Je m'appelle Eka..

July 23rd, 2010 by Katiée

სამძიმარი შატილს, მთას და მთელს საქართველოს…

თავიდან.

2007 წლის ოქტომბერი იყო. 2 კვირაში გერმანიაში მივდიოდი, მთელი ერთი წლით, ნოსტალგია უკვე წინასწარ მქონდა ყელში ბურთივით გაჩხერილი.

ერთ დღეს პაატამ მომწერა, 2 დღით შატილში მივდივართ, 1 ადგილი მაქვს და უნდა წამოხვიდეო. პაატას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ შატილში სულ სხვა პაატა გავიცანი, სამშობლოზე და განსაკუთრებით მთაზე შეყვარებული პაატა. მაგრამ ეს ამბავი პაატაზე არაა. ეს ამბავი სხვა ადამიანებზეა, ვინც იქ პირველად ვნახე და შემიყვარდა.

ეს არ იყო უბრალო ექსკურსია, სადაც ადამიანები გაერთობიან და შემდეგ ერთმანეთს მხოლოდ სურათებით იხსენებენ. ეს იყო დაუვიწყარი 2 დღე დანარჩენ საქართველოს სრულიად მოწყვეტილ მხარეში – პირიქითა ხევსურეთში.

შატილი

იქ, სადაც არ იყო ინტერნეტი, იქ, სადაც არ იჭერდა არცერთი მობილური, იქ, სადაც წლის განმავლობაში 6 თვე ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან მიმოსვლაც კი წყდება, არის რამდენიმე ულამაზესი, ადამიანებისგან თითქმის მთლიანად დაცლილი სოფელი: შატილი, არდოტი, მუცო.

იქ მაინც არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი კლდეები, კლდეში შეზრდილი ციხექალაქები და მთის შლეგი მდინარეები მთელ დანარჩენ ე.წ. “ცივილიზებულ” სამყაროს ურჩევნიათ. ასეთი ადამიანებიდან ერთ-ერთი გელა დაიაურია.


გელა დაიაური იყო სკოლის დირექტორი შატილში. ამ სკოლა-ინტერნატში ვათევდით ჩვენც ღამეს. სკოლა რამდენიმე წლის წინ გერმანელებმა აღადგინეს და სულ 5-6 ბავშვი სწავლობდა. მაგრამ სკოლა მაინც არსებობდა და 5 მოსწავლით და დირექტორით უნარჩუნებდა სიცოცხლეს ყველასგან მიტოვებულ შატილს.

გელა იყო ჩვენი გიდი, ჩვენი მასპინძელი, ჩვენი პოეტი, ჩვენი მწერალი, ჩვენი მოამბე, ჩვენი თამადა, ჩვენი ყველაფერი შატილში. გაოგნებული ვუსმენდით მის სიმღერას, რომლის ტექსტები ხშირად ნაცნობი იყო, გვახსენდებოდა, რომ ხშირად მასხრადაც აგვიგდია ეს სიმღერები, როცა გადაკეთებული ავტობუსში ან ბაზრობაზე მოგვისმენია. ახლა კი ორიგინალს ვისმენდით, ხევსურის შესრულებულს, ვგრძნობდით იმ სულს, სიყვარულს, ტკივილს, სევდას, სიხარულს, სიამაყეს, სიმტკიცეს რაც ალბათ თითოეული ხევსურის გულშია და რის შესახებაც აქამდე მარტო წიგნებში გვქონდა წაკითხული.

ჩვენთან ერთად ჯგუფში ერთი თიანეთელი გოგონა, თეონაც იყო. თეონა ქუმსიაშვილი.

თეონაც მღეროდა. სევდიანად და თან თვალების ციმციმით. თითქოს გელა თავის ბალალაიკით და თეონა თავისი ჩონგურით ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, ჩვენ კი ამ პაექრობა-კონცერტის მაყურებლად ვიქეცით.

შემდეგ იყო მთის წვერზე გაშლილი არდოტი ერთადერთი შემორჩენილი ოჯახით, დილის ხინკალი რუხი ცომით და ცხელი ერბოთი. შემდეგ კლდის წვერზე მოკალათებული, უკაცრიელი და დანგრევისპირას მისული მუცო. შემდეგ მდინარის ფსკერიდან ამოღებული დამარილებული ჯიხვის ხორცი და მწვადები, შემდეგ ისევ სიმღერა, სიმღერა, სიმღერა…

შემდეგ იყო თბილისი. მე უკვე გერმანიისთვის ბარგს ვალაგებდი, როცა პაატამ ისევ მომწერა, იცი ახლა სად ვარო? გელას და თეონას ნიშნობაზეო! ძლივს დავიჯერე, ასე მალე? ისინი ხომ მანამდე ერთმანეთს მხოლოდ არტ-გენიდან იცნობდნენ. უცებ იპოვეს ერთმანეთი და მალევე შეუღლდნენ ♥

გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი (c) Paata.Ge

მალე შვილი ეყოლათ. დემეტრე. შემდეგ მეორე, 9 თვის წინ. ყველაფერი კარგად იყო.

დღეს.

დღეს 23 ივლისია. წუხელ საღამოს ხევსურეთში, სოფ. მუცოსთან ტრაგედია დატრიალდა. ათენგენობაზე მიმავალ ავტომობილში, რომელიც წყალში გადავარდა 10 ადამიანი იჯდა, აქედან 7 დაიღუპა. მათ შორის თეონა ქუმსიაშვილი, მისი 9 თვის შვილი. დაიღუპა თეონას დაც. დაიღუპა საჭესთან მჯდომი ბერდია არაბულიც, მისი მეუღლე და 4 თვის ბავშვიც. გადარჩა გელა, თეონას ძმა და ნათესავი გოგონა. სამივე მძიმე მდგომარეობაშია. თეონას და გელას უფროს შვილს, დემეტრეს, ჯერაც ეძებენ.

არ ვიცი რა უნდა თქვას ადამიანმა ასეთ დროს. გაოგნებული ვზივარ. მახსენდება ამ ადამიანებთან ჩემი სულ რაღაც 2 დღიანი ურთიერთობის ყველა წუთი და ყელში ბურთი მეჩხირება, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ჩართული მაქვს გელას და თეონას სიმღერები და არ ვიცი, რა უნდა უთხრან ასეთ დროს გელას, თეონას ძმას და მათ ახლობლებს. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ხევსურეთმა, მთამ და საქართველომ ძალიან კარგი და საჭირო ადამიანები დაკარგა.

ღმერთო, დაუმკვიდრე მათ საუკუნო სასუფეველი და მიეცი ცოცხლებს ძალა და სულიერი სიმტკიცე…


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273