Je m'appelle Eka..

March 14th, 2011 by Katiée

რატომ (არ) უნდა გავმრავლდეთ?!

(გამოქვეყნდა ჟურნალი “ტაბულა”-ს ბლოგზეც)

ბავშვობიდან მესმოდა სადღეგრძელოები, სადაც მავანი მავანს (შემდგომში უკვე მეც) უსურვებდა გამრავლებას, “ვითარცა ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავნი”. მეც გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ქართველების გამრავლება საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო და თუ ეს პირობა შესრულდებოდა, მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა. ეს იყო 90’იან წლებში, აფხაზურ-ქართული კონფლიქტის შემდეგ.

—————–
გახსოვთ ალბათ, რუსეთში, 2008 წელს გამოკითხვა რომ ჩაატარეს და ბევრ რუსს საქართველო 50 მილიონი ადამიანით დასახლებული უზარმაზარი ტერიტორია ეგონა.

დაახლოებით მსგავსი წარმოდგენა მქონდა კარგა ხანს რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობაზე და არც მომდიოდა აზრად საქართველო შემედარებინა ისეთი “დიდი” და მდიდარი ქვეყნებისათვის, როგორიც ნორვეგია, დანია, შვეიცარია ან არაბეთის გაერთიანებული საემიროებია.

როცა ინტერნეტი ყველას, მათ შორის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოიჭრა და გაჩენილ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად google.com-ის აკრება ჩვევად მექცა, ცოტა უფრო მეტი დეტალებიც მოვიძიე ქვეყნების შესახებ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ “რაოდენობა ≠ ხარისხს”.

მცირედი სტატისტიკა თვალსაჩინოებისათვის:

ნორვეგია
ფართობი: 385,252 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,944.7 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 84,543 $ (საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2010 წ. მონაცემებით)

შვეიცარია
ფართობი: 41,285 კვ.კმ
მოსახლეობა: 7,785.6 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 67,074 $

დანია
ფართობი: 43,075 კვ.კმ
მოსახლეობა: 5,557.7 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 55,113 $

არაბეთის გაერთიანებული საემიროები
ფართობი: 83,600 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,975.5 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 47,406 $

და
საქართველო
ფართობი: 69,700 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,436.4 ათასი კაცი (2010 წ)
მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) სხვადასხვა მონაცემებით არ აჭარბებს 2,455 $ ერთ სულ მოსახლეზე

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე ქვეყანა (საქართველოს გარდა), ერთ სულ მოსახლეზე მატერიალური კეთილდღეობისა და ცხოვრების სტანდარტის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მოწინავე ადგილებს არ თმობს მსოფლიოში.

საქართველო ამ სიაში 120-ადგილზეა.
გადამწყვეტი სხვაობა კი, როგორც ხედავთ, არც გეოგრაფიულ ფართობშია და არც მოსახლეობის რაოდენობაში. როგორც ჩანს, ქვეყნის განვითარებულობის თუ მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს რაღაც სხვა განსაზღვრავს და “ჩვენი გადარჩენა” არცთუ მთლად პროპორციული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით 2005 წლიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობისა და შობადობის მაჩვენებელი სტაბილურად ზრდადია. საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის ფონზე, ეს უკვე კარგი ამბავია. იმატებს დაქორწინებულთა (ასევე განქორწინებულთა) რიცხვიც.

და მაინც, ხშირად მესმის აღფრთოვანებული შეძახილები, რა მაგარია, ვიღაცამ მე-9 (თუნდაც მე-3) შვილი გააჩინა, ერს ამრავლებსო! უაპელაციო აღფრთოვანებას იმსახურებს მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივაც მე-3 და შემდგომი შვილის მონათვლაზე პატრიარქის მიერ, იმავე არგუმენტით – ერის გამრავლებისთვის კარგი სტიმულიაო. არადა, ვინ ფიქრობს, გვაქვს კი საკმარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სტიმულის მიცემის გარდა რეალურადაც დავეხმაროთ? რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო და რა სოციალურ გარანტიებს სთავაზობს მათ? თუ მთავარი რაოდენობაა?

ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მესამე დედმამიშვილი რომ მყოლოდა, მაგრამ თუ ამ დედმამიშვილს ისე შეხედავდნენ, როგორც ერთ პატარა პაიკს, რომელიც რაღაც დიდი ციფრის ერთ მეხუთმემილიონედს წარმოადგენს და ამითაა მისი არსებობა მნიშვნელოვანი, მაშინ გმადლობთ…

წავიდა ის დრო, როცა ქართველი მტერს პირისპირ, ხმლით ხელში ეგებებოდა და ომში გამარჯვება მოსახლეობის რაოდენობის პირდაპირპროპორციული იყო.

ახლა მსოფლიოში 2011 წელია და კომპიუტერს ამოფარებულმა ერთმა უფერულმა კაცმა მთელი მსოფლიო ააფორიაქა, ისე, რომ ქუდზე კაცის გამოყვანა არ დასჭირვებია.

ახლა საქართველოშიც 2011 წელია და გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში დღეს ოჯახს მე-რომელიღაცა შვილი მოუკვდა შიმშილით

ახლა კამათობენ, რას აჩენდა, თუ რჩენა არ შეეძლოო (შეგახსენებთ, შვილის ყოლა ადამიანის უფლებაა, სიცოცხლე კი – დაბადებული ბავშვის უფლება. ცოლ-ქმარს შორის სექსის ქონაც უფლებაა, სხვათა შორის).
იმასაც ამბობენ, სახელმწიფო რას აკეთებს, მრავალშვილიანებს რატომ არ ეხმარებაო? (და მაშინ ერთშვილიანებმა რა დააშავეს, რომლებსაც არანაკლებ უჭირთ? “მარტოხელა დედებზე” ვინმე დარდობს?)

ძნელია გაარჩიო ამ ამბავში ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ურემი უკვე გადაბრუნდა.

მე ერთი რამის მჯერა: ჩვენი პრობლემა არც ქვეყნის პატარა ფართობია, არც მოსახლეობის მცირე რაოდენობა. შეიძლება ითქვას – არც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჩვენი შეცდომა ჩვენივე აზროვნებაშია: ყველაფერში ვესწრაფვით მეტს, მაშინ, როცა ვერ მიგვიხედავს იმისთვის, რაც გვაქვს. დღეს და ხვალ ჩვენ – თითოეულ მათგანს, თუ ყველას ერთად, – ეკონომიკურ, ინტელექტუალურ, ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა, სადაც გადამწყვეტი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი იქნება.

ვფიქრობ, დროა ჩამოვაყალიბოთ ჩვენივე პრიორიტეტები და ნელნელა შევიცვალოთ აზროვნებაც: გამრავლებიდან განვითარებამდე.

გამრავლებით ბაქტერიებიც მრავლდებიან. თანაც, ჩვენზე სწრაფად.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273