Je m'appelle Eka..

May 1st, 2012 by Katiée

ფეხის ბანვის შესახებ

30.04.12. 11:45 ->

ამ პოსტის წერის დაწყებისას სადღაც ლანჩხუთის გზაზე ვარ, ყურსასმენებში Cocoon-ის ულამაზეს, ცოტა დეპრესიულ სიმღერებს ვუსმენ, ყურსასმენების გარედან კი ტაქსის მძღოლის რჩეული ალბომის გამკივანი დნცკ დნცკ აღწევს. შემხვედრი ტრაილერების კაშკაშა შუქი დროდადრო არღვევს გარეთ გამეფებულ სიბნელის უსაფრთხოებას. მგზავრობის ზოგადად საკმაოდ მეშინია, მითუმეტეს ღამით და მითუმეტეს უცხო მძღოლთან. ამიტომ, ვერ დავიძინებ. რამე უნდა ვაკეთო. მობილურით ფეისბუქზე შევიჭყიტე და მივხვდი, რომ ყოველი მეორე აღშფოთებული სტატუსი პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას ეძღვნება. საინტერესოა.

ციტატა პატრიარქის 29 აპრილის საკვირაო ქადაგებიდან

„მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს“

გამეღიმა, როცა წავიკითხე. არ გავბრაზებულვარ, არადა ჩემისთანა “ფემინისტკა” წესით უნდა აღშფოთებულიყო და ასეც მოხდებოდა, რომ არა ჩემი იმწუთიერი მშვიდი განწყობა. ჰოდა ახლა ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ, თან ვწერ. მგონია, რომ ეს კაცი ტყუილუბრალოდ არასდროს ამბობს ასეთ უცნაურ რამეებს და მისი ნათქვამები არც ისეთი ცალსახა და ერთაზროვანია ხოლმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იქნებ რა იგულისხმა? მოდი, მივყვეთ უკუმიმდევრობით:

  • მოეფერეთო

მგონი ეს ყველაზე ნაკლებად აღმაშფოთებელაღსაშფოთებელი განცხადება იყო. ცოლ-ქმრობა და საერთოდ ნებისმიერი ნორმალური ოჯახური ურთიერთობა ხომ მოფერებაზე რიგითობას არ აწესებს, ბუნებრივად იგულისხმება. თანაც იგივეს, ოღონდ სხვა სიტყვებით არაერთი ქალი ამბობს საკუთარი თავის ან სხვა ქალის კრიტიკისას, დაახლოებით ასეთი კონტექსტით: მომფერებელი ცოლის ქმარი სხვა ქალებში არ დაიწყებს სიარულსო. მოფერებაში რას იგულისხმებთ, ეს ილია II-ს არ დაუკონკრეტებია ;) ინტერპრეტაციასა და ფანტაზიებში ყველა თავისუფალია ;)

  • ფეხები დაბანეთო

რა გაგიკვირდათ? დიახაც, დაბანეთ ფეხები! დაბანეთ, რადგან თვითონ ვერ ხვდებიან, რომ უნდა დაიბანონ და სუნი არ უნდა ასდიოდეთ და თქვენ მაინც მიახვედრეთ (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც ეხება ისეთი ძალიან ბევრია).

ერთი-ორჯერ რომ დაბანთ, იქნებ მესამედ თვითონვე მოუნდეთ დაბანა. ვინ, თუ არა, ეკლესიის წინამძღვარმა კარგად იცის, რა ნელსურნელება დგას ხალხმრავალ ადგილებში. ჰოდა, დაბანეთ! სირცხვილია! არა მხოლოდ მისი, თქვენი სირცხვილიც.

  • საჭმელი შესთავაზეთო

აქ მგონია, რომ პატრიარქი ცოტა რეალობას მოწყდა და არ იცის, რომ დღეს ცოლები არანაკლები, ხშირად კი მეტი დატვირთვით მუშაობენ ქმრებზე, უფრო ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი აქვთ და ფაქტიურად ბავშვებს სამსახურში აჩენენ და დისტანციურად ზრდიან. სწორედ ამ მიზეზით, და არა იმიტომ, რომ “საჭმლის დახვედრება” ტეხავს, ვფიქრობ დღეს ქალისთვის ამ ვალდებულების ცალმხრივად აკიდება ძნელია, განსხვავებით ოციოდე წლის წინანდელი სიტუაციისა, როცა კაცები გარეთ მუშაობდნენ, ქალები კი სახლში ატარებდნენ ძირითად დროს. მეც გამომიცდია და ვფიქრობ, მართლაც ძალიან ‘ტეხავს’ როცა სახლში მისულს საჭმლის ნაცვლად შენი თანამცხოვრებლის (ოჯახის წევრი იქნება ეს თუ უბრალოდ მეგობარი) უყურადღებობა გხვდება. სახლში ჭამა ხომ სულ სხვაა :)

ჭამა აერთიანებს ადამიანებს (სექსიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჭამა მაინც უფრო მეტს აერთიანებს). ყველა სასიხარულო, სამწუხარო თუ საქმიანი ღონისძიების განუყრელი ნაწილია – ჭამა. ჰოდა ჭამეთო სახლში,საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაახვედრეთ რამე საჭმელი ოჯახის წევრს ან ვინც არ უნდა იყოს, უბრალოდ სახლში დაბრუნებულ ადამიანს, მიუხედავად თქვენი და მისი სქესისა, თუნდაც სახელდახელოდ მომზადებული ან მაღაზიაში ნაყიდი. მან ეს შეიძლება ჩვეულებრივ ამბად აღიქვას, მაგრამ თუ ეტყვით – პროდუქტები კარადაშია და შენ თვითონ მოიმზადეო, მერწმუნეთ, აუცილებლად ცუდად დაამახსოვრდება.

  • კაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსიო

ბოლო და ყველაზე მტკივნეული პუნქტი. მე პირადად, მცირე ფემინისტური აგრესიით გამსჭვალული ადამიანი ყოველივე პატრიარქალურის მიმართ, ამ თეზისს ასე მშვიდად და უაპელაციოდ ვერ მივიღებ, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია.

როგორ უნდა გაიგოს ეს ფრაზა საშუალო სტატისტიკურმა მამრმა? რომ კაცი რასაც იტყვის, ქალი უნდა მორჩილებდეს? რომ კაცი რასაც იტყვის, ყველაფერი სწორია? რომ კაცს ყველაფრის უფლება აქვს, ქალს – არაფრის?

რა თქმა უნდა არა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ზოგი სერიოზულად და ზოგიც ხუმრობით, სწორედ ამ აზრს გამოიტანს ნათქვამიდან. სამწუხაროდ. მათ შორის – ქალებიც.

მოდი, ცოტა გავშალოთ საკითხი.

რას ნიშნავს იყო ოჯახის უფროსი? ან საერთოდ, რაიმეს უფროსი? დღევანდელი გაგებით, რაიმეს უფროსობა, ხელმძღვანელობა არ ნიშნავს ნებისა და ხუშტურის დიქტატს, არც ყოვლისმცოდნეობას და არც უაპელაციო ჭეშმარიტების ღაღადების უნარს.

იყო უფროსი, პირველ რიგში, ნიშნავს გქონდეს უნარი, შენს საუფროსო სივრცეში შემავალი ყველა სუბიექტის მოსაზრებათა შეჯერებით გააკეთო ოპტიმალური, მაქსიმალურად სწორი, ნაკლებად სარისკო დასკვნა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება კი ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას და ამიტომაც, უფროსი არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი და არა უბრალოდ ერთპიროვნული გამგებელი. პასუხისმგებლობის აღება კი ძალიან ძნელია. ბოლო ოცწლეულის გადაგვარებულმა ყოფამ ერთი მხრივ კარგი შედეგი მოიტანა, რომ დააჩქარა ჩვენნაირ კონსერვატიულ ქვეყანაში ქალთა თანასწორობისკენ სწრაფვა (სექსუალურიც, კარიერულიც, ოჯახურიც), აიძულა რა ქალების დიდი ნაწილი, საკუთარ თავზე აეღო ოჯახის რჩენის (და შესაბამისად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების) პასუხისმგებლობა, გაუსუსურებული მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი კი დატოვა საკუთარი ნებისა და ხუშტურის, სქესით ‘გარანტირებული’ იმპერატიულობის ამარა, რეალურად კი მნიშვნელოვნად შეამცირა მათი უნარი – იტვირთონ უჯახური და საერთოდ, რაიმენაირი პასუხისმგებლობა.

ჰოდა, იქნებ სწორედ ეს პასუხისმგებლობა შეახსენა პატრიარქმა კაცებს და არა ქალებს?

გამგები გაიგებს.

:ნახევრადსერიოზულიპოსტი:


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273