Je m'appelle Eka..

January 17th, 2011

ქუჩის დღეები – ფილმი (Online)

ამ ფილმის შესახებ ადრეც ვწერდი. ვფიქრობ, ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) ქართული ფილმია, ბოლო 10+ წელიწადში გადაღებული, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.

ვინც ფილმს კინოთეატრებში ვერ მიუსწარით და დვდ-ც არ გაქვთ, ახლა უკვე შეგიძლიათ ონლაინ ნახოთ:

დააჭირეთ და უყურეთ

December 8th, 2010

“როგორ დავამზადოთ ბომბი სახლის პირობებში” და “ნანუკას შოუ”

დღეს საღამოს “გამიმართლა” და ვუყურე, უფრო სწორად, ვუსმინე ტელევიზორს, თანაც, ერთბაშად მთელი სამი საათი: საღამოს 9-დან 12-მდე.
ჩართვისთანავე, კურიერმა მოგვახარა, რომ ორიოდ კვირის წინ თბილისში მომხდარი 2 ტერორისტული აფეთქების ორგანიზატორები დააკავეს, რომლებიც რუსი გენერლის დაკვეთით მოქმედებდნენ. ვაშა! ბრავო! ძალიან კარგი! ცუდი რა მეთქმის, გამიხარდა.
მაგრამ აი, როდესაც ამას რუსთავი2-ის ჟურნალისტის მიერ ასაფეთქებელ ნივთიერება ჰექსოგენზე დეტალური ინფორმაცია, ხოლო მოგვიანებით კი პოლიციელის ფორმიანი მამაკაცის მიერ ფანტასტიურად ვიზუალიზებული ტუტორიალი მოჰყვა “როგორ დავამზადოთ ბომბი საოჯახო პირობებში”, + მცირე “ნამიოკით”, რომ ეს ნივთიერება ტარაკნების და ვირთხების გადაწყვეტადაც იხმარება (და შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იქაც მიაგნონო), აი ჩემმა ჩამოვარდნილმა ყბამ იატაკს და აღშფოთებამ უკვე პიკს მიაღწია :O

გიორგი გაბუნია - ჰექსოგენის შესახებ

ბომბის დამზადების ტუტორიალი

გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს ჟურნალისტებმა ჩეჩენი ტერორისტების გადაადგილების მარშრუტი გაამჟღავნეს და რუსეთს ჩვენი ტეროტორიის დაბომბვა “გაუპრავეს”. ამ ამბიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ჟურნალისტებთან ერთად სემინარზე ვიყავი, მთავარი თემის – “მედია და სახელმწიფო ინტერესები” ფარგლებში ვცდილობდით, უფრო სწორად, ექსპერტები/იურისტები ცდილობდნენ აეხსნათ, როდის და რატომ უნდა დააჭირო ენას კბილი და არ დაგიბინდოს გონება იმან, რომ ხელთ სკანდალური, საუკეთესოდ გაყიდვადი საიდუმლო ინფორმაცია გაქვს. რომ ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, შენ ეს საიდუმლო ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირმა გაგიმჟღავნა დაუდევრობით ან უტვინობით, თუ გუშინ ღამით, სიგარეტის მოწევისას გაგიმხილა საყვარელმა (სხვათა შორის ეს ბლოგერებზეც ვრცელდება და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ინტერნეტით ავრცელებს ინფორმაციას. ნათელი მაგალითი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მავანთა მიერ დაუდევრად დაწერილი სტრატეგიული მნიშვნელობის ცნობები ფორუმ.გე-ზე).

ცოტა ხანში “ნანუკას შოუ” დაიწყო იმედზე და ჯეოსტარიდან გაგდებული თავდაჯერებული ანი სირაძის ხათრით ეს გადაცემაც “შემომეყურა”. გადაცემის შუაგულში ნანუკასთან სტუმრად იამაიკაში მცხოვრები, მართლაც არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარი, ეთერ ჭკადუა იყო, რომელმაც, წამყვანის ხელშეწყობით, დიალოგის ბოლო და მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დაუთმო მარიხუანას, ა, ბოდიში, პლანის (წამყვანის სტილი რომ დავიცვათ) პოპულარიზაციას. პიკს კი ამ ყველაფერმა მაშინ მიაღწია, როცა განიხილეს, ნეტავ მოუწევიათ თუ არა ჩვენს მინისტრებს პლანი და დაასკვნეს, რომ “მოწეული ექნებათ, აბა რა იქნება, ახალგაზრდები არიან და თუ არ მოუწევიათ, სირცხვილიცააო!” (აქ გამარჯვებულის ირონიული სიცილი და რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები არ დავიწყებიათ!)

ეთერ ჭკადუა, მხატვარი - "ნანუკას შოუ"

შეგახსენებთ, მარიხუანა (იგივე პლანი) ისევეა აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით (და ამისთვის ხალხს არა მარტო აჯარიმებენ, საპროცესო შეთანხმებებს უფორმებენ, ციხეშიც სვამენ), როგორც “გერაინი” (ისევ წამყვანის სტილის დაურღვევლად), როგორც არასრულწლოვანთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი, როგორც ცოლის ცემა და უამრავი რამ, რაც შესაძლოა ვიღაცისთვის ნორმალურია, მაგრამ ჯერჯერობით(!) საქართველოში დაშვებული არ არის!

და სანამ დაშვებული არ არის, მისი ტელევიზიით პოპულარიზაცია გაუმართლებელია!

საერთოდ გაუმართლებელია ნებისმიერი ინფორმაციის გაშვება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი და მიაწოდოს ცალმხრივი ცნობები ამა თუ იმ პროდუქტზე, იქნება ეს პლანი, ჩვეულებრივი მედიკამენტი თუ ულტიმეტ ჩოფერი.
ცალმხრივად გაშუქება (პირდაპირი ფასიანი რეკლამის გარდა) გაუმართლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც ლეგალიზებულია, თუნდაც სიგარეტი, ალკოჰოლი, არავინ კრძალავს, მაგრამ არავინ დაობს მის უარყოფით თვისებებზე. გამაფრთხილებელი წარწერები გვერდითი მოვლენებისა და უკურეაქციების შესახებ სამკურნალო მედიკამენტებსაც კი ახლავს თან.

და თუ ეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პრელუდიაა, მაშინ ჯერ ლეგალური გახდეს, ბატონებო და მერე გაუწიეთ პოპულარიზაცია ტელევიზიით, თან ისეთ გადაცემაში, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოზარდი თაობაც უყურებს და არა მარტო დიასახლისები. ან დიალოგს მიეცით სამეცნიერო დისკუსიის სახე, დასვით მომხრეც და მოწინააღმდეგეც, რომ მსმენელს არჩევანის საშუალება მიეცეს.

პოსტის გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ გადავხედე ფბ-სტატუსებს, ველოდი, იქნებ ერთი-ორი ჩემნაირი აღშფოთებული გამოჩნდეს-თქო. ერთი ძლივს ვიპოვე და ისიც ნანუკას მიერ ნახსენებ სიტყვა “ზანგს” აპროტესტებდა. ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩემზე უკეთ ჰექსე, ლაშარელა ან ვასასი აღშფოთდეს-თქო, მაგრამ აღარც იმათ დაველოდე.

აქვე განვმარტავ, რომ ეს პოსტი მიზნად არ ისახავს მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის მიზანშეწონილობის განხილვას (ეს ცალკე თემაა). აქ მხოლოდ მედიის არაკომპეტენტურობაზე მინდოდა ხაზი გამესვა, რაც, კლების ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. ამ თემაზე, მოხარული ვიქნები, თქვენი კომენტარებიც ვიხილო.

და ბოლოს, ეპილოგის ნაცვლად:
ერთხელ, ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, წლების მანძილზე ვეწევი პლანს, დღეში 5-ჯერ, მეტყობა, რომ რამე მიქნაო? ვუყურებდი არეულ სახეს და ნახევრადჩაცვენილ კბილებს და ერთი ცნობილი ამბის თუ ანეკდოტისა არ იყოს, მომინდა მეთქვა: “გაუგიჟებიხარ და მეტი რაღა უნდა გიქნას-თქო”.

April 13th, 2010

მე რომ წავალ… – ნიკო გომელაური (1970-2010) (restored)

~მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …  ~

ღმერთმა აცხონოს…

March 28th, 2010

წკაპ წკუპ წკაპ და წკუპ – “Street Days” by Levan Koguashvili (restored)

დღეს აი ეს ფილმი – ლევან კოღუაშვილისქუჩის დღეები” ვნახე კ/თ რუსთაველში. (for non-Georgian speakers: please see the trailer on Youtube)

ჟანრი: დრამა quchis-dgeebi
გამოშვების თარიღი: 2009 წელს მარტის ბოლო
რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
სცენარი: ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ მარი
ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
მხატვარი: კოტე ჯაფარიძე
მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე
ხმის რეჟისორი: იაკუბ ჩეხი
პროდუსერები: არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი, გია ბაზღაძე
როლებში: გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, ზურა ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ზურა შარია, გიორგი ყიფშიძე, ლეო ანთაძე

აღწერა: ჩვიდმეტი წლის შემდეგ ქართული კინო ბრუნდება ევროპის წამყვან კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმით “ქუჩის დღეები”. დრამა ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში ვითარდება. ფილმი ნომინირებულია როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რა ცუდია რომ არ ვარ კინომცოდნე ან ჟურნალისტი, ან უბრალოდ, რომ არ შემიძლია კარგად წერა, რათა სრულად და თქვენთვისაც შთამბეჭდავად გადმოვცე ემოცია და აზრები, რაც ამ ფილმმა ჩემში გამოიწვია. საშინლად ვიგრძენი თავი, შემზიზღდა მთელი ქალაქი, საკუთარი თავიც, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ და თვალს ვხუჭავთ იმაზე, რაც გარშემო ხდება. დარბაზი ხმადაძაბულმა, ყელშიბურთმობჯენილმა და თავატკიებულმა დავტოვე.

ფილმში თემა ისევ ჩამონგრეული და თან “სვეტსკი” თბილისია, ისევ ნარკომანია, ისევ ქუჩა, ისევ არშემდგარი თაობები, მარტოხელა დედები, სიღარიბე, ისევ მორალი და ფსევდომორალი, ისევ მეგობრობა და ღალატი, ცოლები და ქმრები, მამები და შვილები, etc etc etc

ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ზომიერად, ერთდროულად მსუბუქად და მძიმედ, დრამატიზმით და ცოტა იუმორით, მხატვრულად და რეალისტურად და რაც მთავარია, ძალიან ბუნებრივად (თუ ჩემი იურისტი მეგობრის დაკვირვებული თვალით შემჩნეულ რამდენიმე მცირე სიყალბეს არ ჩავთვლით). ამას ემატება გუგა კოტეტიშვილის (და არა მარტო მისი) ფანტასტიური თამაში, ოპერატორის ძალიან კარგი ნამუშევარი, არაფერს ვამბობ სცენარისტისა და რეჟისორის პროფესიონალიზმზე.

კიდევ ერთი, ფილმს საოცრად კარგად კრავს მუსიკა. დასაწყისმა კიშლოვსკის ფილმები მომაგონა მინიმალისტური განწყობისშემქმნელი მუსიკითა და ხმებით. ბოლო კადრებიც ბავშვების სიმღერის ფონზე სრულდება.

აქვე, რაკი მუსიკა ვახსენე, გირჩევთ, ნიაზ დიასამიძისა და ნატო მეტონოძის თანხლებით გაკეთებულ ტრეილერს არ უყუროთ, არც ე.წ. საუნდტრეკს არ მოუსმინოთ, ან, თუ მოუსმინეთ, ნუ ენდობით ყურს. საბედნიეროდ, ეს, ყველაზე იაფფასიანი მუსიკალურ-ტექსტუალური კომბინაცია საათნახევრიანი ფილმის მანძილზე არსად გვხვდება და მხოლოდ ტრეილერშია დატოვებული.

საერთოდ, მე დიდად არ მიყვარს ტრეილერები, ყოველთვის შეცდომაში შევყავარ. ამჯერადაც, სრულიად სხვა მოლოდინით წავედი კინოში, მხოლოდ გუგა კოტეტიშვილის “ხათრით”. მეგონა მორიგ თბილისურ ბლოკბასტერს ვნახავდი, თუჩებდაბურცული გოგჩოებით, იარაღებით, ნარკოტიკებით, ატეხილი თინეიჯერებით, “პრავების კაჩავით” და ა.შ. მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი :) Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins