Je m'appelle Eka..

January 26th, 2015

ჩემი წილი ამერიკა

* * *
ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელმაც აღმოაჩინა ბევრი სევდა ჩემს პოსტებში

* * *
როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან

 

ასე იდგნენ თბილისში, ახალგახსნილი მაკდონალდსის რიგშიც ოდესღაც, 15ზე მეტი წლის წინ.

საზეიმოდ გამოეწყობოდნენ, უკანასკნელ ლარებს მოჩხრეკდნენ და მაკდონალდსის გზას გაუდგებოდნენ ამაყები. უკან კიდევ უფრო ამაყები და ბედნიერები ბრუნდებოდნენ. ვისაც ამდენი ლარი არ ჰქონდა (და ასეთი ბევრი იყო, მაკკდონალდსის მაშინდელი მენიუ კი – უფრო ძვირი, ვიდრე ახლა, ზნედაცემული ლარის პირობებში), ამბობდა, რომ უკვე იყო და არ მოეწონა, ან რომ არც მივა იქ, რადგან ეს მავნე და საშინელი საჭმელია, თან უგემური და ქართულ ხინკალ-ხაჭაპურს არასოდეს გაცვლის ამ ნაგავზე!!!

ჩემი ნაცნობი კი ამბობდა, რომ ძალიან გოიმობაა მანდ სიარული, ხომ “ყველამ ვიცით, რომ მაკდონალდსი რესტორანი კი არა, ჩვეულებრივი იაფფასიანი ჯანქფუდია, ბოლოს და ბოლოს ყველანი ვყოფილვართ მოსკოვის მაკდონალდსში” (არ ვიცი ეს ყველა ვინ იყო, მე დღემდე არ ვყოფილვარ, არათუ მოსკოვის მაკდონალდსში, არამედ საერთოდ მოსკოვში).

დღეს დანკინ დონატსში დგას ხალხი ერთი ყუთი ბედნიერების* გასასინჯად.

Dunkin-Donuts

“- აი, რა გოიმობაა დანკინ დონატსისთვის საათობით რიგში დგომა!”

“- მაგას ხომ ამერიკაში ღარიბებს უფასოდ ურიგებენ!”

“- ყველაზე ბანძი და მავნე ტკბილეული!”

“- მხოლოდ საქართველოში!..”

და აი მეც დავდექი. ასე, 20 კაციან რიგში, ვითომ ყავის საყიდლად და სინამდვილეში, ბარემ სმარტამდე მისულმა გადავწყვიტე რამდენიმე ცალი აქაური დანკინ დონატსიც წამომეღო.

(ხო, აქაური. ხომ უნდა აღვნიშნო, რომ ადრეც გამისინჯავს, აბა გოიმი კი არ ვარ. გოიმობა მაშინაც მეყოფოდა, როცა თურმე ყველა იყო მოსკოვის მაკდონალდსში ნამყოფი, ჩემ გარდა. თანაც, სხვაგან კი არა, თვით ნიუ-იორკში, ხელს გავაყოლეთ და მერე სენთრალ პარკში, ჩვენს ველოსიპედიან გიდს ვაჩუქეთ ბორბლების თავგანწირული ტრიალისათვის, დამსახურებულად.  ხო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ გოიმი არ გეგონოთ, მერე რა რომ მეც ვიდექი რიგში, უბრალოდ აქაური დანკინ დონატსის გემო მაინტერესებდა რა, როგორც უკვე გითხარით. სხვათა შორის, მე ბერლინერი მირჩევნია დონატს. დიახ, გერმანიაშიც რომ ვყოფილვარ, თან არაერთხელ, აქ მინდოდა ეს მეთქვა. სწორად მიმიხვდით).

dunkin-donuts_1

დახლთან მიდგმულ რამდენიმე მაგიდას ინდიფერენტული სახით უსხედან ბავშვები, მშობლები, ბებიები. რიგრიგობით შეექცევიან ყუთში ლამაზად მოთავსებულ ფერად დონატებს, ვარდისფერს, ყვითელს, კარამელიანს, დარიჩინიანს, კრემიანს. აყოლებენ ყავას და სახეზე ახატიათ ა რ ა ფ ე რ ი. არც ბედნიერება, არც იმედგაცრუება, ალბათ უფრო შვება.

შავებიანი მოხუცი დახლთან კოჭლობით მიდის, მენიუდან სასურველებს ირჩევს და ყუთით მიაქვს სახლში მისი წილი, რამდენიმე ნაჭერი ამერიკა – ოცნების ქვეყანა, რომელიც თავად მოვიდა პირდაპირ ფილმებიდან, სიზმრებიდან, სასურველი მომავლიდან, სანატრელი და მიუღწეველი. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ადვილია, ფერადია, თბილი და ლამაზია, უკეთესია ვიდრე აქ. ამ ქვეყანას ჩვენს წარმოდგენაში დონატის გემო აქვს, ბურგერის, კოკა-კოლის და პეპსის გემო აქვს, წითელი კარტოფილის და ზოლიანი კანფეტის.

და მერე რა, რომ ამ გემოს რეალურად შეიძლება აღფრთოვანება არ მოაქვს, ეს ამერიკული გემოა, რომელიც მოვიდა აქ, ჩვენთან, სადაც ოდესმე ყველაფერი ისევე კარგად იქნება, როგორც იქ, ოკეანის გაღმა.

ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ, თითქმის იქ ვართ, ამერიკაში.

December 17th, 2012

ღიმილები

ადრე ვფიქრობდი და ახლაც მაინტერესებს, თუმცა ვერ ჩავუჯექი და წავიკითხე, მეცნიერულად როგორაა ახსნილი ის ფაქტი, რომ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს მუსიკა, სილამაზე, მოფერება, კოცნა. ვინ გადაწყვიტა, რომ სიხარულის გამოსახატად ადამიანმა უნდა გაიცინოს, ხოლო ძაღლმა – კუდი გააქიცინოს? არა მგონია ეს გამომუშავებული ჩვევის ამბავი იყოს, რაღაც თანდაყოლილია. ბავშვს ხომ არავინ ასწავლის სიცილს ან ტირილს.

ბოლო დროს ქუჩაში გაღიმებული დავდივარ, გაუაზრებლად და დაუგეგმავად. მე თვითონ ალბათ ვერც მივხვდებოდი, რომ არა რამდენიმე შემხვედრის თუ მოლარის გაოცებული სახე.

უცნაურია, საქართველოში შეჩვეული ვართ დაღვრემილი სიარულს.

გაიღიმეთ. ახალი წელი მოდის :) ახალი წელი თუ არ მოვიდა, 21 დეკემბერია მანამდე და ვისაც 2012-ის ბოლოს სამყაროს აღსასრულის გჯერათ, ღიმილით მაინც გაატარეთ დარჩენილი ხუთიოდე დღე ;)

October 8th, 2012

ის უცნაური მომენტი, როცა..

..ძალიან დიდი ხანი რაღაცაზე ოცნებობ, ნატრობ, ან უბრალოდ ძალიან გინდა. ხშირად ფიქრობ, რა საოცარი შეგრძნება იქნება თუ ამას ოდესმე გააკეთებ, მიაღწევ, მოიპოვებ. წინასწარ ტკბები ამ შეგრძნებით და თან ნერვული დაბოლოებები გტკივა იმის შიშით, ვაითუ ეს საოცარი მომენტი არასდროს დადგეს. გადის დრო. ძალისხმევის, მცდელობის, შრომის, შემთხვევითობის ან სულაც, ბედის უკუღმართობის გამო, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ეს ბევრჯერ წარმოდგენილი მომენტი თურმე დადგა და.. ვერც კი გაიგე. ტკბობის რეალური შეგრძნება ახლოსაც არ არის იმასთან, რაც წარმოგედგინა. სულაც არ ხარ კმაყოფილი, ბედნიერი. უფრო უარესი – ფრუსტრაციის შეუქცევადი პროცესი გიპყრობს, ამიტომ მიღწეულს ჩვეულებრივ ამბად და საკუთარ დამსახურებად მიიჩნევ და იწყებ მოპოვებულის გაუფასურებას, რომ მიღწეულით ტკბობის ვერგანცდა რაიმეთი გაამართლო და დეპრესიაში არ ჩავარდე. უკეთეს შემთხვევაში, დაუყოვნებლიც იწყებ ახალი მიზნის/სამიზნის ძიებას, მერე ისევ ფიქრობ, რა საოცარი შეგრძნება იქნება, თუ ამას ოდესმე გააკეთებ, მიაღწევ, მოიპოვებ. ისევ წინასწარ ტკბები ამ შეგრძნებით და თან ნერვული დაბოლოებები გტკივა იმის შიშით, ვაითუ ეს საოცარი მომენტი არასდროს დადგეს..

April 10th, 2012

არ მინდა რო შეგეჩვიოო

“არ მინდა, რო შეგეჩვიოო. ერთს ვიყავი მიჩვეულიო და მაგარი გამიტყდაო და კიდე არ მინდა გული მეტკინოსო, ასე მითხრა. დედას გეფიცები, მაგარი გამიკვირდა რა. პატარა გოგო იყო, 22 წლის.

იმის დედას შ…ი, მითხარი ვინაა, დედას მო….ავ-მეთქი.

ძაან ახლო ვიყავი რა, კაცურად გამიგე და გეტყვი ბარემ, აი იმდენად ახლო ვიყავით, რო კრიტიკული დღეები როდის ქონდა, ეგეც კი ვიცოდი რა. აი, როგორც გინდა ისე გამიგე რა ძმაო, თუ გინდა თქვი რო ვიღაც ბოზანდარას იცნობდაო, მარა ეგრე იყო რა..”

~ ნაწყვეტი ავტობუსის გაჩერებაზე მოსმენილი დიალოგიდან

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins