მაგრამ მეტი უცენზუროის დაწერა არ მინდა :|

    • გიორგი says:

      კი, კი ეგრეა.
      სირების დოღი და სირებზე უარესები არიან ეგენი.
      დავხვდეთ მაგათ ყველა ლექტორს და ჩავხოცოთ.
      ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში არიან ეგენი სადღაც ჭავჭავაძეზე.
      სხვანაირად ვერ გავაუქმებთ – განათლების სამინისტროს ლიცენზია აქვთ :((((.

  19. კიდევ იყო ერთი ინგლისურის მასწავლებელი რომელსაც საკუთარ ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებების გამო კონტრაქტი შეუჩერეს და იმდენად დაგვიანებით შეატყობინეს რომ თბილისში მოფრინავდა უკვე და აეროპორტში გაიგო . მგონი მან უჩივლა. ყოველ შემთხვევაში გეგმავდა .

  20. გიორგი says:

    გამარჯობა კიდევ ერთხელ.
    ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი და ეს პოსტიც გარკვეული დაბალანსებულობის გამო მომეწონა. მომწონს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც აქ არის შეკრებილი და “დავხუროთ” და “გავაუქმოთ” და მსგავს ფრაზებს არ ისვრის.
    ამ პოსტის შემდეგ უფრო დეტალურად ჩავუჯექი ქეისს და მის მთელს პროცესს დაწყებიდან დასრულებამდე.
    რამდენიმე საინტერესო ფაქტიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი ფაქტი, ჩემიაზრით, თქვენს პოსტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას აბათილებს.
    ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. თუ ამ ფაქტს მოგაწვდით და თქვენ დაეთანხმებით მას, როგორი იქნება თქვენი ნაბიჯი: შეასწორებთ პოსტს,ახალს დაწერთ ფაქტის გათვალისწინებით, თუ სხვა ზომას მიიღებთ?
    კითხვა, არ ატარებს ცინიკურ ხასიათს. როგორც ბლოგინგსა და ბლოგერობაში უფრო გამოცდილ ადამიანს გეკითხებით. შეკითხვა შეიძლება არამარტო თქვენ გეხებათ.
    წინასწარ დიდი მადლობა

    • Katiée says:

      გიორგი,

      რასაკვირველია,
      ზუსტად ახლა ველოდები სამოქალაქო რეესტრის კომპეტენტური წარმომადგენლისგან დეტალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩემს წინა პოსტს (http://katiee.ge/mxrebi-tu-gamoetia-tavi-ratom-ar-gamoetia/) პასპორტებში სახელისა და გვარის შემოკლების თაობაზე ან განვაახლებ ინფორმაციით, ან შეიძლება საერთოდ ახალი პოსტიც გამოვაქვეყნო, გააჩნია ინფორმაციის სიღრმეს, ჯერ არ ვიცი.

      ანალოგიურად, ამ თემაზეც, თქვენს მიერ მოწოდებულ დამატებით ინფორმაციას აუცილებლად ჩავამატებ. ჩემს ბლოგზე რეაქციის გამოქვეყნებას (გარდა იმისა, რომ ამის გაკეთება კომენტარებში ყოველთვის შეიძლება) გაზეთისგან განსხვავებით არა რედაქტორის ან სასამართლოს, არამეც მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება სჭირდება :) ამით არის ბლოგი კარგი და არც მე მაქვს იდეაფიქსად ვინმეს კრიტიკა ან დისკრედიტაცია, პირიქით. თუ მსგავსი კრიტიკული პოსტებით მეტად გაიხსნება საკითხი და გაირკვევა სად არი ძაღლის თავი დამარხული – ბლოგინგის და სოცმედიის მთელი ხიბლიც მაგაშია, აბა ამ ბლოგებით ჩვენ ფულს არ (და ვერც) ვშოულობთ და სხვა რაღაა ენთუზიაზმზე წერა-კითხვის მუღამი? :)

      პ.ს. წინა კომენტარზე ჯერ ვერ გიპასუხეთ, ვერ მოვიცალე, არ დამვიწყებია ან გამომრჩენია :)

Leave a Reply