დღეს საღამოს “გამიმართლა” და ვუყურე, უფრო სწორად, ვუსმინე ტელევიზორს, თანაც, ერთბაშად მთელი სამი საათი: საღამოს 9-დან 12-მდე.
ჩართვისთანავე, კურიერმა მოგვახარა, რომ ორიოდ კვირის წინ თბილისში მომხდარი 2 ტერორისტული აფეთქების ორგანიზატორები დააკავეს, რომლებიც რუსი გენერლის დაკვეთით მოქმედებდნენ. ვაშა! ბრავო! ძალიან კარგი! ცუდი რა მეთქმის, გამიხარდა.
მაგრამ აი, როდესაც ამას რუსთავი2-ის ჟურნალისტის მიერ ასაფეთქებელ ნივთიერება ჰექსოგენზე დეტალური ინფორმაცია, ხოლო მოგვიანებით კი პოლიციელის ფორმიანი მამაკაცის მიერ ფანტასტიურად ვიზუალიზებული ტუტორიალი მოჰყვა “როგორ დავამზადოთ ბომბი საოჯახო პირობებში”, + მცირე “ნამიოკით”, რომ ეს ნივთიერება ტარაკნების და ვირთხების გადაწყვეტადაც იხმარება (და შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იქაც მიაგნონო), აი ჩემმა ჩამოვარდნილმა ყბამ იატაკს და აღშფოთებამ უკვე პიკს მიაღწია :O
გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს ჟურნალისტებმა ჩეჩენი ტერორისტების გადაადგილების მარშრუტი გაამჟღავნეს და რუსეთს ჩვენი ტეროტორიის დაბომბვა “გაუპრავეს”. ამ ამბიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ჟურნალისტებთან ერთად სემინარზე ვიყავი, მთავარი თემის – “მედია და სახელმწიფო ინტერესები” ფარგლებში ვცდილობდით, უფრო სწორად, ექსპერტები/იურისტები ცდილობდნენ აეხსნათ, როდის და რატომ უნდა დააჭირო ენას კბილი და არ დაგიბინდოს გონება იმან, რომ ხელთ სკანდალური, საუკეთესოდ გაყიდვადი საიდუმლო ინფორმაცია გაქვს. რომ ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, შენ ეს საიდუმლო ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირმა გაგიმჟღავნა დაუდევრობით ან უტვინობით, თუ გუშინ ღამით, სიგარეტის მოწევისას გაგიმხილა საყვარელმა (სხვათა შორის ეს ბლოგერებზეც ვრცელდება და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ინტერნეტით ავრცელებს ინფორმაციას. ნათელი მაგალითი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მავანთა მიერ დაუდევრად დაწერილი სტრატეგიული მნიშვნელობის ცნობები ფორუმ.გე-ზე).
ცოტა ხანში “ნანუკას შოუ” დაიწყო იმედზე და ჯეოსტარიდან გაგდებული თავდაჯერებული ანი სირაძის ხათრით ეს გადაცემაც “შემომეყურა”. გადაცემის შუაგულში ნანუკასთან სტუმრად იამაიკაში მცხოვრები, მართლაც არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარი, ეთერ ჭკადუა იყო, რომელმაც, წამყვანის ხელშეწყობით, დიალოგის ბოლო და მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დაუთმო მარიხუანას, ა, ბოდიში, პლანის (წამყვანის სტილი რომ დავიცვათ) პოპულარიზაციას. პიკს კი ამ ყველაფერმა მაშინ მიაღწია, როცა განიხილეს, ნეტავ მოუწევიათ თუ არა ჩვენს მინისტრებს პლანი და დაასკვნეს, რომ “მოწეული ექნებათ, აბა რა იქნება, ახალგაზრდები არიან და თუ არ მოუწევიათ, სირცხვილიცააო!” (აქ გამარჯვებულის ირონიული სიცილი და რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები არ დავიწყებიათ!)
შეგახსენებთ, მარიხუანა (იგივე პლანი) ისევეა აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით (და ამისთვის ხალხს არა მარტო აჯარიმებენ, საპროცესო შეთანხმებებს უფორმებენ, ციხეშიც სვამენ), როგორც “გერაინი” (ისევ წამყვანის სტილის დაურღვევლად), როგორც არასრულწლოვანთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი, როგორც ცოლის ცემა და უამრავი რამ, რაც შესაძლოა ვიღაცისთვის ნორმალურია, მაგრამ ჯერჯერობით(!) საქართველოში დაშვებული არ არის!
და სანამ დაშვებული არ არის, მისი ტელევიზიით პოპულარიზაცია გაუმართლებელია!

საერთოდ გაუმართლებელია ნებისმიერი ინფორმაციის გაშვება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი და მიაწოდოს ცალმხრივი ცნობები ამა თუ იმ პროდუქტზე, იქნება ეს პლანი, ჩვეულებრივი მედიკამენტი თუ ულტიმეტ ჩოფერი.
ცალმხრივად გაშუქება (პირდაპირი ფასიანი რეკლამის გარდა) გაუმართლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც ლეგალიზებულია, თუნდაც სიგარეტი, ალკოჰოლი, არავინ კრძალავს, მაგრამ არავინ დაობს მის უარყოფით თვისებებზე. გამაფრთხილებელი წარწერები გვერდითი მოვლენებისა და უკურეაქციების შესახებ სამკურნალო მედიკამენტებსაც კი ახლავს თან.
და თუ ეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პრელუდიაა, მაშინ ჯერ ლეგალური გახდეს, ბატონებო და მერე გაუწიეთ პოპულარიზაცია ტელევიზიით, თან ისეთ გადაცემაში, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოზარდი თაობაც უყურებს და არა მარტო დიასახლისები. ან დიალოგს მიეცით სამეცნიერო დისკუსიის სახე, დასვით მომხრეც და მოწინააღმდეგეც, რომ მსმენელს არჩევანის საშუალება მიეცეს.
პოსტის გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ გადავხედე ფბ-სტატუსებს, ველოდი, იქნებ ერთი-ორი ჩემნაირი აღშფოთებული გამოჩნდეს-თქო. ერთი ძლივს ვიპოვე და ისიც ნანუკას მიერ ნახსენებ სიტყვა “ზანგს” აპროტესტებდა. ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩემზე უკეთ ჰექსე, ლაშარელა ან ვასასი აღშფოთდეს-თქო, მაგრამ აღარც იმათ დაველოდე.
აქვე განვმარტავ, რომ ეს პოსტი მიზნად არ ისახავს მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის მიზანშეწონილობის განხილვას (ეს ცალკე თემაა). აქ მხოლოდ მედიის არაკომპეტენტურობაზე მინდოდა ხაზი გამესვა, რაც, კლების ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. ამ თემაზე, მოხარული ვიქნები, თქვენი კომენტარებიც ვიხილო.
და ბოლოს, ეპილოგის ნაცვლად:
ერთხელ, ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, წლების მანძილზე ვეწევი პლანს, დღეში 5-ჯერ, მეტყობა, რომ რამე მიქნაო? ვუყურებდი არეულ სახეს და ნახევრადჩაცვენილ კბილებს და ერთი ცნობილი ამბის თუ ანეკდოტისა არ იყოს, მომინდა მეთქვა: “გაუგიჟებიხარ და მეტი რაღა უნდა გიქნას-თქო”.









მახსოვს რ2-ზე ერთხელ ასევე წარმატებით აჩვენეს წამლის დამზადების რეცეპტი, ანუ აფთიაქში არსებული წამლების მიქსით როგორ შეიძლება გაიჩხიროთ წამალი
მე სამწუხაროდ არ მიყურებია გუშინ ტელევიზორისთვის და ვერ გამოვეხმაურე შესაბამისად
როგორ მიყვარს შენი კრიტიკული პოსტები რომ იცოდე :****
ჰო ჰო, აი ეგ როგორ დამავიწყდა, ვინტი და ჯეფი რომ ახსნეს, როგორ მზადდება. ვითომ ის არ კმარა, ისედაც რომ იციან და ახლა ოფიციალური რეცეპტი დადეს :|
ნანუკას შოუს არ ვუყურებ. საერთოდ, ტოკ-შოუებს, ნერვები მეშლება :)
კურიერი კი იყო ჩართული და ამ ტუტორიალის გამო შინ ვამბობდით მერე.. ამას წინათაც იყო მსგავსი და პირველად მაშინ გავოცდი.
ძალიან კარგია, რომ დაწერე! მაგრამ ისევ ჩვენ ვკითხულობთ. იქ, ტელევიზიაში ვინ მიაწვდენს ხმას და უფრო მეტიც, მოსთხოვს?!
მე სწორედ “ზანგის” გამო ვუყურე,
არ მიკვირს, არავის არაფერი რომ უთქვამს, აღარაა გასაკვირი.
ეს ქალი ყველანაირ სიმდაბლეზეა წამსვლელი, “ლიჟბი” გადაცემა “გაყიდოს”.
გუშინ ვიჯექი და ვფიქრობდი, თქვას, რომ ვერ ხვდება რა იმბეცილივით იქცევა და სულ შევეშვები-მეთქი, მაგრამ არა, დარწმუნებული ვარ, ამასაც თუ წაიკითხავს, მხოლოდ იმას გაიგებს, რაც აწყობს, ვერ მიხვდება, რა დააშავა. ვერ აცნობიერებს, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია. ამისგან არ მიკვირს, ღამის შოუს სტუდიისა გამკვირვებია და დათო გოგიჩაიშვილის.
http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=166998846670532&id=133430063787
არ შევმცდარვარ ))
ზურ, რა გიკვირს დათოსი? სოდში რომ დაგიბარონ და გითხრან შენი სტუდიის ლოგოთი გავა გადაცემა და შენც მაგაში მოგება დაგრჩებაო, წინააღმდეგი წახვალ? ნუ მაშინ იმ სტუდიასაც მიგიკეტავენ და ეგ იქნება
რაც შეეხება ნარკოტიკის დამზადებას ან ასაფეთქებლის, ნეტში მაგის გაკვეთილები უამრავია და ორგანული ქიმიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოში წერია.
მარიხუანა გამისინჯავს და ვთვლი რომ კარგი ანტიდეპრესანტია გააჩნია დოზებს და რეგულაციას, ერთია ჩემი აზრი და მეორე ტელევიზიით პოპულარიზაცია. ჟურნალისტური ეთიკა გულისხმობს ნეიტრალურობას და პირადისაგან ობიექტურის გარჩევას. ნანუკას მეტყველაბამ გამაღიზიანა თან, მითუმეტეს ჭკადუას გამართული ქართულის ფონზე.
ჯაშუშებზე ისტერია კიდევ მინიმუმ 100ჯერ მაინც გაბუქებულია, და რუსეთის მტელი აგენტურისგაშიფვრას კიდევ ბევრი მუშაობა და ლუსტრაციის კანონი ჭირდება, ორი სპეცოპერაცია არ ეყოფა. რაც გაკეტდა გადასარევია მაგრამ ამდენი ტრაბახიც არ გვინდა.
ძრიტადად არ ვუყურებ ტელევიზიან და რაც შემომეყურა, იგივე მალაქიაზე სიუჟეტი, საოცრად ტენდენციურია და კიდევ ერტხელ მიკარგავს ტელევიზორის ცჰართვის სურვილს..
ჰო, ეგ არგუმენტი იყო, ვისაც უნდა, ისედაც იპოვის ნეტშიო. ვისაც უნდა, ისედაც მოწევსო.
გეთანხმები, ზოგადად მასეა, თუ მოინდომე, ყველაფერს იპოვი და გაარკვევ,
მაგრამ ტვ აღვივებს ინტერესს, ხოლო გატელევიზორებული ადამიანები არიან მისაბაძი ობიექტები, არა ყველასთვის, მაგრამ ზოგიერთისთვის მაინც.
ტვ-ში ნანახის გამეორების სურვილი რომ ბევრს უჩნდება, ესეც ცნობილია.
მე მყავს 2 მეგობარი, ერთს 7 თითი ადკლია ათიდან, მეორეს 3. ერთს ლიმონკა აუფეთქდა ბავშვობაში, მეორეს – ხელნაკეთი ბომბი.
კიდევ რამდენია, რომელიც გადარჩა თითების წაცლას და კიდევ რამდენია, ვინც შეიძლება ასეთ სისულელეს უყუროს და სცადოს.
რამდენია, ვინც არ იცის მარიხუანას pros and cons და ასეთი ცალმხრივი ინფორმაცია განუმტკიცებს აზრს, რომ ეს უვნებელია, შეჩვევას არ იწვევს და ა.შ.
” კარგი ანტიდეპრესანტია გააჩნია დოზებს და რეგულაციას”
ზუსტად, რასაც შენ ამბობ. “მაგრამ” და “თუმცა” აქვს ყველაფერს, ამიტომ უამისოდ ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება.
ამიტომაც აწერია სიგარეტს, რომ “მოწევა კლავს”, მედიკამენტის რეკლამის ბოლოს კი ამბობენ “გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს”.
ამიტომაც ვამბობ რომ ჟურნალისტმა პირადის(სუბიექტურის) და ობიექტურის განსხვავება უნდა იცოდეს. სხვანაირად არაა ჟUრნალისტი.
კანონის დარღვევის პირდაპირი და არაპირდაპირი მოწოდებები უნდა ისჯებოდეს. მე ცალსახად არ მომწონს ნანუკა და მისი გადაცემები არა უშუალობისა და სიყალბის, ტენდენციურობის გამო. მაგრამ სადაა ზღვარი პირადი აზრის გამოთქმასა და აგიტაციას შორის?
ყველაფერი რასაც ტელევიზია გადმოსცემს აგიტაციაა?
ეთერ ჭკადუამ გამოთქვა ტავისი აზრი. მაგრამ გამოთქვა პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ათასები უყურებენ. აი წამყვანს რომ საწინააღმდეგოც მოეყვანა და ბალანსი დაეცვა მაშინ იქნებოდა ობიექტურობა დაცული.
ცოტა რთული თემაა. არ ვიცი კანონი როგორ არეგულირებს ამას.
გოგოებო, შეიხედეთ ნანუკას შოუს ფეიჯზე, უამრავ პლანისფოთლებიან ავატარს ნახავთ, რომლებიც ნანუკას მადლობას უხდიან იმისთვის, რომ ასეთი უკომპლექსო და თანამედროვეა. ალბათ იმისთვისაც, რომ, “როგორც იქნა, ვიღაცამ სიმართლე ხმამაღლა თქვა”. ასეთავატარიანთა ასაკი 15 წლამდეა, დაახლოებით.
მარიხუანა სიცოცხლის ელექსირად წარმოადგინეს. ნწ ნწ ნწ
ჰოო, ძალიან ზუსტად თქვი, დასაბალანსებლად სრულიად საკმარისი იყო წამყვანს ეაქტიურა და ექსპერტის მოწვევა ნამდვილად არ იქნებოდა საჭირო.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამის საჭიროებას და ამ პასუხისმგებლობას არავინ გრძნობს და ეს შოუ გამონაკლისი ნამდვილად არაა :|
რა ნიჭიერი და დაკვირვებული მეგობარი მყავს რა. :)
P.ს. ვესტუმრე თუარა ბლოგს ეგრევე ქარბუქი ამოვარდა. :D
:D :D :D
აბააა, თან რას უბერავს, თვალებში გაყრის თოვლს. და ეს რა არის, ადმინშიც თოვს, მარტო ბლოგზე კი არა :D
დაკაწილის :(
მახსოვს, უშიშროების სხდომის დამთავრების შემდეგ, ლიფტიდან გამოსვლის დროს, ჟურნალისტი სხდომის მონაწილეს ეცა და პირდაპირ ეთერში (!) კითხვა დაუსვა საქართველოს უშიშროების საკითხზე. პასუხმაც არ დააყოვნა და ეს პირდაპირ ეთერში სატელიტზე გავიდა. თუ კარგად მახსოვს ამის შემდეგ მალე უშიშროების საბჭოს მდივანმა თავი მოიკლა. ამ თემაზე თუ სხვა რამეზე ეგ აღარ ვიცი. ჟურნალისტები ხშირად მაგრად სცოდავენ და არანაირი ეთიკა აღარ აქვთ.
რა ქნას ნანუკა ჟორჟოლიანმა. სერიოზული კონკურენტი ყავს რუსთავზე, მაიკო ასათიანის სახით და ხომ უნდა აჯობოს :(
მართლა მარაზმს დაემსგავსა ჩვენი ტელელევიზიები :(….