Je m'appelle Eka..

February 8th, 2014 by Katiée

ემილი

საქართველოში დაბრუნებამდე 2-3 დღე იყო დარჩენილი. მე და დათო ერთერთი ბოლო შეხვედრის თუ ლექციისთვის ვემზადებოდით, როცა ჩვენი საყვარელი ბაბუა ბილი (სინამდვილეში – პროფესორი ბილ რიჩი) შემოვიდა და დაახლოებით ასეთი რამ გვითხრა: მეუხერხულება, უცნაური თხოვნა მაქვს ჩვენი ყოფილი სტუდენტისგან და იმედია, სწორად გამიგებთო. დილას მეილი მივიღე, ნენსიმ, რომელმაც ეს უნივერსიტეტი 20 წლის წინ დაამთავრა, ფეისბუქზე ნახა, რომ ჩვენთან სტუმრად ორი ქართველია და თქვენთან შეხვედრა უნდაო. დავიბენით, მერე კი ბილმა ამ შეხვედრის მიზეზიც გვითხრა და კიდევ უფრო დავიბენით და ავნერვიულდით.

ნენსი ძალიან საყვარელი ქალი აღმოჩნდა, იურისტი, ორი შვილი ჰყავს. აქედან.. ერთი კამბოჯადანაა, მეორე კი – საქართველოდან.

ნენსი საქართველოში 1994 თუ 95 წელს ჩამოვიდა. გრძელი გზა, უამრავი აეროპორტი და ბავშვის აყვანასთან დაკავშირებული  ბიუროკრატიული პროცედურები გამოიარა და მარიამი იპოვა. როცა ღამით შუქი ჩაქრა და გაყინულ ბინაში ბავშვი ამიტირდა, მივხვდი, რას ნიშნავს დედობრივი შიშიო.

მარიამს ახლა ემილი ჰქვია, ქართული, რა თქმა უნდა, არ იცის. მისი აქცენტი ამერიკულია, ცხვირი კი – სუფთა ქართული. ჩემს არაამერიკულ ცხვირს დასცინიან, მაგრამ არ მადარდებსო :)

სწავლა ცოტა მეზარება, მაგრამ სამაგიეროდ სპორტში ვარ მაგარი, ძალიან სწრაფად დავრბივარო.

ქალაქში ერთად გავისეირნეთ, ინდურ რესტორანში ვჭამეთ და მერიის შენობის გიდიც დავაბნიეთ, როგორ ვიყავით 2 ამერიკელი და 2 ქართველი, როცა სამი უცხოელს გავდა, მეოთხე კი – ადგილობრივს :D

CityHallEmily725

ნენსი მარტოხელა დედაა და ბევრს მუშაობს, რომ ორი შვილი არჩინოს, კარგი განათლება მისცეს და ოდესმე, მათთან ერთად კამბოჯაში და საქართველოშიც იმოგზაუროს.

Emily1200
პ.ს. თბილისიდან გამგზავრებამდე მასპინძლებისთვის სუვენირები ვიყიდეთ და ტრადიციულ “ფინტიფლუშკებს” რაჭულ კაბაში გამოწყობილი თოჯინაც მივაყოლეთ. საბოლოოდ  ამ თოჯინას ადრესატი ვერაფრით მოვუძებნეთ, არცერთ პროფესორს “არ მოუხდა”. როგორც ჩანს, რაჭველი გოგონა 17 წლის ქართველი ემილის საჩუქარი უნდა ყოფილიყო :)

 


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273