Je m'appelle Eka..

April 12th, 2013 by Katiée

ინფორმაციის ძალა

უკვე რამდენჯერმე მოვისმინე ფეისბუქის ღიად დარჩენის თუ გატეხვის ისტორიები. ეს იმ ადამიანებს შეემთხვათ, ვისთანაც მეც საკმაოდ ვრცელი მიმოწერა მქონდა ფბ-ზე, თუმცა ამ ფაქტს პირადად მე დიდად არ შევუწუხებივარ, უბრალოდ იქ ისეთი არაფერი მეწერა, რის გამოც შემრცხვებოდა.

უფრო ადრე, სკაიპში შემოსახლებული უცხო სუბიექტის მონიტორინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი, მეგობართან ერთად. ის ამბავიც მშვიდობით დასრულდა ჩემთვის.

პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობისა და დაცვის საკითხები სტუდენტობიდან მაინტერესებდა. ალბათ ერთ დღეს ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები და ჩავუღრმავდები. ტექნოლოგიებისა და ინტერნეტკომუნიკაციის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება და მეც უფრო და უფრო მაინტერესებს, უფრო სწორად მაშინებს.

აი მაგალითად, წარმოგიდგენიათ, ლარი ფეიჯს ან მარკ ზაკერბერგ-ცუკერბერგს რომ მოუნდეთ, როგორ მარტივად შეუძლიათ მთელი მსოფლიოს ყირაზე დაყენება თუ არა, უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა მაინც. გუგლმა და ფეისბუქმა ხომ ჩვენ შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე ოჯახმა, მეგობარმა, სამსახურმა და ყველამ ერთად. თან ყველაფერი ხელის გულზეა, ერთად თავმოყრილი.

ნეტა რას გრძნობს ცუკერბერგი, როგორ უძლებს ცდუნებას (ან უძლებს კი?), როცა მეც კი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ვიძაბები, როცა ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარის ინფორმაციას ვფლობ საიმისოდ, რომ ერთ დღეში რამდენიმე ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შევცვალო (განსაკუთრებით ადვილია უარესობისკენ შეცვლა).

აი უცებ, ხომ შეიძლება ავდგე და ვინმეს საახალწლო ან სადაბადებისდღეო სიურპრიზი მოვუწყო (ან სააღდგომო, თუ აღდგომას საჩუქრებს არ ჩუქნიან?) და ჩემს ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია გადმოვალაგო სადაც ჯერ არს? ;) ხომ არიან ადამიანები, ვინც მავნებლობით ერთობიან? როგორც ჩანს, არის ამაში რაღაც საინტერესო.

არადა, ვერ ვიტან მავნებლობას.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273