Je m'appelle Eka..

August 2nd, 2010 by Katiée

მიშაზე, ზანგებზე და სვანებზე

რამდენიმე დღეა ქართული პრესა (და მგონი უკვე მსოფლიოც) აჭრელდა ნიუსებით ჩვენი პრეზიდენტის “რასისტულ” გამონათქვამზე ”აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?”-ო.

რამდენიმე დღეა მავანნი ამტკიცებენ, პრეზიდენტს შავკანიანების შეურაცხყოფა აზრად არ ჰქონია, უბრალოდ დამკვიდრებული იდიომა გამოიყენა დაჩაგვრის და ცუდად მოქცევის საილუსტრაციოდო. მავანთ კი გულწრფელად სჯერათ, რომ სააკაშვილი ისეთი რასისტია, ჯიბეში კუ-კლუქს-კლანის წევრის მოწმობა უდევს და შავკანიანთა ზიზღმა თვით ჩვენი მამა და მარჩენალის, ბარაქ ობამას კანის ფერიც კი დაავიწყა.

არადა, რას ვერჩით ამ ბიძიას, ვის არ უყვარს? ♥

საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტის კრიტიკაში ჩართულია ყველა, მიუხედავად იმისა, თვითონ არიან თუ არა რასისტები, ნაცისტები, ფაშისტები. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვსო, მეტყვით და მეც დაგეთანხმებით. ვიცი, რომ პრეზიდენტის სიტყვას სხვა ძალა და მნიშვნელობა, თავად მას კი ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

ამ ყველაფერმა ორი ჩვეულებრივი ამბავი გამახსენა. ჰოდა რაკი გამახსენდა, ბარემ თქვენც გიამბობთ, ვინძლო საკუთარი თავი ამო(ვ)იცნოთ :)

ამბავი 1.

რამდენიმე წლის წინ მეგობრები სვანეთში წავიყვანე, ბაბუისეულ სახლში. სოფელი დიდია, მაგრამ ნახევრად დაცლილი, თუმცა ზაფხულში ახალგაზრდები ბევრნი არიან. ყურადღება არ გვაკლდა მე და ჩემს სტუმრებს, სახლში მოკითხვით თუ სხვაგან გადაპატიჟებით.

მოგეხსენებათ, სოფელში საღამოობით საერთო-სახალხო შეკრების საუკეთესო ადგილი სოფლის ბირჟაა. ჩვენს სოფელში ასეთი თავყრილობა რამდენიმე ადგილას იმართება. ჰოდა, ერთ საღამოს მორიგი ჩამოვლა გვქონდა ბირჟიდან ბირჟაზე. ერთგან შევყოვნდით, სადაც უფრო ხალხმრავლობა იყო. ამ დროს ჩემმა ერთმა მეგობარმა როგორც ჩანს, რაღაც თქვა თუ გააკეთა, სასაცილო თუ სულელური, არ შემინიშნავს. სამაგიეროდ მეორე მეგობრის ხმამაღალმა ფრაზამ მიიქცია ჩემი და სამწუხაროდ არა მარტო ჩემი ყურადღება: “რას აკეთებ, სვანი ხომ არ ხარო!”

გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა. ასეთი რამ კი არა უბრალოდ ანეკდოტიც კი მისგან მანამდე არასოდეს მსმენია. შეურაცხყოფისგანაც. მთელმა ბირჟამ გაიგონა. ძალით გაიცინეს, “აუფ, მალადეცო” უთხრეს და “გაატარეს”. მე ვერაფერი ვთქვი. თვითონ ისე დაიბნა და გაწითლდა, ჩემი საყვედური ზედმეტი იყო. იქაურების ძალიან შემრცხვა.

ამბავი 2.

მეორე ამბავი პირველზე ბევრად ადრე მოხდა. მე 21 წლის ვიქნებოდი, ჩემი ძმა 5 წლით პატარა. ერთ დღეს, შუადღით, ვიღაცამ დაურეკა, ეს აფორიაქდა და გარეთ გავარდა. მე სამსახურში მივდიოდი, დავინახე ბიჭები ტაქსში ჩასხდნენ. გულმა მიგრძნო, რაღაც შარში გაეხვეოდა.

15 წუთში სამსახურში მივედი და იქედან დავურეკე. მამიდაშვილთან ვარო მითხრა, მუშები მარტო ვერ დატოვა და მე დავრჩიო. დავიბენი, მაგრამ დავიჯერესავით.

საღამოს გვიან მოვიდა სახლში, ნათხოვარი შარვლით და გადახვეული ფეხით. საბედნიეროდ ჭრილობა საშიში (აღ)არ იყო.

საბოლოოდ გავიგეთ რა მოხდა იმ დღეს: მისი უახლოესი ძმაკაცი ინსტიტუტში, დერეფანში მდგარა და ჯგუფელს ელაზღანდარებოდა “რას აკეთებ ბიჭო, სვანი ხომ არა ხარო!”. უკან სვან ჯგუფელებს გაუგონიათ, სწყენიათ და არცთუ თავაზიანი საყვედურიც უთქვამთ. ამას კამათი მოყვა, მერე შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა. საბოლოოდ კი დაიშალნენ, მაგრამ ძმაკაცმა ჩემს ძმას სთხოვა კონფლიქტში ჩარევა შესარიგებლად. ვინ აცალა შერიგება, მეორე შეხვედრისთანავე დასცხეს ერთმანეთს და… საბედნიეროდ მშვიდობიანად დასრულდა. მოჩხუბართა შერიგებაზე მოგვიანებით სხვებმა იზრუნეს. ჩემმა ძმამ და მისმა ძმაკაცმა კი კარგი საყვედური მიიღეს ჩვენგან, ერთმა როყიო ლაპარაკისთვის, მეორემ კი – სადაც ჯერ არ არს, იქ უაზრო გამოქომაგებისთვის.

მორალი.

ამ 3 ამბიდან საერთო მორალის გამოტანას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ფაქტი ერთია, არც მიშაა ზაგების მოძულე და ჩემსა და ჩემი ძმის მეგობრებსაც ძალიან უყვართ სვანები.

ჩვენ ყველას მხოლოდ ერთი რამ გვჩვევია: პოპულარული ფრაზებით დაუკვირვებლად საუბარი.

არადა, როგორც ბავშვობაში დედა მიჩიჩინებდა ხოლმე, საშინაო და საგარეო მოქცევა და მეტყველება არ არსებობს,  ჩვეული ფრაზა ოდესმე, სადმე მაინც წამოგვცდება და მერე თავის მართლება, რომ ვიხუმრეთ და არ უნდა ეწყინოთ ჩვენგან, დიდი ვერაფერი შეღავათია.

ჰოდა, ზანგების არ ვიცი და მე მწყინს ;)

ესეც ბონუსად:


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273