Je m'appelle Eka..

January 26th, 2015 by Katiée

ჩემი წილი ამერიკა

* * *
ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელმაც აღმოაჩინა ბევრი სევდა ჩემს პოსტებში

* * *
როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან

 

ასე იდგნენ თბილისში, ახალგახსნილი მაკდონალდსის რიგშიც ოდესღაც, 15ზე მეტი წლის წინ.

საზეიმოდ გამოეწყობოდნენ, უკანასკნელ ლარებს მოჩხრეკდნენ და მაკდონალდსის გზას გაუდგებოდნენ ამაყები. უკან კიდევ უფრო ამაყები და ბედნიერები ბრუნდებოდნენ. ვისაც ამდენი ლარი არ ჰქონდა (და ასეთი ბევრი იყო, მაკკდონალდსის მაშინდელი მენიუ კი – უფრო ძვირი, ვიდრე ახლა, ზნედაცემული ლარის პირობებში), ამბობდა, რომ უკვე იყო და არ მოეწონა, ან რომ არც მივა იქ, რადგან ეს მავნე და საშინელი საჭმელია, თან უგემური და ქართულ ხინკალ-ხაჭაპურს არასოდეს გაცვლის ამ ნაგავზე!!!

ჩემი ნაცნობი კი ამბობდა, რომ ძალიან გოიმობაა მანდ სიარული, ხომ “ყველამ ვიცით, რომ მაკდონალდსი რესტორანი კი არა, ჩვეულებრივი იაფფასიანი ჯანქფუდია, ბოლოს და ბოლოს ყველანი ვყოფილვართ მოსკოვის მაკდონალდსში” (არ ვიცი ეს ყველა ვინ იყო, მე დღემდე არ ვყოფილვარ, არათუ მოსკოვის მაკდონალდსში, არამედ საერთოდ მოსკოვში).

დღეს დანკინ დონატსში დგას ხალხი ერთი ყუთი ბედნიერების* გასასინჯად.

Dunkin-Donuts

“- აი, რა გოიმობაა დანკინ დონატსისთვის საათობით რიგში დგომა!”

“- მაგას ხომ ამერიკაში ღარიბებს უფასოდ ურიგებენ!”

“- ყველაზე ბანძი და მავნე ტკბილეული!”

“- მხოლოდ საქართველოში!..”

და აი მეც დავდექი. ასე, 20 კაციან რიგში, ვითომ ყავის საყიდლად და სინამდვილეში, ბარემ სმარტამდე მისულმა გადავწყვიტე რამდენიმე ცალი აქაური დანკინ დონატსიც წამომეღო.

(ხო, აქაური. ხომ უნდა აღვნიშნო, რომ ადრეც გამისინჯავს, აბა გოიმი კი არ ვარ. გოიმობა მაშინაც მეყოფოდა, როცა თურმე ყველა იყო მოსკოვის მაკდონალდსში ნამყოფი, ჩემ გარდა. თანაც, სხვაგან კი არა, თვით ნიუ-იორკში, ხელს გავაყოლეთ და მერე სენთრალ პარკში, ჩვენს ველოსიპედიან გიდს ვაჩუქეთ ბორბლების თავგანწირული ტრიალისათვის, დამსახურებულად.  ხო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გოიმი არ გეგონოთ, მერე რა რომ მეც ვიდექი რიგში, უბრალოდ აქაური დანკინ დონატსის გემო მაინტერესებდა რა, როგორც უკვე გითხარით. სხვათა შორის, მე ბერლინერი მირჩევნია დონატს. დიახ, გერმანიაშიც რომ ვყოფილვარ, თან არაერთხელ, აქ მინდოდა ეს მეთქვა. სწორად მიმიხვდით).

dunkin-donuts_1

დახლთან მიდგმულ რამდენიმე მაგიდას ინდიფერენტული სახით უსხედან ბავშვები, მშობლები, ბებიები. რიგრიგობით შეექცევიან ყუთში ლამაზად მოთავსებულ ფერად დონატებს, ვარდისფერს, ყვითელს, კარამელიანს, დარიჩინიანს, კრემიანს. აყოლებენ ყავას და სახეზე ახატიათ ა რ ა ფ ე რ ი. არც ბედნიერება, არც იმედგაცრუება, ალბათ უფრო შვება.

შავებიანი მოხუცი დახლთან კოჭლობით მიდის, მენიუდან სასურველებს ირჩევს და ყუთით მიაქვს სახლში მისი წილი, რამდენიმე ნაჭერი ამერიკა – ოცნების ქვეყანა, რომელიც თავად მოვიდა პირდაპირ ფილმებიდან, სიზმრებიდან, სასურველი მომავლიდან, სანატრელი და მიუღწეველი. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ადვილია, ფერადია, თბილი და ლამაზია, უკეთესია ვიდრე აქ. ამ ქვეყანას ჩვენს წარმოდგენაში დონატის გემო აქვს, ბურგერის, კოკა-კოლის და პეპსის გემო აქვს, წითელი კარტოფილის და ზოლიანი კანფეტის.

და მერე რა, რომ ამ გემოს რეალურად შეიძლება აღფრთოვანება არ მოაქვს, ეს ამერიკული გემოა, რომელიც მოვიდა აქ, ჩვენთან, სადაც ოდესმე ყველაფერი ისევე კარგად იქნება, როგორც იქ, ოკეანის გაღმა.

ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ, თითქმის იქ ვართ, ამერიკაში.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273