Je m'appelle Eka..

February 10th, 2014

ბენი

ავტორი: ივანე გოლიაძე, ფოტოგრაფი

1393622_10202394289446375_139320946_n

დაახლოებით ათი წლის წინ ერთი რამდენიმე ჰოლანდიელი მოყვარული ფოტოგრაფი მყავდა სტუმრად. ერთ-ერთი მათგანი პროფესიით ექიმი, ბენი იყო.

ძალიან დაგვიახლოვდა ეს ადამიანი. მამაჩემს ძალიან ხშირად სწერდა მეილებს და ხშირადაც რეკავდა ხოლმე სახლში.

რამოდენიმე წლის წინმე და მამაჩემი ბირთვისში ვიყავით. რეკავს მამაჩემის ტელეფონზე ბენი და ეუბნება: ლევან, მე მაქსიმუმ ორ თვეში მოვკვდები და მინდა ჩემს დაკრძალვაზე ქართულად იგალობოო.

მამაჩემი ცოტათი დაიბნა, მაგრამ ხათრიც ვერ გაუტეხა და კარგიო უთხრა.

აღმოჩნდა ბენს სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინდა და ექიმებმა მხოლოდ ეს დრო მისცეს სიცოცხლისთვის. მამაჩემმა და მისმა ერთმა მეგობარმა მოამზადეს საბუთები.

ბენმა დათქმულზე ცოტა მეტი იცოცხლა და ოთხ თვეში დაიღუპა. მან წინასწარ ყველას გაუგზავნა წერილი შემდეგი შინაარსით: როცა დაკრძალვაზე მოხვალთ ყვავილი არ იყიდოთ, ყვავილის ფული გადარიცხეთ ანგარიშზე ბანკში და მე რომ დამკრძალავთ ეს ფული კეთილ საქმეს მოახმარეთო.

კეთილი საქმე კი ის არის, თუ ვინმეს უჭირს ჯანმრთელობის მხრივ და მას მკურნალობა გადაარჩეს, მას მოხმარდეს ეს ფულიო.

მამაჩემი ჩავიდა, იგალობეს ქართულად და წამოსვლისას ბენის ანდერძი და ფული გადასცეს მამაჩემს. სთხოვეს, მოეძებნა ადიანები, რომლების სიცოცხლესაც გადაარჩენდა ეს თანხა.

ამ ფულით 4 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა საქართველოში.

დიდი ხანია ბენის შესახებ დაწერა მინდოდა და ვერ მოვაბი თავი. ადამიანი გარდაიცვალა და ამითაც სიკეთე გააკეთა…

December 1st, 2011

მკვლელი მშობლები

როდესაც საკუთარ შვილებზე შეყვარებულ მშობლებზე ამ პოსტს ვწერდი, არ მიფიქრია, რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებიც არსებობს ან ისეთი, როცა ზედმეტი სიყვარული და შვილის სრულყოფილებისკენ სწრაფვა სიძულვილსა და სადიზმში გადადის.

ალბათ ბევრს გინახავთ შუა ქუჩაში, პლაჟზე ან სხვა საჯარო ადგილას ქალი, რომელიც გამეტებით ურტყამს, თმით ითრევს შვილს, ყურებს ახევს, უკივის, სჯის იმის გამო, რომ ‘წესიერად არ იქცევა ხალხში’. ალბათ იშვიათად გინახავთ, ვინმე ჩარეულიყოს ამ ამბავში: თავის შვილია და რასაც უნდა, იმას უზამს” მოტივით. ან უარესი: მართალია, დედას არ უჯერებს, უნდა ისწავლოს ქუჩაში მოქცევა.

ცოტა თუ ფიქრობს, ხოლო თვითონ აგრესიული მშობელი ყველაზე ნაკლებად, იმაზე, ვისი საქციელი უფრო სამარცხვინოა ხალხში: პატარა ბავშვის, თუ მკაცრი მშობლის. იმაზეც ცოტა ფიქრობს, რა ხდება სახლის კედლებს მიღმა, თუ საჯაროდ ასე არ ერიდებიან ბავშვის უკიდურესი ფორმებით დასჯას, რა ზომებს შეიძლება მიმართონ მაშინ, როცა არავინ უყურებს.

ალაგ-ალაგ მეორე უკიდურესობასაც გაიგებს კაცი: ნტ ნტ ნტ, როგორ შეიძლება თურმე სოფელში 10 წლის ბავშვს ამუშავებენ და სკოლაში დახეული ბოტებით დადის. შეიყრება მთელი ტელევიზია, გადაიღებენ 1-2 სკანდალურ სიუჟეტს, რამდენიმე NGO გრანტს მოხსნის ოჯახური ძალადობის თუ ბავშვის უფლებების თემაზე, ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც ძირითადად უშვილო ადამიანები დაესწრებიან და კრება რჩება მხიარული.

იმედი მაქვს, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვების დასჯის ფორმებს ამ დონისთვის არ მიუღწევია, მაგრამ სიღარიბის, ეკონომიკური კრიზისის და საერთო-სახალხო ნევროზის ზრდის ფონზე არაფერია გამორიცხული.

29 ნოემბერი, 2011. საფრანგეთი.

ბასტიან შამპენუა, 3 წ.

33 წლის უმუშევარმა კრისტოფ შამპენუამ გადაწყვიტა, 3 წლის შვილი, ბასტიანი დაესაჯა იმის გამო, რომ მან ბაღში, კლასელის ნახატები უნიტაზში ჩარეცხა. მამამ დასჯის ორიგინალური ფორმა აირჩია: ბავშვი სარეცხ მანქანაში შესვა და მანქანა ცივ რეჟიმში დაატრიალა (დიდი შეღავათი). რასაკვირველია, ბავშვი გარდაიცვალა, თავის მძიმე ტრავმებით. რომ არა 5 წლის ძმა, პოლიცია და მეზობლები ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბასტიანი კიბეზე არ დაცემულა და რომ დასჯის ეს მეთოდი ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ ‘ოჯახში’.

აგვისტო, 2011. დალასი, ამერიკა.
მამამ და დედინაცვალმა 10 წლის ჯონათანი უწყლობით დასაჯეს, იმის გამო, რომ მან ლოგინში ჩაიფსა. 5 დღე, უკონდიციონერო ოთახში უწყლოდ ყოფნის გამო ჯონათანი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ყელში არახისის კარაქით ჰქონდა გაჩხერილი, რომლის გადასაყლაპად წყლის ყლუპის დალევის უფლებაც კი არ მისცეს ძვირფასმა ‘მშობლებმა’.

ივლისი, 2010. იაპონია.
ჯუნკო ეგაშირამ, 34 წლის დედამ, საკუთარი 5 წლის შვილი პლასტმასის თოკით თაროზე ჩამოკიდა და ძალიან გაოცდა, რამდენიმე საათში რომ მკვდარი აღმოაჩინა. მოგვიანებით გაამხილა, რომ ბავშვის ამ და სხვა დასჯის მეთოდებს ხშირად იყენებდა: ხან თაროზე კიდებდა ხელებგაშლილს და მაჯებზე წყლით სავსე ბუშტებს კიდებდა, ხან სარეცხ მანქანაში სვამდა პირზე სკოჩაკრულს და გაკოჭილს და ნელნელა წყლიტ ავსებდა. ხანდახან, ატრიალებდა კიდეც.

ამ შემზარავი ისტორიების უკან არ ვიცი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები დგანან თუ გაუნათლებელი იდიოტები, რომლებმაც არ იციან, რომ უწყლობა კლავს, ყელში თოკის წაჭერა კი – ახრჩობს. მაგრამ, ფაქტია, რომ ყველა მშობლის ძირითადი მოტივაცია შვილის სრულყოფილად აღზრდა იყო და მათი “გამოსწორების” მიზნით მიმართავდნენ დასჯის ამ ორიგინალურ ფორმებს.

მართლაც ღირს დაფიქრება, სად გადის ის ზღვარი, როცა უნდა ჩავერიოთ “სხვისი ბავშვის აღზრდაში”, როცა თვალი აღარ უნდა დავხუჭოთ აშკარა ძალადობაზე და არ უნდა გავატაროთ სხვისი ჭირი, როცა ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მაგრამ უკვე დროა.

October 6th, 2011

თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით.

“Your time is limited, so don’t waste it living someone else’s life”

Steve Jobs – Apple Founder

სტივ ჯობსის შეუდარებელი გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლითაც ‘გავიცანი’ ეს ადამიანი, მანამდე ის უბრალოდ ეფლის დამფუძნებელი და უნიჭიერესი ადამიანი იყო. ეს არის გამოსვლა, რომელიც ყველაფრის Re-Start-ისკენ გიბიძგებს, სტიმულს გაძლევს და ცხოვრების ჟინს გმატებს. It’s a must see! მშურს იმ სტუდენტების, ვინც ეს ლაივში მოისმინა:

ქართული თარგმანი იხილეთ როკოსთან.

September 14th, 2011

5 ვარსკვლავიანი საფლავი – ‘თან წაიღე’

უკომენტაროდ გთავაზობთ ფოტოებს, რომლის წარმოშობის ქვეყანა ჯერჯერობით ვერ დავადგინე, ინტერნეტ წყაროები პაკისტანს, მოლდოვას, რუმინეთის ბოშათა დასახლებას და ლიბანსაც ასახელებენ. თუმცა, სადაც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ რეალური კადრებია და სადღაც, დედამიწის ზურგზე აი ამ ფორმით ფლავენ ადამიანს:

და მაინც, ამათ ეტყობა კაი მეგრულ თაფლში ჩასვენებული მკვდარი არ უნახავთ :D

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins