Je m'appelle Eka..

September 7th, 2011 by Katiée

გაიყიდება თუ არა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში (?)

შესავალს გერმანიისდროინდელი ამბებიდან გავაკეთებ. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომის უბედურების შორიდან ყურებას თან მეორე უბედურებაც დაერთო: სტიპენდია დამიმთავრდა, ჰოლანდიის იმიგრაციის სამსახურმა კი იქაურ სამუშაო ვიზაზე მითხრა უარი და დავრჩი გერმანიაში, ფაქტიურად უფულოდ.

რა თქმა უნდა ასეთ დროს, სხვა ვინ დაგიდგება გვერდში, თუ არა ქართველები და როცა ჩემს საფულეს, უფრო სწორად კი კრედიტკარტას ბოლო გახვრეტილი ცენტი გაძვრა, რამდენიმე დღე მათი დახმარებით, რეკლამების დამრიგებლად, 1 თვე კი – ნახხევარფაბრიკატების შემფუთავად ვიმუშავე.

ასე მოვხვდი საშუალო სიდიდისა და ფასის გერმანულ ქარხანაში, სადაც სოსის-ძეხვ-ჰამბურგერ-ჩიზბურგერ-სენდვიჩ-შტრუდელებს ამზადებდნენ.

რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო 0+3°C გამყინვარებაში 8 სთ ფეხზე დგომა და ზაარლანდელი გერმანელის ზედამხედველობის ქვეშ ისტერიული სისწრაფით მოძრავ კონტეინერებში პური -> ‘კატლეტი’ -> ყველი -> ისევ პურის თანმიმდევრულად ჩაწყობა. მაგრამ დღიური 70 ევროც საკმაოდ მსუყედ გამოიყურებოდა და ამიტომ მეც ღამის 20:45-დან დილის 06:30-მდე აი ასე შეფუთული ვალაგებდი და ვალაგებდი გაყინული ყველისა და პურის ნაჭრებს კონტეინერებში, კონტეინერებს კი – ყუთებში:

ქარხნის გარდერობში

დამეთანხმებით, არც თუ ისე მომხიბვლელი და მოსახერხებელი უნიფორმაა. ამას დაუმატეთ დიდი, თეთრი ‘ბოტასები’, ცელოფნის წინსაფარი, ნაჭრისა და რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები (ორივე ერთად) და ამ ხელთათმანებიდან იდაყვებამდე ‘გადამყვანი’ ცელოფნის კიდევ ერთი საფუთავი (რომ, შემთხვევით ხელთათმანიდან მაჯა არ გამოგიჩნდეს), შესვლის წინ თავიდან ფეხებამდე სადეზინფექციო ხსნარში გავლა-გამშრალება, შემდეგ არანაირი mp3 პლეერი, არავითარი ლაპარაკი, 0-დან 3 გრადუსამდე ‘სითბო’, ყურებში დანადგარების საშინელი ხმაურის დამხშობი საცობები, არცთუ გემრიელი სუნი და მხოლოდ 2 შესვენება (საბედნიეროდ – ჭამით).

რატომ მოვყევი ყოველივე ეს?

რომ არა ‘გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებ’ სიტუაცია, ალბათ არც არასდროს მეცოდინებოდა, როგორ მუშაობენ გერმანული ქარხნები და რამხელა ყურადღებას აქცევენ პერსონალის ჰიგიენასა და პროდუქციის სუფთად წარმოებას: პერსონალის ტანსაცმლის სისუფთავის დაცვის გარდა, ყველა ცვლა ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს იატაკის მორეცხვა, მოპრიალება, დანადგარების გარეცხვა, უმაღლესი %იანი სპირტით გაწმენდა და გამშრალება.

თუმცა, ამ სუპერ-სისუფთავესა და სუპერ-კონტროლში ისეთი გამონაკლისი, როგორც ძირს დაგდებული ყველის მკლავზე გაწმენდა და წარმოებაში დაბრუნებაა, მაინც ვნახე.

ამ ამბებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა უკვე საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში ჩემი მუშაობის დროს, რაღაც გამოცემისთვის ფოტოები დაგვჭირდა და ადგილობრივი წარმოების ასახვისთვის ფოტოგრაფი გავუშვით ქვემო ქართლის მინი-ქარხნებში – ვიფიქრეთ, რეგიონში არსებული რძის პროდუქტების წარმოებით თავსაც მოვიწონებდით. ნურას უკაცრავად. მთელი დღის ფოტოგადაღების შედეგად სიმწრით ნაგროვები კადრებიდან დიდი ნაწილის დაწუნება მოგვიხდა: ყველა მათგანში აშკარად ჩანდა, როგორი უგულვებელყოფილი იყო ჰიგიენის ეემენტარული ნორმებიც კი. არანაირი თავსაფარი, ხელთათმანი, წინსაფარი ან სპეციალური ხეფსაცმელი. ამის ნაცვლად თმაგაბურძგნული და საშინაო ტანსაცმლიან-ფეხსაცმლიანი პერსონალი შიშველი ხელით (თუმცაღა – კეთილი გულით) თავაზიანად აწვდიდა ჩვენს ფოტოგრაფს სახელდახელოდ, 5 თეთრიან ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში ჩამოსხმულ ნაყინს და ‘ნატურალურ’ კარაქს.

სამწუხაროდ, მე ის ფოტოები არ შემინახავს და რომც შემენახა, ალბათ კორპორატიული ეთიკა მაიძულებდა, არ გამეზიარებინა თქვენთვის.

სამაგიეროდ, ფეისბუქზე საკუთარი ნება-სურვილით და რაც მთავარია, თავის მოწონების მიზნით, ღვინის ერთ-ერთი ქართული წარმოება ამაყად დებს ღვინის დეგუსტაციის ამსახველ კადრებს:

შატო თელავი – მზადება დეგუსტაციისათვის (ფოტო აღებულია FB-დან)

შეამჩნიეთ ხომ? სადეგუსტაციო ღვინოები ჩამოსხმულია ბორჯომის მეორად (გამორიცხული არაა – ბუნკერებიდან ამოთრეულ), ჯერ კიდევ ეტიკეტიან ბოთლებში. ზუსტად ისეთში, როგორშიც თავმოყვარე დიასახლისი ტყემალს არ ჩაასხამს.

ამის მერე, ნუთუ ვინმეს უკვირს, რატომ არ იღებს ევროკავშირი ჩვენს პროდუქციას და რატომ გამოგვიყარა თვით რუსეთმაც კი ეროვნული პროდუქცია ფალსიფიცირებისა და უხარისხობის მოტივით?


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273