Je m'appelle Eka..

April 6th, 2011 by Katiée

“არც მაგონდები, არც გელოდები, არც ფიქრებში მეორდები”

ერთი ბიჭი იყო, რომელიც ბავშვობაში საშინლად არ მომწონდა. ყველგან დედასთან ერთად ჩანდა და მღეროდა, მღეროდა, სულ მღეროდა, მაღალ ხმაზე, თვალებანთებული, სამშობლოზე, პატრიოტიზმე. თან სულ ერთსა და იმავეს. ან უბრალოდ ერთი სიმღერა ჰქონდა მარტო.

დრო გავიდა. ეს ბიჭი ჰორიზონტიდან გაქრა, მაგრამ არ დამვიწყებია. სტუდენტობისას არტგენზე ვნახე, უფრო სწორად, სახელი და გვარი გავიგონე და ვიცანი და თვალებს ძლივს დავუჯერე.

ისევ მღეროდა, ოღონდ ახლა სულ სხვანაირად, უცნაური სიტყვებით. არც წვიმს, არც მაგონდები, არც მენატრები, არც გელოდები, არც ფიქრებში მეორდები. სანაცვლოდ ატომური სადგურებიო, ჩერნობილიო, ტექნოლოგიები და გალაქტიკებიო.
თანაც, მარტო კი არ მღეროდა, უკრავდა კიდეც სასულე, კლავიშებიან, სიმებიან და ისეთ ინსტრუმენტებზე, ზუსტად რომ სახელებიც არ ვიცი. სცენის გარშემოც დარბოდა, ყვიროდა, ხელებს იქნევდა.

გიჟიაო, ამას როგორ უსმენო, ძალით წამომიყვანეს კონცერტიდან, ფეხები უკან დამრჩა :(

შემდეგ კიდევ გამიმართლა რამდენჯერმე, ხან ტელევიზორში მოვკარი თვალი კონცერტის ჩანაწერებს, ხან ისევ ფესტივალებზე გადავაწყდი. ყოველთვის შეუსაბამო სიტუაციაში მიხდებოდა მოსმენა და მუსიკის/სიმღერის პარალელურად სინქრონულად ვკამათობდი გარშემომყოფებთან, რომ დაცინვა შეეწყვიტათ და ჩემთვის მოსმენა ეცლიათ.

შემდეგ კიდევ ვნახე ეს ბიჭი. ამჯერად პეროვსკაიაზე, კლუბ “Buffalo Bill”-ში მღეროდა, შედარებით მშვიდად, ერთ ადგილას იდგა და ცნობილი ჯგუფების ნაცნობ სიმღერებს ასრულებდა. ცხვირზე პატარა სათვალეც დაეკოსებინა, სიმპატიურად :)

და შემდეგ, კიდევ ვნახე და… ჯობდა არ მენახა.
აღარ მღეროდა, აღარც ხტოდა და აღარც დარბოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირივით (კ/ფ ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა) ჩამქრალი, მშვიდად დამდგარიყო რიგითად მუსიკოსთა გრძელ მწკრივში.

ის იყო, კიდევ ერთხელ უნდა გამომეტირა და გავბრაზებულიყავი იმ ქვეყანაზე, სადაც განსხვავებულმა მუსიკოსმა პოპულარულ “მგზავრებში” რიგითი “მესტვირეობა” არჩია, რომ ფეისბუქზე გვერდს წავაწყდი. თურმე მე არ მცოდნია და ეს ჯგუფი ცოცხალია, ისევ მღერიან და თან კიდევ უფრო კარგად, ვიდრე ადრე ♡

ესეც საკონცერტო ჩანაწერი – რუსთაველის თეატრი, 2009 წ.
(გიგი გეგელაშვილი და ჯგუფი “სინათლის წელიწადი” + Emkey, ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში და სხვები)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273