Je m'appelle Eka..

July 5th, 2013 by Katiée

ბოზის სიმღერა

სიმინ ბეჰბაჰანის ლექსი, სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ

ფერუმარილის მომეცი ყუთი,
ფერი ვუცვალო ჩემს შავბნელ ნაღველს,
ნელსაცხებელიც მომე, ავინთო,
მწუხარებისგან დამჭკნარი სახე.

აბა, ეგ მჭიდრო სამოსიც მომე,
რომ უფრო მჭიდროდ მომხვიონ ხელი,
მომე სუნამოც, რომ მუშკის სუნით
დამჩქეფდეს ორივ ნაწნავის ღერი.

მომე პირბადე, რომ ეს სიშიშვლე
თვალთათვის ორგზის გავხადო ცხადი,
თავი, მკერდი და ძუძუ მივანდო
ხორციელ ვნების დუღილს და წადილს.

მომეცი ჯამი, რომ შევთვრე ცოტა,
დავცინო ბედის უამურ დამღებს,
უსიხარულო, მწუხარ სახეზე
ყალბად კისკასი ავიკრა სახე.

ვაი, წუხელის რა კაცი შემხვდა!
აუტანელი! მომკლა კინაღამ!
მაგრამ რაკიღა მკითხა, ვუთხარი,
რომ მასზე კარგი არვინ მინახავს.

ხოლო მეორემ, ორიოდ ღამის
წინათ რომ მყავდა, შემყარა სნება,
ასჯერ მეტიც რომ გადაეხადა,
რას ვუშველიდი ამ სნებას ნეტავ!

მყავს მრავალი და არავინ არ მყავს
თანაზიარი წუხილის შხამის,
მოკეთეობას იჩემებს ბევრი,
მაგრამ სულ ერთი ხანმოკლე წამით.

არც მეუღლე, არც თანამეცხედრე,
რომ ერთგულების დამათროს ბანგით,
არცა შვილი და არც სავიშვიშო,
რომ გონებიდან ამფხიკოს ჟანგი.

ვაი! კარებზე ვინ მიკაკუნებს?!
მოსულა ქმარიც ამაღამდელი!
ნაღველო, გულზე ხელი ამაღე,
ჟამი არ არის შენი გამხელის!

და ბაგევ, ჩემო ცბიერო ბაგევ,
ამოეფარე იდუმალ ნიღაბს,
ორიოდ გროშით მეტი რომ მომცენ,
იცინე, ჰკოცნე, კელუცი იყავ!

rape_or_proserpina_bernini

 

ტექსტის გამოქვეყნებისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს.

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273