Je m'appelle Eka..

January 2nd, 2011 by Katiée

წინა წლის შეჯამებასავით თუ საშობაო აღსარებასავით :)

ყველა პროექტის ბოლოს კეთდება ანგარიში. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სამსახურში ყოველი კვირის, თვის, კვარტლის და წლის ბოლოს ეს ჩვეულებრივი ამბავია .

აი საკუთარი თავის შესახებ ანგარიში გონებაშიც არ ჩამომიყალიბებია არასდროს, მაგრამ ყვავამ, ვასასიმ და თამუნამ ეს ისე საინტერესოდ გააკეთეს, მომინდა აყოლა და მიბაძვა და იმ highlight-ების ჩამოწერა, რითაც წინა წელი იმის წინებისგან განსხვავებულად დამამახსოვრდა :)

აწ უკვე გასული, 2010 წელი ერთდროულად ცუდად და კარგად დაიწყო:

  • სახლში ბუშტების გახეთქვის და ხურდა-კანფეტების შემოყრის შემდეგ პირველად გადავწყვიტე ახალი წლის კლუბში აღნიშვნა, მეგობრებთან ერთად. ჰოდა დიჯეიმ გადაგვაგდო :) თვითმფრინავმა გაასწრო და ვერ ჩამოვიდა :D მერე იყო მინი-გარჩევები “150ლარირაშიგადავიხადეთთქვენ..ხომარაგ…თ” და ა.შ. და საკომპენსაციოდ ნაჩუქარი ბილეთები ჯემი ლუისის საღამოზე. შემდეგ დილამდე ბოდიალი, ნაცნობები, უცნობები, ძველი ბიჭი ოფიციანტები და რესტორნის მენეჯერები, მხარის გაკვრები, გარეთ გაყვანები, გაყოლები, გაწევ-გამოწევები, გაშველებები და როგორციქნასახლშიმოსვლები.
  • იანვარში, ცხოვრებაში პირველად ავიღე შვებულება ზამთარში, პირველად წავედი ევროპაში ისე, უბრალოდ, არც საქმეზე, არც სასწავლებლად, უბრალოდ დასასვენებლად. ქარბუქსა და თოვაში ფრენას და ნისლში ვარაუდზე, ბრმად დაჯდომას, შემდეგ კი ბერლინის ქუჩებში ტკივილამდე გაყინვას და ამ ყველაფერში 2 თვის ხელფასის დახარჯვას თუ არ ჩავთვლით – ღირდა წასვლად.

რიგის აეროპორტში

  • შარშან, ალბათ არა პირველად, ვეჩხუბე ადამიანს, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის და პირველად მოხდა რომ არ ვაპატიე / არ შევურიგდი კი არა, არ მაპატიეს და არ შემირიგდნენ. (და პირველად ვაღიარე, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავთან, რომ ჩემი ბრალი იყო :))

მარადიულად pending request- ი Facebook-ზე :|

  • შარშან პირველად აღმოვჩნდი “იძულებით შვებულებაში”, ანუ უსამსახუროდ.
    ამ პერიოდმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოცდილება, რომელსაც არ მოაქვს რაღაც დადებითი. მათ შორის უსაქმურად ყოფნის გამოცდილებასაც. იძულებითი შვებულების დროს გავიცანი ბევრი ადამიანი, ჩემი მსგავსებიც და რადიკალურად განსხვავებულებიც. ვისწავლე ბევრი ახალი რამ, მოვხვდი ბევრ “ნეტამეაქრამინდა” ადგილზე და სიტუაციაში. ამ პერიოდში მივხედე ბლოგსაც, რომელიც მანამდე არც ვიცი, რისთვის არსებობდა. გავიცანი სხვა ქართული ბლოგების ავტორებიც (ტერმინ “ბლოგერს” შეგნებულად არ ვწერ, არ მომწონს), შევიცვალე შეხედულებები ბევრზე და ალბათ ბევრმა – ჩემზე :). რეალობაში ვიღაც უფრო ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ვიღაც – უფრო ახალგაზრდა, ვიღაც – უფრო ჭკვიანი და ა.შ.

შემდეგ? შემდეგ ალბათ არაფერი განსაკუთრებულად საინტერესო, თუ არ ჩავთვლით ახალ სამსახურს ახალი გეგმებით, ახალი სიძნელეებით (პროექტების ენაზე რომ ვთქვათ, გამოწვევებით – challenges) და უმაგრესი გუნდით და ამასობაში უკვე 2011-იც დადგა.

ასეთი ჩვეულებრივი იყო 2010 წელი. არც მე ვიცი, “რომელი “მარშუტკის მძღოლი” ძველი წელი კი არის, ან რომელი DHL-ის ფოსტა ახალი, რომ ერთს რამე გავატანო და მეორეს ჩამოვატანინო”, მაგრამ მე მინდა რომ ასე იყოს, რომ ძველმა ძველი წაიღოს და რომ ახალი განსხვავებული იყოს. თქვენც იგივეს გისურვებთ :)))

Happy New Year ! :)))

პ.ს. ვიცი, რომ ამ ბლოგისთვის ცოტა უჩვეულოდ პირადული პოსტია, დიდი ხანია რომ არ დამიწერია, ისეთი. მაგრამ იყოს ერთი ცალი, ბლოგიც ხრამია, რას მიშლის ;)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273