Je m'appelle Eka..

March 28th, 2010 by Katiée

წკაპ წკუპ წკაპ და წკუპ – “Street Days” by Levan Koguashvili (restored)

დღეს აი ეს ფილმი – ლევან კოღუაშვილისქუჩის დღეები” ვნახე კ/თ რუსთაველში. (for non-Georgian speakers: please see the trailer on Youtube)

ჟანრი: დრამა quchis-dgeebi
გამოშვების თარიღი: 2009 წელს მარტის ბოლო
რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
სცენარი: ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ მარი
ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
მხატვარი: კოტე ჯაფარიძე
მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე
ხმის რეჟისორი: იაკუბ ჩეხი
პროდუსერები: არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი, გია ბაზღაძე
როლებში: გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, ზურა ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ზურა შარია, გიორგი ყიფშიძე, ლეო ანთაძე

აღწერა: ჩვიდმეტი წლის შემდეგ ქართული კინო ბრუნდება ევროპის წამყვან კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმით “ქუჩის დღეები”. დრამა ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში ვითარდება. ფილმი ნომინირებულია როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რა ცუდია რომ არ ვარ კინომცოდნე ან ჟურნალისტი, ან უბრალოდ, რომ არ შემიძლია კარგად წერა, რათა სრულად და თქვენთვისაც შთამბეჭდავად გადმოვცე ემოცია და აზრები, რაც ამ ფილმმა ჩემში გამოიწვია. საშინლად ვიგრძენი თავი, შემზიზღდა მთელი ქალაქი, საკუთარი თავიც, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ და თვალს ვხუჭავთ იმაზე, რაც გარშემო ხდება. დარბაზი ხმადაძაბულმა, ყელშიბურთმობჯენილმა და თავატკიებულმა დავტოვე.

ფილმში თემა ისევ ჩამონგრეული და თან “სვეტსკი” თბილისია, ისევ ნარკომანია, ისევ ქუჩა, ისევ არშემდგარი თაობები, მარტოხელა დედები, სიღარიბე, ისევ მორალი და ფსევდომორალი, ისევ მეგობრობა და ღალატი, ცოლები და ქმრები, მამები და შვილები, etc etc etc

ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ზომიერად, ერთდროულად მსუბუქად და მძიმედ, დრამატიზმით და ცოტა იუმორით, მხატვრულად და რეალისტურად და რაც მთავარია, ძალიან ბუნებრივად (თუ ჩემი იურისტი მეგობრის დაკვირვებული თვალით შემჩნეულ რამდენიმე მცირე სიყალბეს არ ჩავთვლით). ამას ემატება გუგა კოტეტიშვილის (და არა მარტო მისი) ფანტასტიური თამაში, ოპერატორის ძალიან კარგი ნამუშევარი, არაფერს ვამბობ სცენარისტისა და რეჟისორის პროფესიონალიზმზე.

კიდევ ერთი, ფილმს საოცრად კარგად კრავს მუსიკა. დასაწყისმა კიშლოვსკის ფილმები მომაგონა მინიმალისტური განწყობისშემქმნელი მუსიკითა და ხმებით. ბოლო კადრებიც ბავშვების სიმღერის ფონზე სრულდება.

აქვე, რაკი მუსიკა ვახსენე, გირჩევთ, ნიაზ დიასამიძისა და ნატო მეტონოძის თანხლებით გაკეთებულ ტრეილერს არ უყუროთ, არც ე.წ. საუნდტრეკს არ მოუსმინოთ, ან, თუ მოუსმინეთ, ნუ ენდობით ყურს. საბედნიეროდ, ეს, ყველაზე იაფფასიანი მუსიკალურ-ტექსტუალური კომბინაცია საათნახევრიანი ფილმის მანძილზე არსად გვხვდება და მხოლოდ ტრეილერშია დატოვებული.

საერთოდ, მე დიდად არ მიყვარს ტრეილერები, ყოველთვის შეცდომაში შევყავარ. ამჯერადაც, სრულიად სხვა მოლოდინით წავედი კინოში, მხოლოდ გუგა კოტეტიშვილის “ხათრით”. მეგონა მორიგ თბილისურ ბლოკბასტერს ვნახავდი, თუჩებდაბურცული გოგჩოებით, იარაღებით, ნარკოტიკებით, ატეხილი თინეიჯერებით, “პრავების კაჩავით” და ა.შ. მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი :)

დღეს, “გაღმა ნაპირის” ნახვის შემდეგ, უკვე მეორედ გამიჩნდა შეგრძნება, რომ ქართული კინოს ისტორიაში დაწყევლილი 20 წლიანი პერიოდი დასრულდა და ნამდვილი კინოს გადაღება ისევ დაიწყეს. ნინია კაკაბაძის ჩანაწერი გამახსენდა ბერლინალე 2010-ის დღიურებში.

“ბევრი ფილმი უნდა გადავიღოთ საქართველოში, შემდეგ, იმ ბევრიდან ერთი გამოვა და ის გახდება იმის მიზეზი, რომ მსოფლიო კინემატოგრაფის, კინემატოგრაფისტების და კინობაზრის ინტერესი გარანტირებული გვექნება.”

დაე გადაიღონ ბევრი ბევრი ფილმი, ჩვენც წავიდეთ და ვნახოთ ყველა, გავიმეტოთ 7, 8 თუ 10 ლარი, შევუწყოთ ხელი, რომ ერთი მაინც გამოვიდეს ისეთი, მსოფლიო კინემატოგრაფის ყურადღება რომ მიქციოს, ან უბრალოდ, ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც შეცვალოს.

პ.ს. რატომღაც ფილმის მერე ერთი აზრი ამეკვიატა, დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი – იკა ჭეიშვილის როლის შემსრულებელი სინამდვილეში არასოდეს გაიკეთებს ნარკოტიკს.

პ.პ.ს. ბოდიში მათთან, ვინც ბოლომდე წაიკითხა და სიუჟეტის და შინაარსის შესახებ ბევრი ვერაფერი გაიგო. გირჩევთ, ნურც სხვაგან წაიკითხავთ plot-ს წინასწარ, უბრალოდ ნახეთ ფილმი და აუცილებლად ანახეთ ბავშვებსაც.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273