Je m'appelle Eka..

May 27th, 2013 by Katiée

კაბაზე გამობმული

…შინაური ცხოველები რა მოსატანია იმ ამბავთან, ბიჭებს რომ საკუთარი დედებთან მიმსგავსებული გოგოები მოყავთ ცოლად. ალბათ, ყველაფერი ღრმა ქვეცნობიერით ხდება, მაგრამ ფაქტია, ასეთი არაერთი შემთხვევა შემინიშნავს და დაკვირვების დროს საოცარი მსგავსებები აღმომიჩენია რძალ-დედამთილისა. რაღა შორს წავიდე, ბავშვობიდან ვაკვირდებოდი მამაჩემის დედის, ბებიაჩემისა და დედაჩემის მსგავსებას. ვერ ვიტყვი, გაჭრილი ვაშლის ნაჭრებთან მქონდა საქმე-მეთქი, მაგრამ ისეთ დეტალები ემთხვეოდა, რომლებიც ადამიანის გარეგნობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენენ. არ ვიცი სხვაგანაც ასეა თუ ეს მხოლოდ თურქ მამაკაცებს ემართებათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთავარი გმირები თურქი ბიჭების ცხოვრებაში სწორედ დედები არიან და ისინი ჭიპლარს დაბადებისას კი არ იჭრიან, არამედ სამარის კარამდე აქვთ კაბაზე გამობმული. თურქი დედისთვის შვილი მუდამ პატარაა და ოცდაათი წლის ჯეელზეც შეუძლიათ თქვან “ჩემი პატარაო”.

რძლების მუდმივი კრიტიკა და რევიზია ხომ ჩვეულებრივი ამბავია და ოჯახური ღალატისა და უპასუხისმგებლობის პირველი ვექილებიც დედები არიან – “კაცი იმისაა, ქალებშიაც დადიოდეს და როცა საჭიროა, შინ დილით ბრუნდებოდეს პერანგის გამოსაცვლელადო. ქმრის ჭუჭყიანი საყელო ხომ ცოლის სირცხვილიაო”. ასეთი სიყვარულის დროს, როდესაც ბევრი რამის საზღვარი წაშლილია, როგორღა უნდა უყვარდეთ რძლები, ქალები, რომლებმაც მათი ჩანაცვლება მოინდომეს.

ბებიაჩემის ხელიც ერია მამაჩემის ცხოვრების წესში, მუდმივ დროსტარებებსა და დაუფიქრებელ მოქმედებებში. ბოლომდე ბავშვივით ეფერებოდა და ყველა მის ნაბიჯს უძებნიდა გამართლებას. ძუძუში რძე აღარ ედგა, თორემ ამასაც არად დაგიდევდათ, ყველას თვალწინ ამოიღებდა და მოაწოვებდა. ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ბიჭზე ამოსდიოდა მზეცა და მთვარეც. მამიდაჩემი წარმატებით დააოჯახა და იმასაც სულ უჩიჩინებდა: “კაცია და რასაც გეტყვის, ყველაფერი უნდა დაიჯერო, ყველაფერზე უნდა უთხრა, როგორც თქვენ მიბრძანებთო. ასე ვიყავი მე და ასეა ყველა ოჯახის ერთგული ქალიო. რაც კაცს ეპატიება, ის ქალს არ ეპატიება, ბოლოს ყველაფერში ქალი გამტყუნდება და ერთხელ ტალახში ამოსვრილი სახელი ვერასოდეს ჩამოირეცხებაო…

~ ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი
“თურქული სიმღერების გზამკვლევი”

iskander_baltazar_qirmiz


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273