Je m'appelle Eka..

January 26th, 2015

ჩემი წილი ამერიკა

* * *
ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელმაც აღმოაჩინა ბევრი სევდა ჩემს პოსტებში

* * *
როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან

 

ასე იდგნენ თბილისში, ახალგახსნილი მაკდონალდსის რიგშიც ოდესღაც, 15ზე მეტი წლის წინ.

საზეიმოდ გამოეწყობოდნენ, უკანასკნელ ლარებს მოჩხრეკდნენ და მაკდონალდსის გზას გაუდგებოდნენ ამაყები. უკან კიდევ უფრო ამაყები და ბედნიერები ბრუნდებოდნენ. ვისაც ამდენი ლარი არ ჰქონდა (და ასეთი ბევრი იყო, მაკკდონალდსის მაშინდელი მენიუ კი – უფრო ძვირი, ვიდრე ახლა, ზნედაცემული ლარის პირობებში), ამბობდა, რომ უკვე იყო და არ მოეწონა, ან რომ არც მივა იქ, რადგან ეს მავნე და საშინელი საჭმელია, თან უგემური და ქართულ ხინკალ-ხაჭაპურს არასოდეს გაცვლის ამ ნაგავზე!!!

ჩემი ნაცნობი კი ამბობდა, რომ ძალიან გოიმობაა მანდ სიარული, ხომ “ყველამ ვიცით, რომ მაკდონალდსი რესტორანი კი არა, ჩვეულებრივი იაფფასიანი ჯანქფუდია, ბოლოს და ბოლოს ყველანი ვყოფილვართ მოსკოვის მაკდონალდსში” (არ ვიცი ეს ყველა ვინ იყო, მე დღემდე არ ვყოფილვარ, არათუ მოსკოვის მაკდონალდსში, არამედ საერთოდ მოსკოვში).

დღეს დანკინ დონატსში დგას ხალხი ერთი ყუთი ბედნიერების* გასასინჯად.

Dunkin-Donuts

“- აი, რა გოიმობაა დანკინ დონატსისთვის საათობით რიგში დგომა!”

“- მაგას ხომ ამერიკაში ღარიბებს უფასოდ ურიგებენ!”

“- ყველაზე ბანძი და მავნე ტკბილეული!”

“- მხოლოდ საქართველოში!..”

და აი მეც დავდექი. ასე, 20 კაციან რიგში, ვითომ ყავის საყიდლად და სინამდვილეში, ბარემ სმარტამდე მისულმა გადავწყვიტე რამდენიმე ცალი აქაური დანკინ დონატსიც წამომეღო.

(ხო, აქაური. ხომ უნდა აღვნიშნო, რომ ადრეც გამისინჯავს, აბა გოიმი კი არ ვარ. გოიმობა მაშინაც მეყოფოდა, როცა თურმე ყველა იყო მოსკოვის მაკდონალდსში ნამყოფი, ჩემ გარდა. თანაც, სხვაგან კი არა, თვით ნიუ-იორკში, ხელს გავაყოლეთ და მერე სენთრალ პარკში, ჩვენს ველოსიპედიან გიდს ვაჩუქეთ ბორბლების თავგანწირული ტრიალისათვის, დამსახურებულად.  ხო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გოიმი არ გეგონოთ, მერე რა რომ მეც ვიდექი რიგში, უბრალოდ აქაური დანკინ დონატსის გემო მაინტერესებდა რა, როგორც უკვე გითხარით. სხვათა შორის, მე ბერლინერი მირჩევნია დონატს. დიახ, გერმანიაშიც რომ ვყოფილვარ, თან არაერთხელ, აქ მინდოდა ეს მეთქვა. სწორად მიმიხვდით).

dunkin-donuts_1

დახლთან მიდგმულ რამდენიმე მაგიდას ინდიფერენტული სახით უსხედან ბავშვები, მშობლები, ბებიები. რიგრიგობით შეექცევიან ყუთში ლამაზად მოთავსებულ ფერად დონატებს, ვარდისფერს, ყვითელს, კარამელიანს, დარიჩინიანს, კრემიანს. აყოლებენ ყავას და სახეზე ახატიათ ა რ ა ფ ე რ ი. არც ბედნიერება, არც იმედგაცრუება, ალბათ უფრო შვება.

შავებიანი მოხუცი დახლთან კოჭლობით მიდის, მენიუდან სასურველებს ირჩევს და ყუთით მიაქვს სახლში მისი წილი, რამდენიმე ნაჭერი ამერიკა – ოცნების ქვეყანა, რომელიც თავად მოვიდა პირდაპირ ფილმებიდან, სიზმრებიდან, სასურველი მომავლიდან, სანატრელი და მიუღწეველი. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ადვილია, ფერადია, თბილი და ლამაზია, უკეთესია ვიდრე აქ. ამ ქვეყანას ჩვენს წარმოდგენაში დონატის გემო აქვს, ბურგერის, კოკა-კოლის და პეპსის გემო აქვს, წითელი კარტოფილის და ზოლიანი კანფეტის.

და მერე რა, რომ ამ გემოს რეალურად შეიძლება აღფრთოვანება არ მოაქვს, ეს ამერიკული გემოა, რომელიც მოვიდა აქ, ჩვენთან, სადაც ოდესმე ყველაფერი ისევე კარგად იქნება, როგორც იქ, ოკეანის გაღმა.

ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ, თითქმის იქ ვართ, ამერიკაში.

April 13th, 2014

ვმუშაობთ, ვმუშაობთ!

გერმანელი ტექნიკოსი ურეკავს თავის კოლეგას გერმანიაში: მსგავსი არ მინახავსო, ერთი მუშაობს, ორი მითითებებს აძლევს, როგორ უნდა იმუშაოსო, სამი იმ ორს ეუბნება – დროზე, დროზე!-ო და ოთხი მობილურზე ვიღაცეებს ურეკავს, მალე მოვრჩებით, ვმუშაობთო.

ბათუმი, 2011

პოსტი წარმოადგენს ნაამბობის პერიფრაზს, პირველწყაროდან

mushebi
June 15th, 2012

აქედან ატლანტამდე შორია? ანუ Georgia vs. Sakartvelo

დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ ისტორიული სახელწოდება Georgia უნდა შევიცვალოთ და Sakartvelo დავირქვათ, ოფიციალურად.

რა თქმა უნდა, ახალი სახელის დამკვიდრებას დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, გუგლში ჯორჯია-ს ჩაწერისას ადამიანი აღარ დაიბნევა და ჯორჯიაზე ჯორჯიას ამოაგდებს, ხოლო საქართველოზე – საქართველოს.

აი მწარე, ცხელ-ცხელი მაგალითი: დღეს მეგობარმა მიამბო, რომ სტუმარი ჰყავს, აზიის ერთერთი ქვეყნიდან (ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყანა არ გეგონოთ)…

ჰოდა, ტიპი 1 კვირაა აქაა და დღეს იკითხა, აქედან ატლანტამდე რამდენი კილომეტრიაო. ალბათ გამოფრენამდე დახედა ბილეთს, შეიძლება გუგლშიც მოძებნა, მაგრამ ამ ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ნაცვლად ამოუგდო 100ჯერ მეტი ამერიკა, ჩამოვიდა – ყველა ინგლისურად ელაპარაკება და ვერ მიხვდა, მოკალი თუ გინდა.

დავირქვათ რა საქართველო, დავირქვათ :(( აღარ მინდა ეს “აემ ფრომ ჯორჯია, ნო ნო, ნოთ იუესეი, ნიარ რაშა, ინ კაუკასუს..”

I am from Sakartvelo!!!

February 8th, 2012

ქორწინებაზე ორიენტირებული მდივნების ევროპული ისტორია

მდივანი
(1) თანამდებობა, რომელსაც აქვს რანდენიმე მნიშვნელობა
(2) ქართული გვარი

ვვარაუდობ, რომ პოსტის სათაურმა პირველი განწყობა უკვე შეგიქმნათ და გათხოვებაზე ორიენტირებული ‘სეკრეტარშების’ ისტორიის წაკითხვისთვის უფრო განეწყვეთ, ვიდრე საკმაოდ ცნობილი ქართული გვარის წარმომადგენლებზე ისტორიის გასაცნობად. არადა, სწორედ ეს უკანასკნელია ჩემი ბლოგის დღევანდელი გაცოცხლების მიზეზი :)

Marrying Mdivanis” – სწორედ ასე შეურქმევიათ 1917 წელს საქართველოდან საფრანგეთში გახიზნული მდივნების ოჯახისათვის, რომლებიც სათაურში, ქართულად, ჩემებურად – ქორწინებაზე ორიენტირებულებად მოვიხსენიე. თუმცა, როგორც ქვემოთ დაინახავთ, ხუთი და-ძმა არა მხოლოდ ქორწინებაზე ორიენტირებული, არამედ წარმატებულიც აღმოჩნდა, ორი-სამჯერ თუ არა, ერთხელ მაინც ექორწინა მდიდარ და ცნობილ მეუღლეზე.

ზახარ და ელისაბედ მდივნების ოჯახში დაბადებული, როგორც ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი და მომხიბლველი შთამომავლების საქორწინო კარიერა ასე გამოიყურება:

სერჟ (სერგეი) მდივანი (1903-1936)

1927 წ იქორწინა ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობ პოლა ნეგრიზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1929 წ საბირჟო კრიზისის დროს ქონება დაკარგა, სერჟ მდივანმა ის მიატოვა და ოპერის მომღერალ, მერი მაკკორმიკთან გადაბარგდა, თუმცა მერი საკმაოდ მალე გაშორდა მას და ქორწინება სკანდალური სასამართლო პროცესით დასრულდა. ბოლოს, მდივანმა ყოფილ რძალს, ლუიზ ასტორ ვან ალენს დაუკავშირა ცხოვრება, მაგრამ ძალიან მალე, 1936 წელს თავად გარდაიცვალა, პოლოს თამაშის დროს.

სერჟ მდივანი და პოლა ნეგრი

ალექსის მდივანი (1905-1935)

ალექსის მდივანი 1931-ში ასტორების ოჯახის წევრზე, ლუიზ ასტორ ვან ალენზე დაქორწინდა (Astor Family – გერმანული წარმოშობის ანგლო-ამერიკული ოჯახი, წარმატებული ბიზნესში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში), თუმცა მალე გაშორდა, რათა კიდევ უფრო წარმატებული Woolworth*-ის მემკვიდე, ბარბარა ჰატონზე დაქორწინებულიყო, იმ დროისათვის მსოფლიოში უმდიდრეს ქალზე. ალექსი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, სულ რაღაც 30 წლის ასაკში.

*Woolworth – პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა ფიქსირებული ფასები მაღაზიაში – ყველაფერი 5 & 10 ცენტად (ახლა უკვე ცნობილი პრაქტიკაა 1 dollar store და 1 euro shop-ებში) და იმ პერიოდში Woolworth უკვე ერთერთი უმდიდრესი ქსელი იყო.

ალექსი მდივანი და ბარბარა ჰატონი

იზაბელ რუსადან (რუსსი) მდივანი (1906-1938)

რუსსი, სკულპტორი, რომელიც 21 წლის ასაკში 51 წლის ესპანელ მხატვარს, ხოზე მარია სერტს გაჰყვა ცოლად. თავის მხრივ, ხოზე მარია სერტი გახლდათ ქმარი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და არტისტთა პარიზული სალონების პატრონის, მისია გოდებსკას, შემდგომში მისია სერტისა.

ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ცოლ-ქმარ მისია და ხოსე სერტებს ერთდროულად შეუყვარდათ მშვენიერი ახალგაზრდა რუსსი მდივანი, თუმცა სამკუთხედმა დიდხანს ვერ გასტანა და თავმოყვარეობაშელახულმა  და უკვე ასაკოვანმა მისიამაც მისი უახლოესი მეგობრის, კოკო შანელისა და ნარკოტიკების გარემოცვაში ამჯობინა დარდის გაქარვება.

ძმების მსგავსად მშვენიერი რუსსიც ადრეულ ასაკში, სულ 32 წლის გარდაიცვალა, მაგრამ არა უბედური შემთხვევის, არამედ ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო (სამწუხაროდ მის ფოტოს ნეტსი ვერსად მივაგენი)

დავით მდივანი (1907-1984)

დავით მდივანმა დედმამიშვილებისგან განსხვავებით 1984 წლამდე იცოცხლა და რამდენიმე ოფიციალური ქორწინებაც მოასწრო. მისი პირველი მეუღლე მსახიობი და მოცეკვავე მეი მიურეი იყო, რომელთანაც შვილიც ეყოლა. მას შემდეგ, რაც დავითმა ცოლი გააბანკროტა, მიურეი გაშორდა მას. დავით მდივანი გარკვეულ ხანს კიდევ ერთ, იმ დროისთვის ცნობილ მსახიობს, არლეტის ხვდებოდა, ხოლო 1944-ში ნავთობის კორპორაცია Sinclair-ის მემკვიდრეზე, ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა და მეორე ვაჟიშვილი, მაიკლიც ეყოლა.

დავით მდივანი და მეი მიურეი

ნინა მდივანი (-1987)

ნინა მდივანს ძმებთან შედარებით, ერთი შეხედვით მოკრძალებული და მშვიდი საქორწინო ბიოგრაფია აქვს. 1925-ში ის იურისტ, ჩარლზ უბერიხზე დაქორწინდა, 11 წლის შემდეგ კი გაშორდა და დენის კონან დოილს, სერ არტურ კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად. დენისის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს კი მესამედ გათხოვდა, ანტონი ჰარვუდზე.

საინტერესო ის არის, რომ მესამედ გათხოვების მიუხედავად, ნინა მდივანს არ ასვენებდა დარდი, რომ კონან დოილების მემკვიდრეობა სათანადოდ ვერ იმართებოდა. დროთა განმავლობაში მან დაიყოლია კონან დოილის (უფროსის) ქვრივი, ასევე მეორე ვაჟის (მაზლის) ქვრივი, შოტლანდიის როიალ ბანკიდან სესხი აიღეს და ბიზნესი წამოიწყეს, თუმცა კრედიტი აღარ დაუბრუნებიათ, რის გამოც, მალე ბიზნესის (და ქონების) გაყიდვა მოუხდათ და კონან დოილების ქონებას დღემდე მისი მყიდველის, ლედი დუნკანის შთამომავლები მართავენ.

ნინა მდივანი და დენის კონან დოილი

საინტერესოა, რა იყო მდივნების ‘წარმატებული’ ქორწინებების საიდუმლო. ზოგიერთ წყაროში აღნიშნავენ, რომ დღეს ამ ოჯახს აუცილებლად შეარქმევდნენ მომხიბვლელთა ოჯახს (Family of the Beautiful) და ამას, ფოტოებიც, უდავოდ ცხადჰყოფს. სავარაუდოდ, ცნობილ და მდიდარ ხალხთან დამეგობრებისა და დამოყვრების წყალობით, მათი კონტაქტები სხვისთვისაც საჭირო და გამოსადეგი იქნებოდა.

მაგრამ, მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ დახვეწილი ქცევისა და ეფექტური გარეგნობის პატრონთ არ გასჭირვებიათ, პარიზელები, უფრო სწორად კი ევროპელები და ამერიკელები ადვილად დაერწმუნებინათ თავიანთ არა მხოლოდ არისტოკრატულ, არამედ სამეფო წარმოშობაშიც და თავი ბოლშევიკების მიერ დევნილ, ქართული წარმოშობის პრინცებად და პრინცესებად გაესაღებინათ.

ასე შევიდა ევროპულ ისტორიაში ამბავი ქართველთა ოჯახისა, სახელით Marrying Mdivanis.

შთაგონებისთვის მადლობა ნატალია ჭუმბურიძეს.

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins