Je m'appelle Eka..

February 24th, 2012 by Katiée

როგორ ვიშოვოთ სამსახური

“…— რას აკეთებ პარიზში? — ჰკითხა ფორესტიემ.
დჲურუამ მხრები აიჩეჩა.
— უბრალოდ რომ გითხრა, შიმშილით ვკვდები. სამსახური რომ გავათავე, პარიზისაკენ წამოვედი… ბედის საძებნელად, უფრო კი საცხოვრებლად. აგერ ექვსი თვეა ჩრდილოეთის რკინიგზის სამმართველოში ვმსახურობ და წელიწადში ათას ხუთას ფრანკს ვიღებ, მეტი არაფერი.
— მაშ მსუქნად ვერ ყოფილხარ, _ წაიჩურჩულა ფორესტიემ.
— აგრეა. მაგრამ მეტი როგორ ვიშოვო? მარტო ვარ. არც ნაცნობი მყავს, არც მფარველი. სურვილი დიდი მაქვს, შემიძლია კიდევაც, მაგრამ მოსარჩლე არავინა მყავს, რომ გზა მიჩვენოს.
მეგობარმა ისე შეათვალიერა თავითფეხამდე, თითქო აფასებდა, და დაჯერებული ხმით უთხრა:
— იცი რას გეტყვი, ჩემო კარგო? აქ ყველაფერი ფახით და რიხით კეთდება. ხელმარჯვე და მოხერხებული კაცი მინისტრობას უფრო ადვილად იშოვის, ვიდრე საქმეთა მმართველის ალაგს. ოღონდ საჭიროა შთაბეჭდილება მოახდინო და არასოდეს არ ითხოვო. მაინც მაგაზე უკეთესი ალაგი როგორ ვერ იშოვე?
— ყველგან ვეძებ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, — მიუგო დჲურუამ. — ამჟამად ზოგი რამ მაინც მეგულება. პელერენის მანეჟში მთხოვენ ცხენოსნობის მასწავლებლად შევიდე. სულ ცოტა, სამი ათას ფრანკს მომცემენ.
ფორესტიე შედგა.
— ათი ათასიც რომ მოგცენ, მაგ სისულელეს ნუ ჩაიდენ. ამ ნაბიჯით უცებ ჩაიკეტავ მომავლის კარს. ახლანდელ სამსახურში დამალული მაინცა ხარ. არავინ არ გიცნობს, და თუ ძალა შეგწევს, შეგიძლია გამოხვიდე და სხვა გზა იპოვო. მაგრამ თუ ცხენოსნობა დაიწყე, მაშინვე გათავდები. ეგ ხელობა უდრის მეტრდოტელად დადგომას იმ სასტუმროში, სადაც მთელი პარიზი სადილობს. თუ ცხენოსნობას წარჩინებულთა და მათ შვილებს ასწავლი, არასოდეს ისინი თავიანთ ტოლად აღარ მიგიჩნევენ. — გაჩუმდა, ცოტა ხანს დაფიქრდა და ჰკითხა: — ბაკალავრის გამოცდა ჩაბარებული გაქვს?
— არა. ორჯერ ჩამჭრეს.
— ეგ უმნიშვნელოა, რადგან კურსი უკვე გავლილი გაქვს. თუ ვინიცობაა ციცერონზე ან ტიბერიუსზე ჩამოვარდა სიტყვა, დაახლოებით მაინც ხომ იცი, ვინ იყვნენ?
— ვიცი, დაახლოებით.
— ძალიან კარგი. მაგაზე მეტი არც სხვებმა იციან, გარდა ოციოდე უნიჭოსი, რომელთაც სხვა არაფერი შეუძლიათ. სულაც არ არის ძნელი ჭკვიან კაცად მოაჩვენო თავი. უმთავრესი ის არის, რომ უმეცრებაში არ დაგიჭირონ. მოხერხებული უნდა იყო, ძნელს მოერიდო, დაბრკოლებას მოუარო და საენციკლოპედიო ლექსიკონი დროზე იხმარო. ყველანი ბატებივით სულელები და თევზივით უმეცრები არიან…”

გი დე მოპასანი
“ლამაზი მეგობარი”


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273