Je m'appelle Eka..

July 19th, 2011 by Katiée

შური

დიდი ხანია ვოცნებობ ფართე ფორმატიან კამერაზე და კვადრატული ფოტოების გადაღებაზე. როგორც იქნა, რამდენიმე თვის წინ ყველაზე იაფი ფართე ფორმატიანი კამერა – ჰოლგა გამოვიწერე, სულ რაღაც 27 დოლარად, 2 ფირიც გადავიღე და დავდე. ისე დავდე, რომ ფირები ჯერაც არ გამიმჟღავნებია. თავს ვიმშვიდებ, რომ დამავიწყდება რა გადავიღე და შემდეგ უფრო გამიხარდება, დავიწყებული კადრების ნახვა.

დღეს ფეისბუქზე ერთი, ძველი ნაცნობის, ჯგუფელის პროფილზე შევიხედე. ეს გოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და დალაგებული ქვეყნიდან იყო, ჩემი აზრით ლამაზი, საკმაოდ ჭკვიანი და როცა უხასიათოდ ან გაბრაზებული არ იყო, მხიარულიც კი ეთქმოდა:D

ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე. ჰოდა, არ დაიჯერებთ და, ამ გოგოს მუდმივად ჩემი, უფრო სწორად კი, ჩვენი – ქართველების შურდა. კი არ ვგრძნობდით ან გვეჩვენებოდა, თვითონვე ამბობდა :D ხან ბოროტი თვალებით მგმირავდა, ხანაც მთვრალი მოვიდოდა, ჩამეხუტებოდა და შენ არ იცი რა ადამიანი ხარო, მეუბნებოდა :D მოკლედ, ამ გოგომ მოახერხა და ჩემს (და არა მხოლოდ ჩემს) თვალში შერეკილის სტატუსი სამართლიანად დაიმკვიდრა.

ჰო, მთავარი დამავიწყდა, დასანახად ვერ იტანდა ჩემს ფოტოაპარატს და ვერბალურად თუ წერილობით, ხაზს უსვამდა, რომ “ძვირფასი და კარგი ფოტოაპარატი რომ ჰქონდეს, არაჩვეულებრივ ფოტოებს გადაიღებდა”. მე კი სულ ვამშვიდებდი, რომ ჩემი ფოტოები სულაც არ არის არაჩვეულებრივი, კარგი ფოტოს გადაღება კი ჩვეულებრივი ‘სასაპნითაც’ შეიძლება.

გამოხდა ხანი, ჩვენი ნაცნობობა ფეისბუქით გაგრძელდა. ერთ დღესაც (ასე, 1 წლის წინ) აღმოვაჩინე, რომ მეგობრებიდან წავუშლივარ, მერე კი მივხვდი, რომ მე დამბლოკა :D თუმცა ბლოგზე წერას დღესაც აგრძელებს და მეც, ასე თუ ისე, updated ვარ, რა ხდება მის თავს.

ჰოდა, აი დღეს მის გვერდზე შევიხედე და აღმოვაჩინე, რომ iPhone-ით, რომელსაც რაღაც, კვადრატული ფოტოების გადასაღები აპლიკაცია ჰქონია და შედეგი ძალიან ჰგავს ფირით ნამუშევარს, ისეთი მშვენიერი ფოტოები აქვს გადაღებული, მე რომ არც დამესიზმრება.

ვუყურე ვუყურე და მივხვდი, რომ გულწრფელად შემშურდა. შემშურდა, რომ მან უფრო გვიან მოინდომა და უფრო მალე გააკეთა ის მარტივი რაღაც, რაც უნდოდა, ჩემი ჰოლგა კი დღესაც კარადაში დევს, შიგ ჩახვეული, ალბათ უკვე ობმოდებული ფირით :)

ისე, რომ იცოდეთ, რა ბედნიერი იქნებოდა, გაეგო, რომ ამ ერთხელ მე მშურს მისი :D :D :D

P.S. ეს კი ის ფოტოებია, როგორებიც Holga-თი უნდა გადავიღო, ოდესმე :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273