Je m'appelle Eka..

June 24th, 2011 by Katiée

როგორ მოკლდება გვარები – კომპეტენტური განმარტება

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია პასპორტებსა და პირადობის ახალ მოწმობებში გრძელი გვარების შემოკლების შესახებ, რაც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში ბევრი დაწერეს, ბევრი იხუმრეს და ბევრიც ივიშვიშეს.

რ ა ხდება სინამდვილეში? – ამაზე კომპეტენტური პასუხი ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული იუმორნარევი პოსტის წყალობით, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისგან მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას :)))

თითქმის უცვლელად გთავაზობთ ზურა ნაცვლიშვილის დეტალურ კომენტარს, როდის, როგორ და რატომ შეიძლება შემოკლდეს თქვენი სახელი ან გვარი:

“პირველ რიგში, სახელებისა და გვარების შემოკლება აქამდეც ხდებოდა, უმეტესწილად – პასპორტებში. საქმე ისაა, რომ პასპორტში სახელისა და გვარის ინგლისური და ქართული ვარიანტი ერთმანეთის გვერდით იწერება. აი შენს პასპორტში სახელის გრაფა ასე იქნება:

ეკატერინე / Ekaterine

გვარის გრაფა კი ასე:

ონიანი / Oniani

ძირითადად ეს პრობლემა გრძელ ორმაგ გვარებთან დაკავშირებით არსებობდა. მაგალითად, თუ ადამიანი იყო გვარად კალანდარიშვილი-მარდალეიშვილი, ამ გვარის ქართული და ინგლისური ვარიანტები გვერდიგვერდ ერთ გრაფაში ვერ ეტეოდა და ამიტომ ინგლისურ ვარიანტს ბოლოში ავტომატურად ეჭრებოდა რამოდენიმე ასო. მაგალითად ასე:

კალანდარიშვილი-მარდალეიშვილი / Kalandarishvili-Mardaleis

ახალი რეგულირების პირობებში მოხდება ისე, რომ თუ ასეთი მოვლენა დაფიქსირდა, ინგლისურის მაგივრად ქართული ვარიანტი შემოკლდება, რათა მოქალაქეს პასპორტით საზღვარგარეთ პრობლემა არ შეექმნას. ანუ ჩაიწერება მაგალითად ასე:

კალანდარიშვილი-მარდალეიშ. / Kalandarishvili-Mardaleishvili

ან:

კალანდარიშ.-მარდალეიშვილი / Kalandarishvili-Mardaleishvili

(ამ დროს თავად ამ პიროვნების სურვილიც იქნება გათვალისწინებული.)

წერტილი იმიტომ ისმება, რომ შემოკლებაზე მოხდეს მითითება.

რაც შეეხება პირადობის მოწმობას (რომელიც ივლისიდან ელექტრონული იქნება), მსგავსი რეგულირება მასზეც დაწესდა თუმცა ამას დაზღვევითი და ფორმალური ხასიათი აქვს (ანუ ასეთი: „რა იცი, იქნებ დაგვჭირდეს…“), რადგან თითქმის გამორიცხულია, რომ პირადობის მოწმობებში (აგრეთვე ბინადრობის მოწმობებშიც) სახელის ან გვარის შემოკლების საჭიროება დადგეს. გამორიცხული იმიტომაა, რომ სახელისა და გვარის ინგლისური და ქართული ვარიანტები ერთმანეთის ქვევით იწერება. აი ასე:

ეკატერინე
Ekaterine

ონიანი
Oniani

და თან თითო ხაზზე დაახლოებით 33 სიმბოლო ეტევა.

ამასთან, მალე მივიღებთ წესს, რომლითაც დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა ბავშვისთვის ორ სახელზე მეტის დარქმევა, ხოლო უცხოელებს, რომლები აქ შემოდიან და ძალიან ბევრი სახელი ქვიათ (მაგალითად ესპანელებს, პორტუგალიელებს, არაბებს) საქართველოში გაცემულ ბინადრობის მოწმობებში მ ხ ო ლ ო დ ორი სახელი ეწერებათ მათი არჩევანის შესაბამისად.

ასე რომ:
1). არავინ არ აპირებს სახელის ან გვარის ი ნ ი ც ი ა ლ ე ბ ი თ ჩაწერას;
2). არავინ არ აპირებს სახელის ან გვარის შემოკლებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ძალიან გრძელია და ვერ ე ტ ე ვ ა გრაფაში (და ეს პრობლემაც პრაქტიკაში შეიძლება მხოლოდ პასპორტის გვარის გრაფაში მოხდეს, სხვაგან (პასპორტის სახელის გრაფა, პირადობის/ბინადრობის მოწმობის სახელის ან გვარის გრაფა) ამის საჭიროება თითქმის გამორიცხულია);
3). შემოკლება ა ქ ა მ დ ე ც ხდებოდა და ახლა ამ შემთხვევების რეგულირებაში მოქცევა ხდება მხოლოდ ანუ ამ ბრძანებებს არ დაუწესებიათ შემოკლების დასაშვებობა;
4). შემოკლებებს ექნება (როგორც აქამდე ჰქონდა) უკიდურესად ს ა გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ო ხასიათი (ისიც მხოლოდ პასპორტის გვარის გრაფაში, ხოლო დანარჩენგან – უუკიდურესად უუუსაგამონაკლისოესი :)) )”

როგორც ირკვევა, პასპორტის დამკვიდრებული და დამტკიცებული დიზაინის შეცვლა, ფონტის დაპატარავება ან სხვა მსგავსი ცვლილება მრავალ ტექნიკურ სირთულესთანაა დაკავშირებული და ამ გამონაკლისების რაოდენობა კი არ არის იმდენი, რომ ასე ვთქვათ, ხარჯის გაწევა იყოს მიზანშეწონილი. ამასთან დაკავშირებითაც დავსვი კითხვა:

“შეიძლება მართლაც ჯობდა პასპორტის დიზაინის ცვლილება და მთელი რეკვიზიტების გადაადგ-გადმოადგილება, მაგრამ არც შემოკლებით შავდება დიდად რამე, რადგან:
– პასპორტში პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საჭირო სხვა მონაცემები: სახელი, ფოტო, პირადი ნომერია მითითებული;
– სამოქალაქო რეესტრის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში პიროვნების გვარი ყველა ვარიანტში სრულადაა დაფიქსირებული (გინდაც პასპორტში შემოკლებულად ეწეროს);
– უბრალოდ: გვარშემოკლებული ადამიანების 99%-ს მაინც ექნება პირადობის მოწმობა, სადაც გვარი სრულად წერია;

და ამიტომაც გამორიცხულია, რომ პირის იდენტიფიკაცია ვერ მოხდეს ან პირს სხვაგვარად შეექმნას პრობლემა”

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზურას, რომ არ დაიზარა და ამხელა განმარტება გააკეთა. სხვაგვარად, სამწუხაროდ, მწირი ინფორმაციიდან სწორი დასკვნების გაკეთება საკმაოდ რთულია ხოლმე და ამ შემთხვევაშიც უამრავი ინტერპრეტაციისა (ხშირად უკიდურესად არარეალური და სასაცილო) და დასკვნის საფუძველი გახდა.

იმედი მაქვს, ამჯერად ყველაფერი გასაგებია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში და დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273