Je m'appelle Eka..

Archive for the ‘ცოტა სენტიმენტი’ Category

January 26th, 2015 by Katiée

ჩემი წილი ამერიკა

* * *
ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელმაც აღმოაჩინა ბევრი სევდა ჩემს პოსტებში

* * *
როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან

 

ასე იდგნენ თბილისში, ახალგახსნილი მაკდონალდსის რიგშიც ოდესღაც, 15ზე მეტი წლის წინ.

საზეიმოდ გამოეწყობოდნენ, უკანასკნელ ლარებს მოჩხრეკდნენ და მაკდონალდსის გზას გაუდგებოდნენ ამაყები. უკან კიდევ უფრო ამაყები და ბედნიერები ბრუნდებოდნენ. ვისაც ამდენი ლარი არ ჰქონდა (და ასეთი ბევრი იყო, მაკკდონალდსის მაშინდელი მენიუ კი – უფრო ძვირი, ვიდრე ახლა, ზნედაცემული ლარის პირობებში), ამბობდა, რომ უკვე იყო და არ მოეწონა, ან რომ არც მივა იქ, რადგან ეს მავნე და საშინელი საჭმელია, თან უგემური და ქართულ ხინკალ-ხაჭაპურს არასოდეს გაცვლის ამ ნაგავზე!!!

ჩემი ნაცნობი კი ამბობდა, რომ ძალიან გოიმობაა მანდ სიარული, ხომ “ყველამ ვიცით, რომ მაკდონალდსი რესტორანი კი არა, ჩვეულებრივი იაფფასიანი ჯანქფუდია, ბოლოს და ბოლოს ყველანი ვყოფილვართ მოსკოვის მაკდონალდსში” (არ ვიცი ეს ყველა ვინ იყო, მე დღემდე არ ვყოფილვარ, არათუ მოსკოვის მაკდონალდსში, არამედ საერთოდ მოსკოვში).

დღეს დანკინ დონატსში დგას ხალხი ერთი ყუთი ბედნიერების* გასასინჯად.

Dunkin-Donuts

“- აი, რა გოიმობაა დანკინ დონატსისთვის საათობით რიგში დგომა!”

“- მაგას ხომ ამერიკაში ღარიბებს უფასოდ ურიგებენ!”

“- ყველაზე ბანძი და მავნე ტკბილეული!”

“- მხოლოდ საქართველოში!..”

და აი მეც დავდექი. ასე, 20 კაციან რიგში, ვითომ ყავის საყიდლად და სინამდვილეში, ბარემ სმარტამდე მისულმა გადავწყვიტე რამდენიმე ცალი აქაური დანკინ დონატსიც წამომეღო.

(ხო, აქაური. ხომ უნდა აღვნიშნო, რომ ადრეც გამისინჯავს, აბა გოიმი კი არ ვარ. გოიმობა მაშინაც მეყოფოდა, როცა თურმე ყველა იყო მოსკოვის მაკდონალდსში ნამყოფი, ჩემ გარდა. თანაც, სხვაგან კი არა, თვით ნიუ-იორკში, ხელს გავაყოლეთ და მერე სენთრალ პარკში, ჩვენს ველოსიპედიან გიდს ვაჩუქეთ ბორბლების თავგანწირული ტრიალისათვის, დამსახურებულად.  ხო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გოიმი არ გეგონოთ, მერე რა რომ მეც ვიდექი რიგში, უბრალოდ აქაური დანკინ დონატსის გემო მაინტერესებდა რა, როგორც უკვე გითხარით. სხვათა შორის, მე ბერლინერი მირჩევნია დონატს. დიახ, გერმანიაშიც რომ ვყოფილვარ, თან არაერთხელ, აქ მინდოდა ეს მეთქვა. სწორად მიმიხვდით).

dunkin-donuts_1

დახლთან მიდგმულ რამდენიმე მაგიდას ინდიფერენტული სახით უსხედან ბავშვები, მშობლები, ბებიები. რიგრიგობით შეექცევიან ყუთში ლამაზად მოთავსებულ ფერად დონატებს, ვარდისფერს, ყვითელს, კარამელიანს, დარიჩინიანს, კრემიანს. აყოლებენ ყავას და სახეზე ახატიათ ა რ ა ფ ე რ ი. არც ბედნიერება, არც იმედგაცრუება, ალბათ უფრო შვება.

შავებიანი მოხუცი დახლთან კოჭლობით მიდის, მენიუდან სასურველებს ირჩევს და ყუთით მიაქვს სახლში მისი წილი, რამდენიმე ნაჭერი ამერიკა – ოცნების ქვეყანა, რომელიც თავად მოვიდა პირდაპირ ფილმებიდან, სიზმრებიდან, სასურველი მომავლიდან, სანატრელი და მიუღწეველი. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ადვილია, ფერადია, თბილი და ლამაზია, უკეთესია ვიდრე აქ. ამ ქვეყანას ჩვენს წარმოდგენაში დონატის გემო აქვს, ბურგერის, კოკა-კოლის და პეპსის გემო აქვს, წითელი კარტოფილის და ზოლიანი კანფეტის.

და მერე რა, რომ ამ გემოს რეალურად შეიძლება აღფრთოვანება არ მოაქვს, ეს ამერიკული გემოა, რომელიც მოვიდა აქ, ჩვენთან, სადაც ოდესმე ყველაფერი ისევე კარგად იქნება, როგორც იქ, ოკეანის გაღმა.

ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ, თითქმის იქ ვართ, ამერიკაში.

February 10th, 2014 by Katiée

ბენი

ავტორი: ივანე გოლიაძე, ფოტოგრაფი

1393622_10202394289446375_139320946_n

დაახლოებით ათი წლის წინ ერთი რამდენიმე ჰოლანდიელი მოყვარული ფოტოგრაფი მყავდა სტუმრად. ერთ-ერთი მათგანი პროფესიით ექიმი, ბენი იყო.

ძალიან დაგვიახლოვდა ეს ადამიანი. მამაჩემს ძალიან ხშირად სწერდა მეილებს და ხშირადაც რეკავდა ხოლმე სახლში.

რამოდენიმე წლის წინმე და მამაჩემი ბირთვისში ვიყავით. რეკავს მამაჩემის ტელეფონზე ბენი და ეუბნება: ლევან, მე მაქსიმუმ ორ თვეში მოვკვდები და მინდა ჩემს დაკრძალვაზე ქართულად იგალობოო.

მამაჩემი ცოტათი დაიბნა, მაგრამ ხათრიც ვერ გაუტეხა და კარგიო უთხრა.

აღმოჩნდა ბენს სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინდა და ექიმებმა მხოლოდ ეს დრო მისცეს სიცოცხლისთვის. მამაჩემმა და მისმა ერთმა მეგობარმა მოამზადეს საბუთები.

ბენმა დათქმულზე ცოტა მეტი იცოცხლა და ოთხ თვეში დაიღუპა. მან წინასწარ ყველას გაუგზავნა წერილი შემდეგი შინაარსით: როცა დაკრძალვაზე მოხვალთ ყვავილი არ იყიდოთ, ყვავილის ფული გადარიცხეთ ანგარიშზე ბანკში და მე რომ დამკრძალავთ ეს ფული კეთილ საქმეს მოახმარეთო.

კეთილი საქმე კი ის არის, თუ ვინმეს უჭირს ჯანმრთელობის მხრივ და მას მკურნალობა გადაარჩეს, მას მოხმარდეს ეს ფულიო.

მამაჩემი ჩავიდა, იგალობეს ქართულად და წამოსვლისას ბენის ანდერძი და ფული გადასცეს მამაჩემს. სთხოვეს, მოეძებნა ადიანები, რომლების სიცოცხლესაც გადაარჩენდა ეს თანხა.

ამ ფულით 4 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა საქართველოში.

დიდი ხანია ბენის შესახებ დაწერა მინდოდა და ვერ მოვაბი თავი. ადამიანი გარდაიცვალა და ამითაც სიკეთე გააკეთა…

November 17th, 2013 by Katiée

მე ♡ ჩვენი გადარეული [ექს]პრეზიდენტი

Mikhail Saakashvili

დღეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო სამუშაო დღეა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. დღეიდან ახალი და სავარაუდოდ მისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანი იქნება ქვეყნის სათავეში.

შესაძლოა არაჩვეულებრივი მუსიკის და ნაჩქარევი კლიპის ბრალია, რომელსაც ეს წუთია ვუყურე და რატომღაც გული ამიჩუყა.. უცებ მივხვდი რომ მე ეს ადამიანი მართლა, გულწრფელად ძალიან მიყვარს. მიყვარს სადღაც გულის სიღრმეში, ქვეცნობიერში, თითქმის ისევ ისე, როგორც ოდესღაც 27-28 წლის ქარიზმატული ახალგაზრდა პარლამენტარი, რომლის გამოც და რომლის იმედითაც პარლამენტის ყველა სხდომას, თოქ-შოუს და გამოსვლას ვუყურებდი, მის პრეზიდენტობაზე ვოცნებობდი, ‘წვიმაშიც ვიდექი’ და მის გამო მეგობრებსაც კი ვეჩხუბებოდი. იმაშიც კი ვიყავი დარწმუნებული, უცებ ვინმემ რომ ესროლოს, გადავეფარებითქო. ვისთვისაც ლანძღვას არ ვიშურებდი დაშვებული შეცდომების გამო და თან ძარღვებდაჭიმული ვიცავდი 2008-ის აგვისტოში რუსეთით შეშინებული ევროპელი მეგობრების მწარე კრიტიკისგან.

მიყვარს და თან განსაკუთრებული აგრესია მაქვს, ისე, როგორც ალბათ განსაკუთრებულად სძულთ ხოლმე ყოფილი ქმრები, რომლებიც ოდესღაც ძალიან უყვარდათ.

ცოტა მომენატრება. მართლა :)

January 2nd, 2013 by Katiée

2012

ბლოგი მომიძველდა, სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობ. სტატისტიკასაც ეტყობა, არც გაიმხილება, რამდენი ვიზიტორია დღეში. აბა რა იქნება, სულ 36 პოსტი მთელი 2012 წლის მანძილზე: თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე წინა წელს და თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე იმის წინა წელს. ასე თუ გავაგრძელე, მალე სათაურიღა დავრჩები :)

2013 წ დადგა, აპოკალიფსის გარეშე. ბლოგებზე რაღაც ტრადიციასავითაა, პოსტი ან საახალწლოდ უნდა დაწერო, ან ნაახალწლევს. ან იმაზე, როგორ გიყვარს ახალი წელი, ან იმაზე – როგორ არ გიყვარს. ან წინა წელი შეაჯამო, ან ახალი დაგეგმო.

ახლა რომელი გავაკეთო? ყველა მსგავსი პოსტი უკვე დაწერილი მაქვს, 2008 წლიდან დღემდე:

2008-ში თავი ორიგინალურობით თავი დიდად არ მომიკლავს და უბრალოდ საშობაო მილოცვები შემიკრებია სხვადასხვა ენაზე, 2010-ში კი ბევრი მიწუწუნია სტანდარტულ მისალოც ტექსტებზე, რომელიც 31 დეკემბრიდან და ვიდრე აღდგომამდე ჩვენი მოკითხვებისა და სალმების განუყოფელი და მომაბეზრებელი ნაწილი ხდება.

2011-ში წინა წლის ყველაზე საინტერესო ბლოგები დამისახელებია. ჰმ, რაოდენ სუბიექტურია გემოვნება და როგორ იცვლება ის წლიდან წლამდე :).

ამავე 2011 წელს, წინა წელიც შემიჯამებია და შეიძლება ითქვას, ამ ბლოგზე ყველაზე უფრო პირადული პოსტი დამიწერია.

შარშან საახალწლოდ ფილოსოფიური მსჯელობა გამიმართავს თემაზე, რატომ ვერ იტანენ ახალ წელს დიდები? (აქ კიდევ რამდენიმე საინტერესო და საგულისხმო დეტალია, რაც თქვენ არ დაგაინტერესებთ, ამიტომ არ შევჩერდები).

და აი გადავაგორეთ საშიში 2012 და დადგა ნანატრი 2013. რა შეცვალა 2012-მა? ქვეყნისთვის – ბევრი და მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამაზე წერა მეზარება.

ჩემთვის? ჩემთვისაც ბევრი.

2012-ში დავუშვი იმაზე მეტი შეცდომა, ვიდრე 2010-ში და ამის გამო ჯერაც ძალიან მრცხვენია. თუმცა, სანაცვლოდ, იმედი მაქვს, ვისწავლე ბევრი რამ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :)

მაგალითად, აღმოვაჩინე/ვისწავლე/დავრწმუნდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან. მათ შორის, არც მე;
რომ მაქვს საოცრად კარგი ინტუიცია, მაგრამ ასევე საოცრად კარგი უნარი, არ ვენდო მას;
რომ მე რატომღაც, ბევრი ისეთი ადამიანი მიცნობს, ვისაც მე არ ვიცნობ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ უკვე გვიანია;
რომ, როგორიც არ უნდა იყო, ყოველთვის იქნება ვიღაც – ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა.შ., რომელსაც სხვაგვარი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყო;
რომ სხვებს არ უნდა მიუდგე ისე, როგორც საკუთარ თავს, არსად, არცერთ სიტუაციაში. შეცდომა გარანტირებულია;
რომ ჭორებს არ უნდა აყვე, მაგრამ ყური უნდა დაუგდო;
რომ დედაჩემი ჩემზე გამოცდილი და შესაბამისად – ჭკვიანია, მთელ რიგ საკითხებში;
რომ ჩემი გეი-რადარი კარგად მუშაობს, მაგრამ კახპა-რადარის მუშაობაში მაქვს პრობლემები (ტერმინი “კახპა” უნისექსია ისე და მაინცდამაინც ქალს არ გულისხმობს, for your interest);
რომ თავმოყვარეობა და ღირსება ყველა სხვა გრძნობაზე მნიშვნელოვანია;
რომ საკუთარი ღირსების თამასა იმაზე დაბლა არ უნდა დაწიო, ვიდრე ჯერ არს, მერე თავის ადგილზე დაბრუნება გაგიჭირდება;
რომ ხანდახან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცოცხალ ადამიანზე ძვირფასია :);
რომ ანდაზა ღორის ტილის შესახებ 100% მართალია.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამავე 2012 წელმა დამიბრუნა რამდენიმე ‘რამ’, რაც 2010-მა წამართვა და ეს ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ყველაფერი ცუდი, რაც მანამდე იყო :)

ბედნიერ 2013-ს გისურვებთ!

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins