Je m'appelle Eka..

February 8th, 2012 by Katiée

ქორწინებაზე ორიენტირებული მდივნების ევროპული ისტორია

მდივანი
(1) თანამდებობა, რომელსაც აქვს რანდენიმე მნიშვნელობა
(2) ქართული გვარი

ვვარაუდობ, რომ პოსტის სათაურმა პირველი განწყობა უკვე შეგიქმნათ და გათხოვებაზე ორიენტირებული ‘სეკრეტარშების’ ისტორიის წაკითხვისთვის უფრო განეწყვეთ, ვიდრე საკმაოდ ცნობილი ქართული გვარის წარმომადგენლებზე ისტორიის გასაცნობად. არადა, სწორედ ეს უკანასკნელია ჩემი ბლოგის დღევანდელი გაცოცხლების მიზეზი :)

Marrying Mdivanis” – სწორედ ასე შეურქმევიათ 1917 წელს საქართველოდან საფრანგეთში გახიზნული მდივნების ოჯახისათვის, რომლებიც სათაურში, ქართულად, ჩემებურად – ქორწინებაზე ორიენტირებულებად მოვიხსენიე. თუმცა, როგორც ქვემოთ დაინახავთ, ხუთი და-ძმა არა მხოლოდ ქორწინებაზე ორიენტირებული, არამედ წარმატებულიც აღმოჩნდა, ორი-სამჯერ თუ არა, ერთხელ მაინც ექორწინა მდიდარ და ცნობილ მეუღლეზე.

ზახარ და ელისაბედ მდივნების ოჯახში დაბადებული, როგორც ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი და მომხიბლველი შთამომავლების საქორწინო კარიერა ასე გამოიყურება:

სერჟ (სერგეი) მდივანი (1903-1936)

1927 წ იქორწინა ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობ პოლა ნეგრიზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1929 წ საბირჟო კრიზისის დროს ქონება დაკარგა, სერჟ მდივანმა ის მიატოვა და ოპერის მომღერალ, მერი მაკკორმიკთან გადაბარგდა, თუმცა მერი საკმაოდ მალე გაშორდა მას და ქორწინება სკანდალური სასამართლო პროცესით დასრულდა. ბოლოს, მდივანმა ყოფილ რძალს, ლუიზ ასტორ ვან ალენს დაუკავშირა ცხოვრება, მაგრამ ძალიან მალე, 1936 წელს თავად გარდაიცვალა, პოლოს თამაშის დროს.

სერჟ მდივანი და პოლა ნეგრი

ალექსის მდივანი (1905-1935)

ალექსის მდივანი 1931-ში ასტორების ოჯახის წევრზე, ლუიზ ასტორ ვან ალენზე დაქორწინდა (Astor Family – გერმანული წარმოშობის ანგლო-ამერიკული ოჯახი, წარმატებული ბიზნესში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში), თუმცა მალე გაშორდა, რათა კიდევ უფრო წარმატებული Woolworth*-ის მემკვიდე, ბარბარა ჰატონზე დაქორწინებულიყო, იმ დროისათვის მსოფლიოში უმდიდრეს ქალზე. ალექსი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, სულ რაღაც 30 წლის ასაკში.

*Woolworth – პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა ფიქსირებული ფასები მაღაზიაში – ყველაფერი 5 & 10 ცენტად (ახლა უკვე ცნობილი პრაქტიკაა 1 dollar store და 1 euro shop-ებში) და იმ პერიოდში Woolworth უკვე ერთერთი უმდიდრესი ქსელი იყო.

ალექსი მდივანი და ბარბარა ჰატონი

იზაბელ რუსადან (რუსსი) მდივანი (1906-1938)

რუსსი, სკულპტორი, რომელიც 21 წლის ასაკში 51 წლის ესპანელ მხატვარს, ხოზე მარია სერტს გაჰყვა ცოლად. თავის მხრივ, ხოზე მარია სერტი გახლდათ ქმარი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და არტისტთა პარიზული სალონების პატრონის, მისია გოდებსკას, შემდგომში მისია სერტისა.

ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ცოლ-ქმარ მისია და ხოსე სერტებს ერთდროულად შეუყვარდათ მშვენიერი ახალგაზრდა რუსსი მდივანი, თუმცა სამკუთხედმა დიდხანს ვერ გასტანა და თავმოყვარეობაშელახულმა  და უკვე ასაკოვანმა მისიამაც მისი უახლოესი მეგობრის, კოკო შანელისა და ნარკოტიკების გარემოცვაში ამჯობინა დარდის გაქარვება.

ძმების მსგავსად მშვენიერი რუსსიც ადრეულ ასაკში, სულ 32 წლის გარდაიცვალა, მაგრამ არა უბედური შემთხვევის, არამედ ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო (სამწუხაროდ მის ფოტოს ნეტსი ვერსად მივაგენი)

დავით მდივანი (1907-1984)

დავით მდივანმა დედმამიშვილებისგან განსხვავებით 1984 წლამდე იცოცხლა და რამდენიმე ოფიციალური ქორწინებაც მოასწრო. მისი პირველი მეუღლე მსახიობი და მოცეკვავე მეი მიურეი იყო, რომელთანაც შვილიც ეყოლა. მას შემდეგ, რაც დავითმა ცოლი გააბანკროტა, მიურეი გაშორდა მას. დავით მდივანი გარკვეულ ხანს კიდევ ერთ, იმ დროისთვის ცნობილ მსახიობს, არლეტის ხვდებოდა, ხოლო 1944-ში ნავთობის კორპორაცია Sinclair-ის მემკვიდრეზე, ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა და მეორე ვაჟიშვილი, მაიკლიც ეყოლა.

დავით მდივანი და მეი მიურეი

ნინა მდივანი (-1987)

ნინა მდივანს ძმებთან შედარებით, ერთი შეხედვით მოკრძალებული და მშვიდი საქორწინო ბიოგრაფია აქვს. 1925-ში ის იურისტ, ჩარლზ უბერიხზე დაქორწინდა, 11 წლის შემდეგ კი გაშორდა და დენის კონან დოილს, სერ არტურ კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად. დენისის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს კი მესამედ გათხოვდა, ანტონი ჰარვუდზე.

საინტერესო ის არის, რომ მესამედ გათხოვების მიუხედავად, ნინა მდივანს არ ასვენებდა დარდი, რომ კონან დოილების მემკვიდრეობა სათანადოდ ვერ იმართებოდა. დროთა განმავლობაში მან დაიყოლია კონან დოილის (უფროსის) ქვრივი, ასევე მეორე ვაჟის (მაზლის) ქვრივი, შოტლანდიის როიალ ბანკიდან სესხი აიღეს და ბიზნესი წამოიწყეს, თუმცა კრედიტი აღარ დაუბრუნებიათ, რის გამოც, მალე ბიზნესის (და ქონების) გაყიდვა მოუხდათ და კონან დოილების ქონებას დღემდე მისი მყიდველის, ლედი დუნკანის შთამომავლები მართავენ.

ნინა მდივანი და დენის კონან დოილი

საინტერესოა, რა იყო მდივნების ‘წარმატებული’ ქორწინებების საიდუმლო. ზოგიერთ წყაროში აღნიშნავენ, რომ დღეს ამ ოჯახს აუცილებლად შეარქმევდნენ მომხიბვლელთა ოჯახს (Family of the Beautiful) და ამას, ფოტოებიც, უდავოდ ცხადჰყოფს. სავარაუდოდ, ცნობილ და მდიდარ ხალხთან დამეგობრებისა და დამოყვრების წყალობით, მათი კონტაქტები სხვისთვისაც საჭირო და გამოსადეგი იქნებოდა.

მაგრამ, მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ დახვეწილი ქცევისა და ეფექტური გარეგნობის პატრონთ არ გასჭირვებიათ, პარიზელები, უფრო სწორად კი ევროპელები და ამერიკელები ადვილად დაერწმუნებინათ თავიანთ არა მხოლოდ არისტოკრატულ, არამედ სამეფო წარმოშობაშიც და თავი ბოლშევიკების მიერ დევნილ, ქართული წარმოშობის პრინცებად და პრინცესებად გაესაღებინათ.

ასე შევიდა ევროპულ ისტორიაში ამბავი ქართველთა ოჯახისა, სახელით Marrying Mdivanis.

შთაგონებისთვის მადლობა ნატალია ჭუმბურიძეს.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273