Je m'appelle Eka..

January 2nd, 2013 by Katiée

2012

ბლოგი მომიძველდა, სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობ. სტატისტიკასაც ეტყობა, არც გაიმხილება, რამდენი ვიზიტორია დღეში. აბა რა იქნება, სულ 36 პოსტი მთელი 2012 წლის მანძილზე: თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე წინა წელს და თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე იმის წინა წელს. ასე თუ გავაგრძელე, მალე სათაურიღა დავრჩები :)

2013 წ დადგა, აპოკალიფსის გარეშე. ბლოგებზე რაღაც ტრადიციასავითაა, პოსტი ან საახალწლოდ უნდა დაწერო, ან ნაახალწლევს. ან იმაზე, როგორ გიყვარს ახალი წელი, ან იმაზე – როგორ არ გიყვარს. ან წინა წელი შეაჯამო, ან ახალი დაგეგმო.

ახლა რომელი გავაკეთო? ყველა მსგავსი პოსტი უკვე დაწერილი მაქვს, 2008 წლიდან დღემდე:

2008-ში თავი ორიგინალურობით თავი დიდად არ მომიკლავს და უბრალოდ საშობაო მილოცვები შემიკრებია სხვადასხვა ენაზე, 2010-ში კი ბევრი მიწუწუნია სტანდარტულ მისალოც ტექსტებზე, რომელიც 31 დეკემბრიდან და ვიდრე აღდგომამდე ჩვენი მოკითხვებისა და სალმების განუყოფელი და მომაბეზრებელი ნაწილი ხდება.

2011-ში წინა წლის ყველაზე საინტერესო ბლოგები დამისახელებია. ჰმ, რაოდენ სუბიექტურია გემოვნება და როგორ იცვლება ის წლიდან წლამდე :).

ამავე 2011 წელს, წინა წელიც შემიჯამებია და შეიძლება ითქვას, ამ ბლოგზე ყველაზე უფრო პირადული პოსტი დამიწერია.

შარშან საახალწლოდ ფილოსოფიური მსჯელობა გამიმართავს თემაზე, რატომ ვერ იტანენ ახალ წელს დიდები? (აქ კიდევ რამდენიმე საინტერესო და საგულისხმო დეტალია, რაც თქვენ არ დაგაინტერესებთ, ამიტომ არ შევჩერდები).

და აი გადავაგორეთ საშიში 2012 და დადგა ნანატრი 2013. რა შეცვალა 2012-მა? ქვეყნისთვის – ბევრი და მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამაზე წერა მეზარება.

ჩემთვის? ჩემთვისაც ბევრი.

2012-ში დავუშვი იმაზე მეტი შეცდომა, ვიდრე 2010-ში და ამის გამო ჯერაც ძალიან მრცხვენია. თუმცა, სანაცვლოდ, იმედი მაქვს, ვისწავლე ბევრი რამ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :)

მაგალითად, აღმოვაჩინე/ვისწავლე/დავრწმუნდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან. მათ შორის, არც მე;
რომ მაქვს საოცრად კარგი ინტუიცია, მაგრამ ასევე საოცრად კარგი უნარი, არ ვენდო მას;
რომ მე რატომღაც, ბევრი ისეთი ადამიანი მიცნობს, ვისაც მე არ ვიცნობ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ უკვე გვიანია;
რომ, როგორიც არ უნდა იყო, ყოველთვის იქნება ვიღაც – ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა.შ., რომელსაც სხვაგვარი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყო;
რომ სხვებს არ უნდა მიუდგე ისე, როგორც საკუთარ თავს, არსად, არცერთ სიტუაციაში. შეცდომა გარანტირებულია;
რომ ჭორებს არ უნდა აყვე, მაგრამ ყური უნდა დაუგდო;
რომ დედაჩემი ჩემზე გამოცდილი და შესაბამისად – ჭკვიანია, მთელ რიგ საკითხებში;
რომ ჩემი გეი-რადარი კარგად მუშაობს, მაგრამ კახპა-რადარის მუშაობაში მაქვს პრობლემები (ტერმინი “კახპა” უნისექსია ისე და მაინცდამაინც ქალს არ გულისხმობს, for your interest);
რომ თავმოყვარეობა და ღირსება ყველა სხვა გრძნობაზე მნიშვნელოვანია;
რომ საკუთარი ღირსების თამასა იმაზე დაბლა არ უნდა დაწიო, ვიდრე ჯერ არს, მერე თავის ადგილზე დაბრუნება გაგიჭირდება;
რომ ხანდახან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცოცხალ ადამიანზე ძვირფასია :);
რომ ანდაზა ღორის ტილის შესახებ 100% მართალია.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამავე 2012 წელმა დამიბრუნა რამდენიმე ‘რამ’, რაც 2010-მა წამართვა და ეს ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ყველაფერი ცუდი, რაც მანამდე იყო :)

ბედნიერ 2013-ს გისურვებთ!


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273