Je m'appelle Eka..

February 17th, 2010 by Katiée

Avatar – ფილმი, რომელმაც “შეძრა” მსოფლიო(?)

უკვე რამდენიმე ბლოგერმა მიუძღვნა შთაბეჭდილების ქვეშ დაწერილი პოსტი ამ ფილმს, რომლებიც ასევე შთამბეჭდავად იკითხებოდა (დიდი მადლობა მათ).

თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, თუ “ავატარი” ჯერ არ გინახავთ და საკუთარი გამოცდილება არ გაიძულებთ ეჭვი შეიტანოთ წაკითხულის სისწორეში, ან პირიქით, საკუთარი აზრი დააყენოთ ეჭვქვეშ.

მოკლედ, თუ თქვენ ჯერაც ვერ მოახერხეთ სიმწრით მოპოვებული ბილეთით კინოთეატრ “ამირანის” დარბაზში მოხვედრა და 3D პოლარიზებული სათვალის მორგება 3 საათიანი რეკორდსმენი ფილმის საყურებლად… მაშინ თქვენ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ავატარის “პირველად ხილვის ბედნიერება”
ბოდიშს გიხდით პირდაპირობისთვის, მაგრამ თქვენ დიდი იმედგაცრუება გელით Embarassed
“ავატარი” გახლავთ ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან ერთჯერადი ფილმი ტიპიური ამერიკული კინომორალითა და შინაარსით.

თუ კარგი კინოს ნახვა გინდათ – ეს ის არ არის (თუმცა, საბედნიეროდ არც პრეტენზია აქვს)
თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმს ელოდით – ახლო წარსულში, 2012-ზე გადაახვიეთ, ისიც კი ჯობია

თუ ეკოლოგია და საზოგადოებრივი მორალი გადარდებთ – იხილეთ Wall-E
ხოლო თუ ეს თქვენთვის
(ჩემი არ იყოს) პირველი ფილმია სამ განზომილებაში – მაშინ არასწორ სეანსზე მოხვდით, ჯობდა “საშობაო ზღაპრის” ბილეთი აგეღოთ

ფილმი 3D რომაა მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა სათვალე ცხვირს გატკენთ და უსათვალოდ მოისურვებთ ყურებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! თვალებში გაგიორდებათ :D ეს კი, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ ფილმებს არ ახასიათებთ.

თუმცა, არ მომეწონა და დავიტანჯე-თქო, ვერ ვიტყვი. არ გამიგია, ისე გავიდა თითქმის სამი საათი (თუ თავზე თვითმფრინავის გადაფრენის მოლოდინში თვალების ტყუილუბრალო დაღლას არ ჩავთვლით)
მაგრამ მეორე დღეს აღარც კი მახსოვდა, სად ვიყავი წინა საღამოს. იმდენად არ მახსოვდა, რომ, როცა თბილისში როგორც იქნა ფილმის პრემიერის თარიღი დადგინდა, ბილეთების ძებნა დავიწყე მექანიკურად და მერე გამახსენდა, რომ მე ეს უკვე ვნახე :D
ის რაც ყველაზე მეტად მომეწონა იყო, არც მეტი, არც ნაკლები, დიიიდი წითელი სმაილიკი, რომელიც ფილმის დაწყებამდე მიხსნიდა, როგორ უნდა გამეკეთებინა სათვალე და რა ეფექტებს უნდა დავლოდებოდი.
იმხელა ენა გადმოაგდო და ცხვირთან მომიტანა, გული გამისკდა და სკამს ავეკარი. თუმცა მას მერე აღარც ის სმაილიკი და აღარც მსგავსი ეფექტი თვალით არ მინახავს :(
და რაც მთავარია, ეს სმაილიკიც ქ. ლოზანას კინოთეატრში იყო, თორემ, თბილისში შეიძლება ეგეც არ დაგხვდეთ, ამიტომ თუ ბილეთები ვერ იშოვეთ ან 15 ლარი დაგენანათ, ძალიანაც ნუ დაიწყვეტთ გულს ;)
ბივაეტ ი ლუჩშე ;)

p.s. “ავატარის” ფანებისა და მათთვის, ვისაც შეიძლება ფილმის ნახვის სურვილი ცოტა გავუნელე, მინდა დავაზუსტო: ნუ ენდობით სხვის ან ჩემს სუბიექტურს აზრს. უმჯობესია თავად ნახოთ ფილმი. თავის დროზე, მასების აღფრთოვანებისადმი პროტესტის ნიშნად Kill Bill არ ვნახე და მხოლოდ შარშან, რიგის აეროპორტში თვითგადარჩენის ინსტინქტით იატაკზე ფეხმორთხმულმა და ერთადერთ იმედს – ლეპტოპს ჩახუტებულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიანაც შევცდი :))


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273