Je m'appelle Eka..

July 11th, 2010 by Katiée

როგორ გადავურჩეთ სიცხისგან სიკვდილს

2 დღეა ქუჩაში ფეხით სიარულს მივეძალე და მივხვდი, როგორ შეიძლება მოკვდეს ადამიანი სიცხით. როგორც წესი, ყოველთვის, ზაფხულის ხვატის ნათელ და ყველაზე ცხელ ნაწილს კონდიციონერთან ვატარებ ხოლმე, ღამე კი მაინც უფრო გრილა, სახლშიც ეზოდან ხეების წყალობით შედარებით იფილტრება ცხელი ჰაერი. მაგრამ დღისით ქუჩაში ამბავიაააა, მართლა ძაღლი არ გაიგდება.

თუ მაინც გიწევთ ფეხით თუნდაც რამდენიმე ასეული მეტრის გავლა 33+ გრადუს სიცხეში, აუცილებლად უნდა დაიჭიროთ თადარიგი, თორემ სადმე თუ გონება დაგებინდათ სიცხისგან, საეჭვოა სხვა, ასევე სიცხით გონებადაბინდულებმა თქვენი შველა მოახერხონ.

რჩევა პირველი: სვით ბევრი წყალი

წყალს ვყიდულობ ყოველ ნაბიჯზე, მაღაზიიდან მაღაზიამდე არ მყოფნის ნახევარლიტრიანი ბოთლი:/  დიდი ბოთლით სიარული მოუხერხებელია და არაესთეტიური, მალეც ცხელდება და ნახევარზე მეტს ვეღარ დალევ, მაინც უნდა გადააგდო. პატარა ბოთლებში წყლის ფასი კი ისე უსინდისოდ აწიეს, 5 თეთრით ჩამორჩება ლიტრიან ბოთლში იგივე ლიკანს და ნაბეღლავს, ან ბორჯომის ჩვეულებრივ წყალს. ამიტომ, ორმაგად ჭკვიანური იქნება, თუ სახლიდან გასვლისას წინასწარ ნახევრადგაყინულ ბოთლს ჩააგდებთ ჩანთაში. არც მალე გაცხელდება და ფულსაც არ გადაყრით ტყუილა. აწი ასე უნდა მოვიქცე.

შენიშვნა: ნუ შეგაშინებთ ის, რომ ბევრი წყლის სმისგან მალე ფიზიოლოგიური მოთხოვნები შეგაწუხებთ. თქვენი სხეული ისე მალე ააორთქლებს ლიტრობით წყალს, ვერც გაიგებთ და თუ მაინცდამაინც, ნებისმიერ კაფეში შეიარეთ, დიდი ამბავი ;)

რჩევა მეორე: იარეთ რაც შეიძლება ნელა

როგორც წესი, ყველა ცდილობს ცხელ ადგილებს სწრაფად გაერიდოს და დანიშნულების ადგილას მალე მივიდეს. არადა, ჩქარ სიარულში ორგანიზმი უფრო ხურდება, მეტი ოფლიც გამოიყოფა და უფრო ვწუხდებით, არც გარეგნულადაა მაინცდამაინც ლამაზი ჩამოღვენთილი სახე და სველი ტანსაცმელი. მე ნელა სიარული “დავამუღამე”, ნაკლებადაც მცხელა და უფრო კონცენტრირებულიც ვარ. სიცხისგან გაბრუებულს დიდი შანსია სადმე ფეხი გადაგიბრუნდეს, უარეს ვარიანტში კი ქუჩაზე გადასვლისას მანქანას დაეჯახო, ან ვინმე, არანაკლებ გათანგული(!) ჩაგეხუტოს. ამიტომ, ორმაგი ყურადღებაა საჭირო.

რჩევა მესამე: აიცილეთ კანის გამოშრობა

ეს რჩევა უფრო გოგოებს ეხებათ. სიცხეში ტუჩები და სახის კანი ბევრ სითხეს აორთქლებს და შრება, მარილიანდება, იჭიმება. მკვებავი საცხის წასმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კანს უფრო ჩაახურებს და შეიძლება ფორები დაიცოს, გამოგაყაროთ. ყველაფერს ჯობია სულ ცოტა მატენიანებელი (დიახ, მატენიანებელი) კრემის გადასმა და ჰიგიენური პომადის გამოყენება (მერე რა რომ არ ცივა), ან ნებისმიერი კრემის, რომელსაც კოსმეტოლოგი ზაფხულისთვის გირჩევთ (ამ თემაზე უფრო კომპეტენტურად იხილეთ კატოს ბლოგზე)

რჩევა მეოთხე (უნისექსი): იარეთ ავტობუსით და სკამზე არ დაჯდეთ!

დიახ, არავითარი ტაქსი, მითუმეტეს “მარშრუტკა”! იარეთ ავტობუსით, რადგან მხოლოდ იქ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მდუღარე სკამზე დაჯდომა და შემდეგ ნახევრადსველი და დაჭმუჭნილი კაბით/შარვლით სიარული :D

რჩევა მეხუთე/მეექვსე/მეშვიდე და ა.შ.

  • არ დაგრჩეთ მზის სათვალე, თუნდაც ბანძი, 10 ლარიანი, სულ არაფერს ნამდვილად აჯობებს.
  • გოგოებმა ჩანთაში ჩაიგდეთ მარაო (მერე რა, რომ ძველმოდურია), ოღონდ მარაოც ნელა მოიქნიეთ, ისე ნუ იზამთ, უფრო მეტი ენერგია დახარჯოთ და გაიოფლოთ :D.
  • თუ გაბრუვდით, თავი აგტკივდათ, ან გულისრევის შეგრძნება გაქვთ, სასწრაფოდ წადით სახლში, წამოწექით, და თუ არ გაგიარათ, ექიმს მიმართეთ.

მეტი მე ამ შუაღამეზე არაფერი მახსენდება და შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებიდან გაკეთებული დასკვნები კომენტარებში შემომაშველოთ :))


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273