პირველად, როდესაც სერგეი ბაღაფშის სიკვდილი გავიგე, განსაკუთრებული ემოცია არ გამჩენია. არც გამიხარდა, არც მეწყინა. უბრალოდ, არ მგონია, რომ ბაღაფშის სიცოცხლე ან სიკვდილი რაიმე განსაკუთრებულს წყვეტდა და შეცვლის, მით უმეტეს – უკეთესობისკენ.
დღეს კი, როდესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი წავიკითხე, სასწრაფოდ დავხურე გვერდი და სხვა სტატიაზე გადავედი, რომ უცებ გაჩენილი პირველი ემოცია გამენეიტრალებინა: ვაღიარებ, გავბრაზდი.
<< ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემგან მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი ბატონ სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, რომელიც აფხაზი ხალხის ღირსეული წარმომადგენელი და მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო.
ყოველგვარი წინააღმდეგობა, რომელიც გარედან ხელოვნურადაა შექმნილი და გვმიჯნავს ამქვეყნად, ქრება ღვთის სასუფეველში. აღვავლენთ ლოცვას, რომ მისმა უკვდავმა სულმა მშვიდად განისვენოს ცათა სასუფეველში.
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე >>
თავდაპირველად გამიკვირდა, რა საჭირო იყო მტრისთვის მისამძიმრება (მაპატიეთ, მე, ჩვეულებრივ მოკვდავს, მართალია არ გამხარებია მისი სიკვდილი, მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნე, არც გულთან მიმიტანია, მაინცდამაინც). თან წარმოვიდგინე, კიდევ ერთხელ, რა ამბავი ატყდებოდა მინიმუმ ფეისბუქზე – მოღალატე! რუსეთის აგენტი! კაგებეშნიკი! საკუთარი თავი გამოავლინა! მტერს მიუსამძიმრა! და ა.შ. (რასაკვირველია, ასეც მოხდა, რეაქციამ არ დააყოვნა, თუმცა, ამჯერად, იოლ ფორმებში)
მერე დავფიქრდი და კიდევ უფრო გამიკვირდა, როგორ უნდა მოიკრიბო ძალა, გადააბიჯო წყენას, სიბრაზეს და საერთო სახალხო აღტკინების ფონზე (კიდევ კარგი მანქანიდან გადმოყოფილი დროშებით არავის უზეიმია თბილისში ბაღაფშის სიკვდილი) შეძლო და ასეთი არაპოპულარული განცხადება გააკეთო – სამძიმარი გაუგზავნო ‘მტერს’!
სამძიმარი, სადაც ხაზგასმით, მუქი შავით თეთრზე წერია:
- ‘აფხაზი ხალხის’ (და არა აფხაზეთის) ღირსეული წარმომადგენელი – დიახ, ღირსეული, მისამძიმრებისას მიცვალებულს არავინ ლანძღავს ;
- ‘წინააღმდეგობა … გარედან ხელოვნურად შექმნილი’ - უკომენტაროდ ;
- ‘პატივისცემით’ – გამახსენეთ, ოდესმე საჯაროდ უპატივცემულობის და მასხრად აგდების გარდა, მოგვიხსენიებია აფხაზები? სადაა ჩვენი სახალხო დიპლომატია?
- და მთავარი: ‘ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე’(!) – აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვარი(!) უსამძიმრებს თავის მრევლს(!). ავტოკეფალური ეკლესია, ერთიანი, ქართული, ხომ ერთ-ერთია იმ საყრდენთაგან, რომელსაც ჯერ-ჯერობით თვით რუსები და თვით აფხაზებიც კი, დე იურე ხელყოფას ვერ უბედავენ.
თუ ამ წერილმა აფხაზეთამდე მიაღწია და რამდენიმე ადამიანის გული მაინც მოალბო ილია მეორის, როგორც, თუნდაც ერთი რიგითი ქართველის მიმართ, მაშინ ეს სამძიმარი ნამდვილად ღირს ფეისბუქზე აღშფოთებულების კიდევ ერთხელ გადაკიდებად. ალბათ.
—-
update: რა საინტერესოა ადამიანების (მათ შორის, ძალიან ახლობლების) წინასწარი განწყობის გავლენა შეფასებაზე. იმდენად შეჩვეულია ჩემგან ყველა კრიტიკას (მათ შორის ეკლესიის, პატრიარქის მისამართით), რომ, ეს პოსტი ზოგიერთმა მორიგ კრიტიკად აღიქვა, არადა, მგონი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მე კი არ ვაკრიტიკებ, ვემხრობი პატრიარქის ქმედებას/განცხადებას და თან იმდენად, რომ ბლოგზეც კი დავწერე :)






Sakutar mrevls miusamdzimra cxum-afxazetis mitropolitma. Raa amashi gasakviri? Chemi azrit unda chasuliyo kidec. Iq unda dainaxon saidan imarteba mati eklesia
არაფერი გასაკვირი, პირიქით, რომ არ გაეკეთებინა, ის უნდა მოგვხვედროდა თვალში. პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებს, სამწუხაროდ, რომც უნდოდეს. ყველაზე ნეიტრალური ფიგურა, რომელსაც ქრისტიანობაც, დიპლომატიაც და ადამიანობაც აძლევს საშუალებას, გადადგას დიპლომატიური ნაბიჯი – არის ეკლესიის ხელმძღვანელი.
და თან, სამძიმრის წერილში ‘შეაპარა’ მთელი ტიტულატურა – ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
Hats Off!..
ალბათ არა ეკა, ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან სწორად მოიქცა. ამ წერილით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ავტოკეფალია, ერთიანობა. ძალაინ სწორად მოიქცა!!!
ილია მეორის განცხადება არმაინტერესებს, ამ შემთხვევაში., მაგრამ:
http://www.vasassi.com/2011/06/blog-post.html
ახლა ვნახე ეგ თამ,
სწორი ხარ,
ძალით ჩვენ ვერ ვერევით (რუსეთს), ისევ გველსა ხვრელით თუ ამოვიყვანთ, მარა სადაა ენა ტკბილად მოუბარი :(
თუმცა, საერო ხელისუფლება, როგორც დავითს დავუწერე კომენტარში უკვე, ალბათ ვერ შეძლებდა ოფიციალური სამძიმრის გამოცხადებას და ყველაზე კარგი და დროული პატრიარქის განცხადება იყო.
სხვათაშორის ისეთი რეაქცია არც მოჰყოლია, რასაც ამ შემთხვევაში ველოდი, რამდენიმე ადამიანმა დააშეარა მხოლოდ და დიდი არაფერი
იყო კომენტარებში “ბებრუხუნა” და მსგავსები, არ მახსოვს სად, მაგრამ კაი ბლომად. ნუ ისეთი ისტერიკა არა, როგორც სხვა დროს.
დავიწყოთ იმით რამაც შენ აღგაშფოთა:
‘აფხაზი ხალხის’ – გვინდა არ გვინდა თვალი უნდა გაუსწორო სიმართლეს. აფხაზები არიან ცალკე ტომები, სწორედაც რომ აფხაზი ხალხია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ჩვენ ვერ შევძლებთ მათან საუბარს თუ შევეცდებით მთი თვითმყოფადობის უგულვებელყოფას და დაკარგვას. შენი თავი წარმოიდგინე მათ ადგილას, გაითვალისწინე მათი ისტორიული წარმომავლობა, ენა და შემდეგ ნახე რა უფრო გაგაღიზიანებს და არაბუნებრივი იქნება: “აფხაზ ხალხს” (თუ ვამბობ ოსებს, რა, არ უგულისხმება ოსი ხალხი?) თუ “ქართველებს”?
‘წინააღმდეგობა … გარედან ხელოვნურად შექმნილი’ – უკომენტაროდ ; – აქ მგონი საუბარი იმაზე არის, რომ ჩვენი და აფხაზების კონფლიქტი მესამე მხარის მიერ არის პროვოცირებული და ასეც არის. მე მართლა არმემსმის შენი აღშფოთება რამ გამოიწვია. გულახდილად. იქნებ გაგეკეთებინა მცირე კომენტარი მაინც.
‘პატივისცემით’ – რა თქმა უნდა პატივისცემით, დიდი სიყვარულით და სითბოთი. უნდა შევძლოთ და გულახდილად დავივიწყოთ რაღაც, პატივი ვცეთ და ხელახლა გავიცნოთ ერთმანეთი. ამან თუ აღგაშფოთა გულით მიხარია რომ შენ არ ხარ დიპლომატი :)
‘ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – და რა? რასაც ხელყოფას ვერ უბედავენ, სწორედ ამას აღნიშნავს პატრიარქი, რომ ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტია. ეს პირველად მოისმინე?
ყველაზე რთულია დაელაპარაკო ადამიანს (ადამიანებს) რომლებიც შენზე გაბრაზებულია, მითუმეტეს თბილი სიტყვები უთხრა მათ, მათი გული მოიგო და სიმპატია დაიმსახურო.
ბლო დროს როცა ვკითხულობ რაზე და რაში აკრიტიკებენ პატრიარქვს, ვრწმუნდები რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ის.
ლაშარელა, მგონი, კარგად ვერ გაუგე პოსტის ავტორს, რადგან იგი მსგავსს არაფერს აღუშფოთებია:) პირიქით – შენს მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე ეკამ ზუსტად იმიტომ გაამახვილა ყურადღება, რომ წერილით შეშფოთებული ადამიანებისთვის მიენიშნებინა, რომ პატრიარქმა ძალიან დიდი დიპლომატია გამოიჩინა და ერის გამთლიანებისთვის საჭირო, ზუსტი და სასარგებლო ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგა.
:D
მადლობა, თათა,
ვილაპარაკეთ უკვე სკაიპში მაგაზე და გავარკვიეთ, ამიტომაც დავუმატე პოსტს ‘update’ და ოდნავ უფრო გასაგებად ჩამოვაყალიბე რამდენიმე აბზაცი :D
ძველ წინაპარს უთქმვას: სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიაო :)
წინა პოსტებიდან და ეკას საერთო განწყობიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ “სასწრაფოდ დავხურე გვერდი და სხვა სტატიაზე გადავედი, რომ უცებ გაჩენილი პირველი ემოცია გამენეიტრალებინა: ვაღიარებ, გავბრაზდი.” სხვანაირად გავიგე :)
თუმცაღა ხო. არაუშავს – გადავამღერე ეკას ნთქვამი. არაფერი დაშავდება :)
:*
არძიმბას სიკვდილი არ უზეიმიათ ქართველებს და ბაღაფშის სიკვდილი რატომ უნდა გაგვხარებოდა . მეც ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს არც გამხარებია და არც მწყენია. პატრიარქის სამძიმარს რაც შეეხება ზომიერი ტექსტია . ასეც უნდა მოქცეულიყო . მტრის სიყვარული თუ არა პატივისცემა მაინც უნდა შეგვეძლოს .
ჰო, არძინბას სიკვდილზეც არ გაგვიმართავს ტაშ-ფანდური, საბედნიეროდ :)
არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი:
მტერი არ არის აფხაზი. მტერი სხვა არის, აფხაზი ხალხი კი სამწუხაროდ იარაღად გამოიყენეს
ეკა, ვასასისაც იგივეს ვეუბნები და შენც. ეს სიტყვა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს და სხვა ვიღაცეები მართავენ პროცესებს.
აქვე განვმარტავ ერთს (ძალიან პატარები იყავით და არ გემახსოვრებათ): სერგეი ბაღაფში აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და გადადგა პოსტიდან 1993 წლის 27 სექტემბერს. ამით მან პროტესტი გამოხატა ქართველი ხალხის გენოციდის მიმართ. ის რომ იგი პრეზიდენტი გახდა, არ ამბობს იმას რომ იგი ბოლომდე იზიარებდა ვითომ აფხაზი ხალხის აზრს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ვფიქრობ ამიტომაც რუსებმა მოსკოვის მიტროპოლიტივით მოიშორეს.
გეთანხმები,
ამიტომაც ჩავსვი მოგვიანებით ბრჭყალებში :)
ბაღაფშიზე სამწუხაროდ ბევრი არ ვიცი, მაგრამ ალბათ მაინც შეჩვეული ტიპი ჯობია მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ვინმე ახალს.
მე კი მართლა გული დამწყდა
ცოლი არ იყო აფხაზური ტომის, მას ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა თბილისში და ასე შემდეგ.
ილია მეორე კი უფლის მოვლენილი ადამიანია საქართველოსთვის და მაგის იმ ქვეყანაში გადასვლის მერე რა მოხდება უკვე ძნელი სათქმელია :(
ძალიან გამახარა ამ პოსტის წაკითხვამ. ჩემი ფეისბუქელი მეგობრების უმრავლესობა რა თქმა უნდა აღაშფოთა ილია მეორის ამ სამძიმარმა. არადა მეც ვთვლი რომ ძალიან ღირსეული და საჭირო ნაბიჯი იყო მისი მხრიდან.
:)))
მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევებში მეც არ ვეთანხმები მაგ კაცის ქმედებებს ამ შემთხვევაში ვფიქრობ ზუსტად ისე მოიქცა როგორც უნდა მოქხეულიყო. გულდათუთქული პატრიოტებისათვის კი ფბ ზე ქილიკი ყველაზე მარტივია.
არ მომეწონა რა პოსტი, მოდი რა ჩვენ ვიგაცეებმა პატრიარქს ნუ დავუწუნებთ ნათქვამს. შეიძლება მე ფეხებზე მეკიდოს ბაღაფში მარა პატრიარქის ვალი იყო. პირიქით ძალიან ძლიერი სულიერი მამა
თქვენც უკუღმე გაიგეთ ეს ყველაფერი?
რა გჭირთ ხალხო, წაიკითხეთ დაკვირვებით, წინასწარი განწყობების გარეშე :)