Je m'appelle Eka..

May 8th, 2011 by Katiée

ბანკი ჩვენი ტკივილია (I)

“ამ სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და ბანკებთან ურთიერთობა”
ბენჟამინ ფრანკლინის გამონათქვამის ჩემეული ვერსია

ბანკი – ჩემი ტკივილია, ყველა დროსა და სივრცეში, საქართველოში თუ სხვაგან. ამჯერად 2 ძველი ამბავი მინდა გიამბოთ, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ვყვები ხოლმე და ბარემ ამ ერთხელაც – ბლოგზე დავწერ :)

ამბავი 1.
2008 წელია, გერმანიის პატარა, სამხრეთულ ქალაქში ვარ, სადაც ინგლისურად ცუდად, ან საერთოდ არ საუბრობენ, მათ შორის ისეთ ცნობილ დაწესებულებებშიც, როგორიც Deutsche Bank-ია (დიდი, მულტინაციონალური ქალაქების გარდა). მე კი გერმანულად სულ რამდენიმე წინადადება ვიცი.

Deutsche Bank Saarbruecken

არ გეგონოთ, Deutsche Bank-ში მიხვალთ და ქართული ბანკების ოპერატორებივით ერთ all in one ადამიანს იპოვით, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ. აქ ყველას თავისი ფუნქცია, კომპეტენცია და სპეციალიზაცია აქვს. თუ ცოტა კომპლექსური კითხვა დასვით, გაღიმებული ოპერატორი იქვე, თქვენს თვალწინ პატარა კონსილიუმს მოაწყობს და 3-4 ზარსაც გააკეთებს. შემდეგ (ჩემს შემთხვევაში) ერთ შუამავალს – ინგლისურის მცოდნე თანამშრომელსაც მოუხმობს და ამის მერე უკვე ეღირსებით იმ პასუხს, რომელსაც ელოდით.

ასეთი კონსილიუმების მიზეზი არაერთხელ გავმხდარვარ. ყველაზე მწარედ ის შემთხვევა მახსენდება, როცა ჩემი ქართული (საქართველოს ბანკის) პლასტიკური ბარათი, ერთ საღამოს, Deutsche Bank-ის ბანკომატმა ჩამიყლაპა. არადა, 1 კვირაში საქართველოში ვაპირებ ცოტა ხნით ჩამოსვლას, ჩემს გერმანულ ანგარიშზე სტიპენდია თვის ბოლომდე არ ჩაირიცხება, ჩემი ბოლო იმედი კი, ზედ განთავსებული 500-იოდე ევროთი, სადღაც ბანკომატში განისვენებს. 

სასწრაფოდ საქ.ბანკში დავრეკე, დავრწმუნდი, რომ ბარათი დაბლოკილი არ იყო და მის დაბრუნებას აზრი ჰქონდა და მეორე დილას Deutsche Bank-ის სერვის ცენტრს მივადექი. ოპერატორს ინგლისურ-გერმანულად ავუხსენი პრობლემა. იქვე ზემოთხსენებული კონსილიუმი შეიკრიბა და ერთი ულვაშა ბერიკაცი გამოეყო, რომელმაც ინგლისური სხვებთან შედარებით, “კარგად იცოდა”.

ულვაშა გარეთ გამიძღვა და გასაღებით ხელში გადარიცხვის აპარატს მიუახლოვდა.

- იცით, ჩემი ბარათი მაგ აპარატმა არა, აი ამ ბანკომატმა ჩაყლაპა, – ვაჩერებ საწყალი სახით
– მე მითხრეს, რომ ბარათი აქედან უნდა ამოვიღო, – მისწორებს მკაცრად
– უკაცრავად, არ ვიცი თქვენ რა გითხრეს, მაგრამ ჩემი ბარათი გუშინ საღამოს აი იმან (ვანიშნებ მოპირდაპირე აპარატზე) ჩაყლაპა და მანდ როგორ აღმოჩნდებოდა?
– ჰმმ, – მოჭიმა ულვშები, – ჰოოო, მაშინ ხვალ უნდა მობრძანდეთ ბანკში და განცხადება დაწეროთ.

დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დამტვრეული ინგლისურით სწორად ჩამოაყალიბა აზრი, ამიტომ ვაზუსტებინებ:

- ოკ, ესე იგი ხვალ მოვალ, შევავსებ განაცხადს და დამიბრუნებთ ჩემს ბარათს?
– არა, ხვალ მოხვალთ, დაწერთ განცხადებას და დაგიმზადებთ ახალ ბარათს.
(აი ხომ ვამბობდი, ისევ ვერ გაიგო)
– არა იცით, ჩემი ბარათი დოიჩე ბანკის არ არის, ქართული ბარათია, საქართველოდან, საქართველოს ბანკის, თქვენ ვერ დამიმზადებთ, უბრალოდ ის პლასტმასის ნაჭერი უნდა ამოიღოთ და დამიბრუნოთ.
– ჰოო, მაშინ თქვენ უნდა მიმართოთ ქართულ ბანკს, – გადამიწურა იმედი ულვაშამ
– იცით, მივმართე უკვე და მითხრეს რომ დაბლოკილი არაა, თქვენ უბრალოდ ბარათი უნდა ამოიღოთ და დამიბრუნოთ,
– მაშინ მობრძანდით, დაწერეთ განცხადება და ჩვენ დაგიმზადებთ ახალ ბარათს!

მე უკვე გაოგნებული სახით ვუყურებ, ეს კაცი მგონი არ არის ნორმალური. მოთმინებით ვუხსნი ხელახლა:

- არა იცით, თქვენ ვერანაირად ვერ დამიმზადებთ, ეს ხომ ქართული ბარათია, საქართველოს ბანკის!
– მაშინ თქვენ უნდა მიმართოთ ქართულ ბანკს! – იმეორებს დაპროგრამებული რობოტივით…

არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს საუბარი მესამე წრეზეც წავიდა, უბრალოდ ქოფი-ფეისთით თავს აღარ შეგაწყენთ.

მე მოთმინება გამომელია და უკეთესი მომავლის (ანუ რომელლიმე გერმანულენოვან მეგობართან ერთად სხვა დროს მისვლის) იმედით წამოვედი. რამდენიმე დღეში მოიცალა ერთ-ერთმა მეგობარმა და მივედით ბანკში. ამჯერად სხვა ოპერატორი მოვძებნე – დარბაისელი გერმანელი მამაკაცი (ჰო, იქ ახალგაზრდა, ახალგათხოვილ და ყველა თითზე ოქროსბეჭედასხმულ გოგონებს ოპერატორებად ძნელად ნახავთ, უმეტესად შუა ხნის ხალხი მუშაობს ბანკში, მათ შორის ფრონტ-ოფისებშიც).

მამაკაცმა ყურადღებით მოგვისმინა, ყველაფერი გადაამოწმა და ღიმილით გვამცნო:

- თქვენი ბარათი უკვე ამოღებულია და ფოსტით გაგზავნილია საქართველოში

რამდენიმე დღეში, წინა თვის სტიპენდიიდან შემორჩენილი და მეგობრისგან ნასესხები ფულით აირზენას ბილეთი ვიყიდე და თბილისში ჩამოვფრინდი, დავისვენე და 3 კვირაში უკანაც დავბრუნდი, საფულეში აღდგენილი პლასტიკური ბარათების თანხლებით.

Deutsche Bank-იდან გამოგზავნილ ფოსტას კი რა ბედი ეწია, ამით აღარავინ დაინტერესებულა.

———
[შეპირებული მეორე ამბავი შემდეგისთვის იყოს, თორემ მეტისმეტად გრძელი პოსტი გამომივიდა :)]


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273