Je m'appelle Eka..

November 10th, 2010 by Katiée

TBC სმარტკლუბი და მოხმარებლის ინტერესების შელახვა

კავკასუსზე დღევანდელ აღშფოთებას ჯერ არ გაუვლია (სხვათა შორის, არც გუშინდელს – შაშკინზე) და ახლა ახალი კანდიდატი გამოჩნდა “რომ გერევა და ბაბაია რომ უნდა დაუძახო”, აი იმ კატეგორიიდან. ეს არც მეტი, არც ნაკლები, თიბისი ბანკის ერთერთი პროდუქტი (ჰო, ვიცი რომ უცნაურად ჟღერს), სმარტკლუბი და მისი ფეისბუქ-გვერდია.

დასაწყისშივე დავწერ, რომ თიბისი ჩემი რჩეული ბანკია და ჩემს მოკრძალებულ ანგარიშს ერთგულად ვანდობ ამ ბანკს, უკვე თითქმის 7 წელია და პარალელურად ბრმა ერთგულებით ვცდილობ ხელი დავაფარო რიგ ნაკლოვანებებს (მაგ. მუდმივად პრობლემურ ინტერბანკინგს, რომელიც ხან ნაშთს მიჩვენებს არასწორად, ხან გადარიცხვას აგვიანებს, ხან მობილურის ბალანსს არ მივსებს, ბილაინი აგერ ახლახანს ძლივს აღირსა და დაიმატა ჩამონათვალში და გუგლ-ქრომი რომ ჯერ არ გაუცვნია, მაგაზე აღარაფერს ვამბობ. მე მაინც კონკურენტი ბანკის ჩავარდნები მიხარია და ბოროტად ვქირქილებ მათს სექსისტურ რეკლამებზე), მაგრამ ეს ყველაფერი იქით იყოს. სხვა დროს.

ამჯერად სხვა რამ გახდა ჩემი აღშფოთების მიზეზი.
სმარტკლუბმა ორიოდ კვირის წინ ბლოგერების კონკურსი დააანონსა :

კონკურსის ანონსი და წესები

iPad-ი საკმაოდ მომხიბვლელი პრიზია, ჰოდა ბლოგერებიც დაირაზმნენ და გაგზავნეს თავიანთი ფავორიტი პოსტები მითითებულ მეილზე. პროგრამა მაქსიმუმს და პრიზის მოგებას თუ ვერ შევძლებთ, ჩვენს ბლოგს რამდენიმე კლიკი და მკითხველი მაინც ხომ შეემატება, რატომაც არა? მთავარი ხომ მონაწილეობაა და არა გამარჯვება? ;)

ჰოდა, აი დღეს დაიწყო კონკურსი. პოსტები კონკურსისათვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის საშუალებით დაიპოსტა.
პირველი გაოცება მაშინ მეწვია, როცა მეილზე შეტყობინება მივიღე (გუშინ, ღამის 2ზე გამოგზავნილი, კონკურსი კი დღეს დაიწყო), რომ თურმე ფოტო-ვიდეო გაფორმებიანი პოსტი არ შეიძლება (ამის შესახებ არაფერი ეწერა, პირიქით, თემატიკაში შეზღუდული არ ხარო. ბოდიში, მაგრამ ვიდეოს და ფოტოს გარეშე “პოსტები” წიგნებშია, მოთხრობები ჰქვია და ისინი ლიტერატურულ კონკურსებზე გააქვთ ;) ):

“ეკა, ჩვენი კონკურსი ორიენტირებულია წერაზე, რის გამოც პოსტებში სურათების ჩასმის საშუალება არ არის. იქნებ სხვა პოსტი მოგვაწოდო, რომლის შინაარსი სურათთან არ იქნება მიბმული. ან თუ თანახმა ხარ ამ პოსტს ჩავსვამთ სურათების გარეშე “

აქვე პაატარა შენიშვნა: უკაცრავად სმარტკლუბო, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? შენობით მიმართვა და მეილის ხელმოწერის გარეშე გაგზავნა ცოტა ზედმეტი ფამილარობა ხომ არ არის კლიენტის მიმართ ერთ-ერთი საუკეთესო ბანკის მხრიდან ? მერე რა, რომ ღამის 2 საათია. ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციის  უნარები, როგორც იტყვიან ხოლმე, ღამის 2-ზეც რომ გაგაღვიძონ, არ უნდა დაგავიწყდეთ :D. ეს ისე, შეხსენებისთვის ;)

დავუბრუნდეთ თემას. როგორც უკვე ვთქვი, კონკურსი დღეს დაიწყო და პოსტები სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის საშუალებით დაიდო. ოღონდ, რატომღაც აპლიკაცია გუგლ-ქრომის ბეტა ვერსიაზე იყო ოპტიმიზებული და ქრომის სხვა ვერსია საერთოდ არ ხსნიდა ქართულ შრიფტს :D ბეტა-ქრომი ან Opera დააყენეთო :D მამმა მია! წარმოიდგინეთ, რამდენი პოტენციური მკითხველი შეიწუხებს თავს ჩემი ან სხვისი პოსტის წასაკითხად, თუ ამისთვის ჯერ ბრაუზერი უნდა გამოცვალოს :D და თავისთავად ბეტა-ვერსიაზე აპლიკაციის აწყობა, მითუმეტეს, როცა ჯერ ინტერნეტბანკინგი ვერ მოგირგია Firefox-ის ბოლო ვერსიისთვის და ქრომს საერთოდ არ ცნობს, სასაცილოა, არაპროფესიონალის პოზიციიდანაც კი.

ნუ, ეს პრობლემა როგორღაც “გადავლახეთ”. კონკურსის იდეა ხომ ხვეწნა-მუდარით გამოღადრული ყელის და სპამ-მესიჯებით მეგობრების თავის მობეზრების საფასურად მოპოვებული Like-ბის შეგროვებაა, who care-ს ვინ წაიკითხავს შენ პოსტს და რა იეროგლიფებით წერია, მთავარია “დაგილაიქოს”! :D
ჰოდა, დაიწყო FB სტატუსებსა და მესიჯებში წერა: “ჩემი საკონკურსე პოსტი, დამილაიქეთ რა, iPad-ს მოვიგებ”.

ახლა კიდევ ერთხელ კარგად გადახედეთ ზემოთ დადებულ განცხადებას (სპეციალურად დავასკრინშოტე და შემიძლია გაჩვენოთ ყველა გვერდი და წესი, რაც სმარტკლუბის ფეისბუქ გვერდზე თუ  ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეწერა და მენდეთ, უფრო ვრცელი ინფორმაცია კონკურსის პირობების და მითუმეტეს წესების შესახებ, არსადაა, თუ მოგვიანებით არ ჩაასწორებენ საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად) და შემდეგ წაიკითხეთ ეს (კოპირებულია სმარტკლუბის ფბ-გვერდიდან):

"დამნაშავე ლანდიშა" - http://forum.ge/?showtopic=34182581&f&st=0&#entry22447012

ანუ, ლადომ საკუთარი პოსტის პოპულარიზაცია მოახდინა ფორუმ.გეზე და იქაურ მომხმარებლებს სთხოვა მხარდაჭერა, რისთვისაც იგი გამოაკრეს სმარტკლუბის სამარცხვინო დაფაზე! ვაშა ამხანაგებო, ვაშა!

ახლა მე ვსვამ კითხვას:

  1. სად ეწერა იმ ერთ აბზაციან განცხადებაში, რა იყო კონკურსის წესები? კი ბატონო, როცა კონკურსზე მონაწილეობ, ლინკის გაგზავნით ეთანხმები მის წესებს, შეიძლება წაუკითხავადაც, მაგრამ მინიმუმ დაწერილი და გამოქვეყნებული ხომ უნდა იყოს? არც მეილზე მოუწერიათ რაიმე, წესების მსგავსი, როდესაც ჩემი მეორე პოსტის მიღება დამიდასტურეს.
  2. ვინ მისცა უფლება (არარსებული სამომხმარებლო ხელშეკრულების პირობებში) სმარტკლუბს თუ ვინცაა მის უკან, რომ ლადო ლომიძის სახელს აჭენებს სმარტკლუბის გვერდის 18,000-მდე მომხმარებლის წინაშე და მის დისკრედიტაციას ეწევა? იქნებ ამ ადამიანს პოტენციურ დამსაქმებელთან უფუჭებს საქმეს? იქნებ ხვალ ვინმეს საბანკო ისტორიაც გამოდონ საჯაროდ? ამის მერე ლადო ლომიძეა არაკეთილსინდისიერი თუ სმარტკლუბია მინიმუმ არაკომპეტენტური?
  3. თუ სმარტკლუბის მთავარ გვერდზე არ დაიდო პოსტები, ისე, რომ ამ გვერდის ფანებმა თავისით, ყურით შემოყვანის გარეშე ნახონ, წაიკითხონ და შეაფასონ (რაც ჯერჯერობით გაუმართავი და რაღაც საოცარბროუზერზე ოპტიმიზებული აპლიკაციის გამო თითქმის შეუძლებელია, მამაზეციერი ვერ მიაგნებს იქ ვერაფერს) და იმავდროულად წევრებსაც არ მიეცით უფლება, რომ დააშეარონ სადაც უნდათ, ფბ-ზე, pm-ში, სკაიპში თუ ფორუმზე (პროქსის და ყალბი მომხმარებლების რეგისტრირების გარდა), აბა ვინ უნდა დაა-like-ოს ეს პოსტები ??? მაშინ ჟიური დაგეკომპლექტებინათ და ლაიქების შეგროვებას შეშვებოდით, ყვავას თქმის არ იყოს, მართლა დატოლება ხომ არაა საქმე, რომელი ბანკის ფეიჯს უფრო მეტი დამლაიქებელი ჰყავს ფეისბუქზე?

იქ დავწერე და კიდევ გავიმეორებ, შეიძლება ეს სულ პატარა ამბავია დიდთა შორის, მაგრამ “გამდის და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ” პოლიტიკა ხან ტელევიზიების, ხან ინტერნეტ-პრივაიდერების, ხან ბანკების და ხან მობილური კომპანიების მხრიდან ჩვენ, მომხმარებლებს გვაყენებს ზიანს. და სადაც შეიძლება, რომ ჩვენ გავიტანოთ ჩვენი, იქნებ იქ მაინც გავაპროტესტოთ, ა?

ფბ-ზე დავწერე და აქაც გავიმეორებ: ლადოს ადგილას ამ მართლაც არაკეთილსინდისიერ ქმედებას ურეაქციოდ არ დავტოვებდი, არც სხვა ბლოგერების ადგილას. იქნებ კონკურენციის მიუხედავად მინისოლიდარობა გამოვუცხადოთ და მისი, ადამიანის უფლება და ინტერესი დავიცვათ.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს პოსტზე ამას ვწერ: გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს. გმადლობთ.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273