Je m'appelle Eka..

May 27th, 2013

კაბაზე გამობმული

…შინაური ცხოველები რა მოსატანია იმ ამბავთან, ბიჭებს რომ საკუთარი დედებთან მიმსგავსებული გოგოები მოყავთ ცოლად. ალბათ, ყველაფერი ღრმა ქვეცნობიერით ხდება, მაგრამ ფაქტია, ასეთი არაერთი შემთხვევა შემინიშნავს და დაკვირვების დროს საოცარი მსგავსებები აღმომიჩენია რძალ-დედამთილისა. რაღა შორს წავიდე, ბავშვობიდან ვაკვირდებოდი მამაჩემის დედის, ბებიაჩემისა და დედაჩემის მსგავსებას. ვერ ვიტყვი, გაჭრილი ვაშლის ნაჭრებთან მქონდა საქმე-მეთქი, მაგრამ ისეთ დეტალები ემთხვეოდა, რომლებიც ადამიანის გარეგნობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენენ. არ ვიცი სხვაგანაც ასეა თუ ეს მხოლოდ თურქ მამაკაცებს ემართებათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთავარი გმირები თურქი ბიჭების ცხოვრებაში სწორედ დედები არიან და ისინი ჭიპლარს დაბადებისას კი არ იჭრიან, არამედ სამარის კარამდე აქვთ კაბაზე გამობმული. თურქი დედისთვის შვილი მუდამ პატარაა და ოცდაათი წლის ჯეელზეც შეუძლიათ თქვან “ჩემი პატარაო”.

რძლების მუდმივი კრიტიკა და რევიზია ხომ ჩვეულებრივი ამბავია და ოჯახური ღალატისა და უპასუხისმგებლობის პირველი ვექილებიც დედები არიან – “კაცი იმისაა, ქალებშიაც დადიოდეს და როცა საჭიროა, შინ დილით ბრუნდებოდეს პერანგის გამოსაცვლელადო. ქმრის ჭუჭყიანი საყელო ხომ ცოლის სირცხვილიაო”. ასეთი სიყვარულის დროს, როდესაც ბევრი რამის საზღვარი წაშლილია, როგორღა უნდა უყვარდეთ რძლები, ქალები, რომლებმაც მათი ჩანაცვლება მოინდომეს.

ბებიაჩემის ხელიც ერია მამაჩემის ცხოვრების წესში, მუდმივ დროსტარებებსა და დაუფიქრებელ მოქმედებებში. ბოლომდე ბავშვივით ეფერებოდა და ყველა მის ნაბიჯს უძებნიდა გამართლებას. ძუძუში რძე აღარ ედგა, თორემ ამასაც არად დაგიდევდათ, ყველას თვალწინ ამოიღებდა და მოაწოვებდა. ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ბიჭზე ამოსდიოდა მზეცა და მთვარეც. მამიდაჩემი წარმატებით დააოჯახა და იმასაც სულ უჩიჩინებდა: “კაცია და რასაც გეტყვის, ყველაფერი უნდა დაიჯერო, ყველაფერზე უნდა უთხრა, როგორც თქვენ მიბრძანებთო. ასე ვიყავი მე და ასეა ყველა ოჯახის ერთგული ქალიო. რაც კაცს ეპატიება, ის ქალს არ ეპატიება, ბოლოს ყველაფერში ქალი გამტყუნდება და ერთხელ ტალახში ამოსვრილი სახელი ვერასოდეს ჩამოირეცხებაო…

~ ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი
“თურქული სიმღერების გზამკვლევი”

iskander_baltazar_qirmiz

February 24th, 2012

როგორ ვიშოვოთ სამსახური

“…— რას აკეთებ პარიზში? — ჰკითხა ფორესტიემ.
დჲურუამ მხრები აიჩეჩა.
— უბრალოდ რომ გითხრა, შიმშილით ვკვდები. სამსახური რომ გავათავე, პარიზისაკენ წამოვედი… ბედის საძებნელად, უფრო კი საცხოვრებლად. აგერ ექვსი თვეა ჩრდილოეთის რკინიგზის სამმართველოში ვმსახურობ და წელიწადში ათას ხუთას ფრანკს ვიღებ, მეტი არაფერი.
— მაშ მსუქნად ვერ ყოფილხარ, _ წაიჩურჩულა ფორესტიემ.
— აგრეა. მაგრამ მეტი როგორ ვიშოვო? მარტო ვარ. არც ნაცნობი მყავს, არც მფარველი. სურვილი დიდი მაქვს, შემიძლია კიდევაც, მაგრამ მოსარჩლე არავინა მყავს, რომ გზა მიჩვენოს.
მეგობარმა ისე შეათვალიერა თავითფეხამდე, თითქო აფასებდა, და დაჯერებული ხმით უთხრა:
— იცი რას გეტყვი, ჩემო კარგო? აქ ყველაფერი ფახით და რიხით კეთდება. ხელმარჯვე და მოხერხებული კაცი მინისტრობას უფრო ადვილად იშოვის, ვიდრე საქმეთა მმართველის ალაგს. ოღონდ საჭიროა შთაბეჭდილება მოახდინო და არასოდეს არ ითხოვო. მაინც მაგაზე უკეთესი ალაგი როგორ ვერ იშოვე?
— ყველგან ვეძებ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, — მიუგო დჲურუამ. — ამჟამად ზოგი რამ მაინც მეგულება. პელერენის მანეჟში მთხოვენ ცხენოსნობის მასწავლებლად შევიდე. სულ ცოტა, სამი ათას ფრანკს მომცემენ.
ფორესტიე შედგა.
— ათი ათასიც რომ მოგცენ, მაგ სისულელეს ნუ ჩაიდენ. ამ ნაბიჯით უცებ ჩაიკეტავ მომავლის კარს. ახლანდელ სამსახურში დამალული მაინცა ხარ. არავინ არ გიცნობს, და თუ ძალა შეგწევს, შეგიძლია გამოხვიდე და სხვა გზა იპოვო. მაგრამ თუ ცხენოსნობა დაიწყე, მაშინვე გათავდები. ეგ ხელობა უდრის მეტრდოტელად დადგომას იმ სასტუმროში, სადაც მთელი პარიზი სადილობს. თუ ცხენოსნობას წარჩინებულთა და მათ შვილებს ასწავლი, არასოდეს ისინი თავიანთ ტოლად აღარ მიგიჩნევენ. — გაჩუმდა, ცოტა ხანს დაფიქრდა და ჰკითხა: — ბაკალავრის გამოცდა ჩაბარებული გაქვს?
— არა. ორჯერ ჩამჭრეს.
— ეგ უმნიშვნელოა, რადგან კურსი უკვე გავლილი გაქვს. თუ ვინიცობაა ციცერონზე ან ტიბერიუსზე ჩამოვარდა სიტყვა, დაახლოებით მაინც ხომ იცი, ვინ იყვნენ?
— ვიცი, დაახლოებით.
— ძალიან კარგი. მაგაზე მეტი არც სხვებმა იციან, გარდა ოციოდე უნიჭოსი, რომელთაც სხვა არაფერი შეუძლიათ. სულაც არ არის ძნელი ჭკვიან კაცად მოაჩვენო თავი. უმთავრესი ის არის, რომ უმეცრებაში არ დაგიჭირონ. მოხერხებული უნდა იყო, ძნელს მოერიდო, დაბრკოლებას მოუარო და საენციკლოპედიო ლექსიკონი დროზე იხმარო. ყველანი ბატებივით სულელები და თევზივით უმეცრები არიან…”

გი დე მოპასანი
“ლამაზი მეგობარი”

February 21st, 2012

იუჟინი გღანდე

ვიცი, ვიცი, რომ ქართულად ასე არ იკითხება Eugénie Grandet, მაგრამ მე ასე მირჩევნია, ჯგუფელი მყავდა, რუსი მეგობარი, ძალიან კარგი გოგო, რომელსაც რუსულად ევგენია ჰქვია, ფრანგულად კი – იუჟინი, ჰოდა იყოს იუჟინი, ბალზაკიც ხომ ფრანგი იყო და ეჭვი მაქვს, ჩემი ვერსია უფრო ახლოსაა რეალურ გამოთქმასთან :)

ჰო, არაფერი ისეთი, უბრალოდ არ მქონდა წაკითხული, ახლა ვკითხულობ და ქინდლისთვის ვერსიას თქვენც გაგიზიარებთ, ვინიცობაა დაგჭირდეთ:

გადმოწერა.

December 4th, 2010

15 ავტორი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა

Facebook-ზე iMeme-ს მსგავსი ტეგ-თამაში წამოიწყეს და ჩემამდეც მოაღწია.
წესი ასეთია: რამდენიმე წუთი უნდა დაფიქრდე და პირველი 15 ავტორი (მწერალი, პოეტი) ჩამოწერო, რომელმაც შენზე შთაბეჭდილება მოახდინა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ავტორი მსოფლიოში აღიარებულია, მოდური თუ შენი სოფლის მელექსე. მთავარია, რომ ოდესღაც გავლენა მოახდინა და დღემდე გახსოვს :)

ჩემს შემთხვევაში, გონებაში პირველად ამოტივტივებული 15 ავტორი ასე გამოიყურება:

  • ასტრიდ ლინდგრენი
  • მარკ ტვენი (ჰედლიბერგის ამბავი – ჩემიფავორიტი)
  • ერიჰ მარია რემარკი
  • ალბერტო მორავია
  • თომას მანი
  • უილიამ შექსპირი
  • მიხეილ ბულგაკოვი
  • რაბინდრანათ თაგორი
  • რიონოსუკე აკუტაგავა
  • ჭაბუა ამირეჯიბი (ან, at least “დათა თუთაშხია”-ს ავტორი)
  • ნოდარ დუმბაძე
  • ვაჟა-ფშაველა
  • შოთა რუსთაველი
  • გიორგი მერჩულე
  • და ძმები გრიმები, 1001 ღამისა და ქართული ზღაპრების ავტორები ♥

iMeme-ს წესების თანახმად, ასეთი პოსტის ბოლოს სხვა ბლოგერი/მეგობარი უნდა დათაგო და იმანაც დაწეროს :) მართალია, ფბ-ზე ეს უკვა გავაკეთეთ, მაგრამ მაინც, აქაც დავთაგავ და თან, გამიზნულად, ლიტერატურის ჩემზე მეტად მოყვარულ / მცოდნე ბლოგერებს (ახსენებენ დრიუონს ან ვინმე ისეთს, მე რომ ჯერ არ გამიგია და იქნებ გამომადგეს ცხოვრებაში :D):
ლინგვისტუსს
ლაშარელას
თამუნა-ლიტერატორს
დოდკას
კაატინგას (რომელსაც, სამწუხაროდ, თავისი ბლოგის პაროლი არ ახსოვს :D)
და სანდრეს, ანუ ცისიას :)

+ ვასასიკო, შენც დაგთაგე, ამწამს :*

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins