Je m'appelle Eka..

August 12th, 2011 by Katiée

ქართველები გერმანულ ქელეხში

პოსტი დიდია, მაგრამ ვფიქრობ, გაძლებადი ;) – ავტ. შენიშვნა

უამრავი რამ არის, რის გამოც შეიძლება გერმანელების შეშურდეს კაცს, მითუმეტეს ქართველს, იქნება ეს ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, წესრიგი, კანონის პატივისცემა, პუნქტუალურობა თუ მაღალი ფეხები და ქერა თმა. და ეს იმის მიუხედავად, გიყვარს გერმანია და გერმანელები თუ არა.

ააა ფცხი !

ასევე ბევრი რამაა, რაზეც ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქართველი ნიშნის მოგებით და ცხვირაწევით მიუთითებს გერმანელს. მაგალითად, ცხვირის ხმაურიანი მოხოცვა, მარაზმამდე მისული კანონმორჩილება და ქუჩის არგადაჭრა მაშინ, როცა ჰორიზონტზე ერთი მანქანაც არ ჩანს (მწვანე არ ანთია და რა ქნას, კანონს ხომ არ დაარღვევს), ნაგვის ავტომატიზირებული სორტირება თუ მექანიკურად, გულს გარეთ ნათქვამი “ჰალლო” და “ჩუუსს” კოლგეიტის ღიმილთან ერთად :D

მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გერმანელების გულწრფელად და ყველაზე მეტად მაშინ შემშურდა, როცა ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში წავედი, არც მეტი, არც ნაკლები… (სად, იხილეთ ქვემოთ)

მცირე გადახვევა: ჩემმა მეგობრებმა (და არა მარტო მათ) იციან, რომ გერმანელებს უფრო ხშირად ვაკრიტიკებ, ვიდრე ვაქებ. უმადური ხარო, ესეც უთქვამთ. ადამიანის ბუნებაა ასეთი, ცუდი უკეთ ამახსოვრდება, ვიდრე კარგი. მე კი საქართველოს გარდა ყველაზე დიდ ხანს (თითქმის 1,5 წ) გერმანიაში ვიცხოვრე, მათ ვიცნობ და შედარებით მეტიც სწორედ მათზე შემიძლია ვილაპარაკო, ვიდრე, ვთქვათ ჩინელებზე, ან თუნდაც მეზობელ სომხებზე. ან შეიძლება ასეთი კირკიტი და უარყოფითი თვისებების ძიება გარკვეული ნიშნისმოგებაცაა ქართველის პოზიციიდან, ან იმედი, რომ რაკი “მაგარი” ქვეყნის აღმშენებლები არც ისე მაგრები არიან სინამდვილეში, ე.ი. ჩვენც გვაქვს შანსი, ოდესმე მაგარი ქვეყანა ავაშენოთ.

მოკლედ, ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? ჰოდა ავი იმდენი მითქვამს გერმანიაზე, ახლა კარგის ჯერია.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ გინდა ერის ხასიათი, კულტურა კარგად გაიცნო, როგორღაც მათ ქორწილში ან გასვენებაში უნდა მოხვდე. ჩვენი კულტურა და უკულტურობაც ხომ ყველაზე კარგად ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ვლინდება.

აი ქორწილში ვერა და გასვენებაში კი აღმოვჩნდი გერმანიაში. შტეფანას (როგორც ქართველები ვეძახდით) მამას მართალია არ ვიცნობდი და ამიტომ, გერმანული წესისამებრ, თურმე არც მევალდებოდა სამძიმარზე წასვლა, მითუმეტეს სხვა ქალაქში, მაგრამ მე ქართულმა წესმა, უფრო კი ცნობისმოყვარეობამ მძლია და გასვენების დილას თამროსთან ერთად ქ. ჰომბურგის გზას გავუდექი.

წასვლამდე თამროს ყვავილების გამყიდველთან გაუგრძელდა მოლაპარაკება -გასვენების ბუკეტი უნდოდა შავი ბაფთით. გამყიდველმა – გასვენების ბუკეტი არ ვიცი მე, რა არისო. რის ვაივაგლახით და მხრების ჩეჩვით შეუკრა რამდენიმე ყვავილი და თან საფოსტო ბარათიც მისცა, მისალოცი არა ოღონდ, სამძიმრის (ასეთიც ყოფილა -ჩვენებური, აწ მოდიდან გადასული დეპეშის ვარიანტია).

ჰომბურგში დაკრძალვამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე ჩავედით. მიცვალებული ეკლესიისმაგვარ პატარა შენობაში ესვენა, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სასახლის გარშემო რამდენიმე უზარმაზარი, წრის ფორმის გვირგვინი იდო, დიდი წარწერებით: ოჯახისგან, თანამშრომლებისგან, მეგობრებისგან და ა.შ. ხალხი სკამებზე იჯდა, რიგებში, როგორც კათოლიკურ ეკლესიებშია. ჩვენც იქვე, მეორე რიგში მოვკალათდით.

პანაშვიდი (ფოტო მას მერე გადავიღე, რაც სასახლე გაიტანეს)

სასახლის გვერდზე ტრიბუნა იდგა და თეთრსაყელოიანი მღვდელი ლაპარაკობდა დიდხანს. მაგრამ კინოსგან განსხვავებით, ჰოი საოცრებავ, არც სასაცილო და არც სულელური არაფერი უთქვამს. მღვდელი კი არა, უფრო ჩვენებური თამადისა და მღვდლის ჰიბრიდი იყო. კარგი სადღეგრძელოებივით გვიამბო გარდაცვლილის ბიოგრაფია, გაიხსენა მისი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები, დალოცა ‘დანატოვარი’, მოგვიწოდა, რომ გველოცა მისის სულისთვის, წაიკითხა ლოცვა, იმღერა საგალობელი, რომელსაც ყველა დამსწრე (ჩვენ გარდა) აჰყვა, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდებიც. რიტუალი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ყველანი ვისხედით. საგალობლის დროს ცოტათი ჩამთვლიმა კიდეც. დასასრულს, მღვდელმა შეგვახსენა, რომ დღევანდელ რიტუალში მონაწილეობა არაა საკმარისი და ვისაც მართლა გული შეტკივა, კვირა დღეს, პარაკლისზე (თუ წირვაზე) უნდა მოვიდეს და ილოცოს გარდაცვლილის სულისთვისო. აი ის არის ნამდვილი პანაშვიდიო ;)

ამის შემდეგ რიტუალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცებმა სასახლე გარეთ გააგორეს და ყვავილებიც გაიტანეს. ეზოში 50-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი (სულ ალბათ 80-100 კაცი). მშვიდი და სამგლოვიარო მსვლელობა ცოტა ხანს გაგრძელდა. სასაფლაო იქვე იყო, სამგლოვიარო შენობიდან ორმოცდაათიოდე მეტრში.

პროცესია

საფლავი ლამაზად იყო გაჭრილი (თუ შეიძლება ასე ითქვას). მიწა ჩვენებურად, ორმოს გარშემო არ ეყარა გორებად და ნაწვიმარის მიუხედავად არავინ ეფლობოდა შიგ. ორმოს აქეთ-იქეთ ტანკის მუხლუხისებრი რკინის ნაჭრები იყო დაგებული, რომ ფეხით მყარად დამდგარიყვნენ მესაფლავეები.

როდესაც სასახლე ჩაასვენეს, ხალხი მომენტალურად არ დაშლილა, არც სათვალე ამოუცლიათ მიცვალებულისთვის და უკანმოუხედავად გაქცეულა ვინმე. ყველა სტუმარმა სათითაოდ შეასრულა თავისი ვალი: რიგრიგობით მივედით საფლავთან, მივაყარეთ თითო პეშვი მიწა (პატარა ნიჩბით). ქალებმა თითო ყვავილი, რომელიც მანამდე ხელში ეჭირათ ჩააყოლეს სასახლეს (ჩვენ დიდი ბუკეტი ჩავაგდეთ:D), კაცებმა კი ნაკურთხი წყალი აპკურეს.

როდესაც ეს მოვალეობა ყველამ მოიხადა, ჭირისუფალმა კი უამრავი სამძიმრის ბარათი შეაგროვა, წავედით. თუ გამოიცნობთ სად? ქელეხში.

ქელეხის დარბაზი სტილით თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ჩვენებური, ყოფილი ფიზკულტურის და ამჟამად სარიტუალო დარბაზებისგან, თუმცა უფრო სუფთა და ნათელი იყო და არც მომსახურე პერსონალის და სტუმრების ხმაური წევდა ჭერს.

იმედი უნდა გაგიცრუოთ: სუფრაზე არც ხაშლამა იყო, არც ლობიო და არც ტკბილი ან შილაფლავი. ამათ მოვალეობას რამდენიმე სახეობის ბუტერბროდი, ჩაი და ყავა ასრულებდა. ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ 2-3 სთ ლოცვებზე ყოფნით დაღლილი სტუმარი გამთბარ-დანაყრებულიყო, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაც გამომძღარ-გამომთვრალიყო. სანამ ყავა-ჩაი მივირთვით, ჭირისუფალი სათითაოდ მოვიდა ყველასთან და ინდივიდუალურად გადაგვიხადა მადლობა დაფასებისთვის, ჩვენც, ჩვენის მხრივ მწუხარება გამოვხატეთ, ‘დანატოვარი’ ვადღეგრძელეთ უღვინოდ და მხარზე ხელი მოვუთათუნეთ.

დამავიწყდა მეთქვა, ყველაზე საინტერესო, რაც იქ დამხვდა. მაგიდაზე დარიგებული იყო პატარა, ძალიან პატარა ორად გაკეცილი ფერადი ფურცელი, ყდაზე ჯვრით. გავშალეთ, ერთ მხარეს შტეფანას მამის პორტრეტი იყო, სახელით, გვარით და დაბადება-გარდაცვალების თარიღებით, მეორე მხარეს კი მიცვალებულთა მოსახსენიებელი ლოცვა ეწერა ძველი გერმანულით. მიუხედავად იმისა, რომ ძველი კი არა, თანამედროვე გერმანულზეც ვერ გავიგებდი იმ ლოცვის შინაარსს, მექანიკურად მაინც წავიკითხე და უნებურად ჩემი პატარა წვლილი შევიტანე მისი სულის ცხონებაში ;)

წამოსვლისას, შტეფანას გერმანელი მეგობარი მოვიდა და ჩუმად მოგვიბოდიშა, იცით, ეს პროვინციაა, აქ ძველი ტრადიციები ჯერ კიდევ შემორჩენილია, თორე ქალაქში ამ პურის ჭამას აღარავინ აკეთებსო.

მე და თამრომ ერთმანეთს გადავხედეთ და .. მწარედ გაგვეღიმა :))

————

პ.ს. ვისაც მოგწყინდათ და იუმორინაზე აცრილები არ ხართ, შეგიძლიათ ზურა შევარდნაძეს მოუსმინოთ, მას სრულიად სხვაგვარი (როგორც ჩანს – ქალაქური) გამოცდილება აქვს გერმანულ გასვენებასთან დაკავშირებით:

http://www.youtube.com/watch?v=N36-YZZ1kVQ


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273