Je m'appelle Eka..

October 12th, 2012

სუბიექტური აზრი

“აგრარული უნივერსიტეტი კახა ბენდუქიძეს უნდა ჩამოერთვას და საზოგადოებას დაუბრუნდეს” ~ ალექსანდრე ლომოური

ძნელია, ვინმე საკუთარი აზრის ობიექტურობაში დაარწმუნო, როდესაც შენ თვითონ “იქ” მუშაობ. ამიტომ, კარგა ხანს ვიფიქრე, საერთოდ დამეშეარებინა თუ არა ეს ინტერვიუ ფეისბუქზე რაიმე კომენტარით.

სოფლის მეურნეობისადმი ჩემი მკვეთრად არალიბერტარიანულ, უფრო ევროპულსოციალისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, პოლიტიკურ შეხედულებებში მკვეთრი სხვაობის გამო იმ ადამიანისთვის მოითხოვო უნივერსიტეტის “ჩამორთმევა”, რომელსაც უკვე აქვს ყველა კრიტერიუმით საუკეთესო მენეჯმენტის მქონე “თავისუფალი უნივერსიტეტი” და თითქმის ორი წელია, იგივე რესურსის, ხარისხისა და ფონდების ინვესტიციას ახორციელებს აგრარულშიც.

ძალიანაც მიხარია, რომ წელიწადნახევარში უიმიჯო და დაბნეული აბიტურიენტების თავშესაფრადქცეული “სასოფლო” კონკურენტულ “აგრარულ უნივერსიტეტად” იქცა და ეს ჯერ მართლა დასაწყისია. ნამდვილად არ მინდა, რომ მხოლოდ ვიღაცის ჯიბრზე და ჯინაზე ამ უნივერსიტეტის ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და განვითარების პროცესი თუნდაც რამდენიმე წლით შეფერხდეს, რადგან საკმაოდ კარგად ვიცი, ცოდნისა და მომზადების რა დონეა სოფლად, კადრების როგორი დეფიციტია სხვადასხვა წარმოებებში და რამდენად ჩამოვრჩებით განვითარებულ დასავლეთს ჩვენი პირველყოფილი მეთოდებით წარმოებული პროდუქციით.

იქნებ მე ვერ ვხვდები, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა აგრარულ სექტორში, როგორ შეიძლება გახდეს ამავე სექტორის განვითარების შეფერხების ბერკეტი? თუ იცით, მეც ამიხსენით.

მადლობა.

October 4th, 2012

Don’t panic!

2 ოქტომბრის დილიდან ვაკვირდები ვირტუალურ თუ რეალურ გარემოს და აშკარაა, რომ არისა შფოთვები, რომ ან უკვე იმატა წვრილმანმა კრიმინალმა ქუჩაში, ან შეიძლება მოიმატოს.

ამ ყველაფერს, ბუნებრივია, აქვს რეალური საფუძველი, რადგან დემოტივირებულ სამართალდამცავებს და მათ ზემდგომებს ყურადღება მოდუნებული აქვთ გარდამავალ პერიოდში (2003ში რევოლუციის მერე მკვლელობები ხდებოდა პანტაპუნტით, დაყაჩაღებებზე აღარაა ლაპარაკი) და ამ შუალედით ძალიან ბევრს უნდა სარგებლობა და ხელის მოთბობა.

მაგრამ! ასე არ შეიძლება ხალხო!

ძვირფასო სამართალდამცავებო და სხვა საჯარო მოსამსახურეებო:

1). მინიმუმ 20 ოქტომბრამდე და ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ხელფასს იღებთ იქ, სადაც მუშაობთ. ზუსტად ისევე ხართ პასუხისმგებელი, როგორც აქამდე, ვანოს, მიშას, ზურას და თუნდაც ახალაიას ხელში! სულ რომ დარწმუნებით იცოდეთ, რომ 20დან სახლში გაგიშვებენ, კეთილი ინებეთ და სადაც მუშაობთ და სანამ მუშაობთ, აკეთეთ თქვენი საქმე, მითუმეტეს თუ მართლა საკუთარ ქვეყანაზე შეგტკივათ გული და არ ფიქრობთ, რომ “თქვენს შემდეგ, დაე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა”

2). ისიც მესმის, რომ დემოტივირებულები ხართ და ბევრმა არ იცით, რას ელოდოთ ხვალ და რადიკალური ცვლილებების მოლოდინში ყოფნა საშინელებაა. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ზემდგომების გარკვეული ნაწილი (რომლებიც უფრო მეტი ალბათობით დაკარგავენ სამსახურს, ვიდრე რიგითები), კიდევ დამატებით აპანიკებენ ამ ხალხს, დემოტივაციას უძლიერებენ და ეს უკვე უპასუხისმგებლობას და ხელოვნურად “არ გინდოდათ რძე და ყველის” პროვოცირებას გაქვს.

ასე არ შეიძლება.

აწიეთ ნიკაპი და კეთილი ინებეთ, ნუ გააფუჭებთ იმ საქმეს, რომლითაც თქვენ თვითონ ამაყობდით ამდენ ხანს. თუ ახლა რამე გაფუჭდება, პირველ რიგში თქვენი ბრალი იქნება და არა ჯერ არმოსული ახალი ხელისუფლების, ჰიპოთეტური ქურდების ან მითუმეტეს წვრილმანი ხულიგნების, რომლებთან გამკლავებასაც აქამდეც თქვენ ახერხებდით და არა პირადად თქვენი რომელიმე მინისტრი.

თქვენ კიდევ, ფეისბუქელებო, ნუ ხართ ჩასაფრებული და პანიკას ნუ წევთ, თუ სადმე ვინმემ ღვედი არ შეიკრა. ფეისბუქზე ისტერიის ნაცვლად იმ დამრღვევს მიუთითეთ და წაუკითხეთ მორალი და სხვებს ნუ აპანიკებთ.

October 2nd, 2012

Today I’m proud of my President!

ყოველთვის მქონდა პატარა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის გზას არ გაიმეორებდა და ღირსეულად შევიდოდა საქართველოს ისტორიაში, დაუფასდებოდა ის მართლა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც გააკეთა და ეს გადაფარავდა იმ საშინელ შეცდომებს, რაც ნებით თუ უნებლიედ დაუშვა.

დღეს მე [ისე ძალიან]* აღარ მრცხვენია იმ საშინელი ვიდეოების გამო, რაც 1 თვის წინ გავრცელდა, არც მოსმენების, დაჭერების, მკვლელობების, ფასადური რემონტების, კინოდეკორაციად ქცეული სიღნაღის, მესტიის და ბაგრატის; არც ახალ პარლამენტში როლანდ ახალაიას, გუბაზ სანიკიძის და მურმან დუმბაძის მოხვედრის გამო.

დღეს ჩემმა ქვეყანამ, როგორც იქნა, პირველად!, ბოლო 22 წლის მანძილზე პირველად შეძლო კრიტიკულ სიტუაციაში დემოკრატია, კანონი და ქვეყნის მთავარი იდეალები დაეყენებინა უფრო წინ, ვიდრე პიროვნებები, ძალაუფლება და ამბიციები. შეძლო ყველამ ერთად, პოზიციამ, ოპოზიციამ, ხალხმა.

გამოცდა ჩააბარა ოპოზიციამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნერვებმა არ უმტყუნათ, ეგზალტირებული ხალხი მოთოკეს და არჩევნებამდე მშვიდობით მიაღწიეს…

გამოცდა ჩააბარა საერთაშორისო საზოგადოებამ, უდავოდ კარგად იმუშავეს, აფიშირების გარეშე…

გამოცდა ჩააბარა მიშამ! რომელმაც პრეზიდენტის კარიერა დაიწყო დემოკრატიის იდეით და შეძლო, ყველაფრის მიუხედავად, დაემთავრებინა დემოკრატიის იდეით. რამდენიც არ უნდა თქვან, რომ აიძულეს, სხვა გზა არ ჰქონდა, რამდენს გააყალბებდა და ა.შ. ფაქტია, რომ მიშას წვლილი პირადად მისი და მთლიანად საქართველოს სახელის რეაბილიტაციაში ყველაზე დიდია.

Today I’m proud of my President! ♥

ახლა ჩვენი გამოცდის ჯერია, გამოცდა უნდა ჩააბაროს ხალხმა, რომელიც უნდა იქცეს საზოგადოებად, რომ ამ კაცის გაკეთებული კარგი შევინარჩუნოთ და ახლების ცუდზე და შეცდომებზე (რაც იქნება, თან ბევრი!) უსასრულოდ თვალი არ დავხუჭოთ, იგივე აბსოლუტური ნდობა არ მივანიჭოთ ვინმეს, იდეალურის ილუზია და იმიჯი არ შევუქმნათ და მერე, როცა უკვე გვიან იქნება, არ დავიწყოთ თითზე კბენანი, შევიძულოთ და ისევ იგივე წრეზე წავიდეთ, თავიდან და თავიდან.

ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი სიტყვა, [თავისუფალი სასამართლო]*, თავისუფალი აზროვნება. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კრიტიკულები, ჩასაფრებულები და ძალიან ფრთხილები. ჩვენ, რიგით ადამიანებს გვჭირდება, რომ ვიყოთ ჩვენივე არჩეული ხელისუფლებების ოპოზიციაში მუდმივად. სხვაგვარად ვერ გვიშველის ვერც მიშა, ვერც გრიშა, ვერც ბიძინა და ვერც ქრისტე ღმერთი.

გამოცდის წარმატებით ჩაბარებას გისურვებთ, ხალხო!

* […]-ში მოქცეულია მოგვიანებით ჩამატებული სიტყვები.
October 2nd, 2012

პატარა ბედნიერებები

დღეს, 1 ოქტომბერს ჩემმა ბედკრულმა თუ წილხვედრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ რევოლუციის, აგრესიის და ქუჩაში ფეხების ბაკუნის გარეშეც შესძლებია ხელისუფალის არჩევა თუ გადარჩევა.

დღეს, 1 ოქტომბერს ჩემმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შესძლებია პოზიციების დათმობა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ჩემდა გასაკვირად, ეს არჩევნების გზით და უფრო ღირსეულად გააკეთა, ვიდრე ბაბუმ, რომელიც უსისხლო, მაგრამ, მაინც რევოლუციის შედეგად წავიდა სახლში.

დღეს, 1 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც (და ე.წ. საერთაშორისო საზოგადოებამაც) დაამტკიცა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, დემოკრატიის შუქურაში დემოკრატიულ პროცესებს უჭერენ მხარს და არა მხოლოდ პიროვნებებს.

დღეს, 1 ოქტომბერს იყო ძალიან თბილი მზით გაჟღენთილი ამინდი და კიდევ, ერთი-ორი აი ისეთი მომენტი, რომ იტყვი “რა ცოტა კმარა ბედნიერებისთვისო” :)

მშვიდ 2 ოქტომბერს გისურვებთ, ბევრი პატარა ბედნიერებით.

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins