Je m'appelle Eka..

January 14th, 2012

ვითომ განახლებული ლილო მოლი

ლილოში ყოფილხართ? სახელგანთქმულ ბაზრობას ვგულისხმობ, სადაც, ლეგენდის თანახმად (და პრაქტიკულადაც) თბილისის ბაზრობებზე გამოტანილ ‘ტავარს’ (ხშირად კი – ნაგავს) ნახევარ ან მესამედ ფასად იყიდი, ოღონდ ტალახში ამოგანგლვისა და თითო საათი იქით-აქეთ მარშრუტკაში ჯაყჯაყის ხარჯზე.

რამდენიმე თვის წინ ლილოს ბაზრობის, აწ უკვე ლილო მოლად წოდებულის რეკლამა გამოჩნდა ტელეეკრანებზე:

ლგბტ-ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და რეკლამის სულისკვეთება ნათელ მესიჯს გვაწვდიდა: ეს ის ლილო აღარ არის! განახლებული, უფრო თანამედროვე! WOW! დაუჯერებელია!

მე პირადად, ვიფიქრე, რომ ლილოში დიდი სავაჭრო ცენტრი გააკეთეს და მიწაზე კარვებში მჯდომი ხალხი, ცივილიზებულად, გადახურულ შენობებში გადაიყვანეს. რასაკვირველია, ‘ჰაროდსს’ და ‘ლაფაიეტს’ არ ველოდი, მაგრამ ‘კიდობანს’ ან ‘პასაჟს’ – კი.

ახლა კი იხილეთ ცხელ-ცხელი, რეალური ფოტოები ლილო მოლიდან, ანუ სიცივით, მტვერით, ყალბი UGG, Prada, Chanel, Adidas-ებითა და უკმაყოფილო გამყიდველებით გაჯერებული, კანტი-კუნტად მობოდიალე კლიენტების ამარა დარჩენილი ლილოს ბაზრობიდან.

December 27th, 2011

როგორ მოხვდა ქართული მაწონი ამერიკაში

რამდენიმე წლის წინ უცნაურ დიალოგში ჩავერთე. ევროპელი სტუდენტები ამერიკელ სტუდენტებს ნიშნის მოგებით ეუბნებოდნენ, თქვენთან რომ საძაგლობებს ჭამენ, ჩვენ იმას როგორ გავანადგურებინებთ ორგანიზმს, სულ ბიო-პროდუქტებით ვიკვებებითო.

გამეცინა, თქვენ – ევროპელები რომ ჭამთ, იმ ნახევარფაბრიკატებს ჩვენ, ქართველები ვითომ არ ვჭამთ და გვგონია, რომ თქვენზე ჯანსაღად ვიკვებებით, მაგრამ რეალურად, ადრე თუ გვიან ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართთქო. მაგალითად, ჩემი თაობის ბავშვებს, ძროხის რძისგან დაყენებული, ბუნებრივი მაწვნით ზრდიდნენ, ახლა კი დედების უმრავლესობა ჩვილს კონსერვანტებით გაჯერებულ, კილომეტრებგადმოლახულ და თვეობით თაროზე ნადებ იოგურტს აჭმევსთქო.

ამის თქმა იყო და დისკუსიის მოდერატორმა (ამერიკელმა ჟურნალისტმა) ძალიან გულდაწყვეტილი სახით მითხრა: ბავშვობაში, დედა მეუბნებოდა, არის ასეთი ქვეყანა, საქართველო, სადაც ხალხი 100 წელზე მეტს ცოცხლობს, რადგან ბუნებრივი რძისგან დამზადებულ pure yogurt-ს ჭამენ, შაქრის, ხილების და კონსერვანტების დამატების გარეშეო. ეს იყო პირველი რამ, რაც ჩემს მეხსიერებაში საქართველოზე გაჩნდა და რა გულდასაწყვეტია, თუ თქვენთანაც დაივიწყეს ნამდვილი მაწონიო.

გავოგნდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წლების წინ, 6 წლის ამერიკელ ბავშვს დედა ქართულ მაწონზე უამბობდა.

და აი, დღეს, Advert.Ge-ზე 1977 წელს საქართველოში გადაღებული Danone-ს რეკლამა ვნახე და როგორც იქნა, მივხვდი, როგორ მოხვდა ქართული მაწონი ამერიკაში :))

February 23rd, 2011

თამაში: გახარჯე ნაჩუქარი SMS-ები ყველაზე სწრაფად!!!

გვარს არ დავასახელებ და ჩემმა საყვარელმა (ყოველგვარი ირონიის გარეშე) მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა ახალი საჩუქარი გაგვიკეთა აბონენტებს:

საკუთარ დაბადების დღეზე მიიღებ უპრეცედენტო საჩუქარს – 1000 SMS და 1000 წამს შენივე ქსელის ნებისმიერ აბონენტთან სასაუბროდ!!!

ვაუ! მგონი არ უნდა იყოს ურიგო!
1000 SMS = 25 GEL
1000 წმ = 16,6 წთ
(ამაზე მეტს მეგობრებიც იშვიათად მჩუქნიან ხოლმე)

მაგრამ, მთავარი ჯერ წინაა! ეს საჩუქარი ახალი თამაშის მხოლოდ პირველი ტურია.

უფრო კონკრეტულად:
პირველ ტურში, თქვენ მიღებული 1000 წამი და 1000 სმს უნდა გახარჯოთ 24 საათის განმავლობაში

თუ ეს ტური წარმატებით გადალახეთ, მომდევნო ტურში მიიღებთ იმავე საჩუქარს, მაგრამ ამჯერად მოგიწევთ 12 საათში ათვისება.

თუ მე-2 ტურსაც გადაურჩა თქვენი მარჯვენა ხელის ცერა თითი, მაშინ მესამე – სასიკვდილო ტურში გადახვალთ, სადაც 1000 ნაჩუქარი სმს უკვე 3 საათში უნდა გააგზავნოთ, რაც ნიშნავს, რომ თითო მესიჯზე მთელი 14,4 წამი გაქვთ დრო!!!
და თუ თქვენ ეს ტურიც გადალახეთ, ვუალა!

საყვარელი მობილური ოპერატორისაგან თქვენ სამახსოვროდ გადმოგეცემათ

რამე ! ♡

(ხოლო ბონუსად – მარჯვენა ხელის ცერა თითის სახსრის აღმდგენი არტახები)

მაშ ასე,
ახლავე დაიკაპიწეთ ხელები და დაელოდეთ საკუთარ დაბადების დღეს!

_____________
პ.ს. ვიდრე ისევ მეტყვიან, გადაკიდებული ხარ მობილურ ოპერატორებზეო, აქვე ვიტყვი: “ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია” ❤

February 14th, 2011

потом не будет ничего …

უკომენტაროდ გთავაზობთ სოციალურ რეკლამებს, რომლებიც კრასნოიარსკის მხარის ხელისუფლების დაკვეთით დამზადდა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემასთან საბრძოლველად:

სხვა რეკლამები ამ კამპანიიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://kp.ru/daily/24601.4/772891/

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins