დღეს ფეისბუქი მოიარა მალხაზ ხარბედიას სტატიამ “ისინი იდგნენ“.
დღეს გავიგე, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეთა “მორიგი პარტია” აყარეს. თბილისის ქუჩებში ბუკინისტები სახელდახელოდ შეჭედილ კარადებთან აღარ დგანან და წიგნებს აღარ ყიდიან.
მიუხედავად ზოგადად გარემოვაჭრეებისადმი ჩემი თანაგრძნობისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქუჩაში პომიდვრის, მწვანილის და წვენმდინარე ყველის ადგილი არ არის. თუნდაც ამავე პროდუქტების ჰიგიენური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზუალზე რომ არაფერი ვთქვათ. ქუჩაში დაწყობილი პროდუქტი და ქალაქის (მითუმეტეს თბილისისნაირი დაბინძურებული ქალაქის) ჰაერზე დამწიფებული ხილის ჭამაც კი მავნეა, მასზე დაფენილი ნამწვის გამო. ამავე მიზეზით, მაგალითად, ორმაგად მავნეა ჯანმრთელობისთვის ქალაქის ხეებიდან ჩამოყრილი ფოთლების ნამწვი.
თუმცა, წიგნებზე ვლაპარაკობდი. წიგნებზე, რომელიც არც არაფერს აბინძურებს და რომლითაც არც არაფერი ბინძურდება. არ მინდა მალხაზ ხარბედიას მიერ უკვე ნათქვამი გავიმეორო, მაგრამ ქუჩის ბუკინისტების საქმეს ვერანაირად ვერ შეასრულებს ჭიჭყინა ქაღალდებში შეფუთული წიგნის მაღაზიები ან ჩემთვის ესოდენ საყვარელი კაფე-სანამცხვრეები, რომლებსაც მეორენაირად ლიტერატურულ კაფედ მოვიხსენიებთ ხოლმე.
აკრძალვის ნაცვლად, შეეძლოთ სტანდარტები დაეწესებინათ. მაგალითად ის, რომ ყველას ერთნაირი “საწიგნე” ჰქონდეს, შეიძლებოდა რაღაც თბილისთან ასოცირებული დიზაინის მოფიქრება (როგორც თბილისის გერბიანი ბაღის სკამების შემთხვევაში) და ბუკინისტებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემა, + მოთხოვნის დაწესება, რომ წიგნებთან ერთად ტურისტებისთვის საინტერესო სხვა პროდუქტებიც (მაგ. საფოსტო ბარათები, თბილისის ჩანთები, “ბრელოკები”) გაყიდონ. შეიძლებოდა სპეციალური ადგილების (და არა ერთი ადგილის) გამოყოფაც, რომ მართლაც, ნებისმიერი მიწისქვეშა გადასასვლელის გარშემო წიგნები, ტანსაცმელი ან თუნდაც ყვავილები არ იყოს გაშლილი და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს.
შეიძლებოდა რეგულირება და არა აკრძალვა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ეს წიგნები შაურმისგან განსხვავებით, სუნს მაინც ხომ არ აყენებს ქალაქში!
თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდზე წერია, რომ არის იდეა, წიგნით მოვაჭრეების დედა ენის ძეგლთან გადაყვანის შესახებ. საინტერესოა, მაინც რამდენი ხალხი უნდა დაიტიოს ამ დედა ენის ბაღმა და მიმდებარე ტერიტორიამ? მაკლერები, მეძველმანე-მეანტიკვარეები და ახლა კიდევ ბუკინისტები. მერე ალბათ ჟურნალ-გაზეთების გამყიდველებიც და იქნებ ქუჩის მუსიკოსებიც? ა ჰო, მათხოვრები და ბოშები კინაღამ დამავიწყდა. ყველა და ყველაფერი ზედმეტი – დედა ენის ბაღში!
გულწრფელად დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე ბუკინისტების განსაკუთრებულად ხშირი სტუმარი ვარ და მე დამაკლდა პირადად. უბრალოდ იმიტომ, რომ როცა შეიძლება რაღაცა გააუმჯობესო, მაგრამ გაუმჯობესება რთული გეჩვენება, ამის გამო არ უნდა მოიშორო და თვალს არ უნდა მიაფარო. ეს არის მარტივი პრობლემების რთულად გადაწყვეტა.
დასასრულს, თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც სხვადასხვა დროს გადაღებულია პარიზში, მდინარე სენის გასწვრივ, სადაც ბუკინისტები უკვე საუკუნეებია დგანან და ისეთივე განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ პარიზისა, როგორც ეიფელი და ღვთისმშობლის ან წმინდა გულის ტაძრები (იხ. BBC სტატია ამ თემაზე).
სწორედ ასეთი დამამახსოვრდა მეც ეს საოცარი ქალაქი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ის იყო, რომ ამ მრავალფეროვანი ბაზრობის კვალიც არ დარჩა საღამოს. “მაღაზიების” სახურავები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, პატრონებმა ისე ჩამოხურეს შებინდებისას, წიგნებიც შიგნით დარჩა, ყოველგვარი ალაგების და გადატანა-დასაწყობების გარეშე და ვიზუალურადაც მშვენივრად შეეწყო შეკრული მაღაზიები ქალაქის იერსახეს.
დამატებითი ინფორმაცია:
სპეციალურად შექმნილი გვერდი Facebook-ზე “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები”
ბაკურ სულაკაურის სტატია “ლიბერალში“.












ძალიან დამწყდა გული :( მათი იქყოფნა არაფერს გვიშლიდა მოქალაქეეებს, პირიქით მე პირადად მიყვარდა ქუჩაში რო ვსეირნობდი თან ვათვალიერებდი ხოლმე, ეხლა ღმერთმა იცის სად მოგვიწევს წოწიალი….
ცოტა ხანი საჭიროა ბუკინისტებიც არ იდგნენ ქუჩაში. თუნდაც იმიტომ რომ, გვერდით საცვალით არ მიუდგეს სხვა და არ თქვას “ეს თუ დგას მე რა დავაშავე”–ო. ანუ ეხლა ზოგადად არ შეიძლება გარე ვაჭრობა და მორჩა. მოვა დრო და ბუკინისტებს ისევ დაუშვებენ. საჭიროცაა იგივე ბრელოკების და სხვადასხვა ბარათების, ან თუნდაც თბილისის რუკების ხელწვდომა ქონდეს ტურისტს.
რაც შეეხება გამონაბოლქვს და ნამწვს: იგივე წარმატებით ედება წიგნს რა დოზითაც ღებულობს პომიდორი თუ სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტი. წიგნის მტვერზე უარესი კი ორგანიზმისთვის ნიკოტინი, ალკოჰოლი და ნარკოტიკია.
დრო ჭირდება ყველაფერს. ეხლა იძულებულნი არიან მასე მოიქცნენ. აბა ჩხარტიშვილს სალაპარაკო ხომ არ გამოელევა
რა ვიცი რა ვიცი მგონი წიგნებს არ ვჭამთ პომიდვრისგან და სხვა ხილ-ბოსტნეულისგან განსხვავებით :D
წიგნებს არ ვჭამთ, თუმცა წიგნებთან ხშირად ჭამენ ადამიანები+მათზე დადებული მტვრის მიუხედავად წიგნის მერე ხელს არ იბანენ და ასე უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ქვევით მოყვანილი აზრი: ბუკინისტებთან გარე ვაჭრობის გაიგივებაზე მინდა გიპასუხოთ: ვინც წიგნი არ იცის რა არის ის გააიგივებს და წიგნებით მოვაჭრეს ამოუდგება გვერდში წინდებით და ვერ გააგებინებ რა სხვაობაა წიგნსა და წინდას შორის, ვერც იმას გააგებინებ რა სხვაობაა ბუკინისტსა და გარევაჭრობას შორის.
თავად ჩემი დამოკიდებულება წიგნის და მწიგნობარი ოჯახის მიმართ აგერ მიწერია ბატონო
http://chkuaseli.blogspot.com/2009/09/blog-post.html
როგორ ვერ გააგებინებ,
აუკრძალავ მეწინდეს და მებოსტნეს და არ აუკრძალავ წიგნის გამყიდველს. წიგნებში ხილ-ბოსტანს ვერ შეაპარებენ, თუ გააკონტროლებ.
წიგნთან ჭამის შესაძლებლობა არაა არგუმენტი, ასე, ზოგიერთი ხელსაც არ იბანს ტუალეტიდან გამოსვლის დროს, მაგრამ მაგის გამო ტუალეტში შესვლა ხომ არ იკრძალება? :D
მეც იმ აზრს ვემხრობი, რომ ზოგადად გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს.
ეხლა ამ პოსტმა დამაფიქრა. მგონი აჯობებს მაინც ერთ ადგილას გააკეთონ ბუკინისტური კუთხე…
ერთ რატომ, რამდენიმე ადგილას, პარკები კარგი აზრია. ოღონდ მარტო ერთი – მაკლერებით სავსე დედაენის ბაღი არა.
ჰო ჰო რამდენიმე ადგილას, საყვარლად და კარგად :))
უსამართლობაა ბუკინისტების ,,გაუჩინარება” (და ისიც იმ მოტივით, რომ ქალაქის გარესახეს აუშნოებს). ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გაიგონ ხალხის აზრი (მე ჩამოსული ვარ და არ მკითხოთ ბატონო, მაგრამ სხვებს კითხეთ და მერე გადაწყვიტეთ)…
(შეშფოთებულ-გულნატკენი სმაილი)
გარე მოვაჭრეებთან ბუკინისტების გაიგივება როგორ შეიძლებოდა.
აბა გამოცხვა ახალი პოსტი “ისენი დგანან” ან “ისენი დადგნენ”
დედა ენის ძეგლთან სანაპიროზე ძალიან ლამაზად და სიმბოლურადაც კი იდგნენ, დღეს ვიყავი :)
წიგნების მტვერი ძალიან საშიშია. უამრავი ბაქტერია ვრცელდება. წიგნის მტვრის ალერგიაც არსებობს..
ნუ, რამდენად უკავშირდება ქუჩის ბუკინისტებს, ეგ სხვა ამბავია.
ხარბედიას პოსტს ბოლო ნაწილი რომ არ ჰქონდეს, ძალიან მომეწონებოდა
ჰოო მაგაში მეც გეთანხმები, ძალიან პათეტიკური დასასრული იყო, ცოტა არ იყოს, შეუსაბამო.
წიგნის მტვერზეც მართალი ხარ, ერთერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია.
ბაკურ სულაკაურმა თქვა – ეგრე სჯობიაო. :)