Je m'appelle Eka..

August 10th, 2011 by Katiée

პინა, დამესიზმრე, პინა!

პოსტს ფილმის კომპეტენტურ მიმოხილვაზე პრეტენზია არ აქვს. ეს მხოლოდ რიგითი მაყურებლის შეფასებაა.

ეს გახლავთ ის ვიდეო-რგოლი, ანუ ფილმის ტრეილერი, რასაც გუგლი პირველ რიგში აგდებს Pina-ს დაძებნისას.

პინა ბაუში მე-20 საუკუნის ქორეოგრაფიის ერთ-ერთი, როგორც ამბობენ ხოლმე, თვალსაჩინო და გამორჩეული მაისტერი იყო. გერმანელი ქალი, რომელმაც თავის ეპოქაში ცეკვის სტანდარტები დაარღვია, მეტი ემოცია, მეტი თავისუფლება შეიტანა მოძრაობებში და თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

“პინა” – გერმანელი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის ფილმია, რომლის გადაღებაც პინა ბაუშის სიცოცხლეში დაიწყეს, მისი გარდაცვალების გამო (2009 წ.) შეწყვიტეს და შემდეგ შეცვლილი სცენარით ისევ განაგრძეს. ფილმს სტილი შეუცვალეს და აქციეს ოდად და მოგონებად პინა ბაუშის შესახებ.

დღეს, პრემიერის 6 თვიანი ლოდინის შემდეგ, კ/თ ამირანში ცხოვრებაში პირველად რიგი დავიკავე, ბილეთები ავიღე და სანდო წყაროების სკეპტიკური შეფასებისდა მიუხედავად კინოდარბაზის წინა რიგში ცხვირზე დაკოსებული, ჩემთვის საძულველი 3D სათვალით, მოვკალათდი.

ფილმის ფაბულას (რომელიც უბრალოდ არ აქვს) არ მოვყვები. თუ წინასწარ არ წაიკითხე მის შესახებ, ფილმიდან ფაქტიურად ვერ გაიგებ ვინ იყო პინა.

მთელი ფილმი არის უკონტექსტოდ თავმოყრილი, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული დადგმების დიდი ბუკეტი, რომლებსაც ერთმანეთზე გადაბმის ნაცვლად წყვეტს და ძლივსძლივობით შექმნილ მუხტს უგდებს თავად მოცეკვავეების მონოლოგები, სადაც ისინი ქორეოგრაფს იხსენებენ. ოღონდ თავად კი არ ლაპარაკობენ, გაყინული, გაუგებარი და უადგილო ღიმილიანი სახით ჩუმად ზიან, სადღაც შორს კი მათი ხმა ისმის და იხსენებს პინას მათ ნაცვად, აქებს, ადიდებს, მისტირის:

პინა! პინა! პინა! პინა! პინა!
დიდი ხანია პინა არ დამსიზმრებია, პინა, დამესიზმრე, პინა! [და უადგილო ღიმილი]

არ ვაჭარბებ, მართლა იყო ეს ტექსტი, გული გამისკდა. ქართული ქელეხის სუფრა გამახსენდა, ყველა სადღეგრძელო რომ მიცვალებულის გარშემო ტრიალებს და ბოლოს აღარც გარდაცვლილის სახელის გაგონება გინდა და აღარც მისი დანატოვარის, ოღონდ ოდესმე დამთავრდეს ეს თითიდან გამოწოვილი, ხელოვნური ბლაბლაბლა.

დავით ბუხრიკიძე Pina-ს შესახებ, 'ლიბერალი'

არ იფიქროთ, რომ ფილმის ნახვა ვინანე. რა თქმა უნდა არა (უბრალოდ მონოლოგებისას თვალები და ყურები უნდა დახუჭო, კომპიუტერულ ვერსიაში კი ჯობია ეს ნაწილები საერთოდ ამოჭრა), ბოლოს და ბოლოს მე ამ ფილმის ტრეილერის გამოსვლისას გავიგე პინას შესახებ, ამის შემდეგ დავძებნე იუთუბზე დოკუმენტური ჩანაწერები სპექტაკლებიდან (რაც ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე ფილმში შესრულებული იგივე სცენები) და რასაკვირველია ფილმის სისუსტე ნაკლებად იმოქმედებს ჩემი, რიგითი მაყურებლის თვალში პინა ბაუშის მნიშვნელობის შეფასებაზე.

უბრალოდ, ტეხავს, როცა დიდ რეჟისორად ცნობილი ვიმ ვენდერსი კარგი მუსიკით, ეფექტური კადრებით, 3 განზომილებითა და გარდაცვლილი შემოქმედით სპეკულირებს და ამხელა მოლოდინის შემდეგ თითქმის ორსაათიანი ფილმის ნახვისას, დოჩანაშვილის არ იყოს, ერთხელაც არ დაგბურძგლავს.

რა მომეწონა:

მომეწონა ბევრი ბუნებრივი, ‘ულამაზო’ და ბებერი ხორცი. ვიცი რომ ცუდად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ასე მინდა გამოვხატო. მთელი ფილმის მანძილზე (გერონტოფილი არ გეგონოთ:D), ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა უბრალო ტანსაცმელში გახვეულმა არაგაპრიალებულმა, არაგლამურულმა, არახელოვნურმა სხეულებმა. უმეტესობა მობერებული, მოშვებული, დამჭკნარი და დანაოჭებული იყო და ამ ყველაფერში იყო ისეთი ესთეტიკა, ისეთი სითბო და თუნდაც სექსუალობა, რომ გადაფარა ფილმის თითქმის ყველა ის ნაკლი, რაც ზემოთ აღვნიშნე ♡

იმისთვის, რომ პინა ბაუშზე არასწორი წარმოდგენა არ შეგიქმნათ, დასასრულისთვის შემოთავაზებთ რამდენიმე დოკუმენტური ვიდეოს ნამდვილი პინას შემოქმედებიდან, ვიმ ვენდერსის ჩარევის გარეშე, ხოლო ბონუსად – ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელიც ამ ფილმმა გამახსენა და სიამაყით აღვივსე, რომ ჩვენ უფრო ადრე გვყავდა ჩვენი პინა, მერე რა, რომ მასზე ფილმს ვიმ ვენდერსი არ, რენი ჰარლინი კი – უბრალოდ ვერ გადაიღებს.

დამატებითი საკითხავი:
Pina, რომელიც არ იწონება – დავით ბუხრიკიძე, ჟურნალი ‘ცხელი შოკოლადი’

ცეკვები სიზმარსა და ცხადში – დავით ბუხრიკიძე, ‘ლიბერალი’
თქვენი პირადი ბაუში – ელენა ფასური, ალექსა ჩიღვინაძე, ‘Demo.Ge’


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273