Je m'appelle Eka..

October 17th, 2012 by Katiée

კახპები

სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ასე იყო..

ბოლო დროს გიორგის უძილობა კიდევ უფრო აწუხებდა, ვიდრე მანამდე. ამიტომაც კომპიუტერთან შუაღამემდე იჯდა ხოლმე და როგორც კი ქუჩები ოდნავ შენათდებოდა, ახალნაყიდ მანქანას ქოქავდა და ოფისისკენ იღებდა გეზს.

ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, თუმცა ნიჭიერი და ამბიციური. სიმპატიურიც ეთქმოდა და პრინციპში, განათლებულიც. ცხოვრებაში არ გაუმართლაო, ვერავინ იტყოდა. წარმატებული კარიერა, პატარა ბიზნესი, “პოპულარულ სასტავებში” გარევის უბადლო სქილები და თანდაყოლილი ენამოსწრებულობა, ერთი შეხედვით რომანტიული ბუნება, ხანდახან ცოტა სენტიმენტალურიც – სრულიად საკმარისია საშუალო სტატისტიკური მამრისთვის, რომ პოპულარულ და ბევრისთვის სასურველ ტიპად აქციოს.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თავდაპირველად გიორგის არც ლილის მოხიბვლა გაჭირვებია მაინცდამაინც. არადა, ლილის საკუთარი თავი პრაგმატულ ნატურად მიაჩნდა და ვერასდროს წარმოედგინა, რომ ერთი შეხედვით რომანტიული და სენტიმენტალური იმიჯის მქონე ტიპი შეუყვარდებოდა და თან ბავშვობიდან ამოჩემებული “შავგვრემანები არ მომწონს” დაავიწყდებოდა. მართალია, მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ გიორგის რომანტიულობა, სენტიმენტალურობა და “ძალიან მიყვარხარ და შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ” ისეთივე გარეგნული WANNABE იმიჯი იყო, როგორც თვითონ ლილის პრაგმატულობა და პრინციპულობა, მაგრამ ეს ბოლომდე მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა, ერთ დღეს ბარში შემთხვევით შესულმა დაინახა, როგორ კოცნიდა გიორგი ვიღაც იაფფასიან კახპას ტუჩებში.

დიდი ხნის მერე, როდესაც ამ კადრს იხსენებდა, განსაკუთრებით აცოფებდა, მანამდე როგორ მოუწია გიორგის საყვედურების მოსმენა ‘უსაფუძვლო’ უნდობლობის და ეჭვიანობის გამო.

– – –

იმ დილას ლილიმ უჩვეულოდ კარგ განწყობაზე გაიღვიძა. მნიშვნელოვანი დღე იყო, ზოგადად. 5 წლიანი ურთიერთობის 5 წამში დასრულება და წინა დღის რთული  საუბარი თითქმის აღარც ახსოვდა, ისე გადაერთო სხვა ამბებზე. თანაც დიდი ხანია მიხვდა, რომ არსებობენ სხვანაირი, უბრალო და ბედნიერი ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიან დატკბნენ ცხოვრების ნებისმიერი წამით და გაუზიარონ ეს წამები სხვა ადამიანსაც; რომ გიორგი მხოლოდ ერთი იდიოტი იყო, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა, რადგან ასეთია და არ შეუძლია იყოს სხვაგვარი, ისეთი, როგორიც გულით უნდა რომ იყოს და თავადაც იცის ეს.

საღამოს მეგობრებთან ერთად კაფეში წავიდა. კაფედან ტაქსიმდე უკანა გზაზე იმ ბართან უნდა გამოევლო, სადაც მანამდე ერთად ხშირად დადიოდნენ. ნაბიჯს აუჩქარა, არ უნდოდა რომელიმე ნაცნობს გადაყროდა.

ალბათ სიჩქარეში ვერც კი შენიშნავდა, როგორ მიუახლოვდა ვერცხლისფერი მანქანა, კინაღამ რომ არ დაჯახებოდა. გაბრაზებულმა მექანიკურად ჯერ ნომერს დახედა. მანქანების ნომრებით დამახსოვრება ჩვევად ჰქონდა, ალბათ ციფრებისადმი ბავშვობიდან გამძაფრებული სიყვარულის გამო. ნომერი ეცნო. მანქანას თვალი ააყოლა. დაუბურავ შუშებში სიბნელის მიუხედავად ოდესღაც კარგად ნაცნობი  ღიმილიც გაარჩია… მანქანის ფანჯრიდან გაბადრული სახე უმზერდა.

ლილიმ ცოტა ხანს უყურა, იგრძნო, რომ სხეულში ზუსტად ისე ჩაეღვარა პოზიტივი, როგორც ზამთარში მოულოდნელად გამონათებული მზის სხივები. ბოლოს თვალი გაუსწორა, ნელნელა თვითონაც გაეღიმა და უხერხულად გაისწორა ყურზე გადაწეული თმა.

– – –

ბოლო დროს გიორგის უძილობა კიდევ უფრო აწუხებდა, ვიდრე მანამდე. ამიტომაც კომპიუტერთან თითქმის დილამდე იჯდა და სკაიპში იაფფასიანი კახპების მორიგ პარტიას ათვალიერებდა, ვიდრე ქუჩები ოდნავ არ შენათდებოდა, რომ ახალნაყიდი მანქანა დაექოქა და ოფისისკენ აეღო გეზი.

– – –

პ.ს. პოსტი წარმოადგენს სხვისი, აწ უკვე წაშლილი მოთხრობის რიმეიქს. ტექსტის ნაწილი მონიშნულია დახრილად საავტორო უფლებების დაცვის მიზნით.

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273