Je m'appelle Eka..

March 24th, 2014 by Katiée

სისხლი სიცოცხლისთვის

ჩემდა სამარცხვინოდ, სისხლი არასდროს ჩამიბარებია, არავის დასახმარებლად. ხან უგულისყუროდ ვეკიდებოდი, ხან ვფიქრობდი – ეს ჯგუფი ხომ გავრცელებულია და რა პრობლემაა შოვნათქო, ხანაც იმას ვიმიზეზებდი, რომ საკუთარი სისხლის ჯგუფი არც ვიცი. სანამ, ერთ დღესაც,  მეგობარს არ დასჭირდა ჩვენი დახმარება.

დღეს სისხლის ბანკში ვიყავი, იაშვილის კლინიკაში, ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. აქ სისხლს მუდმივად აბარებენ და იბარებენ, თუმცა მაინც არასაკმარისია.

თურმე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ჯგუფია, ყველა პრობლემაა, რადგან ონკოლოგიური მიზნებისთვის მუდმივად ახალი სისხლია საჭირო, რომელიც უნდა დამუშავდეს, შესაბამისი პროდუქტი გამოიყვანონ და პაციენტს გადაუსხან. დაკონსერვებული სისხლი აქ არ გამოდგება.

გარდა ამისა, დონორი ჯანმრთელი უნდა იყოს:

  1. გადატანილი არ უნდა ჰქონდეს მძიმე ინფექციური დაავადებები, ან ქრონიკული (ჰეპატიტები და მსგავსი), არც მძიმე ოპერაციები;
  2. წესრიგში ჰქონდეს გული, ღვიძლი, ელენთა
  3. ბოლო 1 თვის მანძილზე მიღებული არ უნდა ჰქონდეს ანტიბიოტიკები, არც ახალი გაკეთებული ტატუ, არც კბილის ექიმთან ვიზიტია სასურველი, უნდა გამოირიცხოს ყველა ახალშეძენილი ინფექცია, რაც ვერ გამოვლინდება სისხლის შემოწმებისას შესაძლო ინფიცირებიდან გასული მოკლე დროის გამო
  4. არ უნდა ჰქონდეს ძალიან დაბალი წნევა და ა.შ. უამრავი სხვა კითხვაა, რომელსაც ექიმები სვამენ, რათა გამორიცხონ პაციენტის თუ დონორის შესაძლო პრობლემები სისხლის გაღების შემდგომ

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა ამ პირობას დააკმაყოფილებს და დონორად გამოდგება? სინამდვილეში არც ისე ბევრი. ან არიან, მაგრამ მისვლა ეზარებათ, როგორც მე, აქამდე.

დღეს სისხლის ბანკში სამი ბავშვისთვის აგროვებდნენ სისხლს. ერთი ჩემი მეგობრის შვილია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ძალიან მაგარი მშობლების თუ მათი ახლობლების და მეგობრების წყალობით, ყველაფერს შეძლებენ და ის აუცილებლად კარგად იქნება.

იქვე ექიმები ორი სხვა ადამიანისთვისაც ითხოვდნენ შველას. ერთს მხოლოდ ბებია ყავს, რომელმაც არ იცის, სისხლი ეძებოს თუ 16 წლის ლეიკემიიან შვილიშვილს მოუაროსო და დონორიც არავინაა, რომ დაეხმაროსო. მეორეც დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია. ამ ბავშვებს მე-3 და მე-4 ჯგუფის ახალი სისხლი ესაჭიროებათ. სისხლი ბევრია, ჯგუფი გავრცელებული, დონორი – ცოტა.

გთხოვთ, ადექით, მიდით, ჩააბარეთ სისხლი, მე-2, მე-3 თუ მე-4 ჯგუფის (დადებითი) და დაეხმარეთ ბავშვებს, რომლებისთვისაც ახლა თითოეულ წვეთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და არასდროს ‘დაიკიდოთ’ თხოვნები, რომლებსაც ფეისბუქზე ყოველდღე ვაწყდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რჩევები: სისხლის ჩაბარებამდე აუცილებლად ჭამეთ რამე ტკბილი. ჩაბარების შემდეგ კი – ტკბილი და კოფეინიანი (ყავა, პეპსი, კოკაკოლა).

სისხლის ბანკი

 


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273