Je m'appelle Eka..

February 25th, 2011 by Katiée

მარადიული (არაკორექტული) კითხვები – ტუტორიალი ცნობისმოყვარეთათვის

უამრავი უაზრო და უტაქტო კითხვა არსებობს, რომელთაც გვისვამენ დილას, შუადღეზე, საღამოს, დილას, შუადღეზე, საღამოს და რაც მთავარია, ჩვენც არ ვართ უცოდველები და ჩვენც გვიკითხავს იგივე.

მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიურად, ბავშვობის ასაკიდან ღრმა სიბერემდე. თუმცა, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კითხვები numerus clausus პრინციპს არ ემორჩილება და მათი რიცხვი +უსასრულობამდე შეგვიძლია გავზარდოთ.

ღრმა ბავშვობაში:

  • ლამდენი ჭლის ქალ?
  • ჩხვირი შად არის, ჩხვირი? ტაკო? კ..უები?
  • დედა უფრო გიყვარს თუ მამა?
  • ბაღში კარგია? ბავშვებიდან არავინ მოგწონს?
  • სკოლაში როდის შედიხარ? კლასში შეყვარებული არ გყავს? რა ნიშნებზე სწავლობ?
  • რაზე აბარებ? არავინ გეხმარება? (თუმცა ეს ბოლო კითხვა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა განააქტუალურა)

მოზრდილობაში:

  • ჩააბარე? მამაშენის საძმაკაცო მოგეხმარა ალბათ ხო? (შენიშვნა: იგივე, რაც ზემოთ)
  • როგორ სწავლობ უნივერსიტეტში? შეყვარებული არ გყავს? სამსახურს არ გპირდებიან?
  • არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? კია აწი დრო, რაც ადრე, მით უკეთესი.
  • რომელი ეკლესიის მრევლი ხარ? შენი მამაო რომელია? (ამ გახსენებაზე: მამა-ო წოდებით ბრუნვაშია და სახელობითში უბრალოდ “მამა” ითქმის, ან – მოძღვარი), არ მარხულობ?
  • გათხოვილი ხარ? (კითხვის ავტორი – ექიმი, სულერთია რის)

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ:

  • სამსახური ხომ არ გიშოვია? არაფერს გპირდებიან? (ბრრრ)
  • ხელფასი რამდენი გაქვს?
  • არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? შეყვარებულიც არ გყავს? რას უცდი ამდენ ხანს? ნუ გადაყვები ახლა კარიერას.
  • და თუ გყავს შეყვარებული და не дай Бог ამის შესახებ არამკითხე მოამბეებმა იციან: არ მოგყავს? არ მიყვები? რას ელოდებით? (და ზურგსუკან: “არ მიყავს ეტყობა იმ ბიჭს” ან “არ უნდა ეტყობა ცოლად და ისე ყავს”) ან კითხვა ოჯახისგარეახლობლებთან: იმ ბიჭთან ისე დადის თუ საქმროა?

ქორწინების შემდეგ:

  • ასე მალე რატო გადაწყვიტეთ? (და ზურგსუკან: ეტყობა ორსულადაა)
  • უიმე, ბავშვი უკვე გეყოლათ? ახლა არ იყო ქორწილი? (და გულში მიდის სწრაფი ტემპით თვეების გადათვლა უკუქრონოლოგიურად)
  • როგორი დედამთილი გყავს, გეხმარება? როგორი რძალი/სიძე გამოგადგათ, გეხმარება? (ეს special for დედამთილ-სიდედრებისთვის)
  • ორსულად ხომ არ ხარ / ორსულად ხომ არ არის?
  • ბავშვს არ აჩენთ? რას ელოდებით? რას ქვია ჯერ არ გინდათ? (ზურგსუკან: საწყლები, არ უჩნდებათ ეტყობა ან არ აპირებენ ეტყობა ესენი ერთად ყოფნას)

ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ -> მეორეს არ აჩენთ? ასე ერთი კინკილა ბავშვის ამარა ხო არ იქნებით? ბავშვს და-ძმა არ უნდა?

ბავშვ(ებ)ის წამოზრდის შემდეგ:

  • სად აბარებინებ(!) ბავშვს? არავი უყვარს (ბიჭზე)? არავი უყვარს (გოგოზე)?
  • მერე: გოგოს არ ათხოვებ? ბიჭს ცოლი არ უნდა მოაყვანინო?

კიდევ უფრო მერე და მერე და მერე:

  • არ ქორწინდებიან? რას უცდის? შვილს არ აჩენენ? მერე ბავშვი არ უნდათ?
  • გოგოს არ ათხოვებს? ბიჭს ცოლი არ უნდა მოაყვანინოს?

და ასე უსასრულოდ, ვიდრემდის სიკვდილი არ დაგვაშორებს…

————–
P.S. ახლა ვხვდები, კიდევ რამდენი კითხვა მაქვს თავაზიანად პასუხთავასარიდებელი.

მკითხეთ გენაცვალე, მკითხეთ, არ მოგერიდოთ, რაც დაგავიწყდებათ, აგერ მაქვს ჩამოწერილი და მე თვითონ შეგახსენებთ! :)

P.P.S. ეს პოსტი ცხელ გულზე დაწერილი არაა, შთაგონების წყარო ერთი უბრალოდ დიალოგი გახდა: მეგობარი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ქართველი მეგობრების მიერ დასმულ გულისგამაწვრილებელ კითხვებზე წუწუნებდა :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273