Je m'appelle Eka..

April 13th, 2014

ვმუშაობთ, ვმუშაობთ!

გერმანელი ტექნიკოსი ურეკავს თავის კოლეგას გერმანიაში: მსგავსი არ მინახავსო, ერთი მუშაობს, ორი მითითებებს აძლევს, როგორ უნდა იმუშაოსო, სამი იმ ორს ეუბნება – დროზე, დროზე!-ო და ოთხი მობილურზე ვიღაცეებს ურეკავს, მალე მოვრჩებით, ვმუშაობთო.

ბათუმი, 2011

პოსტი წარმოადგენს ნაამბობის პერიფრაზს, პირველწყაროდან

mushebi
October 11th, 2011

ორი ციცერო

გაბატონებული მოსაზრების თანახმად, გერმანული ენა მაინცა და მაინც არ უხდება სიმღერას, ამიტომ გერმანელების უმეტესი ნაწილი მშობლიურ ენას ღალატობს და სიმღერებს ინგლისურად მღერის. იშვიათი გამონაკლისები კი ახერხებენ ენა და მუსიკა ისე შეუთანხმონ ერთმანეთს, რომ გერმანულის ყველაზე არმოყვარულმაც კი ვერაფერი თქვას.

ასეთი მომღერლებიდან სულ რამდენიმე მახსენდება. ერთ-ერთია როჯერ ციცერო. მაშინ, როცა მან ჩემს ქალაქში ჩამობრძანება და კონცერტის გამართვა ინება, 2007 წლის ევროვიზიაში მონაწილეობიდან არცთუ დიდი ხანი იყო გასული და ალბათ ამიტომ ბილეთი 52 ევრო ღირდა, რაც საკმაოდ მეძვირა და ვერ გავიმეტე. ამიტომ არ ვიცი ციცერო როგორ მღერის სცენაზე, იუთუბზე კი ეს არცთუ ურიგოდ გამოსდის.

ევროვიზიაში მონაწილეობისა და ძლივს მოპოვებული მე-19 ადგილის მიუხედავად, ჩემი აზრით, როჯერ ციცერო მთლად ხელწამოსაკრავი ევროვიზიელების კატეგორიაში არ გადის. თუნდაც იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივი ჯაზ-პიანისტის, ოიგენ ციცეროს (Eugen Cicero) შვილი ყოფილა და ვფიქრობ, ეს იგრძნობა კიდეც მის მუსიკაში.

მამა ციცერო, (რუმინულად – ეუჟენ ჩიჩეუ) რუმინული წარმოშობის გერმანელი პიანისტია, უფრო სწორად – იყო. სამწუხაროდ, ინგლისურენოვან ინტერნეტში ბევრი ვერაფერი მოვიძიე, last.fm-იც არაფერს ამბობს მის შესახებ, აი იუთუბზე კი საკმაოდ ბევრი, შთამბეჭდავი ჩანაწერია.

დავუბრუნდეთ შვილ ციცეროს. ზემოთხსენებულ ევროვიზიამდე როჯერ ციცერო უკრავდა მამამისის ჯაზ-ბენდში, გერმანიის ახალგაზრდა ჯაზმენთა ორკესტრში, იყო მიწვეული მონტროს ჯაზ-ფესტივალზე შვეიცარიაში, შემდეგ საკუთარი – 11 კაციანი ბენდიც ჩამოაყალიბა. მისი სიმღერები ძირითადად გერმანულ ენაზე იქმნებოდა, უფრო მეტიც, მან ისეთი ცნობილი სიმღერის გერმანულენოვანი ჯაზ-ქავერიც იმღერა, როგორიცაა ფრენკ სინატრას “Fly me to the moon” (Schieß mich doch zum Mond). Read the rest of this entry »

September 7th, 2011

გაიყიდება თუ არა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში (?)

შესავალს გერმანიისდროინდელი ამბებიდან გავაკეთებ. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომის უბედურების შორიდან ყურებას თან მეორე უბედურებაც დაერთო: სტიპენდია დამიმთავრდა, ჰოლანდიის იმიგრაციის სამსახურმა კი იქაურ სამუშაო ვიზაზე მითხრა უარი და დავრჩი გერმანიაში, ფაქტიურად უფულოდ.

რა თქმა უნდა ასეთ დროს, სხვა ვინ დაგიდგება გვერდში, თუ არა ქართველები და როცა ჩემს საფულეს, უფრო სწორად კი კრედიტკარტას ბოლო გახვრეტილი ცენტი გაძვრა, რამდენიმე დღე მათი დახმარებით, რეკლამების დამრიგებლად, 1 თვე კი – ნახხევარფაბრიკატების შემფუთავად ვიმუშავე.

ასე მოვხვდი საშუალო სიდიდისა და ფასის გერმანულ ქარხანაში, სადაც სოსის-ძეხვ-ჰამბურგერ-ჩიზბურგერ-სენდვიჩ-შტრუდელებს ამზადებდნენ.

რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო 0+3°C გამყინვარებაში 8 სთ ფეხზე დგომა და ზაარლანდელი გერმანელის ზედამხედველობის ქვეშ ისტერიული სისწრაფით მოძრავ კონტეინერებში პური -> ‘კატლეტი’ -> ყველი -> ისევ პურის თანმიმდევრულად ჩაწყობა. მაგრამ დღიური 70 ევროც საკმაოდ მსუყედ გამოიყურებოდა და ამიტომ მეც ღამის 20:45-დან დილის 06:30-მდე აი ასე შეფუთული ვალაგებდი და ვალაგებდი გაყინული ყველისა და პურის ნაჭრებს კონტეინერებში, კონტეინერებს კი – ყუთებში:

ქარხნის გარდერობში

დამეთანხმებით, არც თუ ისე მომხიბვლელი და მოსახერხებელი უნიფორმაა. ამას დაუმატეთ დიდი, თეთრი ‘ბოტასები’, ცელოფნის წინსაფარი, ნაჭრისა და რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები (ორივე ერთად) და ამ ხელთათმანებიდან იდაყვებამდე ‘გადამყვანი’ ცელოფნის კიდევ ერთი საფუთავი (რომ, შემთხვევით ხელთათმანიდან მაჯა არ გამოგიჩნდეს), შესვლის წინ თავიდან ფეხებამდე სადეზინფექციო ხსნარში გავლა-გამშრალება, შემდეგ არანაირი mp3 პლეერი, არავითარი ლაპარაკი, 0-დან 3 გრადუსამდე ‘სითბო’, ყურებში დანადგარების საშინელი ხმაურის დამხშობი საცობები, არცთუ გემრიელი სუნი და მხოლოდ 2 შესვენება (საბედნიეროდ – ჭამით).

რატომ მოვყევი ყოველივე ეს?

რომ არა ‘გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებ’ სიტუაცია, ალბათ არც არასდროს მეცოდინებოდა, როგორ მუშაობენ გერმანული ქარხნები და რამხელა ყურადღებას აქცევენ პერსონალის ჰიგიენასა და პროდუქციის სუფთად წარმოებას: პერსონალის ტანსაცმლის სისუფთავის დაცვის გარდა, ყველა ცვლა ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს იატაკის მორეცხვა, მოპრიალება, დანადგარების გარეცხვა, უმაღლესი %იანი სპირტით გაწმენდა და გამშრალება.

თუმცა, ამ სუპერ-სისუფთავესა და სუპერ-კონტროლში ისეთი გამონაკლისი, როგორც ძირს დაგდებული ყველის მკლავზე გაწმენდა და წარმოებაში დაბრუნებაა, მაინც ვნახე.

ამ ამბებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა უკვე საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში ჩემი მუშაობის დროს, რაღაც გამოცემისთვის ფოტოები დაგვჭირდა და ადგილობრივი წარმოების ასახვისთვის ფოტოგრაფი გავუშვით ქვემო ქართლის მინი-ქარხნებში – ვიფიქრეთ, რეგიონში არსებული რძის პროდუქტების წარმოებით თავსაც მოვიწონებდით. ნურას უკაცრავად. მთელი დღის ფოტოგადაღების შედეგად სიმწრით ნაგროვები კადრებიდან დიდი ნაწილის დაწუნება მოგვიხდა: ყველა მათგანში აშკარად ჩანდა, როგორი უგულვებელყოფილი იყო ჰიგიენის ეემენტარული ნორმებიც კი. არანაირი თავსაფარი, ხელთათმანი, წინსაფარი ან სპეციალური ხეფსაცმელი. ამის ნაცვლად თმაგაბურძგნული და საშინაო ტანსაცმლიან-ფეხსაცმლიანი პერსონალი შიშველი ხელით (თუმცაღა – კეთილი გულით) თავაზიანად აწვდიდა ჩვენს ფოტოგრაფს სახელდახელოდ, 5 თეთრიან ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში ჩამოსხმულ ნაყინს და ‘ნატურალურ’ კარაქს.

სამწუხაროდ, მე ის ფოტოები არ შემინახავს და რომც შემენახა, ალბათ კორპორატიული ეთიკა მაიძულებდა, არ გამეზიარებინა თქვენთვის.

სამაგიეროდ, ფეისბუქზე საკუთარი ნება-სურვილით და რაც მთავარია, თავის მოწონების მიზნით, ღვინის ერთ-ერთი ქართული წარმოება ამაყად დებს ღვინის დეგუსტაციის ამსახველ კადრებს:

შატო თელავი – მზადება დეგუსტაციისათვის (ფოტო აღებულია FB-დან)

შეამჩნიეთ ხომ? სადეგუსტაციო ღვინოები ჩამოსხმულია ბორჯომის მეორად (გამორიცხული არაა – ბუნკერებიდან ამოთრეულ), ჯერ კიდევ ეტიკეტიან ბოთლებში. ზუსტად ისეთში, როგორშიც თავმოყვარე დიასახლისი ტყემალს არ ჩაასხამს.

ამის მერე, ნუთუ ვინმეს უკვირს, რატომ არ იღებს ევროკავშირი ჩვენს პროდუქციას და რატომ გამოგვიყარა თვით რუსეთმაც კი ეროვნული პროდუქცია ფალსიფიცირებისა და უხარისხობის მოტივით?

August 12th, 2011

ქართველები გერმანულ ქელეხში

პოსტი დიდია, მაგრამ ვფიქრობ, გაძლებადი ;) – ავტ. შენიშვნა

უამრავი რამ არის, რის გამოც შეიძლება გერმანელების შეშურდეს კაცს, მითუმეტეს ქართველს, იქნება ეს ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, წესრიგი, კანონის პატივისცემა, პუნქტუალურობა თუ მაღალი ფეხები და ქერა თმა. და ეს იმის მიუხედავად, გიყვარს გერმანია და გერმანელები თუ არა.

ააა ფცხი !

ასევე ბევრი რამაა, რაზეც ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქართველი ნიშნის მოგებით და ცხვირაწევით მიუთითებს გერმანელს. მაგალითად, ცხვირის ხმაურიანი მოხოცვა, მარაზმამდე მისული კანონმორჩილება და ქუჩის არგადაჭრა მაშინ, როცა ჰორიზონტზე ერთი მანქანაც არ ჩანს (მწვანე არ ანთია და რა ქნას, კანონს ხომ არ დაარღვევს), ნაგვის ავტომატიზირებული სორტირება თუ მექანიკურად, გულს გარეთ ნათქვამი “ჰალლო” და “ჩუუსს” კოლგეიტის ღიმილთან ერთად :D

მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გერმანელების გულწრფელად და ყველაზე მეტად მაშინ შემშურდა, როცა ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში წავედი, არც მეტი, არც ნაკლები… (სად, იხილეთ ქვემოთ)

მცირე გადახვევა: ჩემმა მეგობრებმა (და არა მარტო მათ) იციან, რომ გერმანელებს უფრო ხშირად ვაკრიტიკებ, ვიდრე ვაქებ. უმადური ხარო, ესეც უთქვამთ. ადამიანის ბუნებაა ასეთი, ცუდი უკეთ ამახსოვრდება, ვიდრე კარგი. მე კი საქართველოს გარდა ყველაზე დიდ ხანს (თითქმის 1,5 წ) გერმანიაში ვიცხოვრე, მათ ვიცნობ და შედარებით მეტიც სწორედ მათზე შემიძლია ვილაპარაკო, ვიდრე, ვთქვათ ჩინელებზე, ან თუნდაც მეზობელ სომხებზე. ან შეიძლება ასეთი კირკიტი და უარყოფითი თვისებების ძიება გარკვეული ნიშნისმოგებაცაა ქართველის პოზიციიდან, ან იმედი, რომ რაკი “მაგარი” ქვეყნის აღმშენებლები არც ისე მაგრები არიან სინამდვილეში, ე.ი. ჩვენც გვაქვს შანსი, ოდესმე მაგარი ქვეყანა ავაშენოთ.

მოკლედ, ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? ჰოდა ავი იმდენი მითქვამს გერმანიაზე, ახლა კარგის ჯერია.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ გინდა ერის ხასიათი, კულტურა კარგად გაიცნო, როგორღაც მათ ქორწილში ან გასვენებაში უნდა მოხვდე. ჩვენი კულტურა და უკულტურობაც ხომ ყველაზე კარგად ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ვლინდება.

აი ქორწილში ვერა და გასვენებაში კი აღმოვჩნდი გერმანიაში. შტეფანას (როგორც ქართველები ვეძახდით) მამას მართალია არ ვიცნობდი და ამიტომ, გერმანული წესისამებრ, თურმე არც მევალდებოდა სამძიმარზე წასვლა, მითუმეტეს სხვა ქალაქში, მაგრამ მე ქართულმა წესმა, უფრო კი ცნობისმოყვარეობამ მძლია და გასვენების დილას თამროსთან ერთად ქ. ჰომბურგის გზას გავუდექი. Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins