Je m'appelle Eka..

November 25th, 2013 by Katiée

Re-Birth

ჩემ გარშემო ბევრია ადამიანი, რომელიც შაბათ-კვირას გამოძინებისა და განტვირთვის იმედით 5 დღე მოუთმენლად ელოდება, თუმცა ორშაბათს, უმეტესად მაინც ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ეფექტურად ვერ გამოიყენა ვიქენდი.

სრული განტვირთვისათვის იდეალური ალბათ ქალაქგარეთ გასვლაა. მაგრამ თუ ამას ვერ ასწრებ, რა უნდა ქნა? დილას ადრე თუ გაიღვიძებ, ისევ გამოუძინებელი ხარ. გამოიძინებ და – დასვენების დროს აკლდება ძილის საათები და ნანატრი ორი დღე ისე გარბის, თითქოს შაბათ-კვირა არც მოსულა.

აღარაფერს ვამბობ ორი დღის მანძილზე მოსულ მეილებზე, გაცემულ პასუხებზე ან მეილის ვერ-შემოწმების შემთხვევაში ნემსებზე ჯდომასა და იმაზე ფიქრზე, ვაითუ რამე მნიშვნელოვანი დარჩა ყურადღების მიღმა.

შედეგად ორშაბათის წუწუნი და კვირის დასაწყისშივე გადაღლილობა ისევ გარანტირებულია. ხასიათის გარდა კი შრომის ეფექტურობაზეც აისახება ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან.

გამოსავალი არც ისე ბევრია, თუმცა ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე მარტიფი და ეფექტური მეთოდი მაინც არსებობს ძალების მოსაკრებად და ტვინის გადასატვირთად, ქალაქიდან გაუსვლელად.

1). პირველ რიგში, აირჩიეთ ერთი დღე, შაბათი ან კვირა (თუ ჩემსავით ფიქრობთ, რომ ორივე დღის სრულად დასასვენებლად გამოყენება მაინც არ გამოვა);

2). ნუ გამოიძინებთ 12-მდე და 1-მდე. უბრალოდ გაიღვიძეთ ოდნავ უფრო გვიან, ვიდრე ჩვეულებრივ, ვთქვათ – 10ზე. სამაგიეროდ დაიძინეთ ადრე, ეს უფრო დაგეხმარებათ ძილის  კომპენსაციაში, ვიდრე შუადღემდე ლოგინში ყოფნა. თან, გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნურ განათებაზე (და მითუმეტეს მონიტორის წინ) თვალები და მთელი ნერვული სისტემა უფრო იძაბება და იღლება, ვიდრე ბუნებრივზე. თუნდაც ამიტომ ჯობია დილის ძილს ღამის;

3). გაღვიძებისთანავე ნუ ჩართავთ კომპიუტერს, ნურც მობილურ ინტერნეტს. უარეს შემთხვევაში კორპორატიულ მეილში ამოყოფთ თავს, უკეთეს შემთხვევაში კი – ფეისბუქში, რომელიც დიდ დროსთან ერთად უფრო მეტ ენერგიას წაგართმევთ: პოლიტიკა, ნიუსები, ჩატები, სამართავი ფეიჯები და ა.შ.;

4). ნუ ივლით სახლში პიჟამით, მერე რა, რომ ვიკენდია. ჯობია შხაპში სწრაფად გამოფხიზლდეთ, მერე გაიპრანჭოთ და გარეთ გასასვლელად მოემზადოთ;

5). წასასვლელად აირჩიეთ ადგილი, სადაც წინა კვირის, ან კვირების მანძილზე არ ყოფილხართ. თუ კაფე-რესტორან-ბარში წასვლას გადაწყვეტთ, უმჯობესია ისეთი იყოს, სადაც დიდი ხანია ან ჯერ საერთოდ არ ყოფილხართ. ამით შეიქმნით განწყობას, რომ ვიკენდი განსხვავებული იყო და ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის ასე აჯობებს. ამავე მიზნით, შეიძლება გული არ დაიწყვიტოთ, თუ ოჯახის ან ახლო მეგობრების სავიკენდო გეგმები თქვენსას არ დაემთხვა. ყოველთვის შეიძლება მოძებნოთ ერთი თანამოაზრე, თუნდაც უცხო – მით უკეთესი;

6). მე-5 პუნქტში ხსენებულ ადგილას წასვლას დაგეგმეთ დღისით, სანამ მზეა და არა საღამოს. საღამოს სადმე წასვლით შაბათ-კვირა თითქმის აღარაფრით იქნება სხვა დღეებისგან განსხვავებული, ამას ხომ კვირის დღეებშიც ახერხებდით? ჩვენ კი რაღაც განსხვავებული გვჭირდება;

7). წინა პუნქტში დღის სინათლე შემთხვევით არ მიხსენებია. მზის შუქი ჩვენს ორგანიზმს ისევე სჭირდება, როგორც მცენარეებს. აბა დაითვალეთ, ორშაბათიდან კვირამდე რამდენ წუთს ეფიცხებით მზეს (თუნდაც ცივ მზეს)? თუ თქვენი ოფისის ფანჯარა მზიან მხარესაა, სავარაუდოდ ჟალუზები გექნებათ დახურული, სხვაგვარად აუცილებლად შეგაჭყიტებთ ან კომპიუტერის ეკრანი აირეკლავს. სამსახურიდან დაბრუნებული კი, რაც არ უნდა ადრე სრულდებოდეს თქვენი სამუშაო დრო, ალბათ სულ რამდენიმე წუთით მოასწრებთ ‘მზეზე დატენვას’. ამიტომ, ‘სად წავიდეთ’ კითხვაზე, აუცილებლად აირჩიეთ ადგილი, სადაც მზე და დღის შუქია, თუნდაც ღრუბლიან ამინდში. დასხედით გარეთ კაფეში, ან ფანჯარასთან, გაისეირნეთ პარკში (ვისაც ბავშვი ჰყავს, მათ ალბათ ისედაც უწევთ), ან უბრალოდ გაიარეთ ქუჩა ფეხით და არა მანქანით/ტრანსპორტით;

8). წადით საუნაში, გოგირდის აბანოში (უცხოელები რომ გიჟდებიან და ქართველები რომ არ დავდივართ საეჭვო რეპუტაციის გამო:D), ან აუზზე, სადაც ფიზიკურ განტვირთვასაც მოახერხებთ, თუნდაც 1-2 საათით; ან ვთქვათ, ტაილანდურ მასაჟზე, მაგალითად ლოტუსში (წინასწარ თუ დაგეგმავთ, ფასდაკლების საიტებზე ყოველთვის აქვთ აქციები და ძვირი არ დაგიჯდებათ. ნამდვილად ღირს, თქვენი ჯანმრთელობისთვის);

9). შოპინგი, სექსი და განტვირთვის სხვა ისედაც ცნობილი მეთოდები, ისედაც იგულისხმება.

კიდევ ბევრი სასარგებლო იდეაა, ახლა არ მახსენდება. არ დაიზაროთ და დაწერეთ კომენტარებში.

წარმატებულ კვირას გისურვებთ.

sunny

 


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273